შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩაძირული გემის კაპიტანი

ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენების მსგავსად, საბჭოთა უსახური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ჩვენს შენობას, რომელსაც გამომცემლობის კორპუსს უწოდებდნენ, ორი განმასხვავებელი ჰქონდა, რაც მას გარკვეულ უნიკალურობას სძენდა ვაზისუბანში: ყვითელი ფერი, რომელიც მხოლოდ შებინდებამდე შეიმჩნეოდა და მეორე სართულზე მცხოვრები ერთი ცნობილი და დაფასებული ჟურნალისტი – თეიმურაზ მეტრეველი.
თავდაპირველად, ეს ადამიანი საკუთარი გარეგნობითა და მანერებით თავდაყირა აყენებდა ჩემს იმდროინდელ წარმოდგენებს ჟურნალისტებზე. ის იყო შუახნის, საშუალოზე მეტად მოკეთებული, მელოტი კაცი, რომელიც ყოველთვის ნელი ნაბიჯით დადიოდა და საოცრი სიდინჯით, დალაგებულად საუბრობდა. ის არასოდეს შედიოდა კამათში დაბადების დღის წვეულებებზე მეზობელ მამაკაცებთან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს საარაკო დილეტანტობით განიხილავდნენ და თუკი მაინც შევიდოდა, არ გაცხარდებოდა ხოლმე (წლების შემდეგ მას მხოლოდ ერთხელ ვნახავ წყობიდან გამოსულსა და გაცეცხლებულს, როდესაც საკუთარი გაზეთის დასაცავად ქუჩაში მდგომი, კამერების წინ ხმამაღლა დაგმობს ხელისუფლებას). ის არაფრით ჰგავდა იმ ახალგაზრდა სვავებს, რომლებიც მიკროფონებით ხელში, ჩემი ტელევიზორის ეკრანზე დარბონდნენ, ყვიროდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. 
თუმცა, ვტყუი, როცა ვამბობ ცნობილი ჟურნალისტი იყო-მეთქი. თემურ მეტრეველს, ჩვენს უბანში, გაზეთის რედაქტორად უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ და რადგანაც მე არასოდეს მასვენებდა ფარული ლტოლვა წერისადმი, (მაშინაც კი, როცა წერა არ ვიცოდი), ჩემი ინტერესი ამ რედაქტორის მიმართ, განუზომელი იყო. 
მას მანქანა ემსახურებოდა. გემი და ქოლგის დამჭერი კი არა, როგორც ახლა მიგვაჩვიეს VIP თუ X ადამიანებმა, არამედ მანქანა. ზუსტად ისეთი, როგორზეც მსუბუქი ითქმის. მანქანაში შუახნის მძღოლი ელოდა – კარგად გაპარსული, საგანგებოდ დაყენებული  თმით, გაპრიალებული ფეხსაცმლით (ფეხსაცმელს მაშინ ვხედავდი, როცა მძღოლს, თუ სწორად მახსოვს – გიას,  მანქანიდან გადმოსვლა უწევდა) და კარგად გაუთოებული პერანგით. თემურ მეტრეველის გამოჩენამდე ის საჭეზე გაფენილი გაზეთიდან  იგებდა ქვეყნის სიახლეებს. რედაქტორი კი – ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა სადარბაზოდან. მგონი სულაც ამის გამო გადავწყვიტე სკოლაში ყოველთვის დროულად მივსულიყავი და ამით, საკლასო ოთახის კუთხესთან ერთად, თავიდან ამერიდებინა არაპუნქტუალური კაცის სახელი.
ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. მე მათი მეკვლე ვიყავი. მერე დავნათესავდით კიდეც: რედაქტორის შვილის – სულხან მეტრეველის ნათლული გავხდი. თემური ერთადერთი კაცი იყო ჩემ ირგვლივ, ვინც ახალი წლის შემოსვლას სხვანაირ სადღეგრძელოს შეაგებებდა. საახალწლო სუფრას დილაადრიან ჩვენ ორნი შემოვუსხდებოდით ხოლმე (სულხანი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ქალბატონი ლია კი გოზინაყით გვამარაგებდა). ის არ ახსენებდა ხვავს, ბარაქას. მეტრეველს არ სწამდა, რომ წარმატებას ცხენი ან დრაკონი მოგიტანდა. ის სხვანაირად ხსნიდა მომავალს, სხვა სიტყვებით ილოცებოდა. ნათქვამში ხშირად  გამოურევდა ციტატებს, ოღონდ არა ისეთს, სკოლაში რომ გაზეპირებინებენ. არამედ ისეთს, რომ მიაგნებ და არ მოგასვენებს, ღამით გაგაღვიძებს – თავს დაგამახსოვრებს. 
„არაუშავრს” – ასე შეაფასა თემურ მეტრეველმა ჩემი სკოლისდროინდელი, საუკეთესო თავისუფალი თემა, რომლის გამოც კლასელებმა იტირეს, მასწავლებლები დანაღვლიანდნენ, ბებიამ შუბლზე მაკოცა. რედაქტორი ერთადერთი იყო, ვინც გულწრფელად, მკაცრი თვალით შემაფასა. „უფრო მეტი უნდა იფიქრო, უფრო გასაგები პარალელები გაავლო, ტრაფარეტული სიტყვები მოაშორო. აზრები კი არ გადმოაფრქვიო, ამბავს მოყევი. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოვა” –  მითხრა მაშინ და 12 ფურცლიანი რვეულიდან ისევე დინჯად ამოიხედა, როგორც სჩვეოდა. 
წლების შემდეგ, ჟურნალისტის პროფესიას გარსია მარკესის, ტრუმენ კაპოტეს, ერნესტ ჰემინგუეისა და თეიმურაზ მეტრეველის გამო ავირჩევ. 
ნელ-ნელა რედაქტორის ნაბიჯები კიდევ უფრო შენელდა. თავადაც, მეტად მშვიდი გახდა. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს გაზეთის დახურვის გამო მოხდა. მართალია იმ გაცეცხლებამ მალევე გადაუარა, მაგრამ გინახავთ კაპიტანი, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ მშვიდად იცხოვრებს?! მოგვიანებით გაირკვა, რომ თეიმურაზ მეტრეველი უკურნებელმა სენმა შეიპყრო. ავადმყოფობის პერიოდში მამაჩემი მეგობრობისა და სამედიცინო კონსულტაციის გამო, ხშირად სტურობდა მეტრეველებს. შესაბამისად – მეც. ერთხელ, სრულიად უცაბედად, ყოველგვარი შესავლის გარეშე, რედაქტორმა მითხრა: „როცა გამოვჯანმრთელდები, ჟურნალისტურ წერას გასწავლი”. ამაზე თვალები გამიბრწყინდა და მამაჩემს ვუთხარი – არიქა, მალე გამოაჯანმრთელე-მეთქი. ამაზე არც თემური  გამხიარულებულა და არც მამაჩემი. ახლაღა ვხვდები: ორივემ იცოდა, რომ რედაქტორს სააქაო დღეები დათვლილი ჰქონდა. მაშ რატომღა დამპირდა? – არ ვიცი. 
მოგვიანებით, წერა მისმა ტექსტებმა მასწავლა. 
ყოველთვის, როცა რაიმეს ვწერ და ჩიხში შევალ, ვფიქრობ, როგორ დაწერდა ამ წინადადებას რედაქტორი. როდესაც თეიმურაზ მეტრეველი საკუთარ გაზეთს (ჩაძირულ გემს) თან ფსკერზე ჩაჰყვა, მის ცხედართან მისულმა ძველმა მეგობარმა ხმამაღლა თქვა: „თქვენ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ქვეყანამ ვინ დაკარგა”. 
არადა, ვხვდებოდი. 
არსებობდნენ ადამიანები (რედაქტორი უთუოდ ამ ადამიანთა რიცხვშია), რომლებიც მართალია წავიდნენ, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ სამუდამო ცხოვრებას იმსახურებდნენ. 
და მაინც, ერთი კითხვა მაწვალებს: როგორ დაწერდა ამ წერილს თეიმურაზ მეტრეველი?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი