შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საიდუმლოს შენახვა ბავშვებში

ერთხელ ქალბატონმა, რომელსაც ბავშვის თავისებურებებზე, მის ბუნებაზე, უშუალობაზე, გულწრფელობასა და ბუნებრიობაზე ვესაუბრებოდი, საინტერესო შემთხვევა გაიხსენა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მშობლისთვის საყურადღებო იქნება:

„რამდენიმე დღის წინ ერთმა თანამშრომელმა დაბადების დღეზე მიგვიწვია. ძალიან საინტერესო და თბილი საღამო გამოვიდა. აღფრთოვანებული დავრჩით მასპინძლის ყურადღებით და რომ არა ერთი შემთხვევა, წვეულება ალბათ იდეალურად ჩაივლიდა.

ერთ სტუმარ ქალბატონს თეფში დაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. ქალბატონი ძალიან შეწუხდა. მასპინძელმა დამშვიდება დაუწყო. ხმაურზე ოთახში შემოირბინა ჩვენი მასპინძლის გოგონამ, ხუთი წლის ნანუკამ, გაფართოებული თვალებით შეხედა დამსხვრეულ თეფშს, ხელები ფუმფულა ლოყებზე შემოიწყო და შეშფოთებულმა წარმოთქვა: „უი, თეფში გატეხა, ნათხოვარი!“

სტუმრებს ბავშვის სიტყვებზე გაეღიმათ, დარცხვენილმა დედამ კი შვილს ხელი ჩაჰკიდა და მეზობელ ოთახში გაიყვანა. გვესმოდა, როგორ საყვედურობდა პატარას მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის.

როგორც შემდეგ გაირკვა, მეზობელს ნამდვილად უთხოვებია ჩვენი მასპინძლისთვის ულამაზესი ჭურჭელი სტუმრების „ღირსეულად“ დასახვედრად, რას წარმოიდგენდა ნანუკას დედა, რომ მისი პატარა ასე „დაუნდობლად“ გასცემდა ოჯახურ საიდუმლოს!“

ვფიქრობ, ასეთი რამ 5-6 წლის ყველა ბავშვის მშობელს შემთხვევია. პატარები ხალხში გულუბრყვილოდ იმეორებენ დედ-მამის მიერ ოჯახურ სიტუაციაში წარმოთქმულ ფრაზებს, რომლებიც გარეშე ყურისთვის არ არის განკუთვნილი.

გარკვეულ ასაკამდე პატარებს არ ესმით, რა მისაღებია და რა – არა. ისინი ჰყვებიან ყველაფერს, რაც მათ სახლში ხდება. ცხადია, ამას ისინი ავი განზრახვით არ აკეთებენ. ბავშვის უშუალობამ ოჯახურ წრეში შესაძლოა ღიმილიც კი გამოიწვიოს, მაგრამ როცა ბავშვის წყალობით ინფორმაცია ოჯახიდან გადის, მშობლებს ნამდვილად აღარ აქვთ საქმე სასაცილოდ.

ბავშვის ასეთი ქცევის ძირითადი მიზეზებია:

* ასაკი – 5-6 წლამდე ასაკის ბავშვები გულწრფელობით, უშუალობით, პირდაპირობით გამოირჩევიან. ისინი სამყაროს ისე აღიქვამენ, როგორც ხედავენ, ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, რასაც ისმენენ. ზრდილობის, თავაზიანობისა და ეტიკეტის ცნებები მათთვის ჯერჯერობით უცხოა და ვერ ხვდებიან, რატომ არ შეიძლება უცხო ადამიანებთან იმის თქმა, რაც ჩვენგან მოისმინეს. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ ზოგ რამეს ადამიანი სხვის გასაგონად არ ამბობს.

* ბავშვის დამოკიდებულება ოჯახში მოსმენილისა და ნანახის მიმართ – ყველაფერს, რასაც ბავშვი ხედავს და ისმენს სახლში, მისთვის მისი ცხოვრების ნაწილია. ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი, რაც მის ოჯახში ხდება, ფინანსური საკითხები იქნება თუ დედისა და მამის ან დედისა და ბებიის ურთიერთობის სირთულეები, მასაც ეხება, ასე რომ, უცხო ადამიანებთან თავის ოჯახზე საუბრისას ის ფაქტობრივად საკუთარ თავზე ლაპარაკობს.

* გარშემო მყოფთა ყურადღების მიპყრობის სურვილი – „სენსაციური“ ინფორმაცია ბავშვებისთვის საუკეთესო ხერხია გარშემო მყოფთა ყურადღების მისაპყრობად. უფროსები პატარებს უმეტესად არც კი უსმენენ, მაგრამ საკმარისია, ბავშვმა მშობლების საიდუმლო გასცეს, რომ მყისვე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ბავშვი ამჩნევს ამას და უკვე შეგნებულად იყენებს ამ ხერხს გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

* ბავშვის პიროვნული თავისებურებები – გულღია, ექსტრავერტი ბავშვები განსაკუთრებით მიისწრაფვიან ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისკენ. ეს ნაკლებად სჩვევიათ პატარა ინტროვერტებს, რადგან მათ თავიანთი შინაგანი სამყარო უფრო მეტად აინტერესებთ, თუმცა მათაც შეიძლება რამე ზედმეტი წამოსცდეთ.

 

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ყველაფერი, რასაც ოჯახში ისმენს, არ უნდა გაიმეოროს გარეშე ხალხთან? როგორ დავანახოთ განსხვავება საჯაროდ მოსაყოლ ამბებსა და იმას შორის, რაც გარეშეთათვის არ არის განკუთვნილი?

* უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება, ამიტომ ყველაზე დიდი სიფრთხილე სწორედ მათი თანდასწრებით საუბრის დროს უნდა გამოვიჩინოთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ასაკის ბავშვი მეტისმეტად პატარაა, რათა დიდების საუბრიდან რაიმე აზრი გამოიტანოს, ამიტომ არ ერიდებიან მისი თანდასწრებით ისეთი საკითხების განხილვას, რომელთა გასაჯაროება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ოჯახის რომელიმე წევრისთვის. არადა ბავშვის ყურს არაფერი გამოეპარება. თავს ნუ დავიმშვიდებთ ილუზიით, რომ ზრდასრულთა ცხოვრება მისთვის გაუგებარი და უინტერესოა. პატარები უჩვეულოდ მგრძნობიარენი არიან ჩვენი ემოციური მდგომარეობის მიმართ და თამაშით თუ მულტფილმების ყურებით გართულებსაც კი ყველაფერი ესმით და ყველაფერს იმახსოვრებენ. ტყუილად კი არ ადარებენ ბავშვის ყურებს ლოკატორებს! შესაძლოა ბავშვმა მართლაც ვერაფერი გაიგოს საუბრიდან, რომელიც უფროსების ურთიერთობას, სამსახურს, პირად ცხოვრებას ეხება, მაგრამ ავტომატურად, როგორც მოლაპარაკე თუთიყუშმა გაიმეოროს ჩვენი სიტყვები სადმე, გარეშე ადამიანებნის თავშეყრის ადგილას. ასე რომ, რაც უფრო ნაკლები საიდუმლო ეცოდინება ბავშვს, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი, ეს „სენსაციური“ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნოს.

* თუ ბავშვმა მაინც მოჰკრა ყური თქვენს საუბარს და გარეშე ხალხთან გაამჟღავნა ისეთი რამ, რისი გახმაურებაც არ გინდოდათ, ნუ ეჩხუბებით – ის ხომ თქვენს სიტყვებს იმეორებს. მოიხადეთ ბოდიში მის მაგივრად, გაიზიარეთ პასუხისმგებლობა შექმნილი უხერხულობის გამო. მერე კი, როცა მარტო დარჩებით, მშვიდად განიხილოთ მასთან ერთად მომხდარი ამბავი. აუხსენით, რომ ხანდახან უნებურად შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანებს ზედმეტის თქმით, ამიტომ ჯობია, ნაკლები ვილაპარაკოთ ან სულაც ჩუმად ვიყოთ.

* ვასწავლოთ ბავშვს პატარ-პატარა საიდუმლოების შენახვა. მოვიფიქროთ თამაში ერთმანეთის სიმტკიცის გამოსაცდელად. მაგალითად, ვუთხრათ ბავშვს, რომ დაბადების დღისთვის ბებოს მოვუმზადეთ სიურპრიზი, რომელიც საღამომდე საიდუმლოდ უნდა შევინახოთ. თუ ბავშვი ამას თავს გაართმევს, შეიძლება წავახალისოთ, შევაქოთ გამოჩენილი სიმტკიცისთვის. თანდათან გავზარდთ საიდუმლოს შენახვის დრო. არ დაგვავიწყდეს ამ დროს ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „შენ საკმაოდ დიდი ხარ და შემიძლია გენდო“; „ბებოს ძალიან უყვარს სიურპრიზები, ამიტომ საიდუმლოს შენახვა აუცილებელია“. ასე ბავშვი იგრძნობს თავის მნიშვნელოვნებას და ჩასწვდება ნდობის არსს.

ძალიან მნიშვნელოვანია უფროსის პოზიტიური პირადი მაგალითი. ნურც თავად გავამჟღავნებთ ახლობლებისა თუ თავად ბავშვის საიდუმლოს (მაგალითად, არ გავცეთ, რომ სიბნელის ეშინია, მოუწესრიგებელია, ღამღამობით ისველებს). ვაჩვენოთ პატარას, რომ პატივს ვცემთ და ვინახავთ მის საიდუმლოს. გაგვიჭირდება ვასწავლოთ ბავშვს ახლობლების პირადი ცხოვრების პატივისცემა, თუ თავად არ გამოვიჩენთ პატივისცემას მისი პირადი ცხოვრების მიმართ. ვეცადოთ, არ შევულახოთ თავმოყვარეობა უცხო ადამიანების თანდასწრებით შენიშვნის მიცემით.

* ავუხსნათ, რომ სხვისი საიდუმლოს გამჟღავნება ღალატის ტოლფასია და ამის გაკეთება მაშინაც კი არ შეიძლება, თუ ვეჩხუბეთ და გავებუტეთ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც თავისი საიდუმლო გვანდო.

დაბოლოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ საიდუმლოს შენახვის უნარი ძალზე მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცისთვის. მეგობრის საიდუმლოს გამღავნება დაუშვებელია, ასე შესაძლოა დავკარგოთ კიდეც მეგობარი. ადრეული ასაკიდანვე ჩავუნერგოთ ეს ბავშვებს და ისინი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი