ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელი სამოქალაქო პოზიციით

თბილისის ცენტრში ერთი ძალიან გადატვირთული ქუჩაა. პარლამენტის
ყოფილ შენობასა და მოსწავლეთა სასახლეს შორის ამავალ ციცაბო აღმართზე უამრავი მნიშვნელოვანი
დაწესებულებაა განლაგებული. მთაწმინდის ამ პატარა უბანში დაუდვიათ ბინა საგარეო საქმეთა
სამინისტროს, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს”
(
GFSIS), იტალიის რესპუბლიკის
საელჩოსა და ძალიან პრესტიჟულ, ერთ-ერთ უძველეს 47-ე საჯარო სკოლას. ქუჩა ცნობილი ქართველი
მასწავლებლის შიო ჩიტაძის სახელს ატარებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისის გავლენიანი სამოქალაქო აქტივისტი
ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ფეხით მოსიარულეთა ყურადღების მიღმა. გამოცდილი პედაგოგის
შესახებ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ღირსეული მოღვაწის
მივიწყებას, ალბათ, მეცნიერებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები განაპირობებს.
ჩვენთან, ბოლშევიკური რევოლუციის მსგავსად, სრულიად უსამართლოდ არის დემონიზებული 1905-1907
წლების სოციალურ მოძრაობათა ისტორიაც, რომლის აქტიური მონაწილე გახლდათ შიო ჩიტაძე.
მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ დოგმატური წარმოდგენების გარდაქმნა და ვისაუბროთ მასწავლებელზე,
რომელიც არასდროს ერიდებოდა თავისი საზოგადოებრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას.

შიო ჩიტაძე 1873 წელს გორში დაიბადა. მომავალმა პედაგოგმა
პირველადი განათლება გორის სახელგანთქმულ სემინარიაში მიიღო, მერე კი თბილისის კლასიკური
გიმნაზიის გავლით იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა. საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩიტაძე მოსკოვის
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. საბოლოოდ მან სწავლა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიისა
და ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა. ბუნებრივია, ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა უსწრაფესად
დაიმკვიდრა ადგილი ახალბედა მასწავლებლებს შორის და უკრაინის დედაქალაქშივე მიჰყო ხელი
პედაგოგიურ საქმიანობას. შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, საქართველოსგან შორს მცხოვრებ
ახალგაზრდას თავის ქვეყანასა და თანამემამულეებთან კავშირი არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში
იგი სათავეში ედგა უკრაინის ქართულ სათვისტომოს და საკუთარ შესაძლებლობებს კავკასიაში
გაძლიერებული ეროვნული თუ სოციალური მოძრაობის მხარდასაჭერად იყენებდა.

შიო მალევე თბილისში იხმეს. რა გახდა მისი სამშობლოში
დაბრუნების მიზეზი?


1979 წელს „ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოებამ” საქართველოს
დედაქალაქში პირველი დაწყებითი სკოლა დააარსა. სასწავლებლის დაფუძნება რუსეთის იმპერიალისტური
პოლიტიკის გაძლიერებასა და უკიდურეს გამკაცრებას დაემთხვა. რუსი ზედამხედველები ყოველმხრივ
ავიწროებდნენ და ზღუდავდნენ ქართულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამიტომ დაწყებითი
სკოლა ძალიან დიდხანს ნახევრად არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად დაბრკოლებებისა,
1900 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მაინც მოახერხა ერთადერთი ქართული სასწავლო კერის რვაკლასიან
გიმნაზიად გარდაქმნა, თუმცა რამდენიმე სემესტრის შემდეგ ის მასწავლებელთა დეფიციტის
პრობლემას შეეჯახა. ცხადია, თაყაიშვილის წინადადება თბილისის  გიმნაზიაში მუშაობის შესახებ შიო ჩიტაძემ უპასუხოდ
ვერ დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1905 წელს შიო ჩიტაძე სკოლის ინსპექტორი (გამგე) გახდა.
ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც.
გიმნაზიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას „სკოლის რეორგანიზაციის პროექტი” წარუდგინა,
რომელიც დღესაც კი ძალზე თანამედროვე დებულებებს აერთიანებდა. ჩიტაძის გეგმის მიხედვით,
მთელ იმპერიაში აპრობირებული ძალადობრივი სწავლების მეთოდი ფსიქოლოგიური მიდგომით უნდა
შეცვლილიყო. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლებს ინდივიდუალური, მოზარდთა ასაკისა
და მისწრაფებების შესატყვისი პედაგოგიური ტექნიკები უნდა გამოეყენებინათ. რევოლუციური
გახლდათ ინსპექტორის დამოკიდებულება სასწავლებლის მართვის საკითხებისადმი. ჩიტაძე მხარს
უჭერდა დემოკრატიულად არჩეული პედსაბჭოსა და მოსწავლეთა საკრებულოსთვის სასკოლო ძალაუფლების
უდიდესი ნაწილის გადაცემას. შეუვალი იყო ცნობილი მასწავლებლის დამოკიდებულება ხელმოკლე
ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის უფასო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
შესახებ. რეფორმის პროექტი ქართულმა ორგანიზაციებმა მოიწონეს და ჩიტაძეს მონდომებით
შეუდგა საქმიანობას.

პარალელურად კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ჩაირიცხა და დაიწყო მემარცხენე-პატრიოტული
ღირებულებებისთვის ბრძოლა. ჩიტაძე ეწინააღმდეგებოდა მეფის თვითმპყრობელობის პოლიტიკას,
ემხრობოდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასა და სახელმწიფოში
სოციალური სამართლიანობის მექანიზმების დანერგვას. სკოლის ინსპექტორი გასული საუკუნის
დასაწყისში თბილისში ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციებისა და გაფიცვების მონაწილეც
გახლდათ. ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ მეფის „ოხრანკა” გავლენიან მასწავლებელს მიზანში
ამოიღებდა. ქალაქის პოლიციამ სამართალდამცველთა მეთაურ მარტინოვზე განხორციელებული
თავდასხმა საბაბად გამოიყენა. 1906 წელს ჯარისკაცები გიმნაზიაში შეიჭრნენ და 33 წლის
ჩიტაძე მოკლეს.

უდიდესი დანაშაულია, რომ ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს
ისტორიულ მოღვაწეებსა თუ მოვლენებზე. ქართულ საზოგადოებას ავიწყდება, რომ ქვეყანაში
ევროპული ღირებულებების დამკვიდრების პირველი მცდელობა გავლენიანი პედაგოგების მიერ
შემუშავებულ რეფორმებს უკავშირდება. შიო ჩიტაძის ცხოვრების ამ მოკლე აღწერით მინდოდა
შემეხსენებინა, რომ ყოველ ეპოქაში დემოკრატიის განვითარების მთავარ ბერკეტებს გამბედავი
მასწავლებლები ფლობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი