სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბაბა ამტეს სიკეთის ისტორია

ჩვენი ყურადღების ცენტრში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე რომელიმე გავლენიანი სოციალური მოძრაობა. ვსაუბრობთ მრავალათასიანი კამპანიების ლიდერებზე, მათ შემოქმედებასა თუ ხედვებზე. სამაგიეროდ, იშვიათად ვამჩნევთ, რომ საყოველთაო სოლიდარობის რიგით მონაწილეთა შორისაც არიან გენიალური ადამიანები.

ალბათ, ყველას გაგიგონიათ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი მშვიდობიანი წინააღმდეგობის სტრატეგიას „სატიაგრაჰასაც” კარგად იცნობს. უმრავლესობისთვის არც მაჰათმა განდის შთამბეჭდავი მოღვაწეობა უნდა იყოს უცხო. მაგრამ ალბათ მხოლოდ ერთეულები გვიპასუხებენ კითხვაზე, ვინ იყო ბაბა ამტე.

ბაბა ამტე გასული საუკუნის დასაწყისში ინდოეთის ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ პროვინციაში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები მდიდარი მიწათმფლობელები და ბრიტანული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ. ამტეც ფუფუნებაში იზრდებოდა, უყვარდა ნადირობა და სპორტული მანქანებით რბოლა. ხანდახან პოპულარული ბულვარული ჟურნალისთვისაც წერდა სტატიებს კინომატოგრაფის უახლეს ტენდენციებზე. საზოგადოების წარჩინებული ფენის წარმომადგენელს არც კარგი იურიდიული განათლების მიღება გასჭირვებია. მაგრამ მისი მშვიდი, უპრობლემო და უდრტვინველი ცხოვრება ორმა შემთხვევამ თავდაყირა დააყენა.

თავდაპირველად ახალგაზრდა იურისტი მაჰათმა განდის გადაეყარა, კარგად გაიცნო იგი და მისი უერთგულესი მხარდამჭერიც გახდა. სასამართლოზე „ინდოეთის ეროვნული კონგრესის” წევრების დაცვისთვის კოლონიზატორებმა ადვოკატი მრავალჯერ დააპატიმრეს. მიუხედავად ზეწოლისა და სერიოზული წანააღმდეგობებისა, ამტე უკანასკნელ წუთამდე, მიზნის მიღწევამდე იბრძოდა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული აქტივისტის ცხოვრება მეორედ 1946 წელს შეიცვალა. როგორც თავად ამბობდა, მის ფიქრებს სრულიად სხვა მიმართულება მისცა კეთრით მძიმედ დაავადებული, ღატაკი ადამიანის ყოველდღიური ყოფის ხილვამ. სასტიკი რეალობის გაცნობიერებამ ამტეს სიმდიდრის დათმობისკენ უბიძგა. მან უარი თქვა მემკვიდრეობასა და მსხვილ კაპიტალზე, მხოლოდ მცირედი დანაზოგი იკმარა და სამხრეთ ინდოეთის ხრიოკ მიწაზე, პატარა დასახლება ანავანდში გადაბარგდა. სწორედ აქ ჩაუყარა საფუძველი მან თავის პირველ უფასო საველე საავადმყოფოს, სადაც მოხალისე ექიმებთან ერთად კეთროვნებს მკურნალობდა. მისი ჰოსპიტალი, ფაქტობრივად, ხის ქვეშ გაშლილ კარავში იყო მოწყობილი. მოკლე ხანში ანავანდის მცირერიცხოვანმა ბანაკმა გაფართოება დაიწყო. შემორჩენილი გროშებით ამტემ კიდევ ორი თავშესაფარი დააარსა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და საზოგადოების დაჩაგრული, გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. მაჰათმა განდის მოსწავლე ბანაკის ბინადრებს დროდადრო საჯარო ლექციებს უკითხავდა და სასოწარკვეთილ ადამიანებს თავდაჯერებისკენ მოუწოდებდა. მისი მიზანი ანავანდელებისთვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება გახლდათ. პარალელურად ამტემ და მისმა მეგობრებმა ქვის სამტეხლო, სამჭედლო და კიდევ რამდენიმე პატარა სახელოსნო ააშენეს, სადაც ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან ერთად გულმოდგინედ შრომობდნენ. მოახალშენეებმა ამავე წესით დაიწყეს მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაც. 

გაგიკვირდებათ, მაგრამ წლების შემდეგ გვალვით გადამწვარ მიწაზე გაშლილი რამდენიმე კარავი მწვანეში ჩაფლულ თემად გადაიქცა. მაღალ ხეებს, ვარდის ბუჩქებსა და ბოსტნებს შორის დღემდე დგას თანამედროვე, კარგად აღჭურვილი საავადმყოფო, კეთილმოწყობილი სკოლა და უამრავი კოხტა საცხოვრებელი სახლი. სამხრეთ ინდოეთის პატარა სოფელი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ენთუზიაზმისა და მოხალისეთა უანგარო დახმარების შემთხვევაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ღირსების დაბრუნება, ნებისმიერ საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობა, სხვებისთვის სარგებლობის მოტანა და მშვენიერი სოფლის აშენება. ანავანდში დღემდე ერთად ცხოვრობენ ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები და ერთობლივი საქმიანობით გამომუშავებულ თანხას დიდი სამედიცინო ცენტრის უფასო ფუნქციონირებას ახმარენ.

ბაბა ამტეს თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში უწერია: „ჩემმა მშობლებმა ბარიერები აღმართეს. მათ არ უნდოდათ, ბავშვებს დაგვენახა, როგორ იტანჯება მსოფლიო. სხვათა გაჭირვების უგულებელყოფას მე მშობლების წინააღმდეგ აჯანყება ვარჩიე”.

იმედია, ჩვენი მასწავლებლები არასდროს აღმართავენ ბარიერებს და მოსწავლეებს უკეთ აუხსიან, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის გარიყული სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი