ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა და მეგობრობა

ნებისმიერ მშობელს სურს, მის შვილს ჰყავდეს მეგობრები და კარგად გრძნობდეს თავს მათ წრეში. მშობლისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, როგორი გატაცებით თამაშობს ბავშვი სხვა ბავშვებთან ერთად. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა მისი შვილი პოპულარულია თანატოლებს შორის. და პირიქით – მას ძალიან სწყინს, თუ მის პატარას გაურბიან სხვა ბავშვები და ის მარტოსულად გრძნობს თავს. ყველაზე ძლიერი მშობლისთვისაც კი ეს ძალიან მტკივნეულია.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვს ასეთი სირთულეები გაუჩნდა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ პრობლემა, რაც ნამდვილად არ იქნება ადვილი, და ვიპოვოთ თანატოლებთან ბავშვის ურთიერთობის სირთულეების მიზეზები. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ თუ ბავშვს არ ჰყავს მეგობრები, მიზეზი, სავარაუდოდ, უფრო მასშია და არა გარშემო მყოფებში.

ძირითადი მიზეზები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობასა და მათთან დამეგობრებაში:

  • ბავშვის ხასიათის ტიპოლოგიური თავისებურებები – თუ თქვენი პატარა ინტროვერტია, მისთვის უფრო სასიამოვნო იქნება განმარტოება. ასეთი ბავშვი, როგორც წესი, ჩაკეტილია, სხვა ბავშვებმა არაფერი იციან მის შესახებ. მისთვის ბევრად უფრო ადვილია განზე დგომა და დაკვირვება სხვების ქცევასა და საუბარზე, ვიდრე დიალოგში ჩართვა და ურთიერთობა. ის ისე არ ფიქრობს, როგორც სხვები. ხშირად მზად არ არის, მოიქცეს ისე, როგორც სხვები იქცევიან და დაიცვას საერთო წესები, მაგრამ მას არც ის შეუძლია, რომ დააწესოს საკუთარი წესები თანატოლებთან.
  • კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზომო გატაცება – ასეთი ბავშვი უპირატესობას ანიჭებს დროის გატარებას კომპიუტერთან, პლანშეტთან, ტელეფონთან, ნაცვლად იმისა, რომ შეხვდეს თანატოლებს, ითამაშოს, დრო ატაროს მათთან.
  • დროის დეფიციტი – სერიოზული სასკოლო დატვირთვისა და დიდი მოცულობის საშინაო დავალებების გამო ბავშვს შესაძლოა დრო აღარ რჩებოდეს თანატოლებთან ურთიერთობისთვის.
  • ინტერესთა კონფლიქტი – თუ ბავშვი მოხვდა მისი საწინააღმდეგო ინტერესებისა და ღირებულებების მატარებელ თანატოლთა წრეში, გაუჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა და ურთიერთობა.
  • არაადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება – როგორც ერთი, ისე მეორე ბავშვს ძალიან უშლის ხელს თანატოლებთან ურთიერთობაში. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი, როგორც წესი, უფრო მეტს მოითხოვს გარშემო მყოფებისგან, ვიდრე იმსახურებს. მას მიაჩნია, რომ ძალიან კარგია, ჭკვიანია, გონიერია, მაგრამ სხვები ვერ ამჩნევენ ამას, რადგან სულელები და გაუნათლებლები არიან. საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებზე ასეთი წარმოდგენის, პრეტენზიების მაღალი დონის გამო მას ხშირად აქვს კონფლიქტი სხვებთან. რა თქმა უნდა, თანატოლებისთვის ძნელი იქნება ასეთ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვს ურთიერთობაში ასევე უშლის ხელს ჩამოყალიბებული და უსამართლოდ განმტკიცებული არაადეკვატური წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთი ბავშვი ფიქრობს, რომ ყველა მასზე უკეთესია, აკლია თავდაჯჯერება, მორცხვია, ყოველთვის უკან იხევს, ჩაკეტილია, აკლია გამბედაობა, შესაძლოა ისიც კი ეგეონოს, რომ არ არის მეგობრობის ღირსი და სწორედ ამიტომ არავინ მეგობრობს მასთან.
  • ხასიათის ცალკეული უარყოფითი თვისებები – მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცისთვის შესაძლოა ხელის შემშლელ ფაქტორად იქცეს ისეთი თვისებები, როგორიცაა აგრესიულობა, კონფლიქტურობა, პრეტენზიულობა, ენატანიობა. თუ ბავშვი ხშირად უწყრება თანატოლებს და ელოდება, რომ ისინი მას ხვეწნა-მუდარას დაუწყებენ, მასთან რთული იქნება ურთიერთობა. ბავშვებს ეს ბეზრდებათ და ტოვებენ ასეთ მეგობარს, რადგან უჭირთ მისი გაგება და მასთან შეხების წერტილების პოვნა.
  • ასაკობრივი სხვაობა თანაკლასელებთან – არის შემთხვევები, როცა ბავშვი თანაკლასელებზე უმცროსია იმის გამო, რომ მშობლებმა ადრე შეიყვანეს სკოლაში. ასწავლეს ლექსები, რამდენიმე უცხო სიტყვა, ასოების ცნობა და ჩათვალეს, რომ ლოდინს აზრი აღარ აქვს. სამწუხაროდ, ასეთი მშობლები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სკოლისთვის ბავშვის მზაობას მხოლოდ ინტელექტუალური დონე არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური, სოციალური, ფიზიკური და ნებელობითი განვითარების მაჩვენებლებიც. სკოლაში ერთი წლით ადრე შესული ბავშვი, ბუნებრივია, თავისი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ერთი წლით ჩამორჩენილი იქნება თანაკლასელებს. მათი ინტერესებიც დროთა განმავლობაში ყოველივე ეს აუცილებლად მიგვიყვანს თანატოლებისგან ბავშვის იზოლაციამდე. მკვეთრი განსხვავება მათ განვითარებაში განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ხდება შესამჩნევი. ამ პერიოდში ასეთი ბავშვები ფიზიკურადაც უფრო პატარები არიან, არა აქვთ ჰორმონული ცვლილებების ხილული ნიშნები. ასეთი ბავშვები უფრო ადვილად პოულობენ მეგობრებს ერთი ან ორი კლასით უმცროსებს შორის.
  • ჰიპერმზრუნველობა – თანატოლებთან ურთიერთობის შემაფერხებელი გავრცელებული მიზეზია მშობლების გადაჭარბებული მეურვეობა, ჰიპერმზრუნველობა, ბავშვის დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ასეთი მშობლები, როგორც წესი, ვერ უქმნიან შვილს სათანადო პირობებს თვითდამკვიდრებისთვის, რადგან უზღუდავენ თანატოლებთან ურთიერთობას და უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მისი დამოუკიდებელი მოქმედებების მიმართ. ხშირად მშობლების ჰიპერმზრუნველობა იწვევს იმას, რომ ბავშვი ხდება პასიური, ნერვული, მშფოთვარე, შეშინებული. ასეთი ბავშვი არ იწვევს თანატოლთა პატივისცემას, ამიტომ მასთან მეგობრობის მსურველის პოვნა არ იქნება ადვილი.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობასა და მეგობრების პოვნაში

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მეგობრულ ურთიერთობებს ბავშვებში სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და უფროსის როლიც ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვისთვის თანატოლებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვას, მით უფრო გაუადვილდება მას იმ პერიოდში, როცა უფროსის გავლენა მცირდება, თავი გაართვას მის წინაშე მდგარ სირთულეებს, დამოუკიდებლად შეძლოს თანატოლებთან ეფექტიანი ურთიერთობა და მეგობრების შეძენა. კარგი იქნება, თუ ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში დავეხმარებით ბავშვს ახალი კონტაქტების დამყარებაში, რომ სკოლაში აღარ გაუჭირდეს ამის გაკეთება. დავუკვირდეთ, როგორ იქცევა ბავშვი სათამაშო მოედანზე ან სტუმრად ყოფნისას, როდესაც უცხო თანატოლს ხედავს. ამ დროს მას შესაძლოა უნდოდეს კიდეც მასთან დაახლოება, მაგრამ არ იცოდეს, ეს როგორ უნდა გააკეთოს. აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ვუკარნახოთ პატარას ფრაზები, რომლებსაც თანატოლებთან ურთიერთობაში გამოიყენებს. მაგალითად: „მე მქვია გიო, შენ რა გქვია? არ გინდა, ერთად ვითამაშოთ?“ „მე შენ მომწონხარ, შენთან ძალიან მხიარულად ვატარებ დროს. მოდი, ვიმეგობროთ“. ეს ის მარტივი ფრაზებია, რომლებიც უნდა იცოდეს და გამოიყენოს ბავშვმა თანატოლებთან ურთიერთობისას, რათა ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე დაამყაროს ახალი კონტაქტები.
  • მეგობრული ურთიერთობის უნარის განვითარებისთვის შეიძლება აქტიურად გამოვიყენოთ როლური თამაშები, სათამაშოები და მათი დახმარებით დავდგათ გაცნობის პატარა სცენები, ბავშვთან ერთად ჩვენი ხმით „ვალაპარაკოთ“ სათამაშო დათუნია, თოჯინები და ა.შ.
  • ხშირად ვესაუბროთ ბავშვს მეგობრობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, ნაცნობ ადამიანებზე, მის თანატოლებზე, ვკითხოთ, რა მოეწონა ამა თუ იმ ბავშვში, რატომ მოეწონა, იმეგობრებდა თუ არა მასთან, რატომ, რას ნიშნავს მისთვის მეგობრობა, რა შეიძლება ეწყინოს ან გაუხარდეს მეგობარს. ხაზი გავუსვათ იმას, რომ თანაგრძნობა, თანაგანცდა, ურთიერთდახმარება ძლიერი და მტკიცე მეგობრობის აუცილებელი კომპონენტებია.
  • წავუკითხოთ ბავშვს ლიტერატურული ნაწარმოებები მეგობრობაზე, ვაჩვენოთ ფილმები აღნიშნულ თემაზე და შემდეგ ვესაუბროთ, მასთან ერთად გავაანალიზოთ ნანახი და წაკითხული.
  • თანატოლებთან ურთიერთობაში სირთულეების შემთხვევაში შევთავაზოთ ბავშვს დახმარება, გავაგებინოთ, რომ ის მარტო არ არის თავის პრობლემასთან, ჩვენ მის გვერდით ვართ, გამოვხატოთ მზაობა მის დასახმარებლად. დავეხმაროთ ბავშვს, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, გავიზიაროთ მისი განცდები, მოვუთხროთ ჩვენი ბავშვობისდროინდელი გამოცდილების შესახებ. ამით დავეხმარებით, დაძლიოს იმედგაცრუება და არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში მაშინაც კი, როცა ეჩვენება, რომ გარშემო მყოფები მას არ იღებენ და არ აღიარებენ. ასეთ დროს ჩვენი გვერდით დგომა ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს.
  • აღვზარდოთ ბავშვი საკუთარი მაგალითით. ბავშვი ჩვენ გვიყურებს როგორც ქცევის მოდელს. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ და ვინარჩუნებთ მტკიცე, ძლიერ მეგობრულ ურთიერთობებს, საშუალებას მისცემს ბავშვს, იპოვოს და შეინარჩუნოს მეგობრები. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ბავშვის ქცევა საკუთარი მაგალითით, გადავცეთ მას მნიშვნელოვანი გამოცდილება ნოტაციების კითხვისა და ჭკუისდამრიგებლური საუბრების გარეშე.
  • უარი ვთქვათ ბავშვის უზომო მეურვეობაზე, მისი ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შესრულებასა და ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მან ისწავლოს სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევა და საკუთარ ეგოიზმთან გამკლავება. არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად ითხოვენ მათი წესებით თამაშს, წაგების შემთხვევაში კი განაწყენებულები რჩებიან. ვასწავლოთ მათ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში, მოქმედება სხვისი ხელმძღვანელობით, სხვა წესებით, რათა მოგვიანებით ცხოვრებისეულ სირთულეებს ადვილად გაართვან თავი.
  • არასოდეს ვეჩხუბოთ ბავშვს თანატოლების თანდასწრებით, ვერიდოთ უარყოფით კომენტარებს, უარყოფით შეფასებებს. ცნობილია, რომ ბავშვები იმ თანატოლებთან ურთიერთობისა და მეგობრობის სურვილს უფრო მეტად გამოხატავენ, ვისაც უფროსები აქებენ. თუმცა ზომიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია – ზედმეტი ქებით ბავშვს შეიძლება ისევე გავუფუჭოთ მდგომარეობა თანატოლთა წრეში, როგორც ზედმეტი ძაგებით; ბავშვებს არ უყვართ იმ თანატოლებთან მეგობრობა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან მათგან.
  • ცუდად ნუ მოვიხსენიებთ ბავშვის მეგობრებს, ყოველ შემთხვევაში, მისი თანდასწრებით მაინც. თუ მოგვიანებით ბავშვი თავად გაწყვეტს მათთან ურთიერთობას, ამაში არაფერი იქნება საგანგაშო, ეს ურთიერთობა მას გამოცდილებას შესძენს და ასწავლის, როგორ განასხვაოს ნამდვილი მეგობრები მოჩვენებითისგან.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული მეგობრებთან მის ურთიერთობაზე. მეგობრული ურთიერთობის უნარსა და, აქედან გამომდინარე, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტუალური განვითარებისთვის გაღებული ძალისხმევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით ბავშვს მეგობრობას, მით უფრო ადვილად შეძლებს ის მომავალში ადამიანებთან ურთიერთობას, მეგობრების შეძენას და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი