ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ათი საუკეთესო გამონათქვამი მასწავლებლების შესახებ

მრავალი წლის წინ, ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე ძვირფასმა ადამიანმა მშვენიერი ბლოკნოტი მაჩუქა. რკინის ზამბარით აკინძული ფერად-ფერადი ფურცლები მაშინ ძალიან დიდი იშვიათობა იყო. გადავწყვიტე წიგნაკი უაზრო ჩანახატებით, ბანქოს სათამაშო ცხრილებითა და თანაკლასელთა სამახსოვრო ჩანაწერებით არ შემევსო. ბლოკნოტს სხვა, უფრო დიდი მისია უნდა ჰქონოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მასში მახვილგონივრული გამონათქვამების ჩაწერა დავიწყე. წიგნის კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას, მოგზაურობისას გვერდიდან არ ვიშორებდი ჩემს რვეულის მაგვარ დავთარს, რათა საუკეთესო ფრაზები თუ აფორიზმები ჩამენიშნა.

დიდი ხანი ვაგროვებდი ციტატებს ჩემი კრებულისთვის, ბოლოს წიგნაკს ყდა გაეცრიცა, ზამბარა მოეღრიცა, ფურცლები ამოცვივდა. მოსწავლის მიერ შეკოწიწებული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიფანტა. გასულ უქმეებზე ძველი კარადის ჯურღმულში საყვარელი ბლოკნოტის გადარჩენილი ფერადი გვერდები ხელახლა აღმოვაჩინე. თურმე, მასწავლებლების შესახებ ნათქვამ ბრძნულ აზრებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი. მინდა რამდენიმე ძველი და კარგად ნაცნობი შეხედულება ხელახლა შეგახსენოთ.

ადრეული ასაკიდანვე ვიცოდი, რომ მასწავლებლებს განსაკუთრებული ძალაუფლება ეპყრათ ხელთ. სკოლა სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. პედაგოგები ახალ თაობას ღირებულებებს უზიარებენ, კულტურულ ნორმებსა და საზოგადოებრივ სტანდარტებს შეასწავლიან, ავ-კარგის ერთმანეთისგან გარჩევაში ეხმარებიან. მათ შრომაზეა დამოკიდებული ის, თუ რა ტიპის მოქალაქეები შემოაბიჯებენ მომავალში საზოგადოებრივ ასპარეზზე. აღნიშნულ რწმენას უახლესი ისტორიის ორი ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება მიმყარებს. 1871 წელს, გერმანიის გაერთიანებისა და საფრანგეთ-პრუსიის ომში გამარჯვების შემდეგ „რკინის კანცლერმა“ ოტო ფონ ბისმარკმა აღნიშნა: „საფრანგეთთან ბრძოლა გერმანელმა მასწავლებლებმა მოიგეს“. დიდ მოღვაწეს მიაჩნდა, რომ ზარბაზნებითა და თოფებით, ხელყუმბარებითა და ხანჯლებით არ წყდებოდა არმიის წარმატების ბედი. მისთვის მთავარი ჯარისკაცთა, ექიმთა, რიგით მოქალაქეთა სულისკვეთება გახლდათ, რომლის გამომუშავებაც, გამაერთიანებლის აზრით, მხოლოდ მასწავლებელთა საქმიანობაზე იყო დამოკიდებული. ნახევარი საუკუნის შემდეგ, ევროპის მეომარმა ლიდერმა უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა: „სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.“ მართლაც, მთავრობის მეთაურთა შესაძლებლობები საპარლამენტო საარჩევნო ციკლით არის შემოფარგლული და ათას სხვა წვრილმანზე – პარტიის შიდა ინტრიგებზე, პარტიებს შორის კინკლაობაზე არის დამოკიდებული. ერთი მასწავლებლის მიღწევები და შეცდომები კი ასობით მოსწავლის ცხოვრებაზე სიცოცხლის ბოლომდე ახდენს გავლენას. განათლებისა და კულტურის მიმართ სერ უინსტონის დამოკიდებულებაზე კიდევ ერთი ცნობილი ფაქტი მეტყველებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ფინანსთა მინისტრს პრემიერისთვის განათლებისა და კულტურის სფეროს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება შეუთავაზებია, რათა შეიარაღებული ძალები დამატებითი რესურსებით გაეძლიერებინათ. მასწავლებლები, მკვლევრები, მუზეუმის თანამშრომლები შეიძლება ულუკმაპუროდ დარჩენილიყვნენ, შეფერხებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესს კი საბოლოოდ გაჩერება ემუქრებოდა. მაშინ ჩერჩილს კაბინეტის წევრებისთვის უთქვამს: „თუკი საკუთარ კულტურას ჩვენივე ხელით ვუპირებთ ყელის გამოღადვრას, მაშინ რისთვისღა უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა?“

წლებია თავადაც მასწავლებელი ვარ და დიდ დროს ვატარებ საუნივერსიტეტო აუდიტორიაში. სტუდენტებთან ყოველი შეხვედრის წინ, საკუთარ თავს ვეკითხები, ვიმსახურებ თუ არა მათთან ურთიერთობის პატივს. ყოველთვის ვეძებ პასუხს კითხვაზე – როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? ჩემი ბლოკნოტის გადარჩენილ ფურცლებზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრების ამოკითხვაა შესაძლებელი.

დიდი ქრისტიანი არაბი მწერალი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი წერდა: „თუ მასწავლებელი ნამდვილად ბრძენია, ის არასდროს ითხოვს თავისი სიბრძნის საუფლოში მოსწავლის შებრძანებას. პირიქით, ბრძენი მასწავლებელი თქვენივე გონების ზღურბლისკენ გაგიძღვებათ, მის კარზე დაკაკუნებაში დაგეხმარებათ“. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ალბერტ აინშტაინიც, რომელიც ამტკიცებდა: „ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ფანტაზია ყველაფერია, ეს არის მომავლის მოვლენების წინასწარი ხედვის უნარი. მასწავლებლის ხელოვნებაში მთავარია სიხარულის გაღვივება ახლის შექმნისა და შემეცნებისადმი“. ძალიან შთამბეჭდავია ბერძენი მომღერლის – მარია კალასის სიტყვებიც: „რა განსხვავება კარგ და შესანიშნავ მასწავლებლებს შორის? კარგი მასწავლებელი მოსწავლეს შესაძლებლობებს გარკვეულ ზღვრამდე ავითარებს. საუკეთესო პედაგოგმა კი თავიდანვე იცის, თუ სად გადის ეს ზღვარი“.

სამწუხაროდ, ხშირად ვუშვებ ხოლმე შეცდომას. ხანდახან იდეები გამიტაცებს და აუდიტორიაში დაუსრულებლად ვსაუბრობ ჩემთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ყველა მხრიდან, ყველა პერსპექტივიდან განვიხილავ მას. მავიწყდება, რომ ჩემი ცოდნა და მისი გადმოფრქვევა მთავარი არ არის. ათასჯერ მნიშვნელოვანია ის, თუ რა შემიძლია გავაკეთო მსმენელის კრიტიკული აზროვნების, ფიქრის, ინტერესის გამოსაცოცხლებლად, მისი ფანტაზიის წასახალისებლად. თან მე ერთი ვარ, ისინი კი ბევრნი და ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან. ალბათ, ძალიან რთულია მხოლოდ ხორციელ სიამოვნებაზე სრულად ორიენტირებულ საზოგადოებაში, ადამიანებს ახლის შექმნისა და შემეცნების სიხარული განაცდევინო. ამასთანავე, მათი შესაძლებლობების ზედა ზღვარი ჩემთვის ყოველთვის თვალსაჩინო არ არის, ხშირად მგონია, რომ ყველას უფრო მეტი შეუძლია. ალბათ, აღნიშნულ სირთულეზე ფიქრობდა ჩემი საყვარელი მწერალი, ნობელიანტი ჯონ სტაინბეკი, რომელსაც ერთხელ უთქვამს: „მივედი დასკვნამდე, რომ დიდებული მასწავლებელი ამავდროულად დიდებული ხელოვანია. დიდებული მასწავლებლები ისეთივე ცოტანი არიან ჩვენს ირგვლივ, როგორც დიდებული არტისტები. სწავლება შეიძლება იყოს უდიდესი ხელოვნება, რადგან ჩვენს სამყაროში ადამიანის გონება და სული მთავარი მედიუმია“.

თომას მანის შემოქმედების ყველა მოყვარულს კარგად ახსოვს „ბუდენბროკების“ ერთ-ერთი უკანასკნელი თავი, სადაც ავტორი პატარა ჰანოს სასწავლებელში შექმნილ სიტუაციას გადმოგვცემს. ავტორი სკოლის ახალი უფროსი მასწავლებლის, დოქტორ ვულიკეს მიერ დამყარებულ წესრიგს დაწვრილებით აღწერს: „იქ, სადაც ოდესღაც მოწაფეები კლასიკურ განათლებას ძალდაუტანებლად, ხალისით იძენდნენ, ახლა პატივისცემის ღირსად ავტორიტეტის, მოვალეობის, ძალაუფლების, სამსახურისა და კარიერის ცნები იქცა… სკოლა სახელმწიფოში სახელმწიფოდ გადაიქცა, სადაც პრუსიული ყაიდის დისციპლინას ისე მაგრად მოეკიდებინა ფეხი, რომ მხოლოდ პედაგოგები კი არა, მოსწავლეებიც ჩინოვნიკებად გრძნობდნენ თავს და მხოლოდ წინ წაწევისთვის და უფროსებთან კარგი დამოკიდებულებისთვის იღვწოდნენ“. გულკეთილობის, ხალისის, კეთილმოსურნეობისა და სიმყუდროვის სამხედრო დისციპლინითა და ძალაუფლებრივი იერარქიით ჩანაცვლების შემთხვევაში, გაკვეთილსა და ლექციას ყველანაირი ფასი ეკარგება. რამდენჯერ მინახავს ჩინოვნიკებად ქცეული, მხოლოდ კარიერასა და უფროსებთან კარგი დამოკიდებულებისთვის მებრძოლი მოსწავლეები თუ სტუდენტები. იმას კი ნამდვილად ვახერხებ, რომ ჩემს აუდიტორიაში ბიუროკრატიული ავტორიტარიზმი არ სუფევს.

მასწავლებლის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და საზოგადოების მისდამი დამოკიდებულების ხარისხი ბევრი ჭკვიანი ადამიანისათვის სახელმწიფოს განვითარების დონეს უზუსტესად განსაზღვრავს. მახსენდება გერმანიის ერთ-ერთი ყოფილი განათლების მინისტრის, შემდგომში კი ვატიკანში ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ქ-ნ ანეტე შავანის სიტყვები: „თუ საშუალო რანგის ბიზნეს-კონსულტანტი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე კარგი მასწავლებელი, მაშინ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც ძალიან არასწორი ხდება“. საუბედუროდ, უკეთურებას საქართველოშიც ღრმად აქვს ფესვი გადგმული. ქართულ საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესია მხოლოდ ზედაპირულ, სიტყვით გამოხატულ პატივისცემას იმსახურებს, სინამდვილეში, ბევრს უბრალო მენეჯერების ყოფა უფრო ხიბლავს.

ბოლო წლებში ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს რეგიონებში, ყველაზე მიყრუებული სოფლის მცირეკონტიგენტიანი სკოლის დანგრეულ კედლებზეც კი მინახავს გამოკრული გაბრიელა მისტრალის ათი ცნება, რაც უზომოდ მახარებს. ამაზე უკეთესი ადამიანმა რა შეიძლება წაიკითხოს მასწავლებლის შესახებ? ჩილელი პოეტის რამდენიმე გულწრფელი, სიკეთითა და სიყვარულით აღბეჭდილი წინადადება უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ბოლო წლებში პედაგოგიკის დარგში დაწერილი ათასობით დისერტაცია. აუდიტორიაში შესვლის წინ ყოველთვის ვუმეორებ საკუთარ თავს:

სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს!

ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი