შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

შევეგუებით

გაზაფხულზე გიყვებოდით ირანელ გოგონებსა და ქალებზე, რომლებიც ათასი წვრილმანი და მსხვილმანი შეზღუდვის პირობებში ცხოვრობენ და დროის უმეტეს ნაწილს აკრძალულ ცხოვრებასთან შეგუებას ახმარენ. გიყვებოდით მომღერალ ქალებზე, რომლებსაც საჯარო სივრცეში სიმღერა ეკრძალებათ, რეჟისორებზე, რომელთა ფილმებსაც ცენზურა დაუნდობლად კუწავს და მსახიობ გოგონაზე, ულამაზეს პეგაზე, რომელიც 23 წლისაა და უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული სოციალური აქტივობისა და რეჟიმის დაუმორჩილებლობისთვის. პეგა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაიჭირეს და 18 თვით ჩასვეს ციხეში. ბრალდება ისევ სოციალური აქტივიზმი და პოლიტიკური კომენტარებია, რომლებსაც ის უცხოურ პრესასთან აკეთებდა.

ყოველთვის, როცა ირანზე და ირანში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებზე ვფიქრობ, პირველად ის კადრები მიდგება თვალწინ, 1979 წლამდე, რევოლუციამდელ თეირანში რომაა გადაღებული და ბედნიერ ადამიანებს ასახავს, დოგმებისა და რელიგიური ცენზურისგან თავისუფალ საზოგადოებას, მერე კი ახლანდელი, ჩადრში შემალული ქალების ბედი მადარდებს, რომლებსაც ფუნდამენტური უფლებების ნაწილი მხოლოდ იმიტომ წაართვეს, რომ ქალები არიან. 

პეგას მესამედ დაჭერის ამბავი რომ გავიგე, კიდევ ერთხელ დამეუფლა უსუსურობის განცდა, რომ ჩვენ, დანარჩენი სამყარო, რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვიდარდოთ სხვა ქალების შესახებ, ბევრს მაინც ვერაფერს ვცვლით და ირანში მცხოვრები ქალების უკეთ გასაგებად ირანელი მწერლის, ზოია ფირზადის ქართულად ახლახან გამოცემული წიგნი, „შევეგუებით” ვიყიდე, სადაც იმისგან სრულიად განსხვავებული ამბები დამხვდა, რასაც ველოდი. 

ზოიაც ქალებზე ჰყვება, ირანში მცხოვრებ ქალებზე, ოღონდ ისეთ ამბებს, ხვდები, რომ ამ ქალების მთავარი მტერი არა რომელიმე რეჟიმი, არამედ ისევ ქალები არიან, სხვა ქალები – დედები, ბებიები, მასწავლებლები, დედამთილები, მულები და რძლები. ამ ქალების მტრები ქმრებიც არიან, რომლებიც ხშირად უსიყვარულოდ ქორწინდებიან მათზე წესებისა და ტრადიციების დაცვით და მერე დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ხან ძალადობით, ხან უყურადღებობითა და უსიყვარულობით ტანჯავენ. და, რაც მთავარია, ამ ქალების დაუძინებელი მტრები არიან მათი ტრადიციები, სტერეოტიპები და ადათ-წესები, რომლებიც სიყვარულს კრძალავენ, სამსახურს უშლიან, ქალის ადგილად სამზარეულოს მიიჩნევენ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ფორმად კი მორჩილებას, უსიტყვო მორჩილებას.

ზოია ფირზადი ამ ქალების შესახებ ჩემზე გაცილებით ნაკლებემოციურად ჰყვება, ვინაიდან ისიც მათი ნაწილია, მათთან ერთად ცხოვრობს, ბავშვობიდან მათ უყურებს და მისთვის ეს მეტ-ნაკლებად ჩვეული ამბავია. მგონია, რომ ზოიაც თავისი გმირებივით პირმოკუმული, ხაზად ქცეული ტუჩებით წერს იმას, რაც არ მოსწონს საკუთარ ქვეყანაში (სწორედ ასე, უხმოდ და ტუჩების ხაზად ქცევით გამოხატავენ მის ტექსტებში ქალები ბრაზსა და პროტესტს). თავად წიგნის სათაურიც იმავეს ამბობს, რასაც ზოიას თხრობის სტილი – რომ თუ ძალიან მოინდომებ, ამ ყველაფერს შეეგუები კიდეც, მაგრამ შეგუებას ჯობია ამაზე ისაუბრო, პრობლემა დაინახო და იქნებ მოაგვარო კიდეც, იქნებ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, იქნებ შენს თავსაც და სხვა ქალებსაც უთხრა, რომ შენ პიროვნება ხარ, სურვილები და უფლებები გაქვს და მახინჯი ტრადიციების მორჩილებას მათ წინააღმდეგ ხმის ამაღლება ჯობდეს.

მეტიც – ზოია ფირზადი ირანში მცხოვრებ ქალებზე ისე ჰყვება, არ გაგიჭირდება, მათში შენი ის ნაცნობი ამოიცნო, რომელსაც ქალის მთავარ საქმედ გათხოვება, უკეთეს შემთხვევაში სარფიანად გათხოვება მიაჩნია, ან ის, რომელიც ადამიანების პიროვნულ თვისებებზე მეტ მნიშვნელობას მათ ეროვნულ და რელიგიურ კუთვნილებას, სამუშაო ადგილსა და მანქანის მარკას ანიჭებს. აქ ისეთ ქალებსაც ნახავთ, შვილების გამო საძულველ ქმართან ცხოვრებას რომ აგრძელებენ და თავი საკუთარი ნებით მიაქვთ სამსხვერპლოზე და ისეთებსაც, სხვა ქალების გაგება რომ არაფრით შეუძლიათ, რომ ვერ ხვდებიან, სომეხი გოგონა ირანელ ბიჭს რატომ უნდა მისთხოვდეს, ან სკოლის დირექტორის შვილი სკოლის დარაჯის შვილთან ერთად რატომ უნდა თამაშობდეს. რაც უნდა კარგი იყოს ეს ირანელი ბიჭი და ძალიან უყვარდეს მის ქალიშვილს, რაც უნდა ლამაზი და ჭკვიანი იყოს სკოლის დარაჯის გოგონა, როგორც უნდა სიამოვნებდეს მის შვილს მასთან თამაში, ასეთი კავშირები მაინც არ სურს.

ზოია ერთდროულად ორი ქვეყნის ქალების ამბებს ჰყვება: სომხებისას და ირანელებისას. თვითონაც სომეხი დედისა და ირანელი მამის ოჯახშია გაზრდილი და კარგად იცნობს ყველა იმ დაბრკოლებას, რასაც ეს ხალხი ცხოვრებაში აწყდება.

დაბრკოლება კი სწორედ ის ფსევდოტრადიციები და ადათ-წესებია, რომლებიც ამ წიგნის გმირებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ბედნიერებით ტკბობას არ აცდის. როცა ქმარი ერთ-ერთ ქალს ულამაზეს ქამარს უყიდის პარიზში მოგზაურობისას, ქალი ქამრის მაგივრად ფასს უყურებს და დანაზოგის უყაირათოდ ხარჯვაზე ჯავრობს მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება აჯერებდნენ, დანაზოგი სახლის ყიდვა-მოწყობისთვის არსებობს და არა პარიზში სამოგზაუროდ და ლამაზი ნივთების შესაძენადო; როცა სომეხ გოგონას ირანელი ბიჭი შეუყვარდება, მისი ბედნიერება ოჯახის დაუსრულებელ ტრაგედიად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები, ტრადიციულად, თანამემამულეებზე ქორწინებას ანიჭებდნენ უპირატესობას; როცა ახალდაქორწინებული ქალის ქმარი სააბაზანოში ლაქას დაინახავს, ქალი ლაქებთან ბრძოლის სპეციალისტი ხდება, ვინაიდან ბავშვობაში ასწავლეს, ქმრის ყველა ახირება ლეგიტიმურიაო. მერე ეს ქმარი ნელ-ნელა სხვა ქალებს ხვდება, ის კი, მისი ცოლი, ლაქების ამოყვანის კურსებს ხსნის სხვა, თავისი მსგავსი ქალებისთვის. 

აქ, ამ მოთხრობებსა და რომანში, სულისგამაწვრილებელ ტრადიციებს სწორედ ქალები იცავენ კბილებით (მამაკაცები ძირითადად მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან, ისევ ქალთა სახეების უკეთ დასახატავად შექმნილები), ისინი უშლიან ერთმანეთს სიყვარულსა და თავისუფლებას, ისინი აწესებენ სახლის მოვლის ას სავალდებულო წესს და საოჯახო შეკრებებზე მოსამზადებელი კერძების უსასრულო სიას, ისინი თანხმდებიან უსიყვარულო, მყიფე ნიადაგზე აშენებულ ოჯახებზე. აქ სიტყვაც კი არ არის ნათქვამი იმ მთავრობაზე, რომელმაც ქალებს ირანში ჩადრები ჩამოაფარა და სიმღერა აუკრძალა, რომელმაც პეგა მესამედ დააპატიმრა და დედამისის ფილმები ცენზურის ქარცეცხლში გაატარა. ამ წიგნში მთავარი სათქმელი, რაც ალბათ ყველა ქალმა უნდა გაითავისოს, ის არის, რომ ქალებს მთავარი დაბრკოლება საკუთარ თავებში გვაქვს გადასალახი, გარე ფაქტორებამდე პირადი ფაქტორები გვზღუდავს და თუ ჩვენივე აღმართული ამ ბარიერებიდან გამოსვლას ერთმანეთისადმი სოლიდარული დამოკიდებულებით მოვახერხებთ, სხვა ბარიერებსაც ადვილად დავაღწევთ თავს, მერე კი უფრო ხმამაღლა ვიტყვით, რომ ქალების საჯარო ადგილებში სიმღერით არაფერი შავდება და პეგას აქვს იმის თქმის უფლება, რასაც ფიქრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი