პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

დამოუკიდებელი ბავშვები – რეკომენდაციები და მაგალითები

ჩემს შვილებს შორის სხვაობა 5 წელია და როდესაც ვცდილობ, დავინახო, რა ვასწავლე მათ, ვამჩნევ, რომ უმცროსს ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი თავის მიხედვა – დამოუკიდებლად ჭამა, თეფშის ჩადება ნიჟარაში თუ საპირფარეშოში გასვლა. ამას პატარა მართა ოთხი წლიდან მშვენივრად ახერხებს.

ვფიქრობდი, რა უცნაურია, რომ ხშირად, უდედმამოდ გაზრდილი  ბავშვები გაცილებით კარგად ადაპტირდებიან ხოლმე გარემოში, ვიდრე ისინი, ვისაც მშობლები დავკანკალებთ. ბავშვს აუცილებლად სჭირდება სითბო, სიყვარული, მზრუნველობა და დახმარება, მაგრამ დამოუკიდებლობა მათთვის ასევე აუცილებელი მომენტია. როდის უნდა მოახერხონ პატარებმა „სახლის ბურგერის“ (ჩემი პატარა ეძახის პურში ჩადებულ კოტლეტს) გამზადება და ძირს დაყრილი ნამცეცების სათამაშო ცოცხით გამოგვა, 5-7 წლის ასაკში თუ 42-43 წლის ასაკში?

მიაჩვიო ბავშვი დამოუკიდებელ ნაბიჯებს, ნიშნავს ადრე მოამზადო ცხოვრებასთან პირისპირ დასარჩენად.

მშობელმა ზუსტად უნდა განსაზღვროს დრო – როდის უნდა მისცეს შვილს ოდნავ მეტი დამოუკიდებლობა და არც გადაამლაშოს, არც დააკლოს, არც 2 წლის ბავშვს მისცეს ჩართული უთო და არც „50 წლის ბავშვს“ შეუწვას კვერცხი.

ამისთვის, აუცილებელია, რომ თქვენი მოთხოვნები და მოლოდინი გარკვევით გააგებინოთ შვილებს, რადგან თუ 8 წლის ბიჭუნას ოლიმპიური ჩემპიონისთვის შესაფერისი გირების აწევას მოსთხოვთ, ის ვარჯიშზე გულს აიცრუებს; 15 წლის გოგონას კი გამრავლების ტაბულის ცოდნის გამო თუ შეაქებთ, მასში დიდი სტიმულის გაღვიძებას ნუ დაელოდებით.

ცალკე ამბავია ფორმა, როგორ ეტყვით მოზარდს, რა მოლოდინი გაქვთ მისგან: „შენგან ამას არ ველოდი, იმედი გამიცრუე!“ – სტრესია ბავშვისთვის; „აბა, ჰე, მოახერხე, წაგება არ მიიღება!“ – თვითშეფასებას ურტყამს; ნათქვამი კი: „სულმოუთქმელად ველი შედეგებს, მგონია, რომ ყველაფერი გამოგივა!“ ან „მჯერა, ახლა ხუთ წუთში ჩაიცვამ მაგ ლამაზ კაბას!“ – ბავშვს სტიმულს აძლევს.

რა არის ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც შვილების დამოუკიდებელ გზაზე გასაყვანად ბევრ მშობელს დაეხმარება? ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე გამოცდილების გაზიარება კი შესაძლებელია.

გახსნილი თასმების მაგალითი

ყველა მშობელს გაუვლია პერიოდი, როდესაც მათი შვილი გახსნილი თასმებით დარბოდა და ყველას უთქვამს მათთვის: „წაიქცევი! ასე წაიქცევი“. ვის ახსოვს, როდის ისწავლა ბავშვმა საკუთარი თასმების შეკვრა? ან ვინ ასწავლა?

ჩემს შვილს ჰქონდა კედები, რომლებსაც ხუმრობით „დაწყევლილი კედები“ შევარქვით, რადგან მისი თასმები უდროო დროს იხსნებოდა ხოლმე, მაგალითად, როდესაც გზაზე გადავდიოდით ან პროდუქტებით დახუნძლული მივდიოდით.

თასმების შეკვრა ბავშვისთვის ერთ-ერთი ურთულესი გადაუჭრელი პრობლემაა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ის მარტივად ახერხებს ამ ოპერაციის ჩატარებას – საკმარისია მეტი დრო დაუთმოთ სწავლებას, ვიდრე თავად შეუკრათ შვილს თასმები და ნახავთ, ამას პატარა არსება 5 წლის ასაკშიც ისწავლის.

„დღესაც იგივე?“

რუტინული სამუშაო მომაბეზრებელი, მაგრამ აუცილებელია. თუ თქვენს შვილებს გარკვეულ ერთფეროვან წესებს მიაჩვევთ, ის დაისწავლის მათ და ადვილადაც გაართმევს თავს. მაშ, როგორ ხდება 3 წლის ჩინელი ბავშვები ვიოლინოზე რომ უკრავენ? – რუტინით.

რუტინა კი შემდეგნაირი შეიძლება იყოს:

დილით:

  • კბილების დამოუკიდებლად გახეხვა (ჯერ თქვენ დაეხმარებით, მერე თავად მოახერხებს),
  • ჩაცმა,
  • საუზმის დამოუკიდებლად მირთმევა,
  • ბაღში ან სკოლაში წასაღები ნივთების დამოუკიდებლად ჩალაგება;

    შუადღით:

  • სადილი,
  • 30-40 წუთიანი გართობა ტელევიზორთან ან სმარტფონთან,
  • საშინაო დავალების მომზადება;

    საღამოს

  • თამაში,
  • კითხვა,
  • ვახშამი,
  • აბაზანის მიღება
  • კბილების გამოხეხვა,
  • საწოლის დამოუკიდებლად გამზადება და პიჟამების ჩაცმა,
  • დასაძინებლად დაწოლა.

მსგავსი მარტივი რუტინა მათ დღის წესრიგის შედგენას მიაჩვევს და შემდგომში დროის გადანაწილებასაც ისწავლიან.

დავალებების დაქუცმაცება

ერთხელ გარაჟის დალაგება გადავწყვიტე და რამდენჯერაც შიგნით შევიხედე, გული შემიწუხდა და კარი მივხურე, რადგან „ავგიას თავლად“ მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლოს საქმის ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტე და ვიფიქრე, რომ ერთ დღეს მხოლოდ ხის მასალას გადავარჩევდი, მეორე დღეს რკინას და ასე გავიდოდი ბოლოში.
1 საათში ყველაფერი თავის ადგილას იყო და აღმოჩნდა, რომ გარაჟში მანქანაც ეტევა.

ბავშვიც ასეა, როდესაც მას უბრძანებ: „დროზე, ოთახი დაალაგე!“, ის იბნევა, მაგრამ საკმარისია დავალებები დაანაწილო და ასეთი ფორმით უთხრა: „შეგიძლია შენი ნახმარი ტანსაცმელი სამრეცხაოში მიიტანო? წიგნების თაროც რომ მიალაგო? მგონია, რომ იატაკის გამოგვასაც შეძლებ!“ – ის ყველაფერს გააკეთებს.

გააკეთა – შეაქე; ვერ გააკეთა? – არა უშავს, სთხოვე, თვალი გადევნოს, როგორ აკეთებ ამ საქმეს!

გეგმა-გრაფიკი

ადამიანს თვითსტიმულაცია და კონცენტრაცია ძალიან ეხმარება მიზნის მიღწევაში. ჩემი მოსწავლეები ორ კვირაში ერთ წიგნს კითხულობენ. არადა, არც ვთხოვ ამის გაკეთებას და არც ვაძალებ. ჩემი მეთოდი ასეთია: დავალებას ვაძლევ და თუ ვიცი, რომ რომელიმეს გაუჭირდება, ვთავაზობ, თავს მიეხმაროს კითხვაში. „ეგ როგორ, მასწ?“ უკვირთ ბავშვებს. „როგორ? მოდი, დავთვალოთ საათში რამდენ გვერდს კითხულობ. 20? ეგაა შენი რეკორდი? გიფიქრია გაუმჯობესებაზე? რანაირად? ჩამოწერე კვირის დღეები და დღეში 20 გვერდი მინიმუმი წასაკითხია, თუ რომელიმე დღეს ჩააგდებ, ეს ნაწილდება დანარჩენ 6 ზე, თუ მეტობით წაიკითხავ, შეგიძლია სხვა დღეები დაისვენო. ვცადოთ?“

როგორც წესი, ბავშვები „ისვენებენ!“.

 სახრე და თაფლაკვერი

პავლოვის ეს ცნობილი მეთოდი ბევრი პედაგოგიკის ბაზისად მიიჩნევს. ცხადია, არ იგულისხმება მართლაც სახრით ცემა, როდესაც ბავშვი შეცდომას დაუშვებს. მე პოზიტიური მიდგომის მომხრე ვარ და ამას ვურჩევდი სხვასაც. როდესაც პატარა რაიმეს აშავებს, მითითება კარგია, მაგრამ ხშირად, გადამეტებას დანაშაულის იმგვარი განცდა მოჰყვება, რომ ბავშვი უარესსაც სჩადის. თუ ის რაიმეს დამოუკიდებლად აკეთებს, შექება შესაძლოა უკეთესი გამოსავალი იყოს:

„რა კარგი ბიჭი ხარ, რომ შენი თეფში დამოუკიდებლად ჩადე ნიჟარაში!“

„ოთახი მიგილაგებია! ყოჩაღ! ძალიან გამახარე!“ და ასე შემდეგ.

ჯილდო

„გმირის მოგზაურობაში“ აღწერილი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მომენტი ჯილდოა. ჯილდოს მიღების სურვილია მორწმუნისთვის ზიარება, სამოთხე და სხვა, მეცნიერისთვის დაფასება, ნობელის პრემია და ასე შემდეგ და ბავშვისთვის ნებართვა საყვარელ საქმიანობაზე.

როდესაც ბავშვი რაიმეს გულმოდგინედ ცდილობს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოსდის, ან ვთქვათ, საშინაო დავალებას უფრო ადრე და ხარისხიანად ასრულებს, შეგიძლიათ ჯილდო გადასცეთ. ჯილდო სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს და აუცილებელი არაა საკუთარი თეფშის გარეცხვაზეც და ოთახის მილაგებაზეც ერთი და იგივე იყოს. ყველა ბავშვი სხვადასხვა რამეზე რეაგირებს, ჩემი უფროსი შვილი Playstation-ის ყიდვას ელოდება, უმცროსი კი მოძრავ საავადმყოფო ოთახს, ჩემს მეგობარ კობას ახალი წიგნები უხარია ხოლმე, ჩემთვის ჯილდო მოგზაურობაა.

საჩუქრის ასარჩევად კარგი მეთოდია ქულების სისტემა. ვთქვათ, კონკრეტულ მოქმედებას რაღაც ქულით, პირობითად 3-ით აფასებთ, 30 ქულა კი ერთი გამოგონილი მონეტაა, რომლითაც ბავშვს შეუძლია იყიდოს კომპიუტერთან ჯდომის დამატებით ერთი საათიც, ნაყინიც, წიგნიც და სულაც გადაცვალოს რეალურ ფულში Playstation-ისთვის მოსაგროვებლად.

სოციალური ქსელი

დგება მომენტი, როდესაც ჩვენი შვილი კიდევ ერთ დამოუკიდებელ ნაბიჯს დგამს – მან საკუთარი სოციალური ქსელი უნდა შექმნას, დარეგისტრირდეს Whatsapp-ზე ან Viber-ზე ან სხვა ქსელზე, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ინტერნეტის ჯურღმულებში ბავშვის მარტო შეშვება უშუქნიშნო ქუჩაში მაღაზიაში გაგზავნაზე ნაკლებ სახიფათო არაა, მეტიც, ამიტომ თავისუფლების ამ ნაწილს, თავდაპირველად მაინც გარკვეული შეთანხმებები უნდა უძღოდეს წინ:

  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელს უფლება დარჩება ნებისმიერ დროს შეიხედოს მათ სოციალურ ქსელში, თუ წინასწარ გააფრთხილებენ შვილებს;
  • ამასთანავე, მათ ექნებათ შვილის ყველა პაროლი და სახელი;
  • ბავშვებმა უნდა უთხრან მშობლებს, თუ ვინმე მათთვის მიუღებელ კომენტარს დაუწერს ან უხამს ფოტოს გაუგზავნის;
  • ასევე უნდა უთხრას, სხვა თუ მოსთხოვს მათ ფოტოს გაგზავნას;
  • მათ უნდა იცოდნენ, რომ არც უცხოს, არც ნაცნობს არ უნდა მიაწოდონ ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგალითად, CVC კოდი მამიკოს საფულიდან;
  • წესების დარღვევის შემთხვევაში, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დაკარგავს წვდომას სოციალურ სივრცეზე.

რაკი საკითხი სერიოზულია, თქვენც კიდევ უფრო გაასერიოზულეთ ის და გაამზადეთ კონტრაქტის სახით, სადაც თქვენც და შვილიც ხელს მოაწერთ და თარიღსაც დასვამთ (მოგვიანებით, ეს ფურცლები კარგი გასახსენებელი იქნება).

გამეორება ცოდნის დედაა?

გააჩნია შემთხვევას. თუ შვილს გამუდმებით გაუმეორებთ: „არ დაგავიწყდეს მეცადინეობა! ხომ არ დაგავიწყდება? დადებ ფიცს, რომ არ დაგავიწყდება? ჯილდო ხომ გინდა? – ჰოოდა, არ დაგავიწყდეს!“ ბავშვი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება, ამიტომ მიეცით მას ამ მხრივ შეცდომის დაშვების უფლებაც და ასწავლეთ, როგორ შეახსენოს თავს, რა აქვს გასაკეთებელი.

პატარა კოალები

ყველა ბავშვი ერთნაირი არაა, ამიტომ, თუ ისე მოხდა, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან გაუჭირდა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, ნუ შეშინდებით და ნურც მათ შეაშინებთ. შეიძლება თქვენს შვილს ოდნავ მეტ ხანს სჭირდებოდეს მშობელზე დამოკიდებულება, მერე რა, ორჯერ მეტი დრო დახარჯეთ, რომ მან დაბნეულობა და შიში გადალახოს და გახდეს თავისუფალი. ზოგიერთი ბავშვი ანტილოპა გნუსავით მალე იდგამს ფეხს, ზოგი კი კოალას შვილივითაა და დიდი ხანი ეკვრის დედას გულზე, რადგან ფეხის დამოუკიდებლად გადადგმის ეშინია.
ნუ გააგდებთ ბავშვს თქვენგან, თუ ამჩნევთ, რომ ეს მისთვის სტრესია, ფრთხილად გაუშვით ხელი, მაგრამ გაუშვით აუცილებლად და დროულად, რათა გაიზარდოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი