პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თავისუფლების სიხარული

რაღა გოგო გაგიზრდია და რაღა მეზობლის ბაღი მოგირწყავს.

ინდური ანდაზა

ქუთაისში ქმარმა ცოლი მეზობლების თვალწინ ცემა.

ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტო

ავღანელ ქალს, ახტარას, ქმარი მოუკლეს და სახეში მჟავა შეასხეს. ახტარა შვილებისთვის განათლების მიცემაზე ოცნებობს, რათა მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

რადიო „თავისუფლება”

ეს ის არის, რაც გასული კვირის ამბებიდან დამამახსოვრდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში კი ათასობით ასეთი ამბავი გვესმის. ქალების მიმართ ძალადობა თითქმის ყველა საზოგადოებისთვის პრობლემად რჩება და ალბათ მეც ამიტომ ვწერ ყველაზე ხშირად ქალებსა და მათ უფლებებზე. მეც გოგო ვარ, გოგოს ვზრდი და არ მინდა, ვიღაცებმა ინდოელებივით იფიქრონ, რომ მეზობლის ბაღს ვრწყავ. ახტარასავით ვარ – ვოცნებობ, ჩემმა შვილმა საუკეთესო განათლება მიიღოს, კარგი ადამიანი დადგეს და ნაკლებად ძალადობრივ გარემოში იცხოვროს. მეტიც – თვითონვე შეძლოს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად.

ჩემთვის, ვინც უკვე ვიცი, რა ბედნიერებაა საკუთარი შვილის ყოლა, როგორ მახარებს ახალი ჭრელი კაბა ჩემს გარდერობში, რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია, ვიღაცას შენი მზრუნველობა გაუზიარო, გქონდეს საქმე, რომელიც გეყვარება და იმედი, რომ მონდომებითა და შრომით მიზანს მიაღწევ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რამემ შეიძლება ქალს საკუთარ იდენტობაზე უარი ათქმევინოს, მამაკაცის სოციალური როლი მიანიჭოს და ისე ცხოვრება აიძულოს, თითქოს არც არასოდეს ყოფილა ქალი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ალბანეთში არსებობს ნაფიც ქალწულთა ორდენი – ესენი ის ქალები არიან, რომლებმაც ადრეულ ასაკში გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ სქესზე და დარჩენილი ცხოვრება მამაკაცივით გაეტარებინათ. ამ ქალებისთვის, ჩემგან და ალბათ თქვენგან განსხვავებითაც, საკუთარი სქესი ბედნიერებას კი არა, უუფლებო მდგომარეობას ნიშნავდა, სადაც სიხარულისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა.

ალბანელი ქალების ეს შეგნებული ამბოხი ბუნებრიობის წინააღმდეგ სწორედ მათ მიმართ დისკრიმინაციულმა გარემომ განაპირობა. გარემომ, სადაც ისინი არასოდეს იღებდნენ მემკვიდრეობას, არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის, ავტომობილის მართვისა თუ ბიზნესის წარმოების, კაპიტალის დაგროვების, ალკოჰოლური სასმლის დალევისა თუ სიგარეტის მოწევის, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა თუ გარიგებით ქორწინებაზე უარის თქმის უფლება.

გარიგებით ქორწინება, რომელიც ძირითადად მეზობელ სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ხანში შესულ მამაკაცებს აკავშირებდა, ალბანელთა (და არამხოლოდ მათ) სინამდვილეში ჩვეულებრივი რამ იყო. გადაწყვეტილებას მშობლები ან ოჯახის ახლობლები იღებდნენ – ცხადია, მამაკაცის თანხმობის შემდეგ და გოგონას აზრის გაუთვალისწინებლად. უმთავრესად სწორედ ასეთი კავშირისთვის თავის ასარიდებლად წარმოიშვა ნაფიც ქალწულთა – ბარნიშების – ინსტიტუტი. გოგონები სოფლის უხუცესთა წინაშე ფიცს დებდნენ, რომ ქალწულებად დარჩებოდნენ, დაივიწყებდნენ ბუნებრივ სქესს და მამაკაცის სოციალურ როლს მოირგებდნენ, რის სანაცვლოდაც იღებდნენ უფლებებს, რომლებიც მამაკაცებს ჰქონდათ. ამის შემდეგ იჭრიდნენ თმას, იცვამდნენ მამაკაცის სამოსს, ირქმევდნენ ახალ სახელს, იწყებდნენ მიწის დამუშავებას და აგემოვნებდნენ მანამდე უცხო თავისუფლებას.

დიახ, თავის დაცვის ეს მექანიზმი ისე კარგად მუშაობდა საუკუნეების განმავლობაში, იმდენი ქალი დაიცვა დისკრიმინაციისგან, რომ დღესაც კი, როცა ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობას სახელწიფო კანონით იცავს, ალბანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან სოფლებში, წააწყდებით ქალებს, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების აკრძალვას საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა ამჯობინეს. მათთვის უცხოა ის ბედნიერებები, რაც ჩვენ, ჩვეულებრივ გოგონებს გვაქვს, გოგონებს, რომლებსაც შეგვიძლია გოგონებივით ვიცხოვროთ, ვინც შეგვიყვარდება, მათთან ერთად ვიცხოვროთ, შვილები გვყავდეს, კაბები გვეცვას, სამსახურებში დავდიოდეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი აზრი დაუფარავად გამოვხატოთ. მათ ჩვენი მრავალფეროვანი სიხარული ერთ – თავისუფლების მოპოვებით გამოწვეულ სიხარულზე გაცვალეს.

 

ალბანეთის მთიან სოფლებში შემორჩენილი ბარნიშები, ათასწლოვანი ტრადიციის ეს უკანასკნელი მოჰიკანები, ფირზე აღბეჭდა ფოტოგრაფმა ჯილ პეტერსმა, რომელსაც გაქრობის პირას მყოფი ტრადიციის დოკუმენტალიზაცია დაესახა მიზნად. ბარნიშების ინსტიტუტის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მეთხუთმეტე საუკუნეში წარმოიშვა და არა მხოლოდ ალბანეთში, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც (კოსოვო, მაკედონია, სერბია, მონტენეგრო, ხორვატია და ბოსნია) უნდა ყოფილიყო გავრცელებული, ჯილმა გენდერის ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან შეიტყო. წიგნში მათზე სულ რამდენიმე წინადადება ეწერა და ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, მწირი ინფორმაცია თავად გაემდიდრებინა. იმ ქალების უმეტესობა, რომლებსაც ჯილი შეხვდა, მოხუცია. ისინი ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილება სხვა დროში მიიღეს, ახლა თავისუფლად ცხოვრებისთვის ასეთი რადიკალური ნაბიჯები აღარ არის საჭირო. ყველაზე ახალგაზრდა ბარნიშა 42 წლისაა. ჯილი ამბობს, რომ ტრადიცია ალბანეთში ინერციით გრძელდება და, სავარაუდოდ, ორდენის უკანასკნელ წარმომადგენელთან ერთად გაქრება.

როცა ამ ქალების ამბავი გესმის, ხვდები, რომ ის, რაც შენთვის იმთავითვე ნაგულისხმევი მოცემულობაა, ვიღაცისთვის მონაპოვარია. ხვდები, რომ ქალებს საკუთარი უფლებების ლეგიტიმაციისთვის მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რათა ერთ დღესაც ისეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, ბუნების წინააღმდეგ ამბოხება დაგვჭირდეს. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ქმარი, რომელიც ცოლს სცემს, ან ავღანელი ახტარა, რომელსაც არც კი იცნობთ, სულაც არ არის თქვენი სადარდებელი. ნუ გაიცინებთ დისკრიმინაციის გამომხატველ ხალხურ „სიბრძნეებზე” და აუცილებლად ასწავლეთ მოსწავლეებს, შვილებს, თქვენ გვერდით მცხოვრებ ადამიანებს, რომ საკუთარ თავს და სხვა ქალებს სათანადო პატივისცემა სჭირდებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი