ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სასკოლო რეფორმების  მარცხი (მეორე ნაწილი)

გთავაზობთ ამერიკელი ავტორისა და განათლების სპეციალისტის ჯონათან გელბარტის სტატიას სეიმურ სარასონის წიგნის „სასკოლო კულტურა და ცვლილების პრობლემა“ („The Culture of the School and the Problem of Change“) შესახებ. სტატიაში გადმოცემულია იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის სეიმურ სარასონის მოსაზრებები სასკოლო კულტურაზე, სასკოლო განათლებასა და მისი რეფორმირების სირთულეებზე. სარასონის მოსაზრებები სასკოლო რეფორმების შეუძლებლობის შესახებ სულ სხვა კუთხით დაგვანახებს სკოლის სამყაროს, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთქმედების თავისებურებებს და სკოლისა და საზოგადოების მჭიდრო კავშირს, რომელიც უმეტესად გამქრალია ზოგადი სასკოლო პოლიტიკიდან და სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული კანონებიდან თუ რეგულაციებიდან.

პირველი ნაწილი

  1. სასკოლო კულტურა ხელს უწყობს უარყოფით ინერციას

სარასონი თავის წიგნში საკმაო ადგილს უთმობს სასკოლო კულტურას. ერთგან იგი წერს: „როდესაც ორგანიზაცია ვერ აღწევს თავის მიზნებს და ვერ ასრულებს დანიშნულებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი სტრუქტურა და კულტურა წარმოადგენს პრობლემას და არა მის გადაწყვეტას“.

სარასონი გამოყოფს სასკოლო კულტურის, მისი აზრით, ყველაზე უარყოფით ასპექტებს:

ა) წინასწარვე ჩამოყალიბებული, არაკონფრონტაციული და რისკებისგან დაცული სამასწავლებლო შემადგენლობა და მისი სტრუქტურა, რომელიც ჩანასახშივე ახშობს ახალ იდეებს, თვითანალიზსა და კონსტრუქციულ კრიტიკას;

ბ. მასწავლებლების შეზღუდული შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს სასკოლო სხდომების მიღმა აკადემიური პრობლემების განსახილველად.

სარასონი აღნიშნავს: „არასდროს მინახავს სასკოლო სისტემაში ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა სისტემის მასშტაბით ფორუმებსა და პრობლემების შესახებ დისკუსიებს. სკოლებში თითქმის არ არსებობს ფორუმები თვითანალიზის, – ცვლილებებისა და გაუმჯობესებისთვის, როგორც ეს სხვა ტიპის ორგანიზაციებშია (რელიგიური ორგანიზაციები, კერძო სექტორი და სხვ.), რომლებიც იძულებული გახდნენ და მოახერხეს კიდეც, მნიშვნელოვნად შეცვლილიყვნენ“.

სარასონი ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს სკოლები, რომელთა მთავარ მიზანს „მოსწავლეების სასიკეთოდ მიმართული თვითანალიზი წარმოადგენს“. ეფექტური სკოლები დაეძებენ და პასუხს სცემენ კრიტიკას, რომელიც გარე წყაროებიდან მომდინარეობს.

მოსწავლეთათვის სასიკეთო ცვლილებებისთვის ბრძოლის მაგალითად სარასონს მოჰყავს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ბრძოლა სასწავლო პროგრამის გამო. ადმინისტრაციის თვალთახედვით, კურიკულუმი მხოლოდ გზამკვლევია და პრობლემები წარმოიშობა მასწავლებელთა არასაკმარისი „კრეატიულობის“ გამო. შესაბამისად, მათთვის პრობლემა სასწავლო განრიგი კი არა, არამედ მასწავლებელია. ამაზე მასწავლებლების პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: „ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ და რითაც ჩემს საქმიანობას განსჯიან, გახლავთ ტესტების შედეგები, რომლებიც წლის ბოლოს ჩემმა ბავშვებმა მიიღეს“.

ამის შემდეგ სარასონი პრობლემის მეორე პუნქტზე გადადის – მასწავლებლებს ძალიან ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ ერთდ იმუშაონ. „მათ არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა დისკუსიისთვის, გეგმების შემუშავებისთვის, კომუნიკაციისთვის, არ გააჩნიათ დაკვირვების შესაძლებლობა, რათა მისი შედეგები სასიკეთო ცვლილებებისთვის გამოიყენონ“. იმედია, ეს შეიცვლება და მასწავლებლებს თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.

 

  1. მასწავლებელებს მართლაც არარეალისტურ მოთხოვნებს უყენებენ

ამ თავში სარასონი რამდენიმე მთავარ საკითხს ეხება: საზოგადოებას მართლაც არარეალისტური მოლოდინი აქვს მასწავლებლებისგან. მას სურს, მასწავლებლები „თანაბრად ადეკვატურები იყვნენ როგორც კლასის, ისე კლასში ბავშვების და მათი პრობლემების მართვის კუთხით“.

მასწავლებლები ხშირად ცვივიან მცირე ინტელექტუალური სტიმულირების მქონე „რუტინული არსებობის“ ორმოში, რაც მათ მიერ ბავშვების ინტელექტუალური სტიმულირების შესაძლებლობასაც ამცირებს. კლასების მნიშვნელოვნად დაპატარავება შეუძლებელია, რადგან ამდენი მასწავლებლის დაქირავებას ვერავინ ვერასდროს შეძლებს.

მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ და დაისწავლონ მათ პროფესიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკები და მუდმივად იყვნენ მათ პროფესიაში, მათ საგანში მიმდინარე პროცესების კურსში – ეს გახლავთ პროფესიონალისა და პროფესიონალიზმის მთავარი მახასიათებლები.

 

  1. სკოლის დირექტორები უნდა სწავლობდნენ ცვლილების პროცესს და არა სტატუს კვოს შენარჩუნებას

სკოლაში ცვლილებების განხორციელების პროცესი ყოველთვის დირექტორების პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის ცვლილებების მოთხოვნა – კანონმდებლებისგან, ოლქის ადმინისტრატორისგან თუ მშობლებისგან. „დირექტორი იმსახურებს „ცვლილებების მეკარის“ წოდებას“, – ამბობს სარასონი, თუმცა იქვე დასძენს, რომ „დირექტორი, მისი როლიდან, მომზადების დონიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ გახდეს ცვლილებების კარგი შემსრულებელი“. თუ ასეა, როგორღა მოვიქცეთ? პროფესორი სარასონი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუმცა გვთავაზობს დამატებით ინფორმაციას ასეთი შემთხვევის შესახებ:

ვინაიდან მათ [დირექტორებს] დავალებული აქვთ სისტემის და მისი ფუნქციურობის შენარჩუნება, ადმინისტრატორები ნაკლებად შეეწინააღმდეგებიან მათ და ნაკლებად წაახალისებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც [ცვლილებების] მიმართულებით წავლენ“.

თვით დირექტორის არჩევის ტრადიციაც ამას გვეუბნება – დირექტორის კანდიდატურის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ იგი „კარგი“ მასწავლებელია და ამ დროს „კარგი“ არა მხოლოდ მის სამასწავლებლო ხარისხს აღნიშნავს, არამედ იმ უსიტყვო თანხმობასაც, რომელსაც გამოხატავს იგი არსებული მდგომარეობის მიმართ.

სარასონი სვამს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომლებზე საფიქრალადაც დირექტორებს იშვიათად სცალიათ და რომლებზე პასუხის გაცემაც არ „დაუსწავლიათ“:

* რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს დირექტორს იმის მიმართ, რასაც ბავშვები კლასში განიცდიან/გრძნობენ?

* როგორ უნდა მოახერხოს დირექტორმა, რომ მასწავლებლმა შეცვალოს თავისი პრაქტიკა და დამოკიდებულბები?

* როგორ უნდა მოიქცეს [დირექტორი], როდესაც პრობლემური ბავშვი პრობლემური მასწავლებლის ანარეკლია?

* როგორ უნდა გაართვას თავი დირექტორმა სიტუაციას, როდესაც მშობლის პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ სამართლიანია?

* ვის მხარეზე უნდა იყოს დირექტორი? ბავშვის? მასწავლებლის? სისტემის? თემის?

იდეალურ შემთხვევაში სკოლის დირექტორი და მასწავლებელთა კონტინგენტი ზემოთ დასმულ კითხვებს ერთად უნდა სცემდნენ პასუხს. ეს იზოლაციისა და მარტოობისგან თავის დაღწევაში მათ დაეხმარება.

 

  1. თუ მოსწავლეებს მოვთხოვთ, ბრმად მისდიონ წესებს, ამით შესაძლოა ჩავახშოთ მათი შემოქმედებითი ძალა და დამოუკიდებლობა

სარასონი წერს იმის შესახებაც, რომ მოსწავლეებს თითქმის არასდროს ეძლევათ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ კლასსა თუ სკოლაში ქცევის წესების შემუშავებაზე. სარასონის თვალსაზრისით, პრობლემას ამწვავებს მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს შორის გავრცელებული დამოკიდებულება, რომ უძლურების შეგრძნება ვერ მოახდენს გავლენას სწავლის პროცესსა და სწავლისადმი მოსწავლის ინტერესზე.

სარასონს მიაჩნია, რომ ეს დაშვება მცდარია – სკოლაში ქცევის წესები დიდ გავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე.

სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეს მიუთითებენ, რა უნდა აკეთოს. ის პასუხობს კითხვებს, მაგრამ არ სვამს მათ; მისი განსაკუთრებული (ან არც ისე განსაკუთრებული) ინტერესები და ცნობისმოყვარეობა პრივატული საკითხი უნდა იყოს; ის არ უნდა ხარჯავდეს დროს ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც არ არის მონიშნული სასწავლო პროგრამაში.

შევაჯამოთ: საკლასო კულტურას აკლია პროდუქტიული სწავლების ყველა ნიშანი. საგანმანათლებლო იერარქიის ყველა დონე მასზე დაბლა მდგომ დონეს განიხილავს ისე, როგორც მასწავლებლები განიხილავენ მოსწავლეებს.

სარასონის აზრით, „ბავშვების სასკოლო გამოცდილება საბოლოოდ იმით სრულდება, რომ მათ უდასტურებენ, თითქოს მათი გადაადგილების სფერო უნდა შეიზღუდოს. ბავშვების ბუნებრივი ინტერესები და ცნობისმოყვარეობა სწავლის პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორებად განიხილება“.

სარასონთან საუბრის შემდეგ ერთმა მასწავლებელმა სარკასტულად იკითხა: „რას გვეუბნებით? ბავშვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა მოგვექცნენ?“

 

  1. სკოლის ფუნდამენტური დანიშნულება, მისი არსი უმეტესწილად დავიწყებულია

სკოლის ადმინისტრატორებს სარასონი მწვავედ აკრიტიკებს, რადგან ისინი საკუთარ თავს არ უსვამენ კითხვას: „რისთვის არსებობს სკოლები?“ სასკოლო პერსონალი იშვიათად ეკითხება საკუთარ თავს (თუ საერთოდ ოდესმე ეკითხება) შემდეგს:

  1. რა არის სასკოლო განათლების ყოვლისმომცველი განზრახვა და მიზანი, რომელიც თუ არ განხორციელდა, უაზრობად აქცევს ყველა სხვა მიზანს?
  2. რა არის პროდუქტიული სწავლების კონტექსტებისთვის დამახასიათებელი?

ალბათ გასაკვირი და მიუტევებელია, რომ ეს კითხვები არ დგას საგანმანათლებლო საზოგადოების სცენის ცენტრში. სარასონი არაერთგზის უბრუნდება ამ კითხვებს და თვითონვე პასუხობს:

„სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეები ითვისებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ჯგუფურად ცხოვრების ძირითად წესებს“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან „დემოკრატია ყველა თაობამ თავიდან უნდა ისწავლოს, და… ეს სოციალური სტრუქტურის ბევრად უფრო რთული ფორმაა (სასწავლად და შესანარჩუნებლად), ვიდრე ავტოკრატია“.

„ისეთი არაშემეცნებითი თვისებების სწავლება და გაღვივება, როგორებიცაა პატრიოტიზმი, პუნქტუალობა, ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა და ისეთების თავიდან აცილება, როგორიცაა კონფორმიზმი და პასიურობა, იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რადგან ისინი უფრო მეტად უწყობენ ხელს ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას და ბედნიერების განცდას, ვიდრე შემეცნებითი უნარები“.

დასასრულ, პროფესორი სარასონი ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს პროდუქტიული სწავლების მნიშვნელობას და როლს ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში: „პროდუქტიული სწავლების მტრები არიან ინტერესის უქონლობა, მოწყენილობა და განცდა, რომ რასაც შენ ფიქრობ და გრძნობ, უადგილო და არარელევანტურია სხვებისთვის. სწავლა რუტინული სამუშაოა, რომლითაც მოზრდილებმა დატვირთეს ბავშვები. სამწუხაროდ, ისინი მოსწავლეს უყურებენ როგორც ცარიელ ჭურჭელს, რომელიც უნდა შეავსონ და ამ შევსების მიზანი, გაუგებართან ერთად, მიუღებელიც არის ახალგაზრდისთვის“.

 

  1. სასკოლო აქტივობები ხშირად არ შეესაბამება მოსწავლეთა ცხოვრებას

სკოლის მიტოვება ყოველთვის განიხილებოდა როგორც „უარყოფითი სიმპტომი“, როგორც ინდივიდის ცუდი ადაპტაციური თვისებების გამოვლინება.

თუმცა არსებობს ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულებაც: სკოლის მიტოვება შესაძლოა რეალისტური პასუხი იყოს სასკოლო კულტურაზე, რომელიც ზოგიერთი მოსწავლისთვის მომაკვდინებლად მოსაწყენია, არ აქვს კავშირში მათი ცხოვრების არასასკოლო კონტექსტებთან და უბრალოდ არსაით მიმავალი გზაა.

თუ ამ საკითხს „საბაზრო“, მოთხოვნა-მიწოდების ჭრილში შევხედავთ, შეიძლება ასე ვიმსჯელოთ: თუ სკოლა ვერ სთავაზობს იმას, რაც მოსწავლეს სჭირდება, მაშ, რა აზრი აქვს სასკოლო განათლების „შეძენას“ (ყიდვას)? რატომ უნდა ვიყიდოთ ის, რაც ვერ უჩენს ადამიანს შეგრძნებას, რომ ღირებულია, კომპეტენტური, პროდუქტიული, ან მიეკუთვნება რომელიმე ადგილს ან ჯგუფს?

შეიძლება ვეძებოთ არსებული სისტემის ამა თუ იმ ასპექტის შეცვლის გზები, – ასკვნის ავტორი, – მაგრამ სანამ ეს ცვლილებები პირდაპირ ან ირიბად არ შეცვლის მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობებს, სასკოლო სწავლება არაპროდუქტიული დარჩება. შესაბამისად, მოსწავლეები „ისწავლიან“, მაგრამ ამას არ ექნება პერსონალური ან მოტივაციური მნიშვნელობა მოსწავლისთვის. სწავლის სურვილსა და სწავლის აუცილებლობას შორის უზარმაზარი განსხვავება და სივრცეა.

დასასრულ, სარასონი მოიხმობს ცნობილი ამერიკელი სოცოლოგის ქრისტოფერ ჯენქსის მოსაზრებას, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ, თავი დავანებოთ გრძელვადიანი მიზნებისთვის ბრძოლას და ყურადღება გავამახვილოთ მილიონობით ამერიკელი მოსწავლის ყოველდღიურ რეალობაზე; მილიონობით ბავშვისა, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს და ახალდაწყებული ცხოვრების წლებს სკოლებში ატარებენ.

„ნაცვლად იმისა, რომ სკოლებს ვაფასებდეთ მათი კურსდამთავრებულების წარმატებათა მიხედვით, ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, სკოლები შევაფასოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უშუალო ურთიერთობის შედეგებით… ზოგი სკოლა მოსაწყენი და ხანდახან საშიში ადგილია,  ზოგან კი სწავლა და სწავლება სიცოცხლით სავსე, კომფორტულ და ხალისიან ატმოსფეროში მიმდინარეობს. თუ სასკოლო ცხოვრებას და მის მიმდინარეობას შევაფასებთ როგორც საკუთრივ მიზანს და არა საშუალებას სხვა მიზნების მისაღწევად, ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანი გახდება. ვინაიდან ბავშვები სკოლაში (და უნივერსიტეტში) ცხოვრების მეხუთედს ატარებენ, სკოლების „კარგ ადგილად“ გადაქცევა უზარმაზარი მიღწევა იქნება.

 

  1. კითხვაზე, ვის ეკუთვნის სკოლა, პასუხი ჯერ გაცემულა

პრაქტიკაში ვის უპყრია ხელთ საგანმანათლებლო სფეროში გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება? რა შეიძლება გახდეს ჩვეული პრაქტიკის შეცვლის საფუძველი? ვინ არიან „ძალის მპყრობელები“? მასწავლებლები? მშობლები? დირექტორები? სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები? როგორც ვხედავთ, ძალთა ამ სამყაროში ბევრი ადამიანი და როლი მონაწილეობს და არცთუ ნათელია – არა მხოლოდ ოფიციალური კუთხით, არამედ კულტურულადაც – სად იწყება და მთავრდება პასუხისმგებლობა.

როდესაც ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ „ფლობს სკოლას“, ხოლო მეორე არ ეთანხმება, შესაძლოა კონფლიქტი გაღვივდეს. თუ სკოლას, ფართო გაგებით, თემი და მოსწავლეთა მშობლები „ფლობენ“, მაშინ მათი აზრი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. ამჟამად ეს აზრი და დამოკიდებულება უმეტესად უარყოფითია. „დღეს, სავალდებულო უნივერსალური საშუალო განათლების სისტემის ამოქმედების შემდეგ პირველად, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ საჯარო სასკოლო სისტემა, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ, მოძველებულია“. ეს სიტყვები 1996 წელს დაიწერა და როგორც ჩანს, ისინი დღესაც სამართლიანია.

 

ბოლოსიტყვაობა

„ეს წიგნი არ გახლავთ „როგორ-გავაუმჯობესოთ-სასკოლო-სისტემა“-ტიპის სახელმძღვანელო, მასში ვერ იპოვით პრობლემის გადაწყვეტის სქემებს ან რჩევებს. სარანსონის აზრით, ეს წიგნი იმისთვის დაიწერა, რომ გავიაზროთ და დავფიქრდეთ შემდეგზე:

თუ გვსურს, შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ სასკოლო სწავლების შედეგები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, უნდა დავინახოთ ის კულტურული თვისებურებები, რომლებიც არსებობს სკოლებში და რომლებიც შესაცვლელია. თუ მათ ვერ შევცვლით, რეფორმების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდება“.

აქვე სარასონი აღნიშნავს, რომ „სკოლის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შეცვლა, სამწუხაროდ, არ ხელეწიფებათ მათ, ვინც ამ კულტურაში მოღვაწობს“. აქედან გამომდინარე, სარასონი ასკვნის, რომ „სკოლები, როგორებიც ისინი იყვნენ, ვერ შეიცვლებიან და სამუშაოს შესრულების ამჟამად მიღებული კრიტერიუმებით, შესაძლოა უარესებიც კი გახდნენ“.

თუმცა ავტორი ოპტიმისტურად გვემშვიდობება: „აწმყო მხოლოდ ერთი მომავლით არ გახლავთ ორსულად – მან შეიძლება ბევრი შესაძლო და განსხვავებული მომავალი შვას. ეს ფაქტი ყველას გავავალდებულებს, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებასა და ნიჰილიზმს და არ ვუღალატოთ ცვლილებისთვის საჭირო მიზნებს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი