შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოგზაურობა აფრიკაში ჰემინგუეისთან ერთად

კვლავ ჰემინგუეი და აფრიკა. ვერ მოვიცილე ფიქრები და ვუბრუნდები. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ლიტერატურას ვცილდები. მხოლოდ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურით ვიფარგლები. მხატვრული ლიტერატურა უყურადღებოდ მრჩება. ამიტომაც ვეძებ ხოლმე გეოგრაფიასა და მხატვრულ ნაწარმოებებს შორის კავშირებს. და ვპოულობ… ნაირობიზე სტატიის წერის დროსაც მინდოდა კავშირი ჰემინგუეისთან გამევლო, მაგრამ შემდგომისთვის გადავდე. ახლა კი გვერდს ვეღარ ავუვლი ვერც კენიას და ვერც მასაის ტომს, რომელიც აფრიკის ნახევრად მომთაბარე და სრულიად განსხვავებული ხალხია.

ჰემინგუეიმ, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა აფრიკას, სწორედ მასაის ტომის ენაზე დაწერა „Ngaje Ngae”- ანუ „ღმერთის სახლი”. სწორედ მისკენ მიისწრაფვის ბოლოს ნაწარმოების გმირი – „ვრცელი, როგორც მთელი ქვეყანა, დიდი მაღალი მზის შუქისაგან წარმოუდგენლად ქათქათა… მაშინ კი მიხვდა, რომ ეს ის ადგილია, საითკენაც იგი მიდიოდა”.

ინგლისელი მწერალი ქალი – კარელ ბრიქსენი, თავის ცნობილ რომანში „Out of Africa” წერს, რომ მასაი არასოდეს ყოფილა მონა, რომ მასაის ვერასოდეს აიძულებ გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა, იგი უმართავია. მასაი ციხეში ვერ ძლებს, რამდენიმე თვეში სევდით კვდება, ასე რომ, მის დატყვევებას აზრი არა აქვს.

მასაის ტომი

„აფრიკის მწვანე ქედები“ ხომ აფრიკის თემის შესწავლისას კარგი მოტივატორია:

„ახლა, აფრიკაში ყოფნის დროს, ხარბად ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი რამე წამეღო მისგან – წელიწადის დროთა ცვლა, წვიმები, როცა ერთ ადგილას გამოიმწყვდევი და ფეხი ვეღარ მოგიცვლია; მოუწყობლობა, რასაც მოთმინებით ეჩვევი, რათა უფრო კარგად განიცადო ყველაფერი, სოფლების სახელწოდებანი, წვრილ-წვრილი ცხოველები და ფრინველები. ცდილობ, ენაც შეისწავლო, რაც შეიძლება მეტი დრო გამონახო, რათა კარგად ჩასწვდე ყველაფერს და არსაით მიგეშურებოდეს, მთელი ჩემი დღე და მოსწრება სხვადასხვა ქვეყნების სიყვარულში გამიტარებია“.

ამიტომაც მომინდა ახალ კომპლექსურ დავალებაში ჰემინგუეისთან ერთად მოგზაურობა და მასთან გასაუბრება.  ახლავე თუ არა, იმედი მაქვს რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები ეზიარებიან ჰემინგუეის პროზას და მასთან ერთად გადაეშვებიან თავგადასავლების მორევში. შემდეგ კი უკვე ჰემინგუეი აზიარებს ლიტერატურასაც და სიყვარულსაც. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა – „ჰემინგუეის ნაწერი სხვანაირად გეპარება, რადგან  მან მოიგონა საუკუნის ტემპი, საუკუნის დიალოგი, საუკუნის ნოველა…“.

მასაის ტომი ძირითადად კენიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმია.  კენიის ველური ბუნება იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. აქ შეიძლება ნახოთ ლომების ნადირობა ანტილოპებზე, ბეჰემოთების ბანაობა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ფლამინგოების კოლონია. კენიის უზარმაზარი ტერიტორია უკვე 15 წელზე მეტია ეროვნული პარკია და ამიტომ აქ ნებისმიერი ნადირობა მკაცრად ისჯება.

აი, ასეთია დღევანდელი კენია.

გთავაზობთ მხოლოდ კომპლექსური დავალების პირობას და რამდენიმე რესურსს. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.

საკითხი: მასაი – „ღმერთის სახლის“ მცველები

საკვანძო შეკითხვა: როგორ ავუხსნაჰემინგუეის თუ რა ურთიერთკავშირია მასაის ტომის ცხოვრების წესსა და ველურ ბუნებას  შორის?

როგორ შეიძლება ჰარმონიულად თანაცხოვრება ველურ ბუნებასთან და რა მნიშვნელობა აქვს ამ ურთიერთკავშირს?

დავალების პირობა:

ქვეყანა ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც პირველად ვიხილეთ ჩვენ. ჩვენ მოსულები ვართ, და ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა იქნებ სულ გატიალდეს; დარჩენით უსათუოდ დარჩება, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორი იქნება. ვაითუ ისეთივე ბედი ეწიოს, რაც გობის უდაბნოს ერგო! სიამოვნებით ჩამოვიდოდი აფრიკაში კიდევ ერთხელ – ერნესტ ჰემინგუეი „აფრიკის მწვანე ქედები“.

წარმოიდგინე, რომ წახვედი საფარაზე აფრიკაში დღევანდელ დროში ჰემინგუეისთან ერთად, რომელსაც ძალიან აინტერესებს, როგორი ქვეყანაა დღეს კენია და როგორ ცხოვრობს კილიმანჯაროს მთასთან მცხოვრები მასაის ტომი – „ღმერთის სახლის“ მცველები. შენი მიზანია, მეგზურობა გაუწიო მწერალს და გააცნო მასაის ტომის დღევანდელი ყოფა. შექმენი მოგზაურობის ილუსტრირებული დღიური.

დღიურში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა ურთიერთკავშირია მასაის ტომის ყოფა-ცხოვრებასა და ველურ ბუნებას შორის და როგორ შეიცვალა მათი საქმიანობა ცივილიზაციასთან ერთად? (მოსახლეობა და მეურნეობა, ..1;2).
  • რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები მოსახლეობის ცხოვრების დონესა და იდენტობის შენარჩუნებაზე? (მოსახლეობა და მეურნეობა, ..3).
  • რა მნიშვნელობა აქვს მასაის ტომის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას და როგორ იცავს ადგილობრივი ხელისუფლება არსებულ ველურ ბუნებას? (მდგრადი განვითარება  .. 1; 2,).

რესურსები: მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მოცემულ პარაგრაფები: N 35, 37, 38 და 39. აგრეთვე სტატიები: ნაირობი- ცივი ნაკადული და აფრიკა – კონტრასტების კონტინენტი.

ვიდეოფილმები – საფარა კენიაში

კენია –

ვებგვრდზე https://tabula.ge/ge/topic/75681 – უამრავ საინტერესო რესურსს იპოვით.

ნაბიჯების დაგეგმა თქვენთვის მომინდვია.

ვიმოგზაუროთ ჯერ კიდევ უცნობ ჰემინგუეისთან უცხო და ამოუცნობ აფრიკაში.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://burusi.wordpress.com/literature/ernest-hemingway-1899-–-1961/ ; https://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/afrikis-mwvane-qedebi ; https://tabula.ge/ge/topic/75681 .

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი