შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბიბლიოთეკა, რომელიც ემიგრანტებს გააერთიანებს

ქართული ემიგრაციის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. ჩვენი თანამემამულეები არაერთი უძველესი სახელმწიფოს შუაგულში აღმოჩენილან. მეოცე საუკუნეს მოსახლეობის ქვეყნიდან გადინების რამდენიმე ტალღა ახსოვს. თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეები დაპყრობილი პირველი რესპუბლიკიდან ბოლშევიკურ აგრესიას გაექცნენ, მერე კი მშობლიური გარემოს მიტოვება მათ უმძიმესმა პოსტსაბჭოთა ეკონომიკურმა ვითარებამ აიძულა. წლებია, ევროპისა და ამერიკის უამრავ ქალაქში ათასობით ქართველი ცხოვრობს. მათი უდიდესი უმრავლესობა დამქანცველ ყოველდღიურ შრომას ეწევა. ეროვნული და სამოქალაქო იდენტობის შესანარჩუნებლად, გათიშულობის დასაძლევად ემიგრანტებს უმცირესი შანსი რჩებათ.

ჩვენი თანამემამულეები კავშირების გამყარებას საკვირაო სკოლების, დიასპორის კრებების, ადგილობრივი ეკლესიის, სამშობლოდან ჩამოსული საპატიო სტუმრების მასპინძლობისა და არაფორმალური შეხვედრების საშუალებით ცდილობენ, თუმცა ამგვარ ღონისძიებებს არ აქვს სისტემური ხასიათი, მათში ყველა სტაბილურად და ინტენსიურად ვერ მონაწილეობს. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქში თუ ნახავთ ქართული კულტურის სრულყოფილ ცენტრს. ამასთანავე, ხშირად თავს იჩენს გაუცხოება სხვადასხვა თაობის ემიგრანტებს შორის. ერთი სიტყვით, უცხო მიწაზე თვითორგანიზება, მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და სოლიდარობის გამოხატვა სერიოზულ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოს ყველა დასახლებულ კონტინენტზე მიმოფანტული საქართველოს მოქალაქეები დიასპორების გასაძლიერებლად უფრო ეფექტური მეთოდების გამონახვას ცდილობენ. რამდენიმე კვირის წინ ტრადიციული ხერხის გამოყენება სცადეს ბავარიის დედაქალაქში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა. მიუნხენელმა ქართველებმა სამხრეთ გერმანიის უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის დაარსება გადაწყვიტეს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და რამდენიმე სხვა ორგანიზაციამ ემიგრანტთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს. გერმანიაში გასაგზავნად თბილისში ასობით წიგნი, ჟურნალი და პუბლიკაცია შეგროვდა. მასალები ეტაპობრივად გაიგზავნება ალპებით შემოსაზღვრულ რეგიონში და უახლოეს მომავალში მიუნხენის ბიბლიოთეკაც ამოქმედდება.

რა გამოარჩევს ევროპის შუაგულში დაფუძნებულ წიგნსაცავს?

მისი მთავარი ღირსება უცხო ქვეყანაში ქართულენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდაა. უამრავ ადამიანს მიეცემა მშობლიურ ენაზე ნებისმიერი თემატიკის წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა. ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ქართულ სააზროვნო სივრცეში დაბრუნებას.

უმნიშვნელოვანეს ფუნქციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ წიგნსაცავს სხვადასხვა ასაკის ემიგრანტების საერთო გარემოში თავმოყრის ძალაც შესწევს. თბილისიდან გასაგზავნ წიგნებს შორის ყველაზე პრეტენზიული და ორიგინალური გემოვნებისთვის შესაფერისიც მოიძებნება.

შეუძლებელია, ყურადღება არ გავამახვილოთ სასკოლო ასაკის ემიგრანტებზე. მშობლებს და საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ამიერიდან ხელთ ექნებათ მდიდარი ლიტერატურა, რათა ბავშვებს ინტერესი გაუღვივონ და უკეთ შეასწავლონ ქართული ენა.

შორეულ ქვეყნებში ქართული ბიბლიოთეკები ყოველდღე არ იხსნება. ემიგრანტები უმთავრესად სხვა ტიპის დაწესებულებებზე სვამენ აქცენტს. ამჯერად გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაერთიანებისა და შეკავშირების გზად განათლების კერის ჩამოყალიბება დაისახეს. მინდა, თქვენთან ერთად ვუსურვო წარმატებები შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართულ ბიბლიოთეკას. მხარდაჭერის გაძლიერების, ინიციატივების სიმრავლის შემთხვევაში ეგებ სხვა ქალაქებშიც დაიწყოს ცოდნის პატარა სახლების დაფუძნება.

ვგონებ, კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი მოვალეობა საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე თანამოქალაქეების წინაშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი