ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მოთმინების უნარი ბავშვებში

მოუთმენლობა – ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ბავშვების უმეტესობას უჭირს მოთმენა და ეს ხშირად ხდება უსიამოვნების მიზეზი მშობლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას. მაგრამ, ვიდრე ბავშვების მოუთმენლობა გაგვაბრაზებდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ შფოთვა და მშობლების აღზრდის მკაცრი მეთოდები არცთუ კარგ გავლენას ახდენენ ბავშვის ტვინის განვითარებაზე. ასეთია კანადელ მეცნიერთა კვლევის დასკვნა, რომელიც ჟურნალ Development and Psychopathology-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობდნენ სან-ჯუსტინის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დაბადებული ბავშვები, რომელთა განვითარებას მეცნიერები ცხოვრების პირველივე დღეებიდან აკვირდებოდნენ. ემოციების ყოველდღიურმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ იმ მოზარდთა (12-16 წლის ასაკის) ტვინის სტრუქტურა, რომელთა მშობლებიც აღზრდის მკაცრ მეთოდებს იყენებდნენ, შედარებით განუვითარებელი იყო.

კითხვა – რამდენ ხანს შეუძლია ბავშვს თმენა? – არა მხოლოდ მშობლებს აინტერესებთ, არამედ მკვლევრებსაც. ალბათ გეხსომებათ, რომ „ზეფირის“ ტესტის პირველი ვერსია ამერიკელ ფსიქოლოგ ვალტერ მიშელს ეკუთვნოდა.

ეს ტესტი გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარდა. მკვლევარმა სკოლამდელი ასაკის ბავშვების წინ უტკბილესი ზეფირი დადო და სთხოვა მათ, არაფრით მიკარებოდნენ მანამდე, ვიდრე ის თავის „გადაუდებელ საქმეებს“ არ მოაგვარებდა და მათთან ოთახში არ დაბრუნდებოდა. თუ ბავშვი მოითმენდა და ზეფირს არ შეჭამდა, მას შემდეგ ორ ზეფირს აჩუქებდნენ.

ექსპერიმენტს უნდა დაედგინა, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს თვითკონტროლის უნარი და შეეძლოთ თუ არა დალოდება გაორმაგებული ჯილდოს მოლოდინით. წლების განმავლობაში მიშელმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა და გაარკვია, რომ ის ბავშვები, რომლებმაც ბავშვობაში მოითმინეს და არ შეჭამეს შემოთავაზებული ზეფირი, თავს უფრო წარმატებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე მათი თანატოლები. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი SAT-ის ქულები და საგანმანათლებლო დონე უფრო მაღალი, სხეულის მასის ინდექსი კი დაბალი იყო.

ამდენად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თვითკონტროლი ხშირად უფრო მეტ დადებით გავლენას ახდენდა ადამიანის წარმატებაზე, ვიდრე მისი ინტელექტი. და გაუცხადებელ საიდუმლოდ მხოლოდ ისღა დარჩა, თუ როგორ მოახერხეს ამ ბავშვებმა მოთმენა და ზეფირის შეჭმის ცდუნებისგან თავშეკავება…

უოლტერ მიშელმა 2014 წელს გამოცემულ წიგნში „The Marshmallow Test: Mastering Self-Control“, განმარტა, რომ ბავშვები, რომლებიც არ ჭამდნენ ზეფირს, ცდილობდნენ სხვა რამეზე გადაეტანათ ყურადღება. ეს მათ ეხმარებოდა მოეთმინათ.

რა არის მოთმინება? ეს არის მშვიდად ლოდინის უნარი, რომელიც შემდგომში ათას რამეში გვეხმარება, მათ შორის, ხანგრძლივად ერთ საქმეზე კონცენტრირებაში. თუმცა, მოთმინება არ გახლავთ თანდაყოლილი თვისება, მას სჭირდება ხანგრძლივი შესწავლა.

ბევრი გულაცრუებული მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი და მოთმინება შეუთავსებელი ცნებებია. მართლაც, ზოგჯერ ასე ჩანს, თითქოს ბავშვები შექმნილნი არიან იმისათვის, რომ იყვნენ მოუთმენლები, თუმცა ზრდასრულიც ბევრი ვიცით, რომლებსაც მოთმინება აკლიათ?..

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მცირეწლოვანნი, ვერ ცნობენ დროის კონცეფციას, ისინი ცხოვრობენ აწმყოში და მათ უბრალოდ არ ესმით რა არის „ცოტა მოგვიანებით“ ან „5 წუთში”. ბავშვები დროში ორიენტირებას მხოლოდ 4 წლის ასაკიდან იწყებენ, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკამდე არაფრის გაკეთება არ არის საჭირო.

მაშ, როგორ შეიძლება ვავარჯიშოთ ბავშვები მოთმინებაში?

ჯერ ერთი, უნდა მივცეთ ბავშვებს ლოდინის, მოთმინების შესწავლის შესაძლებლობა. ბავშვი ვეღარ ისწავლის ლოდინს, თუ ჩვენ მის პირველივე ახირებას დავნებდებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ბავშვის გადაუდებელ საჭიროებებს ან უსაფრთხოებას. მაგრამ რაც უფრო წააქეზებთ ბავშვის მოუთმენლობას, რაც უფრო დიდი გახდება ბავშვი, მით უფრო რთული იქნება მისი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ბავშვი ყველა ასაკში დარჩება მანიპულატორად, რომელიც ყოველთვის ატეხს ისტერიკას, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ.

მოთმინების გავარჯიშების პრაქტიკული მაგალითი ასეთია: თუ ბავშვი ითხოვს იპოვოთ მისი დათუჩა, თქვენ კი ამ დროს ჭურჭელს რეცხავთ, უმჯობესია, თვალებში ჩახედოთ და თბილად განუმარტოთ, რომ დაეხმარებით მის მოძებნაში, ოღონდ ჯერ ჭურჭელი უნდა დარეცხოთ. ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ, აუცილებელია დანაპირების შესრულება. ანდა, შეგიძლიათ ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ, მაგალითად, უთხრათ, რომ დაკარგული დათუჩას პოვნაში იქნებ თავისი მეორე სათამაშო, ვთქვათ, ყურცვიტა დაიხმაროს. ამასობაში თქვენც მორჩებით ჭურჭლის რეცხვას და ბავშვის პრობლემას მიხედავთ.

აუცილებელია, ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბროთ. როგორც უკვე ვთქვით, გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის უცხო ცნებებია „ამდენი საათი“ და „ამდენი წუთი“, მისთვის მეტად გასაგებია, რას ნიშნავს „საუზმის შემდეგ“, ანდა „როდესაც მამა სამსახურიდან დაბრუნდება“, ანდა „ძილის წინ“.

ვიზუალიზაცია ასევე მშვენივრად ეხმარება ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებაში. მაგალითად, როგორ ფიქრობთ, რისი გაგება შეუძლია სამი წლის ბავშვს ფრაზიდან „კბილები უნდა იხეხო სამი წუთის განმავლობაში”? არაფრის. მაგრამ თუ თქვენ წინ ქვიშის საათს დაუდებთ, ის მარტივად გაიაზრებს ამ დროს – სამ წუთს.

ანალოგიურად ქვიშის საათი ძალიან გვადგება მაშინ, როდესაც ბავშვს ვეუბნებით „ახლა სულ ცოტა ხანს უნდა დამელოდო“, ანდა თუ, ვთქვათ, ორცხობილას ვაცხობთ და ბავშვი მოუთმენლად ცქმუტავს, ვაჩვენოთ, სადამდე უნდა მივიდეს საათის დიდი ისარი, რომ ორცხობილა მზად იყოს.

ასევე, თქვენ წარმატებით შეგიძლიათ ბეჭდური კალენდრის გამოყენება. გადახაზეთ კვირის დღეები და ამ გზით აჩვენეთ ბავშვს, რამდენი ხანი უნდა იაროს ბაღში. ეს ძალიან მარტივი ხერხია, რომელიც მას მოთმინების გამომუშავებაში დაეხმარება.

ასწავლეთ თქვენს პატარას ფოკუსირება. თავსატეხები, პლასტილინი ან თიხა, სამშენებლო კომპლექტები საუკეთესო გზაა მოთმინების, გამძლეობისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. ყველაზე მარტივი თამაში – დამალობანაც კი, ბავშვს გარკვეული დროის განმავლობაში უძრავად ჯდომას ასწავლის, ანდა თამაში, როდესაც უნდა დადუმდე და ხმა არ ამოიღო. ვინც პირველი დაილაპარაკებს, ის წაგებულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია, ვასწავლოთ ბავშვს საქმის ბოლომდე მიყვანა. როდესაც ზღაპარს ვუკითხავთ, ბოლომდე წაუკითხეთ, არ უნდა „გადახტეთ“ სხვა ზღაპარზე. თუ რამეს ერთად ძერწავთ, ბოლომდე შექმენით ფიგურა, ნუ მივაგდებთ და სხვა ფიგურის ძერწვაზე ნუ გადავალთ.

ასევე, ოთხი წლის ასაკის ბავშვებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ „რა შეიცვალა“. ამისათვის უნდა ჩამოამწკრივოთ სხვადასხვა საგანი ბავშვის წინ გარკვეული თანმიმდევრობით და სთხოვოთ, ყურადღებით დააკვირდეს მათ. შემდეგ რამე ჩუმად აიღოთ და სხვაგან გადადოთ. ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს, რა შეცვალეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ოთხიდან ხუთამდე საგნით და მათი რიცხვი თხუთმეტამდე გაზარდოთ.

კიდევ ერთი, უმარტივესი მეთოდი მოთმინების/ლოდინის სწავლების სასარგებლოდ: ხშირად შეაქეთ ბავშვი. თუმცა, მოერიდეთ მისი ხასიათის თვისებების ქებას, უფრო შეუქეთ ქმედებები და მოთმინების უნარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „შენ ძალიან ჭკვიანი ხარ“, უთხარით „რა ლამაზი ყვავილების ბაღი დაგიხატავს, აშკარაა, რომ დიდი ძალისხმევა დახარჯე“, ანდა „ხედავ, როგორ უკეთ აწყობ ფაზლს, ეს იმიტომ, რომ კარგა ხანი ივარჯიშე“. ასეთი ქება უბიძგებს ბავშვს მუდმივი ზრდისკენ და ის ეჩვევა შრომისმოყვარეობასა და მეტი ძალისხმევის ხარჯვას.

ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს ბავშვები და ჩვენი სიყვარული ზოგჯერ უსაზღვროა. თუმცა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ უნდა უგულებელვყოთ აღზრდის წესები. მაგალითად, ცხადია, ორი წლის ბავშვს არაფრით დავაჭერინებთ დანას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ეს მოინდომა და ამის გამო ატირდა. შეზღუდვები აუცილებელია, პირველ რიგში, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, შემდეგ კი სწორი აღზრდისათვის. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, თქვენ არ უნდა დატოვოთ მისი საქციელი ურეაქციოდ. თქვენ უნდა დაეხმაროთ ბავშვს ამ ქცევის გამოსწორებაში. ეს ყველაფერი კი მშვიდად და გაწონასწორებულად უნდა გააკეთოთ.

აუცილებელია, მშობელი თანმიმდევრული იყოს. თუ ბავშვს შეჰპირდით, რომ სასეირნოდ ცოტა ხანში წაიყვანთ, მისმა ფეხების ბაკუნმა არ უნდა გაგაკეთებინოთ ეს უფრო ადრე. თუ თქვენივე დათქმულს გადაუხვევთ, ამით ცხადყოფთ, რომ ბავშვის ტირილი და ყვირილი ეფექტური გზაა მიზნის მისაღწევად.

ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითი მშობელია. თუ გრძელ რიგში ბავშვთან ერთად დგახართ და გაღიზიანებას ვერ ფარავთ, ცხადია, ბავშვი, რომელიც გიყურებთ, თქვენგან მოუთმენლობას სწავლობს. თუ მშობელმა იცის, რომ შესაძლოა სადღაც დიდი ხნის ლოდინი მოუწიოს, ეს დრო ბავშვთან ერთად სასარგებლოდ უნდა გაატაროს. ვთქვათ, სთხოვოს მას, რომ დაასახელოს ყველა წითელი ობიექტი, რომელსაც გარშემო ხედავს. ამრიგად, დრო შედარებით შეუმჩნევლად გავა და ბავშვი მიხვდება, რომ მოთმინება ეფექტური გზაა იმის მისაღებად, რაც სურს.

თუ იცით, რომ ხანგრძლივი ლოდინის თავიდან აცილება შეუძლებელია, წინასწარ იზრუნეთ თქვენი შვილის გართობაზე. დღეს ყველაზე პოპულარული და მომგებიანი ვარიანტი მობილურებსა და ტაბლეტებში ჩატვირთული თამაშები და მულტფილმებია.

შეიარაღდით იმით, რითაც შეიძლება თქვენი შვილი ხუთ წუთზე მეტ ხანს დაკავდეს (მათ შორის, საჭმლითაც). განსაკუთრებით, თუ აპირებთ შორ მანძილზე მგზავრობას, უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ გაართობთ გზაში თქვენს შვილებს და ამით არა მხოლოდ თქვენი და ბავშვების, არამედ გარშემომყოფთა ნერვულ სისტემას დაიცავთ. ყველას გვინახავს მატარებლებში მოწყენილობისგან გადაფიჩინებული ბავშვები, რომელთა გართობას უცხო მგზავრები ცდილობენ. არადა, ეს მშობლების პირდაპირი მოვალეობაა.

ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილებს მოთმინებაზე და თუ ხელთ ჩაგივარდათ პოლონელი მწერლის, გჟეგოჟ კასდეპკეს – „გრძნობების დიდი წიგნი“, აუცილებლად წაიკითხეთ. ეს არის კრებული მხიარული ისტორიებისა, ასევე მწუხარების, დამცირების, ეჭვიანობის, სიყვარულის, სიძულვილის, პატიოსნების, მოთმინებისა და გამძლეობის შესახებ. ამ წიგნში, როგორც მშობლები, ასევე ბავშვები, იპოვიან ბევრ სასარგებლო რამეს, რადგან ყოველი მოთხრობის ბოლოს პრაქტიკული რჩევებიცაა მითითებული, მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის.

აი, რას წერს ავტორი მშობლებისთვის: „აქვს რაიმე სარგებელი მოთმინებასა და გამძლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში? მაგალითად, როდესაც ავტობუსს ველოდებით? ან როდესაც ყოველდღე კბილებს ვიხეხავთ (რატომ არის ეს დაჟინება ასე მნიშვნელოვანი)?

..ჰკითხეთ ბავშვებს, რა გამოვიდოდნენ მომავალში: ექიმები, მეხანძრეები, მფრინავები? რა თვისებები სჭირდებათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს? რამდენ ხანს უნდა ისწავლო, რომ, მაგალითად, ქირურგი გახდე?

…ესაუბრეთ იმ ჰობის შესახებ, რომელიც მოითხოვს გამძლეობასა და მოთმინებას, როგორიცაა მცენარეების მოყვანა, მონეტების ან მარკების შეგროვება”.

წიგნის ავტორი ბავშვებს ურჩევს, დაიწყონ წვრილმანებით: „ვიდრე დიდი კუბებით დიდ სათამაშო ციხე-სიმაგრეს ააშენებ, ჯერ პატარა სახლი ააშენე – ნახე, გამოვა თუ არა და მოსაწყენი ხომ არ გახდება ის შენთვის ცოტა ხანში. სჯობს, დარწმუნდე, რომ დაწყებულს დაასრულებ, ასე არ არის?“

წიგნის ავტორის თქმით, მოთმინება გამარჯვებული ადამიანის თვისებაა. ზოგჯერ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამბედაობა და ნიჭი. შეუპოვრობისა და მოთმინების გარეშე ყველაზე ნიჭიერი ადამიანიც კი დიდ ვერაფერს მიაღწევს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი