ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სულის ლაბირინთები

ავგუსტ სტრინდბერგი იმ მწერლებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც უილიამ ბლეიკი იტყოდა, „ქვიშის მარცვალში მარადისობა დაინახონ“. ის მკითხველს აოცებს ადამიანის სულის, როგორც მრავალშრიანი პალიმფსესტის, ექსპრესიული წარმოჩენით. სტრინდბერგის ესთეტიკა მოდერნისტულია, თუმცა ნატურალისტური სტილის პიესებიც აქვს. მას კარგად იცნობენ საქართველოში, რადგან მისი არაერთი თარგმანი გვაქვს („წითელი ოთახი“, „ჰემსელები“, „მამა“, „ფრეკენ ჟული“, „ზმანება“, „მასზე ძლიერი“, „ფარია“). ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა „მამა“ (1998 წ.), ხოლო დათა თავაძემ – „ფრეკენ ჟული“ სამეფო უბნის თეატრში (2014 წ.). მისი ფსიქოლოგიური სიღრმით გამორჩეული ნაწარმოებები ძლიერ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ახლახან კი შვედურიდან ნათია მერებაშვილმა  თარგმნა პიესა „სიკვდილის ცეკვა“. ცნობილია, რომ ეს ნაწარმოები მწერალმა თავისი მუზის, დაგნი იუელის, სიკვდილის შემდეგ დაწერა. პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე, დაგნი იუელის ცხოვრება და იდუმალებით მოცული მკვლელობა ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედებით იმპულსად იქცა. მშვენიერი გარეგნობის მწერალი ქალი ისეთი ცნობილი შემოქმედების შთამაგონებელი იყო, როგორებიც იყვნენ: ედვარდ მუნკი, (რომელმაც დაგნის არაერთი პორტრეტი დახატა), კნუტ ჰამსუნი და ჰენრიკ სენკევიჩი. დაგნი იუელი თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მოკლა საყვარელმა (1901წ.). მისი თბილისში „გამოქცევის“ ერთ მოტივად მკვლევრები ქმართან უთანხმოებასაც ასახელებენ.

ავგუსტ სტრინდბერგის პიესაში „სიკვდილის ცეკვა“ მთავარი ინტრიგა ოჯახურ გარემოში იხატება. სიკვდილი სიცოცხლის ჩრდილად წარმოჩნდება. მინიმალისტურ სტილში დახატულ სცენაზე ვითარდება ცოლ-ქმრის დრამატული ისტორია. ადამიანები თითქოს საკუთარ თავს, ახლობლებსა და სიკვდილს ეთამაშებიან, ამ თამაშში კარგავენ „მეს“ და ისევ პოულობენ. მათ ურთიერთობაში ეროსისა და თანატოსის ერთდროული არსებობაც თვალნათლივ გამოიკვეთება. როგორც სტრინდბერგის სხვა ნაწარმოებებში, აქაც მნიშვნელოვანია ქალისა და კაცის ურთიერთობა, დაძაბულობის ის ველები, რომლებიც მათი ერთად ყოფნისას იქმნება. ამ პიესაშიც ერთგვარ რიტმს ქმნის მღელვარებით დამუხტვისა და სიმშვიდით განმუხტვის მძაფრი სცენები. მკითხველის თვალწინ იმართება უხილავი დუელები და ორთაბრძოლები, რომელთა აქტორები ცოლ-ქმარი, მათი შვილი და მეგობარი არიან.

„მე ცხოვრებისეულ სიამეს მძაფრ, პირქუშ შეტაკებებში ვხედავ და ვტკბები, როცა რაღაცას ვიძენ, რაღაცას ვსწავლობ“, – წერს ავგუსტ სტრინდბერგი „ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობაში. ამ პიესაშიც სიყვარულის, სიძულვილის, ერთგულების, ღალატისა და შურისძიების გრძნობები ერთმანეთშია ჩაწნული. ტოლსტოის რომანის „ანა კარენინას“ ცნობილი დასაწყისი გვახსენდება: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“. ამ ოჯახის უბედურებაც თავისებურია, რომლის ხლართებში პიესის განმავლობაში მკითხველი ცდილობს გარკვევას.

ედგარი, ციხესიმაგრის არტილერიის კაპიტანი, მეუღლესთან, ყოფილ მსახიობ ალისასთან ერთად განმარტოებით ცხოვრობს. ორივეს აწუხებს სულიერი ტრავმები, ორივე უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით. რეალურად, მათ სძულთ ერთმანეთი. მათი დახშული, ჩაკეტილი სივრცის შემინული კარიდან ჩანს ზღვა, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, რომელიც ასე აკლია ორივეს. სულიერ-მატერიალური სიცარიელისაგან დაღლილებსა და მოწყენილებს 25-წლიანი ცოლქმრობის როლური თამაში მოსწყენიათ, „ვერცხლის ქორწილის აღნიშვნა“ მხოლოდ უბედურებას დაფარავდა, რადგან გამქრალია ვნება, გატაცება, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა. ახლა მხოლოდ ჩუმი, ფარული ჭიდილია და ერთმანეთის „ჭამა“, მცირე მიზეზის გამო ღიზიანდებიან და ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხოლოდ გულგრილობა და ყოველივეს მიმართ სრული განურჩევლობა მოციქულობს მათ შორის. შემოდგომაა გარეთაც და მათ სულშიც, ჭკნობისა და სამყაროს მიძინებისთვის მზადების ჟამი. მათ გაუწყვეტიათ კონტაქტი საზოგადოებასთან, რადგან სიყალბეს, მოჩვენებითობას ხედავენ გარეთ, თუმცა საკუთარ ფარისევლობას, თვალთმაქცობას ვერაფერს უხერხებენ. ქალი ქმარს ტირანობასა და კარიერის შეწყვეტაში ადანაშაულებს. შვილებზე ფიქრიც კი არ აერთიანებთ, რადგან ეს მათი თანხმობისა და შერიგების კი არა, გაუთავებელი კონფლიქტის მიზეზი ხდება, რადგან განსხვავებულად წარმოუდგენიათ მათი მომავალი.  ალისას ბიძაშვილის, კურტის, კარანტინის უფროსის, გამოჩენამ თითქოს უნდა შეარხიოს ამ ოჯახის დამყაყებული, უმოძრაო სივრცე. ასეც ხდება, მაგრამ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს ამ ურთიერთობის სიმყრალეს, რომელიც ორივეს სულს უხუთავს და ქმრის სიკვდილსაც იწვევს. ამ ოჯახის სასოწარმკვეთი გაუცხოება და პერსონაჟთა სიმარტოვე კარგად ჩანს კაპიტნის სიტყვებში: „შამპანურზე გამახსენდა! ორი ბოთლი უნდა იყოს დარჩენილი. გინდა, ამოვიტანოთ და თავი მოვიკატუნოთ, ვითომ სტუმრები გვყავს?“. თავის მოტყუება გამხდარა მათი მთავარი იარაღი ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებთან დაპირისპირებისას. მწერალი სწორედ იმ ეპიზოდებს ხატავს, როცა ისინი ნიღბებს იხსნიან და ერთმანეთის წინაშე სულიერად გაშიშვლებული წარდგებიან. ეს კი მათ მტკივნეულ გაღვიძებას იწვევს. გამოფხიზლებას კი ბუნებრივად მოსდევს არსებული ვითარებიდან თავდაღწევის სურვილი, მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ წლების განმავლობაში თვითონვე უშენებიათ გაუცხოების ცხრაკლიტულები, რომელთა გასაღებები დაუკარგავთ ან დავიწყებიათ მათი შენახვისა თუ გადამალვის ადგილები. 15-წლიანი უნახაობის შემდეგ კურტთან შეხვედრა ძველ, თითქოს მოშუშებულ ჭრილობებს ხსნის. მათი მტანჯველი ურთიერთობის იარათა ტკივილებიც განახლდება. კურტის პირადულ პრობლემათა შემოტანით მწერალი აფართოებს პიესის საკითხთა წრეს. ასე ჩნდება მეგობრობის, ერთგულების, ღალატის, ძალაუფლების, სოციალიზაციის, თაობათა ურთიერთობის თემები. მნიშვნელოვანია, რომ კურტი ძველ მეგობრებთან სტუმრობისას ერთგვარ შეხუთულობას იგრძნობს: „თითქოს იატაკქვეშ გვამი გდიაო და აქ ისეთი სიძულვილია, სუნთქვაც კი მიჭირს“. პერსონაჟების მცდელობა, ძველი დრო გაიხსენონ, ქვეცნობიერიდან წამოატივტივონ ურთიერთობის ლაღი, ბედნიერი სურათები, დაუკრან, იცეკვონ, კრახით სრულდება. ამიტომაცაა, რომ კაპიტნის ცეკვას, თავისუფლებისაკენ სწრაფვას რომ გამოხატავს, მისი გულისწასვლა მოჰყვება, როგორც სიკვდილის რეპეტიცია.

ეგოიზმის ტყვეობაში ედგარი თავს დაცულად გრძნობს და თავისი ფილოსოფიით აანალიზებს ცხოვრებას: „მთელი ჩემი ცხოვრება, ირგვლივ მხოლოდ მტრები მეხვია, მაგრამ ამან ზიანი კი არ მომაყენა, გამაძლიერა! ერთხელაც, როცა სიკვდილი მომაკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ არავისთან ვალში არა ვარ, რომ მე, ამქვეყნად, უფასოდ არაფერი მიმიღია და ყველა ნამცეცი, რაც ჩემია, ბრძოლითა მაქვს მოპოვებული!“. ედგარის შინაგან სამყაროსა და ბუნებაზე კარგად მეტყველებს მისი კურტისეული დახასიათება: „ის ყველაზე ამაყი კაცია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. „ვარსებობ, მაშასადამე, ღმერთიც არსებობს“. ედგარი გვაგონებს როტმისტრს (სტრინდბერგის „მამა), რომელსაც ურყევად სჯეროდა საკუთარი თავისა, მაგრამ მცირე ეჭვი ურჩხულად ექცა, მისი ნებისყოფის ხერხემალი გატეხა და სული დაუშალა, ისე დაიპყრო, საბოლოოდ გაანადგურა. ალისა იხსენებს ქმრის ნათქვამს: „მაჩვენე ის კაცი, რომელზეც მე უნდა ვიეჭვიანო!“. ალისას ავადმყოფურად მიაჩნია ქმრის სიამაყე: „ის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას! სამყარო მისი პირადი მოხმარებისთვის არის შექმნილი! მზე და მთვარე იმიტომ ამოდის, რომ მისი დიდება ვარსკვლავებს ამცნოს!“. აქ ჩანს ედგარის ერთგვარი მეგალომანიაც, რომელიც მის ფსიქიკას უფრო ანგრევს.

ალისაც და ედგარიც ნარცისული ტიპის ადამიანები არიან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვამპირებივით სწოვს სისხლს და ფსიქოლოგიურად ძალადობს. ცოლ-ქმრის დიალოგები ნელ-ნელა უფრო გამოკვეთენ ადამიანებს, როგორც დემონებს და მათ მიერ ერთმანეთის საწამებლად შექმნილ ჯოჯოხეთს. შურისძიებით შეპყრობილი ალისა აღარ ერიდება არაფერს და ედგარს მიახლის: „შენ, ვინც მეტისმეტად ამაყი ხარ საიმისოდ, რომ იეჭვიანო, შენ ვერასოდეს ხვდებოდი, როგორ გმართავდი და როგორ გატრიალებდი იქით, საითაც მინდოდა, რომ გაგეხედა!“. კაპიტნის ქედმაღლობა და თვითდადანაშაულების უუნარობა მის სიკვდილისწინა სიტყვებშიც წარმოჩნდება: „მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას აკეთებენო“. თუმცა ჯვარცმულის სიტყვების გამეორებით მისი შინაგანი ტანჯვაც წარმოჩნდება.

კურტის გამოჩენა ააშკარავებს ალისასა და ედგარის სულისშემხუთველ გაუცხოებას: „ჩემთვის ის უცხო კაცია. ისეთივე უცხოა, როგორც ოცდახუთი წლის წინათ იყო! მე არაფერი ვიცი ამ კაცზე“; „მთელი ცხოვრება ამ კოშკში ვიყავი გამომწყვდეული და მდარაჯობდა კაცი, რომელიც ყოველთვის მძულდა. ახლა კი, ისე უსაზღვროდა მძულს, მისი სიკვდილის დღეს, ჩემი სიცილით ჰაერიც კი აზრიალდება“; „ერთმანეთს ვართ შეტყუპულები და გაცალკევება არ გვიწერია. ერთხელ, ჩვენსავე სახლში, ხუთი წელი ვიყავით გაყრილები… ახლა კი, ჩვენი დაშორება, მხოლოდ სიკვდილს თუ ძალუძს და ჩვენც ვსხედვართ და ველოდებით, როდის მოგვიტანს თავისუფლებას!“.

ცოლ-ქმარი გრძნობს და აღიარებს, რომ წლების განმავლობაში მათი სიძულვილი იმდენმა რამემ ასაზრდოვა, რომ ირაციონალურ ფენომენად იქცა. მათი შემყურე კურტი კი დაასკვნის: „ამას სიყვარულის სიძულვილი ჰქვია და ერთიც და მეორეც ქვესკნელის შვილია!“. ამ ურთიერთობის ერთადერთ მახასიათებლად უბედურება იქცა: „ერთი უბედურება მეორეს იზიდავს. ბედნიერება კი უბედურებას გვერდს აუქცევს ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ, უბედურების გარდა, ვერაფერს ვხედავთ!“.

დროის ვერტიკალური ჭრილებით პიესის სტატიკური გარემო მრავალფეროვნდება. მწერალი, ჩვეული ფსიქოლოგიზმით მიუძღვება მკითხველს პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში. სტრინდბერგის ამ პიესაშიც ჩანს პერსონაჟთა საუბრისა თუ ქცევის მრავალფეროვანი მოტივაცია. ზოგი ზედაპირზეა და იოლი მისახვედრია, ზოგი კი სიღრმეშია და ბოლომდე ამოუცნობი რჩება. მწერლისთვის ადამიანი გამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერ ამოხსნი. იგი წერდა: „მრავალფეროვანია ადამიანის სულიერი სამყარო… „ცოდვას“ მეორე მხარეც აქვს, რომელიც ძალიან წააგავს სათნოებას“.

ეს პერსონაჟები არ არიან ცალმხრივნი, არამედ ხასიათთა მრავალფეროვნებას ამჟღავნებენ. სტრინდბერგი ერთგან ასე თვალსაჩინოდ წერდა ადამიანური ქცევის ბოლომდე ჩაწვდენის შეუძლებლობაზე: „ჩემთან ქმედების მოტივაცია არაა მარტივი და მოვლენების ხედვის პერსპექტივაც არაა მხოლოდ ერთი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენა – და ეს, შედარებით ახალი აღმოჩენაა, – გამოწვეულია მეტ-ნაკლებად ღრმა მოტივების მთელი წყებით“, „ადამიანმა თავი მოიკლა! ბურჟუა იტყვის, ალბათ საქმე ჩაუვარდაო! სიყვარულში არ გაუმართლაო! – იტყვიან ქალები. რაღაც დაავადება სჭირდაო! – იტყვის სნეული. მოლოდინი გაუცრუვდაო! – იტყვის უიღბლო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ საქციელის მოტივი იყოს ეს ყველაფერი ერთდროულად, ან სულაც – არცერთი, რადგან თვითმკვლელმა ნამდვილი მოტივი გადამალა და წინ სულ სხვა რამ წამოსწია, რომ მასზე სიკვდილის შემდეგ აუგი არავის ეთქვა!“ („ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობიდან). ამ პიესაშიც მკითხველის გონებაში პერსონაჟთა ქმედების მოტივაციის მრავალფეროვანი სპექტრი იშლება.

სტრინდბერგმა იცოდა, რომ მკითხველი ადამიანის დაფარული მხარის, მისი „ნაქარგობის“ შიდა პირის, დაბლანდული ძაფების დანახვას ესწრაფოდა, სულის „მექანიზმის“ შესწავლას, ზარდახშის ორმაგი ფსკერის დათვალიერებას, ჯადოსნური ბეჭდისთვის ხელის შეხებას, სხვის ბანქოში ჩახედვის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ამიტომაც არც ამ პიესის კითხვისას გაუცრუვდება მკითხველს იმედი და პერსონაჟთა სულის სწორედ ამ უხილავ ლაბირინთებში იმოგზაურებს.

პიესაში გამოიკვეთება მშობლებისა და შვილების ეკლექტური, შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა. როგორც კაპიტანი ამბობს: „მშობლებს იშვიათად ესმით, რა არის უმჯობესი მათი შვილებისთვის!“. ნაწარმოების ერთგვარ წყვდიადში სინათლის სხივივით შემოიჭრება კურტის ვაჟსა და იუდიტს შორის (რომელიც ალისასა და ედგარის ქალიშვილია) დაბადებული სიყვარული, ცინცხალი და სუფთა. ამიტომაც იტყვის ალისა შვილზე: „თურმე ყვავილი, ნაგავშიც შეიძლება გაიზარდოს!“. მკითხველმა კი იცის, ეს სიყვარულიც განწირულია იმისთვის, რომ დაიტიოს სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთდროულად, თუკი მასში რაიმე ფარული სულიერი თუ მატერიალური, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ანგარება გაერევა. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ, როგორც კაპიტანი ამბობს, „მცირე წარმატება სიკეთეს გვმატებს, წარუმატებლობა კი მგლად გვაქცევს“.

მრავალმნიშვნელოვანია ალისას სიტყვები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ წარმოთქვამს: „მე ეს კაცი უნდა მყვარებოდა და მძულებოდა“. მკითხველს სჯერა მისი გულწრფელობისა. ცხოვრება ყოფითი დრამების, მათ შორის, ამ ოჯახის, მთავარი რეჟისორია, ხოლო ადამიანები თამაშობენ თავიანთ როლებს და საბოლოოდ, სანამ ფარდა დაეშვება, სიკვდილის როკვასაც ასრულებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი