სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გადადებული საქმეების და შეხვედრების შესახებ

ეს ბლოგი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო.

ვაპირებდი, მომეყოლა ჩემი მეხუთეკლასელების შესახებ.

 ძალიან ნიჭიერები და საყვარლები არიან,  ცელქებიც და მავნეებიც,  ჰოდა, მინდოდა გამეზიარებინა, როგორ დავგეგმე მათთვის საპროგრამო ტექსტის, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას” სწავლება, როგორ მოვძებნე პარალელურ მასალად რედიარდ კიპლინგის „მაუგლი”, როგორ მოვუყევი ლინგვისტური ექსპერიმენტების, თანამედროვე თეორიების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება  მშობლიურ ენასა და ბილინგვიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე გავამახვილე, როგორ ჩავატარეთ რამდენიმე სასაცილო და მხიარული ექსპერიმენტი, როგორ მოვუსმინეთ ყველა უცნაური ენების აუდიოჩანაწერებს, როგორ ვნახეთ  მოთხრობის შესანიშნავი ეკრანიზაცია, რამდენიმე საინტერესო სტატიასაც  გავეცანით, ამ ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ მაპატიეთ, სულ სხვანაირი ბლოგი გამომივა.

ამას წინათ ვფიქრობდი, ადამიანი, რომლის მონახულებას რახანია ვფიქრობ,   უცებ რომ გარდაიცვალოს-მეთქი, რა მეშველება. ჰო, ჰო, სწორედ გადადებულ საქმეებზე, უკან ადევნებულ ლამპარზე და იმ იმედზე მინდა  გელაპარაკოთ, რომ ხვალ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, არადა, ყოველთვის ასე არ გამოდის.
ეპიზოდი პირველი:

ერთი ქართულის მასწავლებელი მყავდა, ერთი მყავდა ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში,  ფილოლოგიის ფაკულტეტზე ერთმანეთზე უკეთესი ხალხი მასწავლიდა, ქართულის მასწავლებელი მაინც  ერთი -სკოლის მასწავლებელი-მყავდა.

უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, ჩემი  პირველი წიგნი დაიბეჭდა და დაახლოებით სამი თუ ოთხი თვის განმავლობაში ვგეგმავდი, მომენახულებინა ჩემი ქართულის  მასწავლებელი. ხან რა გამოჩნდა, ხან რა, კონფერენციები თუ ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლი თუ კინოფესტივალი, მეგობრების დაბადების დღეები,  ან ისე, უბრალოდ შეკრება, ხან ბევრი სამეცადინო, ხან-პაემანი. მოკლედ, მიზეზი ბევრი  იყო, გამოულეველი.

ერთ დღესაც, როგორც იქნა, დრო გამოვნახე, ავიღე ჩემი  ახლად ამობეჭდილი წიგნი და იქვე, სადარბაზოსთან  ახლოს მაღაზიაში შევიარე-ტკბილეულის საყიდლად. სულ შემთხვევით, ნაცნობი შემხვდა, დიდი ხნის უნახავი, საუბარი გავაბით – ამაზე,  იმაზე, ძველზე, ახალზე… ვუთხარი, ჩვენს ქართულის მასწავლებელთან მივდივარ-მეთქი, (ჩემი  სკოლა დაამთავრა ამ ნაცნობმაც), უცნაურად შემომხედა  და მითხრა-შენ რა, არ იცი?   2 კვირის წინ, გულის ინფარქტით… სულ ტყუილად ახვალ…-ჰოდა,  მოვბრუნდი მეც, სხვა რა უნდა მექნა?

ამ დღის მერე დამჩემდა  შიში- ადამიანი, ვისი ნახვაც გადავდე-უცებ რომ მოკვდეს?
ეპიზოდი მეორე
პირველკურსელი ვარ, გრძელი საყურეები მიკეთია და წითელი ლაქი მისვია ფრჩხილზე. რასაკვირველია, მაფრთხილებენ, რომ ენათმეცნიერების ლექციაზე ასე არ უნდა შევიდე, მითუმეტეს, შარვალიც მაცვია, მაგრამ მაინც შევდივარ-  უზარმაზარი აუდიტორია სავსეა სტუდენტებით, შარვლიანები და  ფერად ლაქიანები უკანა რიგებში სხედან,  უფრო მოკრძალებულად ჩაცმულნი-წინა  მერხებზე.

 ლექციას საინტერესო, ხმამაღალი, ცოცხალი, ექსცენტრული, ცოტათი უცნაური ქალი ატარებს-პირველად მესმის გიორგი ახვლედიანი, ქართული ენის თანხმოვანთა სისტემა, ჰარმონიული წყვილები, ფერდინანდ დე სოსიური და ა.შ. ამჯერად ჩემი ფერად ლაქიანი თითები მისი თვალთახედვის მიღმა მოხვდა.

წლის ბოლოს გამოცდაა, მეშინია,  მეშინია ისე, რომ მაბარძგალებს.

მე და ჩემი კურსელები ღამეებს  ვათენებთ მეცადინეობასა და სიმღერაში. ქეთო-პირველი ხმაა, მაგრამ ზოგჯერ ბანსაც ითავსებს, ანა- ყელის მოღერებით მღერის ქალაქურ სიმღერებს, თამუნა-ბუზღუნებს და  იქვე, სკამზე ეძინება.  ენათმეცნიერება გადავაბულბულეთ პირდაპირ.

და აი, დგება  გამოცდის დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი კარგად ვიცი, მაინც მეშინია და ვცდილობ ლექსებით გავიდე ფონს-ენათმეცნიერებაზე , იმ  წუთში, ექსპრომტად დაწერილი ლექსებით, მაგალითად ასეთი:

„რამდენი ხანია, ასიმილატორებს
 ჩვენი მიმსგავსების სურვილი არ სტოვებთ
ჩვენ გვზრდიან მონებად, მონებად, მონებად
ასიმილაცია-კლავს ყველა ფონემას”..-ახლა ძალიან მეცინება, თუმცა, ძალიან დამეხმარა ეს მეთოდი.
მეორე ლექსს „ენათმეცნიერება” ერქვა და  ფონეტიკა-სიყვარულის ურთიერთმიმართებას ეხებოდა:
„შენ სპირანტი ხარ და მე  ვარ ხშული
სიყვარული კი-აფრიკატია”…
ან
„მეტათეზისით, გთხოვ, ნუ მაშინებ,
შენთან წამოვალ,  კარგო, მაშინვე”…- მოკლედ, ამ ამონარიდების პოეტურ ხარისხსა და მნიშვნელობაზე რა მოგახსენოთ, სამაგიეროდ, იმ გამოცდაში 10 მივიღე.

რამ  გამახსენა ეს ამბავი?

ამას წინათ, ჩემს  ლექტორზე მითხრეს, სუსტადაა, ავადობსო, ისევ გადავწყვიტე ასვლა, ისევ გადავდე, რამდენჯერმე დავგეგმე, ბოლოს, გაკვეთილების შემდეგ, მე და ნინომ, ჩემმა ჯგუფელმა და ჩემმა  თანამშრომელმა, სრულიად სპონტანურად მოვიფიქრეთ, წავიდეთო,  ბევრიც არ გვიფიქრია-ბევრი ფიქრი აფუჭებს ყველაფერს…
მორიდებულად დავაკაკუნეთ, კარი ჩვენმა  ლექტორმა გაგვიღო… ცოტაც და თითქოს არ ყოფილა მთელი13 წელი, თითქოს ისევ პირველკურსელები ვართ და   რომელიმე  იშვიათი გამოცემის სათხოვნელად მოვედით, ჯიბეში წითელ ლაქიან ფრჩხილებს ვმალავთ, თმის უკან-საყურეებს.
ყველაფერი უცებ დაბრუნდა…

ჰოდა,
არასდროს გადადოთ ხვალისთვის დღეის საქმეები,

არასდროს გადადოთ ძვირფასი ადამიანების მონახულება, ეს  იმისთვისაა  საჭირო, რომ მათ დიდხანს, დიდხანს იცოცხლონ.

ასე მგონია მე .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი