პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მძიმე არ იწერება

(იდეები ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულისთვის)

 

ძალადობა, ჩაგვრა, ბულინგი, დაცინვა – ეს ის სიტყვებია, რომელთა გაგონებისას ყოველთვის ვშფოთავთ და ვნერვიულობთ, მიუხედავად იმისა, სკოლის მოსწავლეები ვართ, მასწავლებლები თუ დიდი ხანია, ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ სასკოლო სისტემასთან. ეს ის სიტყვებია, რომელთა აღსანიშნები ენაში რომ არ არსებობდნენ, ადამიანები ბედნიერები  იქნებოდნენ, ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდებოდა, საზოგადოება  იქნებოდა შემწყნარებელი და ბედნიერი.

თითქმის ყოველდღე, ტელევიზიითა თუ სოციალური მედიით, ქუჩაში თუ სახლში, სკოლაში თუ ტრანსპორტში ძალადობის ამბები გვესმის, სულ ახლო წარსულშიც შეიძლება გავიხსენოთ ძალიან მძიმე, უმძიმესი ფაქტები.

იდეა, რომ გრამატიკული საკითხების სწავლება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულთან შემეზავებინა, ბოლო დროს გამიჩნდა, კონკრეტულად, 5 ივლისის ამბების მერე.  გახსოვთ ალბათ, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოწოდება, რომ „ძალადობის მერე მძიმე არ იწერება“, მართლაც, არაფერი ამართლებს სხვის წინააღმდეგ აღმართულ ხელს.  ეს მოწოდება კი თავისი სიზუსტის და ლაკონიურობის  გამო ძალიან პოპულარული გახდა.

როგორ გავხადოთ ეს საკითხი კიდევ უფრო თვალსაჩინო? როგორ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ძალადობას მხოლოდ ძალადობა მოაქვს, რომ ეს ისეთი ზვავია, რომელიც თუ დაგორდა, ქვეშ ყველას მოიყოლებს, არცერთი ნიშნით არ განარჩევს.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ შეიძლება ეს საკითხები გავააქტიუროთ გრამატიკის სწავლებისას.

  1. ძალადობის ანბანი არ არსებობს!

პირველი, რაც ამ თემაზე მახსენდება, დამწერლობები და ანბანია, ამ საკითხებზე საუბრისას, შეიძლება მოსწავლეებს ვესაუბროთ, რომ კაცობრიობის ისეთი მიღწევა, როგორიც ანბანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩავინიშნოთ, დავიმახსოვროთ და სხვებსაც გავუზიაროთ ჩვენი აზრები, არ შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ, ძალადობის წასახალისებლად გამოვიყენოთ. ქართული ანბანი, რომლითაც შოთა რუსთველისა და ვაჟა-ფშაველას გენიალური ტექსტები დაიწერა, არ იმსახურებს ბოროტების იარაღად გამოყენებას.

  1. სიყვარული არსებითი სახელია!

არსებითი სახელების ჯგუფებზე საუბრისას შეგვიძლია ასეთი სლოგანები მოვიფიქროთ, გამოვყოთ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არსებითი სახელები, როგორიცაა, სიყვარული, თანადგომა, პატიება და სხვა.

  1. უარყავი ძალადობა!

ეს სლოგანი ზმნის უარყოფითი ფორმის წარმოებისას გამოგვადგება,  როდესაც გრამატიკულ საკითხებს მოამთავრებთ, უარყოფით კონსტრუქციაში ჩასვით ყველა ის მოქმედება, რომელიც არ შეიძლება. მაგ: მე არ ვძალადობ! მე არ დავცინი! მე არ ვჩაგრავ და ა,შ. ასეთი ფორმით წარმოდგენილი თვალსაჩინოება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

  1. ძალადობას დროის ფორმა არ აქვს!

კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარი ზმნის ახსნისას შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზმნას სამი დრო აქვს, ნურცერთს ნუ გამოვიყენებთ ძალადობისთვის.

  1. ძალადობისთვის არ არსებობს თურმეობითი!

მესამე სერიის ფორმებზე ლაპარაკისას შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, რომ ყველა ძალადობას ჰყავს კონკრეტული მსხვერპლი, ყველა ძალადობა მტკივნეული ფაქტია და არ არსებობს მისთვის თურმეობითი მწკრივი.

  1. ძალადობის მერე მრავალწერტილი და კითხვის ნიშანიც არ იწერება

მძიმის არ იყო, ვერც მრავალწერტილს გამოიყენებთ და ვერც კითხვის ნიშანს, ძალადობა დასრულებული მოქმედებაა, რომლის შედეგი ყოველთვის სასტიკია.

 

ჩამონათვალს გავაგრძელებდი, მაგრამ ვფიქრობ, თემასა და სლოგანს თქვენ უკეთ მოიფიქრებთ. კვირეულს შეიძლება საერთოდაც ასე დავარქვათ, „ენა ძალადობის წინააღმდეგ“, ენა ყოფიერების სახლია, ის ჩვენი ყოფნის არეალია, ჩვენი ყოველდღიურობა, ჟანგბადი, რომლითაც ვსუნთქავთ, რაღაც საოცარი მოწყობილობა, რომელიც ჩვენთვის გასაგებად თარგმნის სამყაროს. ჰოდა, პირველი იარაღი, რითაც ძალადობას უნდა ვებრძოლოთ სწორედ ენაა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების მთავარი მიზანი ხომ უკეთესი ადამიანების აღზრდაა- ჰუმანური, ტოლერანტი და ემპათიური ადამიანების, რომლებიც ყველა შესაძლო ენობრივი საშუალებით მხოლოდ  სიყვარულს ავრცელებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი