შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლობიდან მსოფლიოს ლიდერობამდე

ჩვენთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ მსოფლიოში ცნობილმა გენიოსებმა და სხვა გავლენიანმა ადამიანებმა თავიანთ წარმატებას საფუძველი მასწავლებლობით ჩაუყარეს. „ფარდობითობის თეორიის” აღმოჩენამდე ალბერტ აინშტაინი რიგითი პედაგოგი გახლდათ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიც ხშირად ამეცადინებდა მუსიკაში რეალური სასწავლებლის მოწაფეებს. ნობელიანტმა სელმა ლაგერლიოფმა მოღვაწეობა ვეტერნის გაყინული ტბის მახლობლად გაშენებულ ფიცრულ სკოლაში დაიწყო. თავის დროზე სასულიერო სემინარიის ლექტორი იყო დედა ტერეზა… ალბათ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ მოსწავლეთა აღზრდის საპატიო პროფესიას არაერთი პოლიტიკური ლიდერისთვის გაუკაფავს გზა. მასწავლებლობას მომავალი მმართველები ბევრჯერ გადაურჩენია შიმშილით სიკვდილისა თუ ნაკლებად შემოქმედებითი, თავდაუღწეველი სამუშაო რუტინისაგან.

მსოფლიოს ლიდერობამდე დაწინაურებული პედაგოგის საინტერესო მაგალითია შეერთებული შტატების 36-ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი.

ლინდონ ჯონსონი ტეხასელი ფერმერების ოჯახში დაიბადა. ბავშვობა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან სამხრეთის ამ ცხელ შტატში გაატარა. მომავალი ლიდერი სამოქალაქო აქტივიზმში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. სკოლაშიც კი იგი კლასის პრეზიდენტი იყო. ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ნიჭიერ მოსწავლეს უმაღლესი სასწავლებლის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, 1926 წელს ტეხასის პედაგოგიურ კოლეჯში ჩააბარა. საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე იყო მისი სტუდენტობის წლებიც. დემოკრატი სტუდენტი კოლეჯის პერიოდულ გამოცემას, გაზეთ „The College Star-ს” რედაქტორობდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიაში. კოლეჯში სწავლის პარალელურად მან პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. 1928 წელს ჯონსონმა ლექციები დროებით მიატოვა და პატარა ქალაქ კოტულაში გაემგზავრა, სადაც სეგრეგირებულ მექსიკელ ბავშვებს ინგლისურსა და სხვა ძირითად დისციპლინებს ასწავლიდა. პედაგოგის დიპლომის მოპოვების შემდეგ მან ჰიუსტონის უმაღლეს სკოლაში მასწავლებლის მრავალწლიანი, წარმატებული კარიერის აწყობაც მოახერხა.

სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობამ მომავალ სახელმწიფოს მეთაურს მთელი სიმძაფრით დაანახვა ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და მოქალაქეთა სხვადასხვა ნიშნით შევიწროების ტენდენცია. სტუდენტური გაზეთის ყოფილმა რედაქტორმა სასკოლო პოლიტიკიდან დიდ ბრძოლაში გადაინაცვლა. ლინდონ ჯონსონი დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გახდა და 1937 წელიდან ექვსჯერ მოიპოვა წარმომადგენლობითი პალატის წევრის მანდატი. მაღალი პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, კონგრესმენს არც მეორე მსოფლიო ომისთვის აურიდებია თავი. ჯონ კენედისთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, ჯონსონი სენატში მოღვაწეობდა და დემოკრატთა ფრაქციას ედგა სათავეში, 1963 წელს კი თავად ჩაიბარა მსოფლიოს ლიდერის პორტფელი და სახელმწიფოს მეთაურის პოსტი.

მასწავლებლის პრეზიდენტობის ხანა მეოცე საუკუნის ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. ყოფილ სენატორს წილად ხვდა გაურკვეველი მიზეზებით მოკლული კენედის მემკვიდრეობა. მასვე მოუწია 1945 წლის შემდეგ დაბადებულთა (Baby boom) ჰიპერაქტიურ თაობასთან, პანკებთან, „ახალ მემარცხენეებსა” და სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ურთიერთობა. ტეხასელ პოლიტიკოსს დაეკისრა კარგად გაჩაღებული „ცივი ომის” სირთულეების გადალახვის პასუხისმგებლობაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მან არაერთი შეცდომა დაუშვა და საგარეო პოლიტიკაში ბევრი უსარგებლო ნაბიჯიც გადადგა. მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთელ დემოკრატს მაინც წარმატებულ ლიდერად განიხილავენ. რატომ?

60-იან წლებამდე ამერიკული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ოპერაციების უსაფრთხო განხორციელებას ნიშნავდა. მოსახლეობის უმრავლესობა სიმდიდრის იოლად მოპოვების ილუზიით გახლდათ შეპყრობილი. ისინი არ ფიქრობდნენ დაჩაგრულ და ბედის ანაბარა მიტოვებულ ხელმოცარულებსა თუ ღატაკებზე. სახელმწიფო აუცილებელ ბოროტებად და ინდივიდის შევიწროებისთვის შექმნილ დემონიზებულ სტრუქტურად განიხილებოდა. 

ლინდონ ჯონსონმა ამგვარ ვითარებას „დიადი საზოგადოების” იდეა დაუპირისპირა, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. 36-ე პრეზიდენტის პროგრამა მომგებიანად განხორციელდა. პედაგოგის მმართველობის დროს აშშ-ში შეიქმნა უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამა მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის, აფროამერიკელთა და სხვა მოქალაქეთა სეგრეგაციის წინააღმდეგ მიღებულ იქნა ისტორიული „სამოქალაქო უფლებათა აქტი”, საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების განვითარების ეროვნულ ფონდს. რაც მთავარია, ჯონსონის ინიციატივით ამოქმედებულმა სტრატეგიამ ჩამოაყალიბა სათემო კოლეჯების ქსელი და გაზარდა უნივერსიტეტთა სახელმწიფო დაფინანსება.

ჯონსონი ყოველთვის ამბობდა, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობას სათავე დაუდო დისკრიმინირებულ მექსიკელ მოსწავლეებთან ურთიერთობამ და პატარა დასახლებაში განცდილმა უსამართლობის გრძნობამ.

ამერიკას ერთი მასწავლებელი პრეზიდენტი დღესაც არ აწყენდა. თქვენ კი, თუ პერიფერიის რომელიმე სკოლაში მუშაობთ და ღარიბ ბავშვებს ასწავლით, თუ უკმაყოფილო ხართ სასწავლო გარემოთი და პირადი შემოსავლით, თუ არ გაქვთ არსებული პოლიტიკური ელიტისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმედი, იცოდეთ, რომ რაღაცით ლინდონ ჯონსონს ჰგავხართ. პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლას თქვენი მეტი მოქმედება სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი