ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოლეკულების საკანი

მინის მუქი ბოთლი. ადამიანთა სამყაროში მას ქილას ეძახიან, მოლეკულათა სამყაროში – საკანს. ძველი ლაბორატორიის თაროებზე უამრავი ასეთი საკანია. ერთ-ერთ მათგანში ძმარმჟავას მოლეკულები გამოუკეტავთ დიდი ხნის წინ. ბოთლს უსახლკარო მათხოვრის პალტოსავით  ჩამოსძენძვია ეტიკეტი, რომელიც ერთ დროს მისი „პასპორტი” იყო. ჟამთა ცვლას სახურავი მტვრის სქელი ფენით დაუფარავს. ჩანს, დიდი ხანია, არ შეხებია ადამიანის ხელი…

შორეული ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი საკნის ერთ-გვერდს ანათებს. ძმარმჟავას ერთი მოლეკულა მზეს მიფიცხებია და ბებერ ბმებს ითბობს. აღარც კი ახსოვს, როდის გამოკეტეს ამ საკანში. მას შემდეგ მრავალმა გაზაფხულ-შემოდგომამ ჩაიარა. ამ ხნის განმავლობაში მოძმეც ბევრი დაკარგა. თითებზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ…

გუშინ ყური მოჰკრა, ლაბორატორიაში ვიღაცამ მისი სახელი ახსენა. მერე მის გვერდით დადებული ფურცლისკენ გააპარა თვალი. ხვალისთვის დაგეგმილი ექსპერიმენტის მეთოდიკა აღმოჩნდა – მისი განაჩენი…

დღეს მზე მისთვის უკანასკნელად ჩავა. ხვალ დილით კიდევ ერთხელ შეხვდება აისს, მერე კი საკნიდან გაიყვანენ. კოლბაში მას უკვე ელოდება ნატრონის კირი, რომელიც მას მეთანად გარდაქმნის. მოლეკულათა დიალექტზე „გარდაქმნა” ლამაზი სიტყვა „გარდაცვალების” ტოლფასია… ერთი კია – „გარდაცვალება” იდუმალებით არის სავსე, გარდაქმნისთვის კი  მისტიკა უცხოა…

გარდასულ დღეთა მოგონებებში ჩაიძირა…

მამამ, აცეტალდეჰიდმა, ცოტა ხანს იცოცხლა. როგორც სხვა ალდეჰიდები, ისიც „გულმანკიანი” დაიბადა. ვერ გაუძლო ცხოვრების მძიმე ტვირთს და ნაადრევად განეშორა წუთისოფელს.

პაპა სახელოვანი ჰყავდა – ეთანოლი, ღვინის სპირტის ფსევდონიმით ცნობილი. მის ამბებს არაკად ჰყვებოდნენ. სადღაც, შორეულ ქვეყნებში, თურმე მისი ღმერთებიც კი არსებობენო. ეს ძალიან ახარებდა და თავსაც ხშირად იწონებდა სხვებთან.

პაპის მამა, გლუკოზა, ტკბილზე ტკბილი, პირდაპირ ცით მოვლენილი კაცი იყო. ის მზის ნათელი სხივების „ჯადოსნობით” იშვა ყველასგან გარიყული და მოძულებული ნახშირორჟანგისა და წყლის შეუღლების შედეგად, თითქმის მთელი წელი იცხოვრა სიამტკბილობაში და, გარდაქმნის ასაკს მიღწეულმა, ხუთი შვილი დატოვა.

ნახშირორჟანგი, თავის მხრივ, მეთანის შვილი იყო. მეთანის, რომელიც ერთ-ერთი პირველი გაჩნდა დედამიწის ატმოსფეროში ძალიან დიდი ხნის წინ…

ხვალ იგი ისევ მეთანად გარდაიქმნება. ამიტომაც არ აშინებს იმქვეყნად წასვლა. იცის, დიდი ხნის შემდეგ ისევ მოევლინება სამყაროს ძმარმჟავას სახით, რომელსაც იგივე ხასიათი და ზნე-ჩვეულებები ექნება, რაც დღეს აქვს.
თენდება. ძმარმჟავა საკნიდან გაჰყავთ. კოლბამდე ორი ნაბიჯია, ხელახლა დაბადებამდე კი – საუკუნეები…
ღირს ცხოვრება იმედით, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ ხუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი