პარასკევი, აგვისტო 19, 2022
19 აგვისტო, პარასკევი, 2022

მაბეზღარობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, მაბეზღარობა ნამდვილად არ არის ის თვისება, რომელიც ადამიანებისთვის, განურჩევლად ასაკისა, არმოსაწონ თვისებებს შორის ბოლო ადგილს იკავებდეს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სიტყვები: მაბეზღარობა, ენატანიობა ნეგატიური ქვეტექსტის მატარებელია და უარყოფით ასოციაციებს იწვევს. ამიტომ ბევრ მშობელს ძალიან აშფოთებს და აღელვებს, როცა მისი შვილი იწყებს მუდმივად სხვების დაბეზღებას, ენატანიობას. მაბეზღარა ბავშვი, როგორც წესი, პედაგოგებისთვისაც სერიოზული თავსატეხი ხდება. ჩვეულებრივ, ბავშვები გაურბიან მაბეზღარა, ენატანია თანატოლებს, რის შედეგადაც პატარა მაბეზღარა შეიძლება თანატოლთა ჯგუფისაგან იზოლირებული, გარიყული აღმოჩნდეს, რაც, თავის მხრივ, მთელი რიგი ქცევითი და სასწავლო პრობლემების აღმოცენების მიზეზი ხდება, რადგან, თუ ბავშვი კომფორტულად არ გრძნობს თავს  თანატოლთა ჯგუფში, არ არის მათი მხრიდან აღიარებული, ის სწავლაზე უკვე ვეღარ ფიქრობს და ხშირად ჩვენთვის მიუღებელ ქცევებსაც მიმართავს. ასეთი, უკვე ჩამოყალიბებული ქცევის კორექცია კი ნამდვილად არ არის ადვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მაბეზღარობა, ენატანიობა ბავშვებში არავისთვის და მით უმეტეს აღმზრდელთათვის ნამდვილად არ არის სასურველი, არცთუ იშვიათად აღნიშნული თვისებების ჩამოყალიბების და გამოვლენის მაპროვოცირებლები ისინი თავად ხდებიან. წლების წინ ერთი საკმაოდ საყურადღებო სიტუაციის უნებლიე მოწმე აღმოვჩნდი. სკოლის დერეფანში მყოფს ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან ბავშვის ტირილი შემომესმა. ოთახში შესულს ძალიან უცნაური სცენა დამხვდა – კლასში მასწავლებლის არყოფნის მიუხედავად, ბავშვები გაუნძრევლად ისხდნენ მერხებთან და მორჩილად შეჰყურებდნენ თანაკლასელ გოგონას, რომელსაც პედაგოგის ადგილი დაეკავებინა – მის მაგიდასთან იჯდა, ხელში ავტოკალამი ეჭირა და ფურცელზე რაღაცას ინიშნავდა. ერთადერთი რამ, რაც ამ „იდილიას“ არღვევდა, პირველ მერხთან მჯდომი პატარა ბიჭუნას გულამოსკვნილი ტირილი იყო. შევეცადე ბავშვის ტირილის მიზეზი გამეგო, მაგრამ ტირილისაგან დაღლილს და შეწუხებულს ჩემთან საუბრის სურვილი იმ წუთას ნამდვილად არ ჰქონდა. სამაგიეროდ მისმა თანაკლასელებმა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, შესანიშნავად გამარკვიეს საქმის არსში. „ნანუკას სიაში მოხვდა და ამიტომ ტირის“, „აი, მასწავლებელი რომ დაბრუნდება კლასში, მას აუცილებლად დასჯის“. როგორც მოგვიანებით გავიგე, კლასიდან რამდენიმე წუთით მოულოდნელად გასულ მასწავლებელს თავისი „შემცვლელი“, „სანიმუშო“ მოსწავლე, პატარა ნანუკა ჰყავდა დატოვებული, რომელიც პედაგოგის მაგიდასთან მოკალათებული „მშვენივრად აკონტროლებდა“ სიტუაციას და თითოეული თანაკლასელის ქცევას აფიქსირებდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მასწავლებლის ავტორიტეტი, მისი გავლენა მოზარდზე სუსტდება და თანატოლების გავლენა ძლიერდება, ნანუკასნაირ ბავშვს მეგობარი არ ეყოლება კლასში, როგორადაც არ უნდა აქებდეს მას მასწავლებელი. ადვილი შესაძლებელია საერთოდ გარიყონ კიდეც ჯგუფიდან. კლასში რამდენიმე ასეთი ინფორმატორის არსებობა კი მთელ ჯგუფს ისეთ არამეგობრულად ჩამოაყალიბებს, რომ უფროსებს ახალი თავსატეხი გაუჩნდებათ, როგორ დაამეგობრონ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ერთმანეთთან. ხანდახან ბავშვებში ენატანიობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი თავად მშობლებიც ხდებიან, როცა სკოლიდან დაბრუნებული ბავშვისაგან მოითხოვენ დეტალურ „ანგარიშს“ მისი თანაკლასელებისა და პედაგოგების შესახებ – „როგორ იქცეოდა დღეს მასწავლებელი, ვის ეფერებოდა, ვის უბრაზდებოდა, რამდენად გასაგებად აუხსნა გაკვეთილი, ვინ შეაქო, ვინ გაკიცხა. ასეთ ცნობისმოყვარე მშობლებს, როგორც წესი, ყველა წვრილმანი აინტერესებთ და დაჟინებით მოითხოვენ ბავშვისგან, რომ არაფერი დაუმალოს. ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე მასწავლებელს ან მშობელს გაცნობიერებულად, გააზრებულად შეჰქონდეს თავისი წვლილი მაბეზღარას ჩამოყალიბებაში. ამასთან, შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ, როცა ბავშვთან მუშაობას დავიწყებთ ენატანიობის დაძლევაზე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წვლილიც აღნიშნული თვისების ჩამოყალიბებაში და ვიზრუნოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე.  რა თქმა უნდა, უფროსების, აღმზრდელების როლი ბავშვში ამა თუ იმ თვისების ჩამოყალიბებაში დიდია, მაგრამ ზემოაღწერილი ქცევა არ არის ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვის მაბეზღარობა გამოიწვიოს.

     ბავშვებში ენატანიობის, მაბეზღარობის გამომწვევი  ძირითადი მიზეზები:

  • ზოგიერთი ბავშვისთვის მაბეზღარობა შეიძლება იყოს საუკეთესო ხერხი ყურადღების მისაპყრობად, იმ შემთხვევაში, როცა ამჩნევს, რომ საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ოჯახში სხვა ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი ნებისმიერ ფასად, თუნდაც ნეგატიური ქცევის გზით;
  • სხვების ქცევაზე საუბრის უკან შეიძლება იდგეს სრულიად გულწრფელი სურვილი, აღადგინოს სამართლიანობა, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და ა. შ. ხშირად ასე იქცევიან ძალიან მკაცრი მშობლების შვილები, რომლებიც მიაჩვიეს მკაცრ წესებს, რომელთა დარღვევა იწვევს ძლიერ შფოთვას, სურვილს – დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში;
  • ხშირად ბავშვები სხვებს აბეზღებენ უბრალოდ ისე, ვერც ამჩნევენ, რომ აკეთებენ ცუდს. ყველაზე ხშირად ასე იქცევიან 7 წლამდე ასაკის პატარები, რადგანაც ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან საკუთარი ქმედების უარყოფით შედეგებს, მით უმეტეს, თუ აღმზრდელიც, მასწავლებელი ან მშობელი, მიწოდებული ინფორმაციისათვის იწონებს ბავშვის ასეთ ქცევას ქებით, დადებითი კომენტარებით;
  • ხშირად მაბეზღარობა ვლინდება, როგორც პასიური აგრესიის ფორმა, სხვა ადამიანებით მანიპულაციის საშუალება. ბავშვური ლოგიკა ამ დროს ძალიან მარტივია: „არ შემიძლია ვიყო სხვებზე ძლიერი, სხვებზე ჭკვიანი; ასე რომ, ვიქნები ყველაზე მოხერხებული, ყველაზე ეშმაკი“;
  • არცთუ იშვიათად ბავშვს ენატანიობისკენ უბიძგებს დაბალი თვითშეფასება. ასეთი ბავშვისთვის მაბეზღარობა წარმოადგენს თვითდამტკიცების ხერხს სხვების ხარჯზე;
  • უფროსებთან თანატოლების ქცევაზე ფარულად საუბრის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე ძალაუფლებისკენ სწრაფვა: „თუ შენს სმარტფონს არ მათხოვებ, დედას ვეტყვი, რომ ცუდი სიტყვა თქვი დღეს ქუჩაში“;
  • ხანდახან პატარას ენატანიობისკენ აღძრავს უფროსებთან „თანამშრომლობის“ სურვილი. ბავშვი უყვება უფროსს თანატოლის ქცევის შესახებ მის აღზრდაში „დახმარების“ მიზნით;
  • პრობლემის გადაჭრის უცოდინარობა და უუნარობა ხშირად აიძულებს ბავშვს, მიმართოს უფროსს რჩევისათვის, რადგან არ იცის, როგორ მოიქცეს სწორად. ამ დროს მას თანატოლებთან ურთიერთობის ისეთ საკითხებზე უწევს საუბარი, რომ შეიძლება ბევრის მიერ ეს ენატანოიბად იქნეს აღქმული;
  • საკმაოდ ხშირად პატარას მაბეზღარობისკენ აღძრავს წყენა და შური. მას შეიძლება შეშურდეს თანაკლასელის, თუ ის მასწავლებელმა შეაქო. ამის გამო უჩნდება სურვილი, დააბეზღოს თანაკლასელი, როცა ის ისეთ რამეს გააკეთებს, რაც მასწავლებელს არ მოეწონება.

 

რეკომენდაციები – როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ენატანიობას და მაბეზღარობას:

  • მოვერიდოთ ბავშვის დადანაშაულებას, მასთან ჩხუბს და საყვედურებს. ყვირილი და დასჯა ვერ მოაგვარებს პრობლემას. საუკეთესო შემთხვევაში პატარა სხვასთან დაიწყებს ამბების მიტანას, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ შეწყვეტს საუბარს თანატოლებთან თავის ურთიერთობებზე. ამასთან, იფიქრებს, რომ უფროსებს საერთოდ არ აღელვებს მისი პრობლემები. რაც უფრო ხშირად განმეორდება ასეთი სიტუაცია, მით უფრო დაუცველი გახდება ბავშვი და დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას. გავითვალისწინოთ, რომ პატარას ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საფუძველი. მოვისმინოთ მისი მონათხრობი მშვიდად, შევეცადოთ გონივრულად შევაფასოთ სიტუაცია. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. დავაზუსტოთ, ხომ არ სჭირდება მას ჩვენი უშუალო დახმარება. შესაძლოა ის მაბეზღარობისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ ეძებს ჩვენს მხარდაჭერასა და რჩევას. საყვედურების ნაცვლად აჯობებს ასეთ დროს პრობლემებთან გამკლავება და მათი დამოუკიდებლად გადაწყვეტა ვასწავლოთ ბავშვს;
  • დავუთმოთ ბავშვს უფრო მეტი დრო. მაბეზღარობისა და ენატანიობისკენ მისწრაფება პატარას ხშირად მაშინ უჩნდება, როცა უფროსები ნაკლებ დროს ატარებენ მასთან. ასეთ შემთხვევაში ის თავს ზედმეტად და არასაჭიროდ თვლის. ცდილობს მშობლების ყურადღების მიპყრობას და ამიტომ იწყებს ლაპარაკს ყველაფერზე, რაც საინტერესოდ მიაჩნია; თუ მას ექნება საშუალება, უფრო მეტი დრო გაატაროს მისთვის საყვარელ ადამიანებთან, შემხვედრი პრობლემა საგანგაშოდ აღარ მოეჩვენება, თავს უფრო დარწმუნებულად იგრძნობს ნებისმიერ სიტუაციაში და რაც მთავარია, დაიწყებს ფიქრს, თუ რის გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად ამა თუ იმ ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად;
  • შევუქმნათ ბავშვს პირობები იმისათვის, რომ ის დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით, სადაც ის საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს. ხშირად მაბეზღარები ხდებიან ბავშვები, რომელთაც სურთ საკუთარი თავის გამოვლენა, საკუთარი თავდაჯერებულობის მტკიცება, მაგრამ უფროსების დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ ამას. ბავშვს სჭირდება საქმე, რომელშიც ის წარმატებული იქნება, თავს ლიდერად იგრძნობს და სხვებისთვის რჩევების მიცემასაც შეძლებს. ეს საშუალებას მისცემს მას, ნაკლები ყურადღება მიაქციოს სხვათა საქმიანობას, ნაკლებად დაკავდეს სხვისი ქცევის კონტროლითა და თვალთვალით; ასწავლის ინიციატივის გამოვლენასა და დასახული მიზნების მიღწევას. ასეთ დროს არ დაგვავიწყდეს, მხარი დავუჭიროთ ბავშვს თავის წამოწყებაში, მცდელობაში და ვაჩვენოთ, თუ როგორ ვამაყობთ მისი წარმატებით;
  • მოვერიდოთ სხვა ბავშვების ქებას ჩვენი პატარას თანდასწრებით. როდესაც მშობელი აკრიტიკებს საკუთარ შვილს, ის იწყებს ფიქრს, რომ არ არის საკმარისად კარგი იმისათვის, რომ მშობლებს  მოსწონდეთ. თუ ამავდროულად მშობელი აქებს სხვებს, პატარამ შეიძლება დაიწყოს ეჭვიანობა და შეშურდეს იმ ბავშვის, რომელსაც მისი დედა ასე აქებს. სწორედ აქედან იწყება მაბეზღარობა და ენატანიობა. ბავშვი უყურადღებოდ არ ტოვებს საკუთარი მშობლის ნაქები ბავშვის არცერთ წარუმატებელ ნაბიჯს, ყველანაირად ცდილობს, დაანახოს მას, რომ ის ბავშვი არც ისეთი კარგია, როგორც მას ჰგონია.  სხვა ბავშვებთან შედარების ნაცვლად უკეთესი იქნება, ვასწავლოთ პატარას თავად დაინახოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმუშაოს პრობლემების დაძლევაზე და წარმატებული ნაბიჯების გადადგმისას  არ დაგვავიწყდეს მისი შექება.

დაბოლოს, ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობისას გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დაუძლეველი სირთულე, მთავარია მოთმინება, სიყვარული და თანმიმდევრულობა მოქმედებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი