ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სინანულის სიმღერა

გვიან შემოდგომაზე სულ ის ამბავი მახსენდება, ჩემი მუსლიტერატურის მასწავლებელი რომ მოგვიყვა 18-19 წლის წინ მეორეკლასელებს სიცოცხლის სიყვარულზე, რწმენის ძალასა და უკანასკნელ ფოთოლზე. ამბავი მეგობრებზე იყო, სტუდენტ გოგონებზე, რომელთაგან ერთს ფილტვების ანთება დაემართა და ისე დასუსტდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ერთადერთი, რასაც მისი გადარჩენა შეეძლო, გამოჯანმრთელების იმედი იყო. არადა გვიანი შემოდგომაა, გოგონა სენტიმენტალურია და გადაწყვეტს, რომ მალე მოკვდება – მაშინ, როცა ფანჯარასთან მდგარ ხეს უკანასკნელი ფოთოლი მოსწყდება. ისე მტკიცედ გადაწყვეტს, რომ შეიძლება მართლაც მოკვდეს გვიან შემოდგომაზე, როცა ხეებს ფოთლები ელვის სისწრაფით სცვივა. ის გადარჩება. მოხუცი მეზობელი გოგონას სასოწარკვეთილებას სახურავიდან ჩამოშვებული ტილოთი გატეხს, რომელზეც დახატულია ხეზე შერჩენილი ერთადერთი ფოთოლი, ავადმყოფს განგებად რომ მოეჩვენება, რომელმაც მისი სიკვდილი არ ინდომა.

დიახ, ო. ჰენრის მოთხრობაა, თუმცა ეს მოგვიანებით გავიგე, ისევე როგორც მისი სევდიანი ფინალი, სადაც მოხუც მეზობელსაც ფილტვების ანთება ემართება და ორიოდე დღეში კვდება. მასწავლებელს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, თხრობა იმით დაამთავრა, რომ ყველას შეგვიძლია, გვერდით მყოფებს იმედი ჩავუსახოთ და გადავარჩინოთ. მეც მისი მონათხრობი ნამდვილი კეთილი ამბავი მეგონა იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანია რწმენა და რა მაგარია ადამიანი, რომელსაც სხვისი გასაჭირის დანახვა და გამოსავლის პოვნა შეუძლია.

ჩემი თაობის იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებსაც მუსიკალურ შვიდწლედში იძულებით ატარებდნენ და ვინაიდან დიდი ნიჭითა და მუსიკალურობით არ გამოვირჩეოდი, ერთადერთი, რისი სწავლაც თავისუფლად შემეძლო, სწორედ მუსლიტერატურა იყო, სადაც, პროგრამით გათვალისწინებულ საკითხავთან ერთად, ასეთ ამბებსაც ხშირად ვისმენდი. დედა კი წლიდან წლამდე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ასე, სამშაბათ-ხუთშაბათს ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარულით და მოსაწყენი გამების დაკვრით ჩამომიყალიბდებოდა კარგი მუსიკალური გემოვნება.

დედა მართალი იყო. არა იმიტომ, რომ შვიდწლედში ჩემს სიარულს რაიმე გამართლება ჰქონდა – იმიტომ, რომ მუსიკას მართლაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ყველას, ვისაც სურს, ადამიანები უკეთესი გახადოს, მუსიკა მიზნის მიღწევაში ეხმარება. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა ოქტომბერში, თბილისში გამართული დოკუმენტური კინოს ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენებმა ფილმმა, სადაც იამაიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხის ამბავია მოთხრობილი. აქ, ამ ციხეში, ქვეყნის ყველაზე საშიში კრიმინალები იხდიან სასჯელს, უმთავრესად – მკვლელობის გამო. აქ წელიწადში რამდენჯერმე სისხლიანი ბუნტი ათობით მსხვერპლით ჩვეულებრივი მოვლენა იყო, სანამ ციხის უფროსად არ დაინიშნა კაცი, რომელსაც ადამიანები უყვარდა და ციხეში მისვლისთანავე ჟანდარმების რაოდენობის გაზრდის მაგივრად ბიბლიოთეკის, რადიოსა და ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნა გადაწყვიტა. პატიმრებს განათლებისა და თავიანთი ემოციების, დარდისა თუ აგრესიის მუსიკით გამოხატვის საშუალება მისცა.

ციხის უფროსის ინიციატივამ გაამართლა, ისევე როგორც მოხუცი მხატვრის სახურავიდან გადმოკიდებულმა ტილომ. რამდენიმე თვეში ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი თავისა და სხვების მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავდნენ, ცხოვრება აუტანლად მძიმე ტვირთად აწვათ მხრებზე და მომავალს უიმედოდ უყურებდნენ, წიგნების კითხვა და სიმღერა დაიწყეს, გულისმომკვლელი, გულწრფელი, შეულამაზებელი, სინანულის სიმღერა. მანამდე უცნობი უნარი აღმოაჩინეს. გაიგეს, რომ საკუთარ თავსა და გასაჭირზე ხმამაღლა ლაპარაკი შეუძლიათ, აგრესიის გარეშე ფიქრი და სასოწარკვეთისას სტუდიაში ჩაკეტილებს ხმამაღლა ტირილი; სხვებისთვის ტკივილის გაზიარება დაიწყეს და მიხვდნენ, რომ მარტო არ არიან, რომ ყველა ცუდ ამბავს თავისი მიზეზი აქვს და დამნაშავე მხოლოდ ერთი არასოდეს არის. ერთ ხმაში სიმღერიდან ჯგუფურ კომპოზიციებზე გადავიდნენ, რადიოში გაუშვეს, ყველას მოასმენინეს, ყველა აატირეს.

ფილმი 2013 წლისაა და ამანდა სანსისა და მიკელ გალოფრეს რეჟისორობით არის გადაღებული. თბილისის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე მან „მაყურებელის რჩეულის” პრიზი დაიმსახურა. მართლაც, კრიმინალების ტრანსფორმაცია შთამბეჭდავი სურათია. ეს არის ილუსტრაცია ადამიანის შესაძლო ცვლილებისა ცუდიდან კარგისკენ, ილუსტრაცია იმისა, რომ ადამიანს სჭირდება ბიძგი და მხარდაჭერა, რათა დაინახოს თავისი ღირსებები და განივითაროს, იპოვოს ძალა, რომლითაც უარყოფითი ენერგიის შეკავებას შეძლებეს და კალაპოტი, რომლითაც ამ ენერგიას უწყინარი საქმეებისკენ მიმართავს. ამ ფილმში პატიმრები თავიანთ ამბებსაც ჰყვებიან და ხვდები, რომ „კარგი” და „ცუდი” ადამიანი უკიდურესად პირობითი ცნებებია და რომ ხშირად ამ კატეგორიებს გარემოებები და სხვა ადამიანთა დამოკიდებულებები ქმნის. დამნაშავეებს ძალადობა, სიღატაკე და უსაქმურობა წარმოშობს და ეს ხალხი, ვინც ახლა გისოსებიდან სინანულის სიმღერებს მღერის, ცუდი ადამიანები კი არა, გარემოს მსხვერპლნი არიან, ბავშვობიდანვე ისე გაზრდილები, ამ გზას ძნელად რომ ასცდებოდნენ. მათ თითქმის არ უვლიათ სკოლაში და, მით უმეტეს, მუსიკალურ შვიდწლედებში – მშობლებს არ ეცალათ მათ გემოვნებაზე საფიქრალად, მათთვის გეზის მისაცემად, არც უკანასკნელი ფოთლის ამბავი მოუსმენიათ და არც სხვა ამგვარი ისტორიები. იქ ბიჭები იარაღით თამაშობენ, გოგონები საოჯახო საქმეებში ეხმარებიან დედებს, ნარკოტიკით გაბრუებული მამები კი ხან სახლის გარეთ, ხან სახლშივე ყოველ შემხვედრთან დავისთვის მიზეზს ეძებენ.


უყურებ ტირილით მომღერალ კაცებს და ხვდები, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა პური და წყალი, არამედ იმედი და სიცოცხლის სიყვარულია, რომ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა, მხოლოდ სხვა ადამიანი სჭირდებათ, რომელიც მოუსმენს მათ და ასწავლის, როგორ მიიღონ რეალობა და საკუთარი თავი. 

არ შეიძლება პარალელის გავლება იამაიკის ციხესა და სკოლაში მოსიარულე ბავშვებს შორის, მაგრამ შეიძლება იმის თქმა, რომ გონივრული მიდგომით, საინტერესო ისტორიებით, მეტი მუსიკითა და ლიტერატურით, პატარებში შემოქმედებითი უნარების გაღვიძებით და, რაც მთავარია, მათი სატკივარის მოსმენითა და გათავისებით მრავალი პრობლემის უფრო მარტივად მოგვარება ან სულაც თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლება.

ამიტომ არ დასაჯოთ მოსწავლე, რომელსაც საგანი არ აინტერესებს, მოუყევით მას ისეთ ამბებს, რომლებიც წლობით ემახსოვრება; არ ეჩხუბოთ აგრესიულ პატარებს, დაინტერესდით, საიდან მოდის მათი აგრესია; არ გამოგეპაროთ მომენტი, როცა მოსწავლე იმედს კარგავს და „ცუდის” სტატუსის მოსარგებად ემზადება; ხშირად ურჩიეთ მათ საინტერესო საკითხავები და მოასმენინეთ კარგი მუსიკა. სთხოვეთ მშობლებსაც, გააკეთონ იგივე და გახსოვდეთ, რომ ადამიანი სათუთი არსებაა, მის გადარჩენასაც და დაღუპვასაც უბრალო მიზეზები განაპირობებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი