ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სახელითა მამისათა

ის დიდხანს იდგა მუხლამდე ზღვაში. წყალს პეშვში იგროვებდა და ტანს დინჯად, მკლავის შენელებული მოძრაობით ისველებდა. „შეხედეთ, სად ამოვყვინთავ” – გვითხრა ისე, რომ ჩვენთვის არ შემოუხედავს, საჩვენებელი თითი გადანათებული ჰორიზონტისკენ გაიშვირა და ნაპირისკენ მომავალი ტალღა სხეულით გაჭრა. 
ჩვენ გარშემო დამსვენებელთა ზეიმი იყო. 120 კილოგრამიანი ქალბატონები, რომლებიც საცურაო კოსტიუმების ნაცვლად ღამის პერანგებს იყენებდნენ, შვილიშვილებს ნაპირთან აჭყუმპალავებდნენ. მათი გამხდარი მეუღლეები კი – adidas-ის ტრუსები  კოხტად რომ მოერგოთ, ქვებზე სიარულში ვარჯიშობდნენ და  ванька – встанька-სავით ქანაობდნენ. 
ჩვენ დიდხანს ველოდით, რომ სადღაც, როგორც თავად მიგვანიშნა ძალიან შორს, მელოტი თავი წყალს ამოხეთქავდა და ვეშაპივით გამოუშვებდა დაგროვილ ჰაერს. და ხანგრძლივი იყო ლოდინი იგი. და წყლით ივსებოდა ჩვენი გუგები, ზღვაზე არეკლილი მზის გამო და იმიტომაც, რომ გვეგონა თითქოს მამაჩვენი ზღვამ ჩაყლაპა. 
მამაჩემს ზურაბ გორგილაძე ჰქვია. ის ქირურგი-უროლოგია და 57-ე წელიწადშია გადამდგარი. ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა მითხრა მამაშენი სიმპათიური კაციაო. მაშინ შევამჩნიე, რომ ამაზე არასოდეს მეფიქრა. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან მომყვებოდა აზრი, თითქოს მელოტი მამები არ შეიძლებოდა სიმპათიურები ყოფილიყვნენ. ზურაბ გორგილაძეს 1957 წელს, ზღვისპირა ქალაქში დაბადებამ თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები დაანათლა – უბადლოდ ცურავს, მაგრამ ღრმად ყვინთვის გამო ყურის ბარაბნების მუშაობას უჩივის. მანდარინის გაფრცქვნას პირით იწყებს და ხელით აგრძელებს. შეუძლია ნარდის თამაშში  ღამე გაათენოს მაგრამ ვაითუ წააგოს, მზადაა ოჯახის წევრებს 1 კვირის განმავლობაში ხმა არ გაგვცეს. ასევე, სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს დედაქალაქის ქობულეთში გადატანას. 
– ერთ საღამოს ზღვის ლეიბზე წამოწოლილს ჩამეძინა და ამასობაში წყალმა შორს შემითრია – მიყვებოდა მამა.
– ეგ როგორ? – ვკითხე მე. 
– აი ეგრე, როგორც გესმის. 
– როდის გაგეღვიძა? 
– მზე უკვე ჩასული იყო. 
– შორს იყავი?
– ძალიან.
– შენ თვითონ გამოხვედი? 
– არა, მამამ მიპოვა. 
– რა გითხრა? 
– არაფერი.- მიპასუხა ზურაბმა ისე, თითქოს ეს, ზღვაში დაკარგული შვილის პოვნისას მამის ბუნებრივი რეაქცია ყოფილიყოს.  
ამ სიტყვამ – არაფერი – ძალიან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში. 
მამაჩემმა სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო. საბჭოთა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშივე დგამდა თავის პირველ ნაბიჯებს მედიცინაში. როდესაც დედაჩემზე იქორწინა, ორივენი ერთად გაემგზავრნენ ციმბირში სამუშაოდ. ხანდახან გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო ის ამბები, რომლებიც ზურაბს საბჭოთა რუსეთში გატარებული წლების შესახებ მოუყოლია და მხოლოდ რამდენიმე პასაჟი მახსენდება – ჯგუფელებთან ერთად მორგში გატარებული დღე-ღამეები ანატომიის გამოცდის სამზადისში,  ხეზე შემომჯდარი ფოცხვერი და უდიდესი ტალანტის მქონე, თუმცა ლოთი ექიმი ივან იპადის ძე. მე ვერ ვიხსენებ საუბრებს 37 მანეთიან რეისებზე ან ქალებზე, რომლებსაც ფეხები კისრიდან ეწყებოდათ. 
მამაჩემმა თავის საქმე ხუთიანზე, ან შეფასების თანამედროვე შკალას თუ გამოვიყენებ – ასიანზე იცის. ნაღდი პროფესიონალია. ჩემი და ვახოს მეგობრები ხუმრობენ, ზურაბის ფოტო კომპიუტერთან გვაქვს გამოკრულიო – არაერთხელ დახმარებია მათ პროფესიული კუთხით. 15 წლის ვიქნებოდი, როცა ზაფხულის ერთ ცხელ საღამოს, ჩემზე გაბრაზებულმა კლასელმა გოგონამ მხარზე მიკბინა. მეორე დილით, როცა მამაჩემმა ნაკბენი შემამჩნია, მომესწრო შვილიო – იფიქრა და რამდენიმე წუთში მაგიდაზე 50 ლარიანი გამომიცურა, რასაც მოაყოლა თვალის ჩაკვრა, რომლის გაშიფვრაც მხოლოდ მამრობით სქესს შეუძლია და ნიშნავს – ასე განაგრძე. 
ზურაბი ექიმი ვაზისუბნისთვის იგივეა, რაც მსოფლიოსთვის გრეგორი ჰაუსი. რამდენიმე განსხვავებით – ასისტენტები არ ჰყავს, არ კოჭლობს, მოტოციკლის ნაცვლად 1992 წელს გამოშვებული Volkswagen-ით მოძრაობს და მის სამსახურში არ მოიძებნება ექიმი გვარად უილსონი. 
ეშმაკმაც დალახვროს! ბევრი განსხვავებაა ზურაბსა და ჰაუსს შორის. 
1990 წლებში ექიმის ოჯახში ცხოვერება არ იყო მსუბუქი ტვირთი. პირველი რიგში, ეს უძილობას იწვევდა. შუაღამისას, სანამ სასწრაფო დახმარება გამოჩნდებოდა, მომაკვდავთა ოჯახის წევრები ხშირად აბრახუნებნენ ჩვენს კარზე. ამ პასაჟებს ხშირად ბედნიერი დასასრული ჰქონდათ, ხან – სევდიანი. როდესაც ჩემი მეგობრის მამას, რომელიც მეზობელი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა, ინფარქტი მოუვიდა, მე ერთი ფანჯრიდან მეორეში ვუყურებდი როგორ უკეთებდა ზურაბი მას გულის მასაჟს. ეს წუთი თითქოს საუკუნეს გაუტოლდა და როდესაც მამაჩემმა მასაჟი შეწყვიტა, მე ვერ გამერკვია, დანებდა თუ გადაარჩინა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანაც. ამ პასაჟს სევდიანი დასასრული აქვს. 
ზურაბ გორგილაძე ყოველთვის სტანდარტულია. ის არ არის ჯაზმენი, მას არ ახასიათებს იმპროვიზაცია, მისი რეაქციის გამოცნობა იოლად შეიძლება. მამაჩემი თითქოს ლიანდაგს მიჰყვება და გზიდან არ უხვევს. ქადაგებს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, სძულს მოწევა და ფარულ ზიზღს ავლენს მწეველებისადმი. როდესაც მოწევა დავიწყე, ის ნელ-ნელა მაგრძნობინებდა, რომ საქმის კურსში იყო – საჯაროდ, ხმამაღლა აკეთებდა ყნოსვის იმიტაციას. ერთ საღამოს საჯარო ლექცია წამიკითხა იმის შესახებ, რომ მოწევა იმპოტენციის მშობელია. ხოლო, როცა სახლში ოღრაშულად მთვრალი მივედი და ტანსაცმლის გახდისას ჯიბიდან წითელი Marlboro გადმომივარდა, იძულებული გახდა პირდაპირი ნაბიჯი გადაედგა: მეორე დილას, სიგარეტი მაგიდაზე დამხვდა, ხოლო შიგნით მოთავსებული იყო პატარა ფურცელი, რომელზეც გაკრული, ექიმის ხელით ეწერა: „შენგან ამას არ მოველოდი”. თუმცა, წეღან ვიჩქარე, როცა ვთქვი ყოველთვის სტანდარტულია – მეთქი. ერთხელ, ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფი, მე და ვახომ შევამჩნიეთ, ოთახში როგორ ეწეოდა სიგარეტს. კარის ფანჯრის მიღმა წითელი წერტილი ნათდებოდა და ისევ ფერმკრთალდებოდა. ეს იყო მითების მსხვრევა, ეს იყო აპოკალიფსის დარი მოვლენა. განსხვავებული მამაჩემი კიდევ ერთხელ მინახავს: ბებიაჩემი 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ზურაბი, ბნელ 90-იანებშიც კი, ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდა ქობულეთში მის მოსანახულებლად და წამლების ჩასატანად. ისე მოხდა, რომ ბებიამ მის ხელებში დალია სული. როცა ჩავედით, მამაჩემი ჩასასვენებელთან იდგა და ბავშვივით ტიროდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ მშობლის სიკვდილი უფრო სხვანაირი ტკივილია, ვიდრე ამის გამოცდამდე ადამიანებს წარმოუდგენიათ. 
ჩემი თაობის ბიჭებს, ხშირ შემთხვევებში, მამები არ ემეგობრებოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ მეგობარს ყველაფერს გაუბედავ, მეგობარს შეგიძლია არაფერი დაუჯერო. მეგობარი გეტყვის: „ხომ გეუბნებოდი” – და ამით მისი საყვედური ამოიწურება. იმ დროს კი, როცა ჩვენი უბნის გზებზე კენჭებზე მეტი ინსულინის შპრიცი ეგდო; როცა ღამის 12 საათის დადგომას უბნის ბიჭები თავანის ჩაბარების გამო ისევე უფრთხოდნენ როგორც კონკია; მნიშვნელოვანი იყო, რომ შენს სიტყვას შვილისთვის დიდი წონა ჰქონოდა. მათ უფლება არ ჰქონდათ გაერისკათ, რადგანაც ფსონი ძალიან დიდი გახლდათ. ამის გამო, მე და მამაჩემი კარგი ნაცნობები უფრო ვიყავით, ვიდრე კარგი მეგობრები. თუმცაღა, ყოველთვის ვენდობოდით ერთმანეთს. 
ჩაყვინთვის ამბავი კი, რომლითაც მამაჩემზე მოყოლა დავიწყე, ერთგვარი გამოცდა იყო ჩემთვის და ვახოსთვის. ზურაბმა განზე გაცურა, ნაპირზე ავიდა და იქიდან გვაკვირდებოდა რას იზამდნენ მისი ვაჟები ზღვაში დაკარგული მამის გადასარჩენად. მის ვაჟებს შიშისგან მუხლები აუკანკალდათ და ადგილიდან ვერ გაინძრნენ, ხმაც კი ვერ ამოიღეს. თუმცა არაუშავრს, ამ ამბავს მაინც ბედნიერი დასასრული აქვს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი