ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ყველაფერი დედაჩემის მეგობრის შესახებ

დედაჩემმა უარი თქვა ჩემი კლასისთვის რუსული ენა და ლიტერატურა ესწავლებინა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მან თავიდან აიცილა უხერხულობა. მე კი დამრჩა შანსი, რომ რუსულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი ნიშანი მქონოდა. თუმცა, ამ მხრივ დედამ მაინც დიდი როლი ითამაშა ჩემს განათლებაში, რადგან თაროებზე შემოწყობილ, მის მიერ შეგროვებულ კლასიკურ ლიტერატურას, რომლის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე იყო გამოცემული – მხატვრული ლიტერატურით გატაცებული მოზარდი გვერდს ვერანაირად ავუვლიდი. „საიდუმლო კუნძული” ჯერ ქართულად წავიკითხე, შემდეგ კი ოკუპანტის ენაზე, რადგანაც რუსულ ვარიანტში,  ტექსტს თან ერთვოდა ლინკოლნის კუნძულის რუკა, რაც საშუალებას მაძლევდა ჩემს წარმოსახვაში დახატული მიწები, ქაღალდზე გადმოტანილისთვის შემედარებინა. უნდა ვაღიარო, სხვაობა დიდი იყო. 

დედაჩემის ნაცვლად ჩემს კლასში მისი უფროსი მეგობარი – მადლენა შარიქაძე შემოვიდა. მაღალი, არისტოკრატული შესახედაობის მქონე, მარტოხელა, ხნიერი ქალბატონი, რომელიც დღემუდამ მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, სიარულის მანერაში ძველებური სტილი ეკითხებოდა და არასოდეს ავიწყდებოდა ხან ზურმუხტისფერი, ხანაც ქარვისფერი სამკაულის გულზე გაკეთება.

 „ძალიან მკაცრია” – ამბობდნენ მასზე ვაზისუბანში, სადაც თითო კორპუსში თითო მასწავლებელი მაინც ცხოვრობს. მადლენა შარიქაძე მე-9 კორპუსის მეოთხე სართულის მობინადრეა. იმ კორპუსის, ზედ სკოლის პირისპირ რომ დგას და რომელთანაც დილაობით, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი სკოლისკენ მიმავალს. „დილამშვიდობისა მადლენა მასწ” – მივესალმებოდი და მისი დინჯი სიარულის ფონზე, შენობაში შესვლას ბარე 40 ნაბიჯით ადრე მოვასწრებდი. 

სხვებისგან განსხვავებით, თავდაპირველად, მადლენა შარიქაძის სიმკაცრისა არ მეჯერა. ვფიქრრობდი, რომ მეგობრის შვილის მიმართ დამყვავებელი და ნიშნების საკითხში გულუხვი იქნებოდა. საით არ წაგიყვანს ყმაწვილური ოცნებები. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა. დაფასთან ვიდექი ყოველთვის, კარნახებს ვწერდი პირველ მერხზე, საპირფარეშოში, მაშინ საჭირო ოთახს რომ ვუწოდებდით, თითქმის არასოდეს მიშვებდა. ასევე, მადლენა შარიქაძე უხეშად არღვევდა ჭეშმარიტი მასწავლებლის ტრადიციას – მას ყოველთვის ჰქონდა თავისი ცარცი, რომლის რამდენიმე ნატეხიც წამლის გამჭვირვალე ბოთლში მოეთავსებინა. 

„მე რუსების ენას არ ვისწავლი” – ვუთხარი ერთხელ ფეხზე წამომხტარმა, ყმაწვილური სიამაყით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პატრიოტიზმით და თითქოს, ჩემს წარმოსახვაში მთელმა კლასმა მქუხარე ტაში დამიკრა. აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მე აქოშინებული  ვიდექი მერხთან, როგორც დირიჟორი, რომელმაც მუსიკოსების არმიას წარმატებით უხელმძღვანელა და ვიღებდი ტაშის ზღვას. კლასელები კი გაჰკიოდნენ – „ბრავო მაესტრო”. უცებ, აპლოდისმენტები მადლენას ერთმა სიტყვამ მოგუდა: 

ისწავლი” – თქვა მან და მართალიც აღმოჩნდა. 

საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე. ვიჯექი და ლიტერატურის გაკვეთილებს ბოლომდე ვუსმენდი. თავიდან უგუნებოდ, მაჯაზე სახის ჩამოყდნობით. მერე კი… ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ამ მკაცრი, ხნიერი ქალბატონის მიღმა კიდევ ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც ცნობილ პერსონაჟებსა და მათ შემქმნელებს შენობით ესაუბრებოდა. განა მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს?! კარგად იცნობდა, მოკითხვით და ფინჯან ჩაის თანხლებით, ბუხრის პირას მუსაიფით და რახმანინოვის მუსიკის ქვეშ. მოგვიანებით, შარიქაძის მეცადინეობის შემდეგ მომავალმა ფიზკულტურის გაკვეთილმა ფასი დაკარგა. მე თავს დავაჯერე, რომ რუსულის მასწავლებლის სახლში, რომელიც უწინ იუსტინო ბრინიონის ალაგად მესახებოდა, თავს აფარებდნენ პუშკინი და ესენინი, ტოლსტოი და დოსტოევსკი და ხანდახან გოგოლიც შემოეხეტებოდა ხოლმე. 

როცა გადავწყვიტე, რომ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩებოდა, იუსტინო ბრინიონის სასახლეში სწორედ მაშინ აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი მისსავე დაბადების დღეზე, რომელზეც დედამ წამიყვანა. ჩემს მასწავლებელს სახლშიც ისევე მოხდენილად ეცვა, როგორც სამსახურში. მის სამ ოთახიან ბინაში მართლაც ცხოვრობდნენ დოსტოევსკი და პუშკინი, ოღონდ წიგნებში გამომწყვდეულები, უშველებელი ბიბლიოთეკის უსასრულობაში ჩაკარგულები. მათ წინ ფოტოები ეღობებოდათ – რომლებიც ჩემი მასწავლებლის ცხოვრების ყველა ეტაპს ასახავდნენ. წლიდან წლამდე. ეპოქიდან ეპოქამდე. საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელ და მაინც დამოკიდებულ საქართველომდე და ერთ მომენტში ჩანდა, რომ მადლენა მასწავლებელს ფოტოების გადაღება შეეწყვიტა. თითქოს მადლენა შარიქაძე სწორედ ამ მისტიური რიტუალით ცდილობდა მწერლებთან ცხოვრების დაკავშირებას. ფოტოებს კი მკრთალად ანათებდა სქელი ფარდიდან ქსოვილში შემომძვრალი შუქი, რომელიც ჯერ ილფისა და პეტროვის „12 სკამს”  ეცემოდა და შემდეგ ნაწილდებოდა. 

მე-11 კლასში ამ მისტიური სახლის მუდმივი სტუმარი გავხდი. მადლენა შარიქაძეს გამოცდებისთვის უნდა მოვემზადებინე და ბოლომდე დავუმეგობრდი ადამიანს, რომელიც სხვებს ტირანად ესახებოდათ. 

ალბათ 5 წელი იქნება, რაც მადლენა შარიქაძე არ მინახავს, მაგრამ თავს ხშირად მახსენებს. ყოველთვის, როცა სამართლიანად ვამბობ, რომ რუსეთი მტერია, ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ არსებობს მადლენა შარიქაძე, რომელიც ალბათ მეთანხმება და რომლის გამოც, მე უფლება არ მაქვს რუსული ლიტერატურა არ მიყვარდეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი