სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

გრძელი გზა თავისუფლებისკენ

 „არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით; ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რაკი სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს”.
6 დეკემბერს 95 წლისა გარდაიცვალა ამ სიტყვების ავტორი, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ადამიანთა თანასწორობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აქტივისტი ნელსონ მანდელა.

მე რომ ისტორიის მასწავლებელი ვიყო, ყველა კლასში აუცილებლად დავუთმობდი თითო გაკვეთილს ნელსონ მანდელას, მისი ცხოვრების მოყოლას და იმ მდგომარეობის ანალიზს, რომელშიც სამხრეთ აფრიკა ნელსონის მმართველობის შედეგად აღმოჩნდა, ავუხსნიდი მოსწავლეებს, რა მნიშვნელოვანია პრინციპების ერთგულება, იდეალების სიცოცხლის ბოლომდე მსახურება, მორალური პრინციპების ცხოვრებაში გატარება და დაუღალავი ბრძოლა იმისთვის, რაც უმნიშვნელოვანესად მიგაჩნია. იმასაც ვეტყოდი, რომ ყველაზე ჰუმანური იდეებიც კი დიდ რისკს შეიცავს, ცალმხრივად დადებითი მოვლენები, სამწუხაროდ, არ არსებობს და ისტორიული მისიების შესრულება ძალიან ჰგავს ბეწვის ხიდზე სიარულს, ამიტომ მას, ვინც ასეთი მისიის შესრულებას იტვირთავს, წარმოუდგენლად დიდი გონიერება და სიფრთხილე მართებს.

იმასაც აუცილებლად ვეტყოდი, რომ სწორედ მანდელასნაირი ადამიანები ცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ, მათი პრინციპულობა და გაუტეხელობა აიძულებს დისკრიმინაციულ გარემოს, გახდეს უფრო შემწყნარებელი, ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს იმ ხალხს, ვის ხელშიცაა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ კი, ყველა დანარჩენმა, უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავცვივდეთ, თანასწორობის იდეებმა კრახი არ განიცადოს. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ სამყარო სწორედ მაშინ ხდება უკეთესი, როდესაც პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს; ლიდერები მხოლოდ მიმართულების საჩვენებლად არსებობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტების დიდად არ მჯერა, მიმაჩნია, რომ რაც მეტ ბავშვს ეცოდინება ამბავი ადამიანისა, რომელიც მთელი სიცოცხლე ფერადკანიანთა თანასწორობისთვის იბრძოდა, ყველაზე ცნობილი სინდისის პატიმარი იყო, მძიმე რეჟიმის კოლონიიდან იურისპრუდენციას სწავლობდა ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში (დისტანციური სწავლების მეთოდით) და ერთ-ერთი პირველი ჩაება შიდსთან ბრძოლის კამპანიაში, მით მეტი ადამიანი მიიტანს გულთან ახლოს თანასწორობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეტი ადამიანი იფიქრებს, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ჩვენს ხელთაა.

როლიჰლალა მანდელა, რომელსაც ნელსონი მოგვიანებით, სკოლაში შეარქვეს, სამხრეთ აფრიკის ტრანსკეის პროვინციაში დაიბადა 1918 წელს. ის ადგილობრივი ტომის ბელადის შვილი იყო და გამორჩეული წარმომავლობის წყალობით შეძლო უმაღლესი განათლების მიღება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავის სულიერ მოძღვარსა და მომავალ თანამებრძოლთან ვოლტერ სისულუსთან ერთად საადვოკატო ფირმას ხსნის, რომელიც ფერადკანიანებს ემსახურება. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე ხედავდა რასიზმის მწარე და დამამცირებელ გამოვლინებებს. 1944 წელს მანდელა აფრიკის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა, რომელიც ფერადკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის მებრძოლი, განდის იდეებით შთაგონებული (შესაბამისად, მშვიდობიანი) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო.

ეს ის დრო გახლდათ, როცა სამხრეთ აფრიკაში ფერადი კანი უფლებების მკვეთრ შეზღუდვას ნიშნავდა. 1948 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალური პარტია, რომელიც აპარტეიდს (რასების ერთმანეთისგან სრულ განცალკევებას) უჭერდა მხარს, ფერადკანიანების მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. მათ უმიზეზოდ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, უზღუდავდნენ თეთრკანიანებთან კონტაქტისა და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას, აკანონებდნენ აზრს, რომ ფერადი კანი დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და ეს ბუნებრივია. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა რადიკალურმა ქმედებებმა მანდელა მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლის უშედეგობაში დაარწმუნა და რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობაში გადავიდა. იმ პერიოდში მოწყობილი აფეთქებებისა და დაღუპული ადამიანებისთვის მას მომავალში ბევრჯერ გაკიცხავენ და გმირად კი არა, ჩვეულებრივ ტერორისტად მოიხსენიებენ. ციხეში გატარებული 31 წლის შემდეგ თავადაც უარს იტყვის რადიკალიზმზე, მეტიც – იმ ხალხთან თანამშრომლობასაც კი დაიწყებს, ვინც მისი დაუძინებელი მტერი იყო, ვინც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის გამოც გაკიცხავენ და იტყვიან, რომ მოძალადესთან დიალოგი შეუძლებელია, ის კი მშვიდად განაგრძობს გზას დასახული მიზნისკენ.

შედეგი, რომელიც მანდელამ დაუღალავი ბრძოლით მიიღო, ბრძოლის დასაწყისში წარმოუდგენელი ჩანდა – აპარტეიდი დასრულდა; მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

„ჩვენ დიდი მოთმინება, ნებისყოფა და მიზანსწრაფვა დაგვჭირდა, რათა ჩვენი ქვეყანა დაგვებრუნებინა. ახლა კი, სიხარულით აღვსილებს, შეგვიძლია ხმამაღლა დავიძახოთ: „გაუმარჯოს თავისუფლებას!” მე თქვენს სიმამაცეს ქედს ვუხრი და გული სავსე მაქვს თქვენი სიყვარულით… მე თქვენი მსახური ვარ… ახლა კი ძველი იარების მოშუშების და ახალი სამხრეთ აფრიკის შენების დროა!.. ნგრევა და დისკრიმინაცია წარსულს უნდა ჩავაბაროთ, ახლა ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ღირსება და თავისუფლება უნდა ქონდეს… რადგან იყო თავისუფალი, არ ნიშნავს ჯაჭვებისგან გათავისუფლდე მხოლოდ; ნამდვილი თავისუფლება ნიშნავს, იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე სხვის თავისუფლებასაც… ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიის განსახიერება იქნება”, – ეს სიტყვები მანდელამ გაპრეზიდენტების შემდეგ წარმოთქვა.

ჰარმონიისგან, რომელზეც ნელსონ მანდელა საუბრობდა, სამხრეთ აფრიკა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორსაა. პოსტაპარტეიდულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ფერადკანიანთა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თანასწორობა კვლავაც მიუღწეველია და რასიზმიც გადაულახავ პრობლემად რჩება. ამჯერად მისი მთავარი მსხვერპლი თეთრკანიანი მოსახლეობაა, რის გამოც 1990-იანი წლებიდან დღემდე ქვეყანა მისმა 20%-მა – დაახლოებით 900 000-მა კაცმა დატოვა. 

თეთრკანიანი მოსახლეობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება მოვლენა, რომელსაც აფრიკანერები „ფერმების მკვლელობებს” (plaasmoorde) უწოდებენ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში გამუდმებით ესხმიან თავს თეთრკანიანთა ფერმებს და მეპატრონეთა ოჯახებს ხოცავენ, რასაც წესისამებრ, სასტიკი წამება და გაუპატიურება უძღვის წინ. „სამხრეთ აფრიკის ადამიანის უფლებათა კომისიის” მონაცემებით, 1991 წლიდან დღმდე ფერმებზე 9400 თავდასხმა მოხდა და ამ დროს 2500 კაცი დახოცეს, ფერმერთა ორგანიზაციების მონაცემებით კი დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაშაულის ტენდენცია არასახარბიელოა: 2006-2009 წლებში ფერმების მკვლელობათა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 

ვითარებას განსაკუთრებით ის ამძიმებს, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიცია თვალს ხუჭავს თეთრკანიანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, რასაც მოწმობს ამ დანაშაულებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა სიმცირე.

თეთრკანიანი ფერმერების მძიმე მდგომარეობა და ეთნიკური წმენდა საინტერესოდ აქვს აღწერილი ნობელის ორგზის ლაურეატ სამხრეთაფრიკელ მწერალს ჯონ მაქსველ კუტზეეს რომანში „სირცხვილი”, რომლის წაკითხვასაც ასევე ვურჩევდი უფროსკლასელებს, მანამდე კი, ვინაიდან მანდელაზე ვსაუბრობთ, შეგიძლიათ აჩვენოთ ფილმი, რომელიც მის გავლილ გზას ასახავს:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი