სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ დავგეგმოთ დისტანციური გაკვეთილი

თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი აქვს, რომლის შესრულებისთვისაც მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობით ამდიდრებენ საგაკვეთილო დროს. დისტანციური სწავლების დროს გაკვეთილის დაგეგმვა ორმაგ შრომას მოითხოვს, რადგან საგაკვეთილო დრო შემცირებულია და მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, მცირე დროში მოსწავლეებს ძირითადი ინფორმაცია გადასცეს, მათგანაც მიიღოს უკუკავშირი და ასე დაგეგმოს მომავალი შეხვედრა.

როგორ დავგეგმოთ დისტანციური გაკვეთილები? ეს კითხვა ალბათ ბევრი მასწავლებლის ფიქრში იკავებს ადგილს. გაგაცნობთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც დისტანციური გაკვეთილების დაგეგმვის დროს ვიყენებ. თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ ვიდეოინსტრუქციასაც, სადაც პრაქტიკულადაა ნაჩვენები მისი განხორციელების გზა.

გაკვეთილისთვის აუცილებლად ვამზადებ Microsoft PowerPoint Presentation-ში პრეზენტაციას, სადაც მოცემულია საგაკვეთილო თემა და სავარჯიშოები. იმისთვის, რომ ტექსტის პრეზენტაციაში გადატანა გამარტივდეს,  ვიყენებ ელექტრონული წიგნის რესურსს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ვეძებ ინტერნეტსივრცეში ან თვითონ ვბეჭდავ ტექსტს. სავარჯიშოებისთვის გადამაქვს  სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები. თავადაც ვქმნი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სავარჯიშოებს, რომლებიც მოსწავლეთა რაოდენობაზეა გათვლილი. დამატებით ჰიპერბმულის საშუალებით ვურთავ მოსასმენ ან საყურებელ რესურსს.

პრეზენტაციას ყოველთვის ვაფორმებ თემატურად, რომ მრავალფეროვნება შევძინო. ამასთან, ტექსტი უნდა იყოს მოცემული ისეთი შრიფტითა და ზომით, რომ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ მისი აღქმა. ეცადეთ, მეტისმეტად არ გადატვირთოთ გვერდები. თანაბრად გადაანაწილეთ -ისე, რომ მოსწავლეებმა მარტივად შეძლონ მისი გაგება. სავარჯიშოები დანომრეთ, რათა მოსწავლისთვის გაგიადვილდეთ მინიშნება, რომელ დავალებას აკუთვნებთ მათ. შეეცადეთ, თითოეული აქტივობა, რომელსაც გეგმავთ, ასახოთ პრეზენტაციაში, შექმნილი პრეზენტაცია კი გაუზიარეთ მოსწავლეებს და ისე წარმართეთ გაკვეთილი. დასრულების შემდეგ  ატვირთეთ ჯგუფში, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა და ცოდნის განმტკიცების მიზნით შეძლოს მისი გამოყენება.

ვიდეოინსტრუქცია: როგორ დავგეგმოთ ონლაინგაკვეთილი პრეზენტაციის სახით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი