პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სევდიანი ამბავი ბავშვებზე

ორიოდე თვის წინ თბილისში თავშესაფარი გაიხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ. მას, ვინც ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა და ზამთრის ყინვას მუყაოს ყუთებისა და პოლიეთილენის პარკებისგან შეკოწიწებულ კოლოფებში ემალებოდა, ახლა შეუძლია კარავში დაიძინოს, სადაც ღუმელი ანთია და ცხელი წვნიანი იხარშება. თავშესაფარში ზრდასრულებთან ერთად ბავშვებიც მოხვდნენ. ლამაზი, ჭკვიანი, ნაადრევად გაზრდილი ბავშვები თითო-ოროლა სადღაც ნაპოვნი სათამაშოთი და სევდიანი თვალებით. ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, სარჩოს თავად შოულობენ, ხშირად განიცდიან მშობლების ყურადღების დეფიციტს და მარტონი ეცნობიან ცხოვრების სასტიკ წესებს.

ახალმა წელმა ეს-ესაა ჩაიარა, საზეიმო განწყობა ჯერ კიდევ არ განელებულა და ალბათ აჯობებდა, რაიმე მხიარული დამეწერა, მაგრამ ძნელია, საკუთარი ბედნიერებითა და სტაბილურობით დატკბე, როცა იმ ქუჩაზე, სადაც შვილს ასეირნებ, სხვა ბავშვი მშიერი დალასლასებს, როცა შენ ნაძვის ხეს და საახალწლო საჩუქრებს არჩევ ოჯახის წევრებისთვის, სხვა ბავშვები კი სათამაშოებისა და სუფთა ტანსაცმლის გარეშე იზრდებიან. გახსოვთ ანდერსენის ასანთის გამყიდველი გოგონა? დაახლოებით ეგეთი ამბავია – საკუთარი საზრუნავით გართულნი, ხშირად ვერ ვამჩნევთ მათ, ვისაც შია და სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება, ვინც მომლოდინე თვალებით შეჰყურებს ყველა გამვლელს ორიოდე თბილი სიტყვისა და მცირეოდენი დახმარების იმედით. მათთვის ყურადღება ორმაგად მნიშვნელოვანია, სიხარული – უფრო დასამახსოვრებელი. ამ ბავშვების მომავლის გადარჩენა ალბათ მხოლოდ მათდამი ყურადღებას შეუძლია.

ამიტომაც გიყვებით სევდიან ამბავს, რათა თქვენც გაიხსენოთ და მოსწავლეებსაც მოუყვეთ ასანთის გამყიდველი გოგონას, კარავში მცხოვრები ბავშვებისა და ჩვენ გვერდით მყოფი გაჭირვებული ადამიანების შესახებ, თუნდაც საახალწლოდ. იქნებ მათაც ისევე იტირონ, როგორც მე ვტიროდი, როცა პირველად ვკითხულობდი გაყინული გოგონას ისტორიას, იქნებ მათაც ისევე იფიქრონ თოვლის მოსვლისას, რომ ახლა სადღაც ვიღაც იყინება, როგორც მე ვდარდობ ხოლმე აცივებიდან გაზაფხულის მოსვლამდე ყოველ სუსხიან დღეს, იქნებ არც კი მოგისმინონ და უკმაყოფილოდ შემოგხედონ, მაგრამ მაინც უთხარით, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამ ადამიანებს მცირედი, მაგრამ მათთვის აუცილებელი დახმარება გავუწიოთ; ჩვენი ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები, ტკბილეული გავიმეტოთ მათთვის, ზოოპარკში ან საახალწლო წარმოდგენაზე წასასვლელი ბილეთი ვაჩუქოთ, თოვლის ბაბუას ერთი საჩუქრის მაგივრად ორი ვთხოვოთ და მეორე სხვას მივცეთ, მათი ამბები მოვისმინოთ და, სხვა თუ არაფერი, თანავუგრძნოთ მაინც. ძნელია, პატარებს სევდიანი ამბები მოახვიო თავს, მაგრამ ასე, სხვისი გასაჭირის გათავისებით, ისინი უკეთეს ადამიანებად დაიზრდებიან; თვითონვე გადაგიხდიან მადლობას, როცა დაინახავენ, რომ მათმა ყურადღებამ სხვა ბავშვის თვალებში ნაპერწკლები აანთო; თვითონვე გაუხარდებათ, როცა მიხვდებიან, რომ რაღაც ძალიან ღირებული, ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთეს.

ალბათ არც აქვს აზრი შვილებისა და მოსწავლეებისთვის სევდიანი ამბების დამალვას – დაიზრდებიან და მაინც გაიგებენ, რომ მათ ქვეყანაში სიღარიბე გადაუჭრელი პრობლემაა და მათი უდარდელი ბავშვობის წლებში ყოველი მეოთხე ბავშვი აქ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა.

იუნისეფის მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ასაკის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში (ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით ორ ლარს), 200 000-ზე მეტი კი ფარდობით სიღარიბეში (მოიხმარს დღეში მხოლოდ 3 ლარს). მონაცემები 2009-2011 წლებში ქვეყნის კეთილდღეობის კვლევას ეყრდნობა. ზოგისთვის სიღატაკე ადრეულ ასაკშივე ფატალური შედეგით მთავრდება. ისევ იუნისეფის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 300 ახალშობილი იღუპება საკვების ნაკლებობის გამო.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვები გარკვეული ასაკის შემდეგ მეტწილად თვითონვე იწყებენ საარსებო სახსრების ძებნას. არასამთავრობო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-ის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში 1600-მდე ბავშვი მუშაობს. ისინი, გარდა იმისა, რომ არასათანადო პირობებში ცხოვრობენ და შეზღუდული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ძალადობის მსხვერპლად ქცევის მაღალი რისკის ჯგუფსაც მიეკუთვნებიან.

ყველაზე მძიმე ის არის, რომ ხშირად სიღარიბე მთელი ცხოვრება გრძელდება. განათლებისა და განვითარების საშუალების გარეშე გაზრდილი ბავშვი იშვიათად თუ ახერხებს მდგომარეობის გაუმჯობესებას. ადრეულ ასაკში სიღარიბემ შესაძლოა ხანგრძლივი გონებრივი, ფიზიკური ან ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს. ეს გარემოებები განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს.

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, დღეს გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენ გვერდით მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია, დღესვე მოვუყვეთ შვილებსა თუ მოსწავლეებს მათი თანატოლების შესახებ, პატარაობიდანვე მივაჩვიოთ, მგრძნობიარედ მოეკიდონ სოციალურ საკითხებს, რომ მომდევნო თაობის ნაკლები ბავშვი მოხვდეს თავშესაფარში, საზოგადოებამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღება აიძულოს და რაც შეიძლება მეტ პატარას ჰქონდეს თბილი სახლი, სუფთა თეთრეული, ცხელი სადილი, განათლების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობა. 

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იგრძნო დღესასწაული, გაიხარო ახალმოსული თოვლით, სინდისის ქენჯნის გარეშე უყიდო სათამაშოები შვილს და წერო მხიარული ამბები სადღესასწაულოდ.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი