ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ციფრული სამყაროს 9 უნარი

 

  • კომუნიკაციის უნარი – ტრადიციულ კომუნიკაციურ უნარებს: კითხვას, წერას და მეტყველებას, – აუცილებელია დაემატოს სოციალური ქსელების კომუნიკაციაც. თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა ადამიანს აქვს/ჰყავს თავისი ციფრული ორეული, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იქმნება სიტყვებით, ბლოგებით, ვლოგებით, ვიდეოებით, კომენტარებით და ასე შემდეგ. ყველას უნდა შეეძლოს, სათანადოდ წარადგინოს საკუთარი თავი, საკუთარი იდეები, გამოთქვას მოსაზრებები, შესთავაზოს სხვებს საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ციფრულ სამყაროში თქვენ ხართ რეჟისორები, სცენარისტები, ინჟინრები, ქოფირაითერები… შესაძლოა, პროფესია უკვე გქონდეთ, მაგრამ ციფრულ სამყაროში ინტეგრაციისთვის თქვენ ახალი უნარები გჭირდებათ.

დღეს ალბათ ყველაზე აქტუალური სიტყვაა #დავიღალე. როცა გზა არ ჩანს, როცა ჩიხში ვართ, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება ადამიანს გაზიარება და კომუნიკაცია. და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის – იმისთვისაც, რომ მეტყველებით მოძებნილი გამოსავალი ნოოსფეროში იმ ძალად იქცეს, რომელიც უღრანიდან გაღწევაში დაგვეხმარება. და რაკი დღეს, პანდემიის პირობებში, ცოცხალი ურთიერთობები შეზღუდულია, სოციალური ქსელებით კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტუალური ხდება. თვითგამოხატვა შეიძლება იყოს: ვერბალური, ვიზუალური, ვიდეო- თუ აუდიო… პანდემია ჩაივლის, მაგრამ ჩვენი ციფრული მე-ს ფორმირება ისევ აქტუალური იქნება! ახალი თაობა ადაპტირებულია სოციალურ ქსელებში და თვითგამოხატვაც უფრო ადვილად გამოსდის, ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ, შვილებს სთხოვონ დახმარება.

ერთი სიტყვით, თუ ოდესმე არსებობა აზროვნებით განისაზღვრებოდა, დღეს არსებობ მაშინ, როცა ციფრული ორეული გყავს!

 

  • ცოდნის დამოუკიდებლად მიღებისა და სწავლის უნარი – ეს ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, გაარკვიოთ, რა გინდათ, რათა იცოდეთ, სად და როგორ მოიძიოთ ეს ცოდნა. ეს უწყვეტი პროცესია, რადგან ციფრულ რეალობაში, განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, ყველაფერი ძალიან სწარაფად იცვლება.

დღეს უნივერსიტეტები სავსეა სტუდენტებით. ეროვნული გამოცდების შედეგად ყველა ან თითქმის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი ხდება, მაგრამ მათგან ძალიან ცოტამ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. არც სკოლებისთვის არის პრიორიტეტი, საკუთარ მომავალზე დააფიქროს მოსწავლე – სკოლები უმაღლეს სასწავლებელში „მოსაწყობად“ ამზადებენ ბავშვებს. საბოლოოდ კი ახალგაზრდების უმეტესობა მექანიკურად მოძრაობს სკოლიდან უმაღლესისკენ და იქიდან ორი დიპლომით ტაქსიზე გადაჯდება… ასეთ პირობებში უმნიშვნელოვანესია, ახალგაზრდებს გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად სწავლის უნარი, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი სურვილების, შესაძლებლობებისა და მიზნების განსაზღვრა. ნუ მივაწვდით მათ მზამზარეულ ფორმულებს, რომლებშიც მხოლოდ ცვლადებს შეცვლიან და ვიღაცის (მშობლის, მეზობლის, მასწავლებლის…) გზას გაიმეორებენ. ყველა ადამიანი უნიკალურია და უფლება აქვს, დამოუკიდებლად ეძებოს და შექმნას საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი.

 

  • ეთიკა და პასუხისმგებლობა – ეს აუცილებელია, რათა ციფრულ სამყაროში ნდობა მოიპოვოთ. უამისოდ შეუძლებელია, გახდეთ წარმატებული. თუ თქვენ ქმნით და ავრცელებთ საეჭვო კონტენტს, გადაუმოწმებელ ფაქტებს და მოვლენებს, თქვენი ინფორმაცია არავის დააინტერესებს. დღეს ციფრულ სამყაროში ყველა ადამიანი „გამომცემელია“. ამიტომ მოიპოვეთ ნდობა, – ეს არის ის, რასაც ყველა დაეძებს!

 

  • გუნდური მუშაობა და მოქნილობა – განსაკუთარებით დიდ წარმატებას აღწევენ კომპანიები, რომლებიც გუნდურად მუშაობენ. ისინი ფაზლივით აერთიანებენ ყველას ცოდნას და ურთიერთდახმარებით ამ ცოდნას საზიაროდ აქცევენ. შესაბამისად, რაც იცის ერთმა, იცის ყველამ. ასე მიღებული გადაწყვეტილებები კი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ერთი ადამიანის მიერ დამოუკიდებლად მიღებული. ცოდნისა და გამოცდილების სინერგია წარმატების საფუძველია, ხოლო „გუნდური თამაში“ – უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაოთ.

 

  • აზროვნების უნარები – კრიტიკული, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების უნარები მნიშვნელოვანია კონკურენტურანიანობის გასაზრდელად. ავტომატიზებული და სტანდარტული მოდელები მომსახურების სფეროში უკვე აღარ მუშაობს. საჭიროა პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტა, პროდუქტის განსხვავებულად შეთავაზება, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

  • ინტელექტს + ემოციური ინტელექტი – მშრალი ციფრები და ფაქტები უკვე აღარავის აღელვებს. თუ ინფორმაცია არ იწვევს ემოციას, ის კოსმიური სანაგვისკენ მიექანება. ამიტომ თანაბრად უნდა განვავითაროთ ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები, გული და გონება, ინი და იანი, სული და სხეული…

 

  • ციფრული/ტექნოლოგიური უნარები – ცოდნისა და ინფორმაციის გადასაცემად ჩვენ ტექნოლოგიებით ვსარგებლობთ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ამ ახალი ტექნოლოგიების „წაკითხვა“ და მართვა, შეგვეძლოს გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ბაზები, ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინები და სხვა. ეს ნიშნავს, რომ რაღაც დონეზე ყველას დასჭირდება, ტექნოლოგიებთან კომფორტულად იგრძნოს თავი – ჩათვალოს ისინი მეგობრად და არა მტრად.

 

  • ცოდნის მართვა/მედიაწიგნიერება – დღეს ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური უნარია. ცოდნა არა მარტო სწრაფად იცვლება, არამედ სრულიად განსხვავებული წყაროებითაც ვრცელდება, რომელთაგან ყველა სანდო არ არის, ამიტომ ცოდნის მართვა დიდ პასუხისმგებლობათანაა დაკავშრებული. ცოდნის მოპოვებასთან ერთად აუცილებელია მისი შემოწმება, შეფასება, წყაროს დადგენა და შემდეგ გავრცელება. ცოდნის ეფექტური მართვის უნარი ციფრული სამყაროს ანაბანაა!

 

  • საკუთარი თავის ბრენდინგი – ციფრულ სამყაროში/სოციალურ ქსელებში თუ თქვენი ციფრული ორეული ჯერ არ შეგიქმნიათ, ჩათვალეთ, რომ არც არსებობთ! რას ნიშნავს საკუთარი თავის ბრენდინგი და რა საჭიროა ის? მარტივად გეტყვით: როდესაც სამსახურის მაძიებელი ხართ და მიდიხართ გასაუბრებაზე, იცით, თქვენთან შეხვედრის შემდეგ რას აკეთებს თქვენი დამსაქმებელი? რა თქმა უნდა, გუგლის საძიებოში თქვენს სახელსა და გვარს წერს, ან თქვენს სოციალურ ქსელს ჩამოსქროლავს. მოგისინჯავთ თავად საკუთარი თავის „დასერჩვა“? თუ არა, მაშინ ახლავე სცადეთ და ნახეთ, პირველ გვერდზე გუგლი რა მასალას ამოყრის თქვენზე. შეხედეთ მას დამსაქმებლის თვალით.

როდესაც ვამბობთ, რომ სამყარო ციფრული ხდება, ვგულისხმობთ, რომ ის დიდი დოზით იჭრება ყველა სფეროში – ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებასა თუ პოლიტიკაში. სოციალური ქსელი მხოლოდ გასართობი სივრცე არ არის – ეს არის ადგილი, რომელიც თაიმლაინზე თქვენს ანაბეჭდებს აგროვებს, ეს კი საუკეთსო საშუალებაა, თქვენ შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღონ. ჰოდა, სანამ გასაუბრებაზე წახვალთ, თვალი გადაავლეთ სოციალურ ქსელს და მოიძიეთ ინფორმაცია საკუთარ თავზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი