შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბილეთობანა და ქვითრობანა

არსებით სახელებს – ბილეთსა და ქვითარს – სუფიქსი „-ობანა“  შემთხვევით არ „მივამაგრე“. ბავშვებისთვის გამოვიგონე საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი თამაში, რომელიც მასწავლებლებს მებადურებად გვაქცევს – ამჯერად თევზების ნაცვლად მოსწავლეების ამბები უნდა მოვაგროვოთ.

პირობა ამგვარია – თამაშის წესებს ჩვენს ცხოვრებას ვარგებთ, ვფიქრობთ ბილეთებისა და ქვითრების შესახებ და ვქსოვთ სათქმელს.

ყველაფერი ერთ მიწისქვეშა ჰიპერმარკეტში დაიწყო. ქალაქის თავბრუდამხვევი რიტმს აყოლილი შინ ვბრუნდებოდი და პროდუქტის ყიდვა გადავწყვიტე. ბავშვებისთვის თბილ-თბილი ფუნთუშები გამოვაყოლე ხელს. ფუნთუშის სახელმა – „თათები ვაშლის ჯემით“ – ჩემი ყურადღება მიიქცია  და ქვითრებზე დაკვირვებამ გამიტაცა.

ამას მოჰყვა ბილეთებსა თუ ქვითრებზე შვილებთან ერთად მოკლე ჩანაწერების გაკეთება და ამგვარად ჩვენი დღეების შენახვა.

ეს თამაში შეგვიძლია სასწავლო აქტივობად ვაქციოთ და წერითი თუ ზეპირმეტყველებითი უნარების განვითარებასთან ერთად საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვება ვისწავლოთ და ვასწავლოთ.

მაგალითად, მოსწავლეებს ვაჩვენოთ ჩვენი ოჯახისთვის შეძენილი ნივთების ნუსხა და შევარჩიოთ სათქმელი, მოვუთხროთ რამდენიმე ამბავი პირადი ცხოვრებიდან,

თუნდაც ამგვარი…

ფეხით მაღაზიისკენ

აგვისტო ჩემს სამ შვილთან ერთად სოფელ პიპილეთში გავატარე. პროდუქტის საყიდლად ერთხელ ფეხით ქალაქ ონში წასვლა გადავწყვიტე. მოვიკიდე აგურისფერი ზურგჩანთა, დავაძინე ჩემი გოგონა და ჩქარი ნაბიჯით გავეშურე რაიონული ცენტრისკენ. შუადღის მზე აცხუნებდა. გზა წვიმებისგან ამღვრეულ მდინარე ჯეჯორას მიუყვებოდა. კანტიკუნტად  მხვდებოდნენ მანქანები. მივდიოდი და თავისუფლებით ვტკბებოდი. რომ იცოდეთ, ზოგჯერ როგორ მჭირდება ჩემი პირადი დრო, მარტოობა და ფიქრი. იმდენად, რომ 7 კილომეტრის ფეხით გავლაც კი არ დავიზარე. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერს და მიკვირდა მანქანიდან შეუმჩნეველი სამყაროს აღმოჩენა. ერთგან გადაგდებულ ჭრელ ბალიშებს გადავწყდი, მერე დანგრეული ხიდი შევნიშნე, ჭალის პირს ჩაყოლებული თელების შრიალით ვტკბებოდი, აგურებად დაშლილ შენობასაც ჩავუარე, კლდიდან მორაკრაკე წყაროსთან სახე გავიგრილე და ერთი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ ათას ფიქრთან ერთად ონში შევაბიჯე.

უკან დაბრუნებული ჩემი შვილებისთვის ნამდვილ გმირად ვიქეცი. აღფრთოვანებულები ბევრ კითხვას მისვამდნენ, თან ტკბილეულით გაძეძგილ ზურგჩანთას მოლოდინით სავსე მზერას ავლებდნენ. იმ დღის ქვითარი რას არ ასახავდა: კოკა-კოლას თუნუქის ქილებში, მიწის თხილს, მზესუმზირას, შოკოლადებს, კარაქს, ვანილსა და ფქვილს საყვარელი ნამცხვრისთვის…

მასწავლებლებმა კი ვიცით, როგორ უყვართ ბავშვებს პირადი ამბების მოსმენა, როგორი გადამდებია ქმედება. მთავარია, საინტერესოდ მივაწოდოთ სათქმელი. ნამდვილად არ დარჩებიან გულგრილები, თუკი სუპერმარკეტის ქვითარს მივიტანთ და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ კითხვას დავუსვამთ: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გიამბოთ? ალბათ, მათი სავარაუდო პასუხების წარმოდგენისას თქვენც ჩემსავით გეღვრებათ გულში სითბო.

ერთი ქვითრის ამბავი გავაცნოთ და ვთხოვოთ, თავადაც შეარჩიონ ჩვენთვის სათქმელი.

 

აფთიაქის ქვითარი

ჩვენი სოფლის უბანში ზაფხულობით ხალხმრავლობაა. მეზობლების – ნაზი, ინგა და ნაირა დეიდას – ოჯახების გარეშე აქ ყოფნა გაუფასურდებოდა. ერთხელ ისეთი ჭექა-ქუხილი ყოფილა, სახლს აზანზარებდაო, მითხრეს დილას. მერე სათითაოდ გამიმხილეს, რომ ვდარდობდით, ლელას არ შეეშინდესო. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რას ნიშნავს მათი მზრუნველი ფიქრები ჩემთვის.

ნაირა დეიდა საღამოს ეჟვანშებმულ ძროხებს ჩამოჰყვება ხოლმე ტყიდან. ერთხელ შავებით მოსილ მის სხეულს თვალი შევავლე და შევაქე, პატარა გოგოსავით გამოყურებით-მეთქი,  მისმა შვილმა, ნათიამ კი მითხრა, შენ არ იცი, როგორი სპორტსმენი იყო ახალგაზრდობისას, ბოლთას მთიდან თხილამურებით ეშვებოდა და შეჯიბრშიც იღებდა მონაწილეობასო.

ნათია დილის ყავისთვის ნესტანთან ჩამოდის. მე ბავშვების გაღვიძებამდე მოცუცქნულ აივანზე ვფუსფუსებ. მზის ამოსვლით, მერცხლების ჭიკჭიკით, ნისლის ყურებით ვტკბები და თან ვმუშაობ. ნათია დამინახავს თუა არა, ამომძახებს, წერ თუ კითხულობო. მისალმების ჩვენებურ ტრადიციად იქცა ეს ფრაზა.

ნაზი დეიდა ჩვენს ეზოში გაზაფხულზე დარგულ ნერგებს რწყავდა და პატარა ხეები გახარებული დამახვედრა. ზოგჯერ ურჩი ძროხები ღობეს გადმოაფრინდებიან ხოლმე და მე ვერ ვიგებ. ნაზი დეიდას ჩვენს ეზოში ამოდის და დევნის. მისმა ზრუნვამ გადაარჩინა ღობის პირას დარგული კაკლის ხე, რომელიც ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ნუკრი ბიძიამ, მამაჩემის გარდაცვალების მერე პლასტმასის გადაჭრილ ბოთლში გაზარდა და მაჩუქა, დედამ კი პიპილეთის ეზოში გადმორგო. მახსენდება გაზაფხულის ერთი დღე. ნარატოლოგიის ლექციაზე ვიჯექი და ნაზი დეიდას გამოგზავნილი ფოტოები მესენჯერში მოწკაპუნდა, ნახე, ლელა, როგორია შენი სახლი ამ გაზაფხულსო, მწერდა.

ინგა დეიდა სკოლის ბუღალტერია. გამოაცხობს ლობიანებს, ქადებს, მოუვლის შვილიშვილებსა და შვილებს, მერე გახსნის თავის შავ ლეპტოპს და გულდასმით მუშაობს. ისეთი საყვარელია ამ დროს. რამდენიმე დღის წინ მისმა შვილმა, გუჯამ,  პიპილეთში ველოსიპედი ამოიტანა და ინგა დეიდა სოფლის თავში წაიყვანა ველოსიპედის სატარებლად. მერე ინგა დეიდა ღიმილით მიამბობდა, ჩემს ქმარს დავემალეთ, არ ვიცი, რა ჰგონია, მაგრამ ველოსიპედით სიარულს მიშლისო.

ნათია ბიბლიოთეკარია. დაუღალავად მიამბობს ფონდი „ტასოს“ ქველმოქმედების ამბებს და მე უნახავად შემიყვარდნენ ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები. სულ ვდარდობდი ნათიას გამო – სამუშაოს პერსპექტივაც რომ არ არსებობდა დაცარიელებულ სოფელში. ბოლო ორი ზაფხულია სამსახურმა დიდი სიხარული შემატა ჩემი მეგობრის ცხოვრებას. პიპილეთის კოხტა ბიბლიოთეკაში სხვა წიგნებთან ერთად სილვია პლათის „ზარხუფი“, კნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი“, აინ რენდის „პირველწყარო“, შექსპირის ტრაგედიები მეგულება და პატარა მკითხველთა კლუბის ჩამოყალიბების იდეა მიჩნდება. მთავარია, პანდემიამ გადაიაროს.

აფთიაქის ქვითარზე, რომლის ირგვლივ ადამიანების ისტორიები გიამბეთ, სახის დამატენიანებელი ნიღბების ჩამონათვალია შესანიშნავი ქალებისთვის, ჩემი ძვირფასი მეგობრებისთვის. ადამიანების შემჩნევა, მათი ნათქვამისა თუ საქციელის დაფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ.

ნიურნბერგის ნაციონალური მუზეუმის ბილეთები

ნიურნბერგში ლანას გამო აღმოვჩნდი. უწერაში ყოფნისას ბლოგს რომ ვწერდი, მაშინ გავიცანით ერთმანეთი. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა ევროპის ერთი ქალაქიდან მეორეში. ლანამ არაჩვეულებრივი მასპინძლობა გამიწია. ფეხდაფეხ შემომატარა ქუჩები. მიყვებოდა ქალაქის ისტორიის შესახებ. მერე მუზეუმში წავედით.

შენობასთან მისულებს შეყვარებულ წყვილს მოვკარით თვალი, სიხარულსა და სიმშვიდეს ასხივებდნენ. უეცრად მამაკაცი მოგვიახლოვდა და მუზეუმის ბილეთები გვაჩუქა. ახლა გომბრიხის „ხელოვნების ამბავს“ ვკითხულობ და ვოცნებობ, კიდევ ერთხელ ვესტუმრო ნიურნბერგის ნაციონალურ მუზეუმს, დიურერის ნახატებს საგულდაგულოდ მოვძებნიდი და დავაკვირდებოდი. მსოფლიოს პირველი გლობუსი, უძველესი ვიოლინოები და ნახატი, რომელზეც საბრალო გრეტხენი იყო დახატული გოეთეს „ფაუსტიდან“,  ჩემს მოგონებებში ცოცხლობენ. უცნობი მამაკაცის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ კი, რომელმაც მე და ჩემი ლამაზი მეგობარი გულიანად აგვაკისკისა, ნიურნბერგის მუზეუმს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

ნიურნბერგის მუზეუმის ბილეთთან დაკავშირებული ამბავი განსაკუთრებულია. ყველას ცხოვრებაში ხდება მსგავსი მოვლენები და ჩემი მიზანიც ის არის, რომ ერთფეროვან ყოველდღიურობაში დაგროვებულ სათქმელს საინტერესო მიმართულება მივცეთ.

სასტუმრო „მანინოს“ ქვითარი

სასტუმრო „მანინო“ სოფელ უწერაში ახლახანს გაიხსნა. მის ადგილას ხის დანგრეული შენობა იდგა. ორსართულიანი შენობის შავი სახურავები ნაძვების სიმუქეს ერევა და ბუნებას ერწყმის. სოფელშიც დიდი სიხარული მოიტანა „მანინომ“ – ჩემი ნაცნობი ქალები და მამაკაცები, ყოფილი მოსწავლეები – დაასაქმა.

ამ ზაფხულს სასტუმროს რესტორანს რაჭველ მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრე. „მანინოს“ ქვითარი მედიაწიგნიერების განვითარებისთვის მშვენიერი საშუალებაა. ჩეკი 1121 ნომრით არის მონიშნული, თურმე ოფიციანტი ოთო გვემსახუებოდა, ჩვენი შეკვეთა 25 ივლისს, 17:17 წუთზე, არის დაფიქსირებული. მეხუთე მაგიდასთან ვმსხდარვართ. იმერული ხაჭაპური, კოკა-კოლა, ფანტა და ამერიკანო შეგვიკვეთავს.

„მანინოში“ სტუმრობის მიზეზი ნამდვილად საზეიმო იყო, რადგან ჩვენი შრომით გამომუშავებული თანხით გავუმასპინძლდით ერთმანეთს.

უწყვეტმა კითხვამ, ლიტერატურული კაფეებისთვის ჩანთების, პოსტერებისა თუ მაისურების მოხატვამ საწარმოს ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა, რომელიც მე და ჩემმა ოთხმა მოსწავლემ დავაარსეთ. სახელიც ლიტერატურული დავარქვით – „სოსანი“. „ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას გოგონები აღფრთოვანებულები დარჩნენ შოთა რუსთაველი ავთანდილს, ჩვენს უსაყვარლეს პერსონაჟს, სოსანს რომ ადარებდა. პოემის ესთეტიზმის აღქმაც სწორედ ამ მეტაფორიდან დაიწყო. მიხვდნენ, რომ სულ სხვა სამყაროს – მშვენიერსა და ამაღლებულს – დაუახლოვდნენ.

ჩვენი სახსრებით სამკერვალო Eya-ს  18  თეთრი მაისური შევაკერინეთ, გავინაწილეთ და საყვარელი წიგნებისა თუ მულტფილმების მიხედვით მოვხატეთ, შევქმენით ფეისბუკგვერდი და ჩვენი წამოწყება სხვებს გავუზიარეთ. ძირითადად, ჩემი მეგობრები გამოგვეხმაურნენ, ჩვენს წასახალისებლად მოხატული მაისურები  შეიძინეს. ასე მოვაგროვეთ ნაჭრისა და შეკერვის საწყისი თანხა და მოგებად თითოეულს 10 ლარი გვერგო. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიამაყით გავეშურეთ „მანინოში“. ბოლოს გოგონებს ქვითარზე ჩანაწერების გაკეთება შევთავაზე. ჩემი საყვარელი ადამიანების ხელნაწერები ერთმანეთისთვის გამოგონილ სამყაროში მამოგზაურებს.

„ხანდახან ოცნებები რეალობად იქცევა. დღეს ისევ ერთად ვართ ნაძვების გარემოში. დაე, მუდამ ასე ვიყოთ“. – წერს მარიამი და ეს წარწერებიანი ქვითარი მოწმეა ჩვენი გეგმებისა – საშემოდგომოდ გრძლემკლავიანი მაისურების შეკერვა და მოხატვა რომ დავგეგმეთ.

„მანინოს“ რესტორნის ქვითარი ჩემი ახლანდელი მოსწავლეებისთვის დიდ მოტივაციად შეიძლება იქცეს. ისინი დარწმუნდებიან, რომ წიგნების კითხვა საკუთარი შესაძლებლობებისა და შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს.

 

„ბიბლუსის“ ქვითარი

ასტრიდ ლინდგრენი „ომის დღიურებში“ დაწვრილებით აღწერს შვილებისთვის ნაყიდ დაბადების დღის საჩუქრებს. მისი მიბაძვით ჩემი შვილებისთვის ერთის ნაცვლად რამდენიმე საჩუქარს ვარჩევ.

ამჯერად „ბიბლუსის“ ქვითარზე უნდა გიამბოთ, ოდრი ჰეპბერნის ავტობიოგრაფიულ წიგნს – „სიყვარულის გამხელას“ – რომ მოჰყვა თან. ჩემი უფროსი გოგონასთვის საჩუქრებზე ზრუნვა სოფლიდან მომიწია. წიგნის ჩუქება ტრადიციად დავნერგე. ჩემმა ძმისშვილმა ლუკამ არ დაიზარა, წიგნი თბილისში შეიძინა, მერე ჩვენს სახლში მიიტანა და თეკლას ბაბუამ სოფელში ამოგვიტანა. ნაქერალაგადმოვილი თეთრყდიანი წიგნი უზომოდ გაუხარდა თეკლას. ამ ბოლო დროს ოდრის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ვუყურებთ. გოგონამ წიგნი ეზოში ჩაიტანა და თავისი ხელით აგებულ „ვიგვამში“ განმარტოვდა. „სიყვარულის გამხელა“ მისთვის პირველი ბიოგრაფიული წიგნია და ამგვარად მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებულ ჟანრს გაეცნობა.

ოდრიმ წიგნი სიკვდილამდე სამი თვით ადრე დაწერა და ამბობს, რომ ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის მიზნით გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების შესახებ წერა.  დედ-მამის დაშორებით გამოწვეული ტკივილი, მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილები, შიმშილი, ვირთხებისთვის არდათმობილი გამხმარი ფუნთუშები და ვაშლი, ბალერინობაზე მეოცნებე გოგონას იმედგაცრუებანი – ოდრი არაჩვეულებრივი მთხრობელია. მისი გავლენით ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებას დიდი შემართებით შეუდგები. ერთხელ ცნობილ რეჟისორს, ჯორჯ სტივენსს, მისთვის ანა ფრანკის როლი შეუთავაზებია, რაზედაც ოდრის მტკიცე უარი განუცხადებია. გაწბილებულ რეჟისორს ანა ფრანკის მამა, ოტო ფრანკიც, კი მიუგზავნია მსახიობთან, მაგრამ ოდრის აღარ შეეძლო კიდევ ერთხელ გამოევლო მოზარდობისას განცდილი ტკივილი და კვლავ უარი უთქვამს.

„ბიბლუსის“ ქვითარს შეიძლება მოკლე ჩანაწერიც გაუკეთდეს: „დაგვიანებული საჩუქარი, პიპილეთი, დედა, ბაბუა, კიბე, მთა…“ და თეკლას დღიურში დაბინავდეს.

მოკლე ჩანაწერებიც მშვენიერი გზავნილებია თხრობისთვის, ამასთანავე, საჩუქრის შერჩევასა და საყვარელი ადამიანების მზრუნველობაზე დაგვაფიქრებს.

 

ეროვნული მუზეუმის ბილეთი

ეროვნული მუზეუმის ბილეთი ამჯერად მხოლოდ ერთი ექსპონატის სახელს გააჟღერებს – ყელსაბამი მედალიონითა და სანელსაცხებლით, რომელიც არმაზისხევის სამარხში არის ნაპოვნი და ახ. წ. II საუკუნით თარიღდება. ოქროს ყელსაბამი შემკულია ძვირფასი თვლებით – გრანიტით, ფირუზითა და ამეთვისტოთი. ძველ სანელსაცხებლებზე შეყვარებული ვარ. დროში მოგზაურობისკენ მიბიძგებს. ვფიქრობ, ვინ ამზადებდა, რისთვის იყენებდნენ ან ვის ეკუთვნოდა.

1900 წლის წინანდელი ექსპონატი ყოველი ნახვისას მაკვირვებდა, მაგრამ გიდის ნაამბობის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივდა.  საქმე ის არის, რომ მედალიონის ქვემოთ ჩამოკიდებულ სანელსაცხებლეში  ბავშვის სარძევე კბილი აღმოუჩენიათ. ყელსაბამი მცხეთის დიდგვაროვანი ქალის ნივთად მიიჩნიეს. იქვე არის ნაპოვნი აკლდამის ქვა, ორენოვანი ბილინგვა, რომელზეც არამეულად და ბერძნულად  წარწერა არის დატანილი. ბილინგვიდან ვიგებთ, რომ აკლდამა ეკუთვნოდა ზევახ პიტიახშის ასულს, სერაფიტს, მეფის ეზოს მოძღვრის, იოდმანგანის, ცოლს. „ვაგლახ, ვაგლახ, რა ახალგაზრდა წახვედი, რა სათნო და მშვენიერი იყავი, სილამაზით ქვეყნად ვერავინ შეგედრებოდა!.. ოცდაერთი წლისა გარდაიცვალე“. – ამგვარი სიტყვებით ბოლოვდება წარწერა.

ვარაუდობენ, რომ ოქროს ყელსაბამი მედალიონითა და სანელსაცხებლით შესაძლოა სერაფიტას ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში გავრცელებული ყოფილა სარძევე კბილების ამულეტებად გამოყენება, მე მაინც ახალგაზრდა დედის განცდებზე მეფიქრება. ნეტავ, ბიჭი ჰყავდა თუ გოგო? რა ერქვათ? როგორ ზრდიდა? რას აჭმევდა? როგორ დაამშვიდა შვილი, როცა კბილი მოსძვრა? მეც საგულდაგულოდ ვინახავ ჩემი შვილების სარძევე კბილებს და ახალგაზრდა ქალის ყელსაბამმა დედობრივი სინაზე გამიღვივა.

ვახტანგ ჭელიძე ქართლის ცხოვრების ქრონიკების პირველ ტომში (გვ. 164-168) საინტერესო მოსაზრებას ავითარებს ორენოვანი ბილინგვის ირგვლივ. მხატვრული ჩანართი, სამარხის ისტორია, ორენოვანი ბილინგვა, ექსპონატის ანოტაცია – რამდენიმე საგნის მასწავლებლის გაერთიანებისკენ მიბიძგებს და ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისთვის მშვენიერი იდეაა.

მასწავლებლებისთვის მოკლე რჩევები „ბილეთობანას და ქვითრობანას“  ირგვლივ ამგვარია:

 

  1. მოსწავლეებმა თავად შეარჩიონ მაღაზიის ან ავტობუსის ქვითარი და ზედ გააკეთონ მოკლე ჩანაწერი;
  2. რვეულში ვრცლად დაწერონ ყველაფერი, რასაც საინტერესოდ მიიჩნევენ;
  3. დახატონ შესაბამისი ილუსტრაცია;
  4. მოირგონ მთხრობლის როლი – კლასელებსა და მასწავლებელს უამბონ, რატომ შეარჩიეს კონკრეტული ქვითარი ან ბილეთი, გამოკვეთონ მნიშვნელოვანი დეტალები;
  5. ვისაც სურვილი ექნება, კლასის ბლოგზე განათავსოს ჩანაწერი;
  6. შევთავაზოთ პროექტი სახელად – „გავიცნოთ ერთმანეთი“ და სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ვთხოვოთ, ერთი ბარათის ან ქვითრის მიხედვით საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიამბონ;
  7. მასწავლებლებს შეგვიძლია „ბილეთობანა და ქვითრობანა“ კომპლექსურ დავალებად ან შემაჯამებელ სამუშაოდ ვაქციოთ.

 

ბილეთებსა და ქვითრებზე ფიქრმა ბევრი სათქმელი დამიგროვა. მათზე დატანილი წარწერები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გვასწავლის მოკლე კომენტარების ჩაწერას, შემდეგ ერთ ამბად გადაქცევას, მნიშვნელოვანი დეტალის გამოკვეთას, ამბების თხრობას და  სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩებით იმის აღმოჩენით, თურმე როგორი მრავალფეროვანი არის ჩვენი ყოველდღიურობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი