პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ოპონირების კულტურა საქართველოში

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიას დავესწარი. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ხელისუფლებასა თუ გავლენიან ინსტიტუტებზე სამოქალაქო ზეწოლის მექანიზმების შეფასება გახლდათ. მოდერატორებმა ორი მაგალითის გააზრება შემოგვთავაზეს: ექსპროკურორ ფარცხალაძესა და საშობაო ეპისტოლეზე უნდა გვესაუბრა. ცხადია, სტუდენტთა უდიდესმა უმრავლესობამ ყურადღება უკანასკნელ საკითხზე გაამახვილა. დისკუსიის მიმდინარეობისას თავიდანვე გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება, ჩვენს აუდიტორიაში უკიდურესი ლიბერალური და კონსერვატიული დისკურსის წარმომადგენლები დაწინაურდნენ. სულგანაბული ვუსმენდი მათ და ვშიშობდი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იაფფასიან სანახაობაში, ჩხუბში არ გადაზრდილიყო. ჩემდა გასაკვირად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა – ორივე მხარემ შესაშური სიმშვიდით წარმოადგინა საკუთარი მრწმსისა და ღირებულებების შესაბამისი არგუმენტები. ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა მოკამათეთა მოტივაცია და მათი კეთილი განზრახვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული დისკუსიის მონაწილეთა ოპონირების კულტურა გახლავთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იშვიათად ვამჩნევ ურთიერთსაპირისპირო აზრების მომხრეთა ამგვარ ურთიერთმიმართებას. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ორიოდე სიტყვა მეთქვა ქართული ელიტების ოპონირების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. მოდი, რამდენიმე პუნქტი გამოვყოთ:

1. უპირველეს ყოვლისა, ჩვენენურ მოდებატეებს სხვებისაგან გამოარჩევს მოწინააღმდეგის საღი აზროვნების უნარის ეჭვქვეშ დაყენება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თავად აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცავენ, ოპონენტი კი სიცრუისა თუ ეშმაკის მსახურია. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მსმენელი იძულებულია, ერთ პოზიციას მიემხროს და საპირისპირო მხარეს არსებული სიმართლის თუნდაც უმცირესი მარცვალი სამუდამოდ დაკარგოს. ამგვარი დამოკიდებულება აუდიტორიას აღარ უტოვებს შანსს, სირთულის მოგვარების ყველაზე მომგებიან გზას მიაკვლიოს.

2. ქართული დისკუსიის ლიდერებს, ვგონებ, სმენის პრობლემაც უნდა ჰქონდეთ. საუბედუროდ, ეს ნაკლი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის ბრალი არ არის, ოტოლარინგოლოგებს ვერაფერში დავადანაშაულებთ. უბრალოდ, ჩვენში ოპონენტის მოსმენა, მისი მსჯელობის შეუფერხებლობა მოკამათის უუნარობად, წარუმატებლობად და უპირობო დამარცხებად განიხილება.

3. საინტერესოა, როგორ ეპყრობიან საჯარო განხილვების მონაწილენი ერთმანეთს ან როგორ ცდილობენ საკუთარი მოსაზრებების, არგუმენტების გამყარებას. თანამედროვე თავყრილობებზე დაკვირვება ორი ძირითადი მიდგომის გამორჩევის შესაძლებლობას მაძლევს: „შავრაზმელები” კულა გლდანელივით მძიმე მჯიღების გამოყენებას ამჯობინებენ, სნობური ინტელიგენცია კი მოწინააღმდეგის დამამცირებელი ცინიზმის გზას ირჩევს ხოლმე. მაშასადამე, რეალურ სივრცეში ოპონენტებთან ურთიერთობის ადაპტირებული ფორმა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფაა.

4. რა არის დებატების უმთავრესი მიზანი? მისი ამოცანა ურთიერთგანსხვავებული პოზიციების შედარების შედეგად, განსხვავებული კატეგორიების კონტრასტის ფონზე, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება გახლავთ. მაშასადამე, მოკამათენი კარგად დასაბუთებული ალტერნატივების წარმოჩენაზე უნდა ფიქრობდნენ. მათი ყურადღების მთავარი ობიექტი განსახილველი საკითხი და პრობლემის მოგვარების მექანიზმის წარმოდგენა უნდა იყოს. როგორ იქცევიან ოპონენტები ჩვენთან? ისინი დისკუსიის საგანზე მეტად საკუთარ თავზე ფიქრობენ. მათთვის ამოსავალი წერტილი პერსონალური უპირატესობების, მომხიბვლელობისა და განუმეორებლობის ხაზგასმაა.

5. ყველაზე სამწუხარო ტრადიციის გაძლიერებაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვით საჯარო შეხვედრების, აზრთა ჭიდილის ორგანიზატორებს. მათი მეოხებით ჩვენი გარემო შავ-თეთრი, უხალისო და უსიცოცხლოა. ქართულ დისკუსიებში მხოლოდ ორი უკიდურესი პოლუსია წარმოდგენილი, ხოლო მესამე თუ მეოთხე პოზიციის არსებობა გამორიცხულია. ჩვენ პლურალისტურ გარემოში ყოფნას გაუფასურებული ორთაბრძოლებისთვის თვალყურის მიდევნება გვირჩევნია.
ოპონირების კულტურის გასააზრებლად მხოლოდ ხუთი სტანდარტის გამოყოფა ალბათ არ კმარა. ჩვენს საზოგადოებაში აღიარებული და ფესვგადგმული მსგავსი კულტურული ნორმების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მნიშვნელოვანია, ნაკლოვანების მიზეზს მივაგნოთ. ვეჭვობ, გაგიკვირდებათ, შესაძლოა, გამკიცხოთ კიდეც, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ პრობლემის სათავე სკოლებშია საძიებელი. ოპონირების მახინჯი ფორმები თავის დროზე ჩატარებულ გაკვეთილებზე ჩამოყალიბდა, როდესაც ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული რამდენიმე თვითკმაყოფილი მოსწავლის მჭევრმეტყველებამ გადაფარა ჩუმი, წყნარი (პოტენციური) გენიოსის ან საღად მოაზროვნის ხმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი