პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩავლილი ამბავი – პაროტის თბილისი

1829 წლის 6 ივნისს ტფილისს მოგზაურთა ქარავანი მოადგა. გეზი არარატის მთისკენ ჰქონდათ აღებული, მაგრამ სომხეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო საქართველოში შემოდგომამდე დარჩნენ. ცხელი ზაფხული მდგარა, სულ ორჯერ გაწვიმებულა და ტფილისური ხვატისგან შეწუხებულ სტუმრებს ღირსშესანიშნავი თარიღები საგანგებოდ ჩაუნიშნავთ კიდეც. თერმომეტრიც მოუმარჯვებიათ, ივლის-აგვისტოს უკიდურესი ტემპერატურული ცვლადებიდან საერთო ნიშნული გამოუყვანიათ და დაუმრგვალებიათ: ყველაზე მაღალი 24°R ყოფილა, ხოლო ყველაზე დაბალი – 21°R. ეს მონაცემები რეომიურის სკალიდან ცელსიუსზე რომ გადაიყვანოთ, 30°C და 26.25°C გამოისახება.

საქმე ისაა, რომ ცნობისმოყვარე მოგზაურები რუსეთის მიერ კავკასიაში გამოგზავნილი პირველი სამეცნიერო ექსპედიციის წევრები იყვნენ. გერმანელმა ექიმმა, ნატურალისტმა, მოგზაურმა და ალპინისტმა ფრიდრიხ პაროტმა ამ მოგზაურობის შესახებ 1834 წელს ბერლინში  ორტომეული ნაშრომი „მოგზაურობა არარატისკენ“ (Reise zum Ararat) გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სამხედრო გზა, ტფილისი, კახეთი, დედაქალაქთან მდებარე გერმანული კოლონიები, ტფილისიდან სამეგრელოსა და იმერეთში გამგზავრება აღწერა.

 

საბუნებისმეტყველო და მეტეოროლოგიურ ცნობებს შორის, რომლებიც უხვადაა გერმანულიდან ქართულად ნათარგმნ წიგნში – „ფრიდრიხ პაროტის მოგზაურობა საქართველოში“ (გამომცემლობა „ვაზი“, 2021), ტფილისის იმდენად მკაფიო სურათ-ხატებს აღმოაჩენთ, მაშინდელ ყოფა-ცხოვრებას ცხადად რომ წარმოგადგენინებთ. რადგან ძველი თბილისი მხოლოდ ისეთი ვიცით და გვიყვარს, როგორსაც ვუმღერით ან ლექსებს ვუძღვნით, უცხო თვალით დანახული ქალაქი ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას ახალ განზომილებას ანიჭებს.

მართალია, ფრიდრიხ პაროტი დასაწყისშივე აღნიშნავს, აქაურები უცხოებს ისეთი არაკეთილგანწყობით ხვდებიან, გასაკვირია, ყველა უცხოელმა ამ ქალაქში ბედის ცდაზე ერთხელ და სამუდამოდ რატომ არ ჩაიქნია ხელიო, მაგრამ აქ ყოფნისას ბევრი უშრომია და  საკუთარი დაკვირვებებიც მონდომებით აღუნუსხავს:

მდინარის ორივე ნაპირი ფერდობზეა შეფენილი, მარჯვენა სანაპიროზე შეძლებულ მოქალაქეთა სახლები, ბაზრები, მოედნები, ეკლესიები, სამხედრო გუბერნატორისა და უმაღლესი მთავარსარდლის შენობებია, მარცხნივ კი – დიდი ქარვასლა, ყაზარმა, სამხრეთგერმანელ კოლონისტთა სახლები და ციხესიმაგრე.

 

მთები, რომელთა შორისაც ქალაქია მოქცეული, ყოველგვარ სიმწვანესაა მოკლებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტფილისი მთის წყაროებითაა მდიდარი. მთები მხოლოდ ცივ ქარებს აკავებს და ხეობაში გაუსაძლის სიცხეს წარმოქმნის.

 

ქართველი კაცი ბრგე აღნაგობასა და მტკიცე ხასიათისაა, თუმცა სასარგებლო საქმიანობისა და განათლებისაკენ ნაკლებად ისწრაფვის. დღემდე იპარსავს თმას და მწველ სიცხეშიც ბეწვის მაღალ ფაფახს იხურავს. ყოველდღიურად დადის გოგირდის უკიდურესად უსუფთაო აბანოში ცხელი აბაზანის მისაღებად.

ქართველი ქალი ლამაზია, თუმცა ამ სილამაზეს გადამეტებული ფერუმარილით, ჯანმრთელობისთვის მავნე ტანისამოსითა და დაუდევარი სიმსუქნით ნაადრევად აჭკნობს.

ინდუსტრიულ საქმიანობასა და შინაურ მეურნეობაში ეს ხალხი ჩამორჩენილია. სისუფთავე და წესრიგი მაღალმა საზოგადოებამ კი გაითავისა, მაგრამ ამას მიმბაძველობისა და ფუფუნებისკენ სწრაფვის სახე უფრო აქვს, ვიდრე შინაგანი მოთხოვნილებისა და ჩვევისა.

ნარიყალას ძირას, ფიქლის ქანებს შორის მინერალური წყალი უხვად გადმოდინდება, მაგრამ აქ არც ჰიგიენაა დაცული და არც გაციების შესაძლებლობაა გამორიცხული.

წისქვილის სისტემა ჯერ კიდევ ვერ გაუმართავთ ისე, რომ წმინდა ფქვილი საკუთარ ქვეყანაში აწარმოონ და რუსეთიდან არ შემოჰქონდეთ.

ტრანსპორტი ისეთივე ძველი და ტლანქია, როგორიც ოქროს ხანაში ჰქონდათ.

3 საათიდან 6-მდე ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ და არც მზის სხივებს უშვებენ სახლში. საღამოთი კი ბანზე გადიან, მეგობრებთან ერთად ილხენენ და ღამეს ცეკვა-მღერაში ათენებენ, ღვინის დოქისა და სამოვარის თანხლებით.

ის, რაც მუდმივი თავდაცვისას ისლამურ ნახევარმთვარეს და წარმართობას გადაურჩა, დღეს, უცხოელებთან მშვიდი მეგობრობული ურთიერთობის ჟამს, გადაგვარება ემუქრება.

სამხრეთულ-აღმოსავლურ ბანს, დასვენების და თავსშესაქცევი ცქერის ადგილს, ჩრდილოური კრამიტი ენაცვლება, კაცებს აღმოსავლურ სამოსთან ერთად ჰალსტუხი უკეთიათ, ქალების გარდერობში კი ეროვნულ მანდილს ფრანგული ქუდი ანაცვლებს…

თბილ მინერალურ წყაროებზე პაროტი წერს, რომ, აქაურების თქმით, რევმატიზმს, სოკოს სახსრების დაავადებებს კურნავს და კანს წმენდს. წყლის ქიმიურ შემადგენლობაზე პოლკოვნიკ ბოტიეს მონაცემებს იშველიებს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ჩანაწერში მითითებული არ არის, ვინ და როგორ ჩაატარა ეს ანალიზიო. ამრიგად, გერმანელი ექიმი არათუ ურბანულ მითებს, საეჭვო მონაცემებასაც კი არ ეყრდნობა დასკვნების გამოსატანად და ზედმიწევნითი სიზუსტით თავად წონის წყლის შემადგენელ უცხო მკრვივ კომპონენტებს. ეს იმიტომ, რომ პაროტი მეცნიერია და უბრალო მოგზაურივით მალემრწმენი, ცხელი შთაბეჭდილებების კაცი არ გახლავთ.

შესაძლოა, წიგნის კითხვისას იმდროინდელი თბილისის წარმოსახვის გასამძაფრებლად თქვენც ჩემსავით ამოიწეროთ საკვანძო სიტყვები – არაკეთილგანწყობილი, სიმწვანეს მოკლებული, მომგუდავი, დაუდევარი, ჩამორჩენილი, მოძველებული, არასრულყოფილი, ტლანქი, უსუფთაო, დაქანცული, ქაოსური… – და მერე იმ პასაჟებსაც ადვილად მიაგნოთ, ავტორის განწყობასა და პერსპექტივას უკეთ რომ წარმოაჩენს, მაგრამ, მერწმუნეთ, ცნობისმოყვარე მკითხველი პაროტის ექსპედიციას სამოგზაუროდ მაინც ბოლომდე გაჰყვება.

38-ე გვერდზე მოთხრობილი ამბავი კი, რომელსაც სქოლიოში ერთვის მთარგმნელის (თამარ რეკკ-კოტრიკაძე) ერთსიტყვიანი განმარტება – წიწმატელა, შესაძლოა, დაუვიწყარ კინოკადრადაც კი ჩაგრჩეთ:

„ბრტყელი გადახურვა, როგორც წესი, ბალახითაცაა დაფარული – როგორც ჩანს, ეს მეტწილად Lepidium vesicarium-ია. ზაფხულობით ის ხმება და ქართველი ამ ჩალას თავიდან მოსაშორებლად ცეცხლს უკიდებს, რაც ღამის სიბნელეში აბრიალებულ ტფილისს მოულოდნელ წარმტაც სანახაობად აქცევს.”

წარმოიდგინეთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი