პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ცოტა რამ გენდერული ლინგვისტიკის საკითხებზე

ცოტა ხნის წინ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ ორგანიზებულ მშვენიერ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, გენდერის საკითხებზე მომუშავე მოსწავლეებისათვის მენტორობა უნდა გამეწია. ჩემი ჯგუფის პროფილი ენა იყო, გენდერული ლინგვისტიკა და გენდერული სტერეოტიპების ასახვა ენასა და აზროვნებაში.

უნდა ვაღიარო, პროფესიის მიუხედავად, გენდერული ლინგვისტიკის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება მქონდა. ასე ვთქვათ, შორიდან ვცემდი პატივს, კონკრეტულად არასდროს მიკვლევია. როდესაც საკითხს ჩავუღრმავდი, კიდევ ერთხელ მივხვდი, რა საინტერესო მუშაობის საშუალებას იძლევა ენათმეცნიერება, მითუმეტეს, მისი ახალი დარგები, რამდენი კარგი პროექტის დაგეგმვა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად.

ენა რომ კომუნიკაციისა და აზრის გადმოცემის მთავარი საშუალებაა, ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ყველანი ვეთანხმებით. დაბადებიდან, ენობრივ გარემოში მოხვედრის პირველივე წუთიდან, ენობრივი არსებები ვხდებით და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ჩვენთან ენის საშუალებით ურთიერთობს. მოვლენებსაც ენის მოწვდილი პრიზმით ვაკვირდებით და აღვიქვამთ. მოკლედ, ენაში ვცხოვრობთ და ენა ცხოვრობს ჩვენში.

არ არსებობს სოციალური ურთიერთობის არცერთი ფორმა, რომელსაც ენა არ ასახავს.  ამიტომაც გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას, მხატვრულ ტექსტებსა თუ კონკრეტულ საილუსტრაციო ამბებთან ერთად შეგვიძლია ლინგვისტური კვლევებიც გამოვიყენოთ.

გენდერული ლინგვისტიკა, როგორც  ენათმეცნიერების ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან აქტუალური ნაწილი, განსაკუთრებით აქტუალური მეოცე საუკუნეში გახდა, რას გვიყვება ენა სქესთა შორის უთანასწორობაზე ზოგადად და რა აქვს სათქმელი კონკრეტულად ჩვენს, ქართულ ენას?

ქართული ენის კურიკულუმში ბევრი საკითხის განხილვაა შესაძლებელი გენდერულ ჭრილში, როგორიცაა.

  1. საკუთარი სახელების გენდერული ანალიზი;
  2. გენდერული სტერეოტიპები ფრაზეოლოგიზმებში;
  3. ქართული ენა, რომელიც სქესს არ განარჩევს;
  4. მეცხრამეტე საუკუნის ქართული ენა და მეტყველება და გრამატიკული სქესის მარკირების ხელოვნური ცდა;
  5. ქალი პერსონაჟების ენობრივი „სურათი“, სტერეოტიპები და მზა ხედვა;
  6. როგორ აღწერს პატრიარქალური სამყარო ქალს – ენობრივი დისკრიმინაციული ფორმულები;
  7. პროფესიის სახელები და დისკრიმინაციული გამოხატვა -მორფოლოგია, სინტაქსი, სემანტიკა
  8. და სხვა.

პირველ ეტაპზე  ზოგადი საკითხების ჩამონათვალი მოვამზადეთ და განვიხილეთ ამ საკითხებთან დაკავშირებული მეთოდიკა, მიმართულებები, ხედვა, მასალა და ა.შ.

მსჯელობის პროცესში შევჯერდით, რომ თანამედროვე პროცესები, ახალი მედიისა და ტექნოლოგიების ენა უფრო საინტერესო და აქტუალური იქნებოდა, მით უფრო, რომ იმ  თაობასთან ვმუშაობთ, რომელიც ერთგვარად ტექნოლოგიურად აზროვნებს და   ამ მედიუმში ისეა, როგორც თევზი წყალში.  ამიტომაც მოსწავლეებმა თავად, დისკუსიისა და ერთგვარი ფოკუს შეხვედრის პროცესში თავად აირჩიეს საკვლევი თემა, მათ არჩევანის სრული თავისუფლება მიეცათ.  ეს მნიშვნელოვანი იყო მათი მოტივაციის გასაზრდელად. გადაწყდა, რომ მათი კვლევის ობიექტი თანამედროვე მედიუმების, კონკრეტულად კი, რეკლამის ენა აიქნებოდა.

შემდეგი ეტაპი იყო კვლევის მეთოდიკის არჩევა და ლიტერატურის გაცნობა, აღსანიშნავია, რომ კვლევის მეთოდოლოგია, რაც მასალის მოპოვებას და სტატისტიკურ კვლევას ემყარებოდა, აგრეთვე თავად მოსწავლეთა არჩევანი იყო.

მნიშვნელოვანი იყო მასალის მრავალფეროვნება. ენა მთავარი მედიუმია, ენა ყველაფერშია, ჩვენ გარშემო ყველაფერი ენაა, ამიტომაც, როგორც სამეტყველო ენა, ისე ტექსტური გზავნილები, ენობრივი მეტაფორები და ვიზუალური სიმბოლოები, ყველაფერი გამოგვადგა კვლევის მასალად. საბოლოოდ, რამდენიმე ეტაპიანი კვლევის საინტერესო შედეგიც ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ენა, როგორც ჩვენი აზროვნების იარაღი, ჩვენი ყოფის ხატი ბევრ საიდუმლოსა და თავსატეხს ინახავს, რომლის ამოსახსნელად ისევ ჩვენ გველოდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი