ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელი

ოჯახი საზოგადოების სოციალიზაციის განმსაზღვრელი მთავარი ინსტიტუციაა. ბავშვის განვითარებაში ოჯახის ფუნქციებიდან უმთავრესი სოციალიზაციაა.   ამასთანავე ის არის ბავშვის პირველი და ყველაზე გრძელვადიანი განვითარების კონტექსტი.

მიჯაჭვულობა, რომელიც ბავშვებს უყალიბდებათ მშობლებისა და და-ძმის მიმართ, ჩვეულებრივ, მთელი ცხოვრება გრძელდება. მასზე დაყრდნობით იყალიბებს ბავშვი   ურთიერთობის მოდელებს და შემდგომში იყენებს სკოლასა თუ უბანში.  მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვის განვითარება შევისწავლოთ და გავიგოთ, საკმარისი არაა ფოკუსირება მხოლოდ ოჯახზე და ბავშვის  განვითარების ამა თუ იმ კანონზომიერებაზე.  ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შესწავლისთვის მნიშვნელოვანია  განვიხილოთ  ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა ანუ ბავშვის განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელი.  ანუ ოჯახში ურთიერთქმედების სტილი და ოჯახზე უფრო ფართო კულტურის გავლენა.  ური ბრონფენბრენერი (1917 – 2005), ამერიკელი განვითარების სპეციალისტი  იყო, რომელმაც  პირველმა დაამკვიდრა განვითარების ეკოლოგიის გაგება.

არცთუ ისე შორეულ წარსულში ბავშვის განვითარების შესახებ სახელმძღვანელოებში და მშობლებისათვის სარეკომენდაციო წიგნებში ხაზგასმული იყო მშობლის როლი ბავშვის განვითარებაში, ისე თითქოს ბავშვი „თიხა“  იყო. გავრცელებული იყო რწმენა, რომ მშობლების ამოცანას წარმოადგენდა ბავშვის სოციალიზაცია, იმგვარი ქცევის ფორმირება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საზოგადოების მოლოდინებთან და წესებთან. თანამედროვეობაში ერთგვარი „თიხისაგან გამოძერწვის“ მოსაზრება ჩაანაცვლა ბრონფენბრენერის მიდგომამ.  ის ამბობს, რომ ყოველი ბავშვი  იზრდება რთულ და კომპლექსურ სოციალურ გარემოში, გარკვეულ მახასიათებელთა ნაკრებით: ძმები, დები, ერთი ან ორი მშობელი, ბაბუები, ბებიები, ძიძები, ოჯახის ცხოველები, სკოლის მასწავლებლები, მეგობრები და ა.შ.  ეს ერთობლიობა, თავის მხრივ,  წარმოადგენს უფრო ფართო სოციალური სისტემის ნაწილს: მშობლებს შესაძლებელია ჰქონდეთ სამუშაო, რომელიც მათ მოსწონთ ან არ მოსწონთ, მათ შესაძლებელია ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ახლობლების მხარდაჭერა, ისინი შესაძლებელია ცხოვრობდნენ სრულიად უსაფრთხო ან მაღალი რისკის მატარებელ გარემოში, მშობლებს შესაძლებელია ქონდეთ კარგი ან ცუდი ურთიერთობა მასწავლებლებთან და ა.შ.

ბრონფენბრენერის მოსაზრებით ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვითვალისწინებდეთ ამ უფრო ფართო  გარემოს მახასიათებლებს, არამედ უნდა ვაცნობიერებდეთ ამ რთული  სისტემის  ყველა ეს კომპონენტი როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება  ბავშვზე.  ამას გარდა ბრონფენბრენერი გვთავაზობს იმის ახსნას, თუ ეს ყველა გარემომახასიათებელი როგორ შეესატყვისება  ბავშვის ბიოლოგიურ მახასიათებლებს და თავის მხრივ, ეს ბიოლოგიური მახასიათებლები რა ზეგავლენას ახდენს იმავე გარემოფაქტორებზე. სწორედ ამ მიზეზით  ბრონფენბრენერის მოდელს ეწოდება ბიოეკოლოგიური  მოდელი.

ბრონფენბრენერი სოციოკულტურულ გარემოს ოთხ კონცენტრირებულ სისტემას გამოყოფს: მიკროსისტემას, მეზოსისტემას, ეგზოსისტემას და მაკროსისტემას. ყოველი მომდევნო წრე სოციალურ ინტერაქციათა შედარებით ფართო დონეს წარმოადგენს, რომელშიც ბავშვი განვითარების პარალელურად თანდათანობით ერთვება.

ბრონფენბრენერის მიდგომაში, ბიოეკოლოგიური სისტემა, რომელშიც ბავშვი ვითარდება წარმოდგენილია, როგორც ერთმანეთში ბუდისებრად ჩასმული სტრუქტურათა სერია.  ამ მიდგომის ვიზუალური მოდელი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის კონცენტრული წრეების ერთობლიობას.

 

ცენტრალური წრე შედგება ელემენტებისაგან, რომელსაც ბრონფენბრენერი მიკროსისტემებს არქმევს. ეს მიკროსისტემები – ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა – წარმოადგენს ბავშვისათვის უშუალო გამოცდილების წყაროს. ბრონფენბრენერის აზრით, გარემოს ამ დონეზე ბავშვის განვითარების გასაგებად არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ურთიერთკავშირი ორმხრივია. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც უფროსები   მოქმედებენ ბავშვის ქცევაზე, ასევე ბავშვების ბიოლოგიური თავისებურებანი, პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები ახდენს ზეგავლენას უფროსების ქცევაზე. მშობლები ავლენენ განსხვავებული ტემპერამენტის ბავშვებზე რეაგირების  სხვადასხვა ტენდენციას. მაგალითად,  კონტაქტური ბავშვი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო ხშირად იღებს ღიმილს საპასუხოდაც და მშობლებთან მეტი პოზიტიური კონტაქტი აქვს უბრალოდ იმიტომ, რომ თავისი პოზიტიური ტემპერამენტით ასტიმულირებს მშობლების ქცევას. ხოლო თავშეუკავებელი და ყურადღებაგაფანტული ბავშვი – შეუწყნარებლობისა და დასჯის სამიზნე შეიძლება გახდეს.

ეკოლოგიური სისტემების თეორიაში  მომდევნო დონე მეზოსისტემაა,  რომელიც მიკროსისტემებს შორის კავშირს გამოხატავს.  ბრონფენბრენერი ამტკიცებს, რომ ბავშვის განვითარება ოპტიმალურია,  როცა მიკროსისტემებს შორის არსებობს ძლიერი და მხარდამჭერი კავშირები.  მაგალითად, ბავშვის აკადემიური წარმატება მხოლოდ კლასში საქმიანობაზე არ არის დამოკიდებული. მას ხელს უწყობს მშობლის მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში და ბავშვის მიერ საშინაო დავალებების შესრულება სახლში. ზუსტად ასევე, მშობელი-შვილის ურთიერთქმედება ოჯახში, საბავშვო ბაღში ძიძა-ბავშვის ურთიერთობაზე ახდენს ზეგავლენას და პირიქით. ნებისმიერი ურთიერთობა ოჯახსა და საბავშვო ბაღს შორის, თანამშრომლური ვიზიტებისა თუ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ფორმით, განვითარების ხელშემწყობია. ამავდროულად, თუკი მიკროსისტემებს შორის არ არის მხარდამჭერი  კავშირები, შესაძლოა ბავშვის განვითარებაზე ეს უარყოფითად აისახოს.  მაგალითისათვის, როდესაც თანატოლები აკნინებენ სწავლებას, ამით ძირს უთხრიან მოზარდის სასწავლო ქცევას, მიუხედავად მშობლების  მცდელობისა წაახალისონ აკადემიური მიღწევები.

შემდეგი დონე ბრონფენბრენერის მოდელში  ექზოსისტემაა.  ეს დონე მოიცავს სისტემური ელემენტების მთელ ერთობლიობას, რომლებიც ბავშვზე უშუალოდ არ ზემოქმედებს, მაგრამ ზეგავლენას ახდენენ მიკროსისტემათაგან  რომელიმეზე, მეტწილად ოჯახზე. ეს ელემენტებია – მშობლების სამსახური, მშობლების სამეგობრო, სანათესავო, თემი, სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, რელიგიური ინსტიტუტები და ა.შ. ბავშვთა ემოციური ურთიერთობები სახლში შესაძლებელია მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მშობლები თავისი სამსახურით.  ასევე მაგალითისათვის, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დეკრეტული და ბავშვის ავადმყოფობის დროს ხელფასიანი შვებულება მშობელს ბავშვის აღზრდაში ეხმარება და განვითარებას ირიბი გზით უწყობს ხელს. მშობლების სოციალური კავშირები – ოჯახის ახლობლები, რომლებიც რჩევით და ფინანსურადაც კი ეხმარებიან ოჯახს, ექზოსისტემის არაფორმალური ნაწილია. გამოკვლევები ცხადყოფს ექზოსისტემაში აქტივობების მოშლის უარყოფით ზეგავლენას განვითარებაზე. მწირი ინდივიდუალური  ან თემური კავშირების გამო სოციალურად იზოლირებული ან უმუშევრობით დათრგუნული ოჯახები მრავალრიცხოვანი კონფლიქტებითა და შვილთან არასახარბიელო ურთიერთობით ხასიათდება.

ბრონფენბრენერის მოდელის გარეთა შრე მაკროსისტემაა,  ესაა ყოვლისმომცველი  კონტექსტი, რომელიც მოიცავს მიკროსისტემებს, მეზოსისტემას და ექზოსისტემას და განსაზღვრავს, თუ  როგორ უნდა ექცეოდნენ ბავშვებს, რას უნდა ასწავლიდნენ მათ და  ასევე მიზნებს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ ისინი. მაკროსისტემის ელემენტებია – კულტურული ფასეულობები, კანონები, ტრადიციები და ა.შ. ის თუ რამდენად პრიორიტეტულია მაკროსისტემაში ბავშვის მოთხოვნილებები, განაპირობებს იმას, თუ გარემოს შიდა დონეებზე როგორია მათი ხელშეწყობის ხარისხი. მაგალითად, საბავშვო ბაღებისადმი მაღალი სტანდარტებისა და დასაქმებული მშობლებისათვის სახელფასო შეღავათების მქონე ქვეყნებში ბავშვები უშუალო გარემოში ხელსაყრელ გამოცდილებას იძენენ.    ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები გაცილებით დაბალია იმ კულტურებში, რომლებიც არ ახალისებენ ბავშვის ფიზიკურ დასჯას და პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი ხერხების პროპაგანდას ახორციელებენ.

რადგან გარემო ბავშვზე ერთფეროვნად მოქმედი სტატიკური ძალა როდია და რადგან ის მუდმივად ცვალებადია,  ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიურ მოდელს აქვს ასევე დროითი განზომილებაც და ის ამ განზომილებას ქრონოსისტემას  უწოდებს.   ყოველი ცვლილება თვითონ ბავშვში და ნებისმიერ ეკოლოგიურ კონტექსტში ზეგავლენას ახდენს განვითარების მიმართულებაზე.  ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც დის ან ძმის დაბადება, სკოლაში წასვლა ან მშობლების გაყრაა, ბავშვსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთობას ცვლის და განვითარებაზე მოქმედ ახალ პირობებს უყრის საფუძველს. ამასთან ერთად, გარემოს მოქმედების პერიოდი მისი გავლენის შედეგებს ცვლის. მაგალითისთვის, და-ძმის დაბადებას სრულიად განსხვავებული გავლენა აქვს სახლს მიჯაჭვულ ახლად ფეხადგმულსა და ოჯახს გარეთ მრავალი სახის ურთიერთობებისა და საქმიანობების მქონე სკოლის ასაკის ბავშვზე.

ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური მოდელი გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ იქსოვება გარემოფაქტორთაგან დიდი ბადე და ეს ბადე ერთი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში როგორ ქმნის განვითარების კონტექსტს. ამავდროულად ეს მოდელი დიდ შესაძლებლობებს აჩენს განვითარებაში ეფექტიან ჩარევათა განსახორციელებლად სხვადასხვა დონეზე.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი