ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რატომ უნდა ჩავეხუტოთ ბავშვებს

ერთხელ, სკვერში, მოთამაშე ბავშვებზე დაკვირვებით გართული, საინტერესო სცენის მოწმე გავხდი. 2-3 წლის ბიჭუნამ, რომელიც გაგორებულ ბურთს მისდევდა, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. ბავშვი ატირდა, ალბათ უფრო შიშისგან, ვიდრე ტკივილისგან, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაფერი დაშავებოდა. შორიახლოს მდგარი დედა მაშინვე მასთან გაჩნდა, ხელში აიტაცა, გულში ჩაიხუტა, მოეფერა და დამშვიდება დაუწყო. პატარა მალე დამშვიდდა და ჯერ ცრემლებიც არ შეშრობოდა, რომ გაღიმებული ისევ სათამაშოდ გაიქცა.

ცოტა ხნის შემდეგ მეორე ბიჭუნა წაიქცა, ატირდა და იქვე, სკამზე მჯდომ დედას უხმო დასახმარებლად. დედამ მკაცრად გახედა შვილს, უსაყვედურა და მოსთხოვა, თავად ამდგარიყო და მისულიყო მასთან. ბავშვი ტიროდა, დედას უხმობდა და არც კი ცდილობდა წამოდგომას. მისი ტირილით შეწუხებული შორიახლოს მდგომი ახალგაზრდა კაცი პატარას მიუახლოვდა, რომ აეყენებინა, მაგრამ ბავშვის დედის სიტყვებმა შეაჩერა: „ხელი არ ახლოთ ჩემს შვილს, ის თავად ადგება, დახმარება არ სჭირდება!“ ცოტა ხანში ბავშვი, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოდგა, ატირებული დედასთან მიბაჯბაჯდა, მუხლებზე შემოეხვია და ხელში აყვანა სთხოვა. დედამ საყვედურებით აავსო, გვერდით მოისვა და მკაცრად გააფრთხილა: „რადგან თამაში არ შეგიძლია, სახლში წასვლამდე ჩემ გვერდით იჯდები და ხმას არ ამოიღებ“. პატარა უსიტყვოდ დაემორჩილა, ტირილი შეწყვიტა და სევდიანად მიაჩერდა შორიახლოს მოთამაშე ბავშვებს, რომელთა ჟივილ-ხივილი მთელ სკვერში ისმოდა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველთა აზრი აღწერილი სიტუაციების შესახებ ორად გაიყოფა. ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდება დედის ქცევა პირველ სიტუაციაში, ზოგი კი უფრო მეტად მოუწონებს საქციელს მეორე დედას, რომელიც შვილს მეტ დამოუკიდებლობას აძლევს. დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები პატარებს აუცილებლად უნდა განვუვითაროთ, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩახუტება, მოფერება, ალერსი იმდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, რომ მისმა დეფიციტმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები წარმოშვას ბავშვის არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაშიც.

მაინც რითაა ასეთი მნიშვნელოვანი ჩახუტება და რა როლი შეიძლება შეასრულოს მან ბავშვის ცხოვრებაში?

* ჩახუტების დროს ბავშვის ორგანიზმში გამომუშავდება ენდორფინი, რომელსაც ხშირად „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. სისხლში მოხვედრისას ენდორფინი ამაღლებს განწყობას, ასუსტებს ტკივილის შეგრძნებას. პატარას გამოუმუშავდება იმუნიტეტი სტრესის, შიშისა და შფოთვის მიმართ. ჩახუტების დროს მშობელთან სიახლოვის სასიამოვნო შეგრძნებას ემატება დედის გულისცემის დამამშვიდებელი რიტმი. ბავშვს უჩნდება დაცულობის განცდა და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ჩახუტება საუკეთესო პირველი დახმარება და ბავშვისთვის ბედნიერების მინიჭების შესანიშნავი საშუალებაა.

* ჩახუტების წყალობით ბავშვი უფრო სწრაფად იზრდება – მასაჟი, კანის კანთან შეხება, მოფერება ძლიერ სტიმულს აძლევს ბავშვის ზრდა-განვითარებას. ბავშვები, რომლებსაც მეტს ეფერებიან, უფრო სწრაფად იმატებენ წონას, უფრო აქტიურები არიან, უკეთესად იკვებებიან, ნაკლებად ტირიან და სტრესისადმი მეტ გამძლეობას ამჟღავნებენ.

* ჩახუტებისას უმჯობესდება ემოციური კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩახუტება სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც, განსაკუთრებით მამებისთვის. მამები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან თავიანთ პატარებს, უკეთესად ურთიერთობენ მათთან და საერთოდ, გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ის მამები, რომლებიც მოკლებულნი არიან შვილთან ჩახუტების სიხარულს.

* ჩახუტება აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის დაავადებებისადმი მდგრადობას და წინააღმდეგობის გაწევის უნარს. კანის კანთან შეხება, მოფერება, ალერსი ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებას. სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნებები გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ყველაზე ღრმა პროცესებზე, მაგალითად, უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ბავშვის ფილტვებიდან ყველა მიმართულებით და ამით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პატარას განვითარებაში.

. ჩახუტების წყალობით ბავშვს უჩნდება ემოციური დაცულობის განცდა, უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ძლევს შფოთვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველ წლებში. მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვი მყუდრო და კომფორტულ გარემოშია, რადგან ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია საშვილოსნოს რბილი და თბილი კედლებით. დაბადების შემდეგ მისი საარსებო გარემო მკვეთრად იცვლება. დედის მუცელში ყველაფერი მარტივი და გასაგები იყო, მას შეეძლო, მთელ გარემომცველ სამყაროს შეხებოდა ხელით ან ფეხით, აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა, დაახლოებით ისე, როგორც კოსმონავტისთვის – ღია კოსმოსში. ასეთ უზრმაზარ და შეუცნობელ, ახალი ემოციებითა და გრძნობებით სავსე სამყაროში დედის ჩახუტება, მისი ალერსი ბავშვს ამშვიდებს და ნაცნობ ტაქტილურ შეგრძნებებს უბრუნებს. სწორედ დედის ჩახუტება და ალერსი ეხმარება ბავშვს ერთი სამყაროდან მეორეში უმტკივნეულოდ გადასვლაში. ვინაიდან ჩვილ ასაკში მხედველობა და სმენა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ბავშვისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი საიმედო არხი ტაქტილური შეგრძნებებია. ამიტომ არის ჩვილისთვის კანი ყველაზე მნიშვნელოვანი და დომინანტური გრძნობის ორგანო გარე სამყაროსთან ურთიერთობისას. როდესაც ბავშვი დედას ეხუტება და მის სითბოს გრძნობს, ხვდება, რომ ყველაფერი რიგზეა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვილი უფრო მშვიდად იტანს სამედიცინო პროცედურებს, როდესაც ის დედას უჭირავს ხელში ან უზის კალთაში. გარდა ამისა, დედის ალერსი ბავშვს საშუალებას აძლევს, უსიტყვოდ გაიგოს, რომ ის საყვარელი, სასურველი და დიდი ხნის ნანატრია. ეს ცოდნა ხელს უწყობს სამყაროს მიმართ ნდობის ფორმირებას. დედის ჩახუტების, მოფერების, კანთან ნაზი შეხების წყალობით ბავშვი სწავლობს ადამიანების ნდობას და მათთან თავს დაცულად გრძნობს.

ამრიგად, ჩახუტება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ჩახუტება არასოდეს არის ზედმეტი, ნუ შეგვაშინებს გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ ზედმეტმა მოფერებამ ბავშვი შეიძლება გაანებივროს – არაფერია ცუდი იმაში, თუ ბავშვი ჩახუტებას მიეჩვევა. ამით ის უფრო თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გახდება, ეს კი მომავალში დიდად დაეხმარება სირთულეთა გადალახვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი