ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

   მეზღაპრე

ბაბუაჩემი მთელი თავისი ცხოვრება მიწას ამუშავებდა, მაგრამ არავინ იცის ჩემზე უკეთ, რომ მისი სახით მკითხველმა  ფენტეზის ჟანრის უნიკალური ავტორი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ სამურზაყანოს ძირძველი მიწის თხილის ხეებითა და სიმინდის ყანებით დაფარულ ეზოებში შეთხზულ ზღაპრებს მარტო მე კი არა, ბევრი ჩვენგანი დავიმოწმებდით. არადა, პირადად მე ამ ჯადოქრობის მოწმე მართლა ბევრჯერ გავმხდარვარ. ყანაში ან თხილნარში ვიდექით და ბავშვურ სპეკულაციას ვეწეოდი: ჩემ მიერ შეთავაზებული შრომის საფასურად ბაბუაჩემისგან ვითხოვდი თითო ზღაპარს. ამ ზღაპრებში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ არათუ მე, ბაბუაჩემსაც კი არ ჰქონდა ბუნდოვანი წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ამბავი. დასაწყისისთვის ერთადერთი შტამპი არსებობდა: ზღაპრის მთავარი პერსონაჟის ვინაობა იყო გარკვეული: ეს მე ვიყავი. დანარჩენი კი გზადაგზა მოდიოდა – გულმოდგინედ შეკოწიწებული ამბავი, პერსონაჟების მონაცვლეობა და ჯადოსნური ფათერაკის თანდაყოლილი მოლოდინი. ეს უკიდეგანო ფანტაზიისა და შემოქმედებითი ინსტინქტის უნიკალური ნაზავი იყო.

მას შემდეგ წლებია გასული და ალღოც უფრო გამიმკვეთრდა იმის მისახვედრად, რომ ეს უნარი ცხოვრების გამოცდილებამ განუვითარა. 3 წლისას მამა გარდაეცვალა, 4 წლისა დედამ მიატოვა. მისი ბავშვური გონება მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოსავლის პოვნას შეეცადა და ასე გაუჩნდა ესკაპიზმისკენ მიდრეკილება. რეალობას ნაწილობრივ ზურგი აქცია და მისმა გონებამ გამონაგონში ვარჯიში დაიწყო. ომის შემდეგ სახლი გადაუწვეს. ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდა, თავზე ჩამოენგრა, მაგრამ უკვე იცოდა, როგორ გამკლავებოდა ამგვარ სიძნელეებს – ყანაში უნდა მდგარიყო და შვილიშვილისთვის ზღაპრები შეეთხზა.

ბაბუაჩემთან ურთიერთობა ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი თავგადასავალი იყო.

ბოლო თვეებია ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება მისი დახმარება. ამ შეგრძნებამ მას შემდეგ შემომიტია, რაც ჩემი ცოლის მუცლიდან მსუბუქი ბიძგები ვიგრძენი. ჩემში მიმდინარე ცვლილებებსაც ყურადღება მაშინ მივაქციე, როცა რამდენჯერმე საკუთარი თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში გამოვიჭირე მარტო მოღიმარმა. მერე კი იმაზე ავღელდი, თუ როგორი სულელური სანახავი ვიქნებოდი გვერდიდან, ვინმეს შემთხვევით რომ ამ მდგომარეობაში დავენახე – როცა „აჭარანეთზე“ შევედი და მივხვდი, რომ არცერთი ჟანრისკენ გული არ მიმიწევდა, გარდა ანიმეებისა, ამიტომ მათი სია გადავახარისხე, რომ საღამოსთვის კარგი სეანსი დამეგეგმა; როცა გულგრილად ავუარე გვერდი კლასიკოსი ავტორების წიგნებს და თაროზე შემოდებულ ,,ჰარი პოტერს და ცეცხლოვან თასს“ გადავწვდი, მერე ტოლკინის რომანებს; როცა ცვლილებები მუსიკალურ ფლეილისთსაც შეეხო – You Tube-ზე Holly Dolly-ის მუსიკალური კლიპი ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ შემიძლია ზეპირად გითხრათ, რომელ წამს რომელი რიტმული მოძრაობით აჰყვება სამი ცხვარი ვარდისფერში გამოპრანჭული ვოკალისტი ძროხის სიმღერას; როცა ერთ დღეს ლამის თვითონ მოვკალათდი მერხთან და მოსწავლეს ვთხოვე ჩემთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა; ერთი სიტყვით, როცა მივხვდი, რომ ზრდასრულ ადამიანად ყოფნის ინტერესი საერთოდ დამეკარგა და დავასკვენი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჩემს დიდად ყოფნას.

ვერ ვიტყვი, რომ ამან თამუნას კარგი სამსახური გაუწია, ალბათ უფრო პირიქით, რადგან მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა გავაჭიანურე და ღამის სამ საათზე, თავად მოუწია მანქანით თავის თავს მომსახურებოდა, იმ სამშობიარომდე მივსულიყავით, რომელიც ჩვენი ბინიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა ამით თავის თავს კიდევ ერთხელ სიამოვნებით დაუმტკიცა, რომ ბევრი რამ შეუძლია. მე კი ეს არ მჭირდებოდა, ისედაც ვიცოდი.

ძირითადად დრო სამშობიაროს ეზოში დავყავი. აქვე ვნახე, როგორ გადაიბარა დღის მორიგეობა მზემ, რომელმაც მალე უაღრესად მნიშვნელოვანი სამსახური გამიწია და მეგზურად საკუთარი ჩრდილი მომივლინა. მომდევნო გრძელი საათების განმავლობაში დრო-სივრცითი აშლილობა დამეწყო და თუ რამე მიდასტურებდა ჩემს იქ და იმ წამს ყოფნას, ეს ის ჩრდილი იყო, რომელიც ბორტგამცილებელივით მიმიძღოდა საკუთარი ფიქრების ლაბირინთში. 12-საათიანი ლოდინის შემდეგ მესენჯერში შეტყობინება მომივიდა. ფოტო იყო. ბავშვის.

იმის გარდა, ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ისევ ჩემი ჩრდილი მეძებნა. არსად ჩანდა. ზემოთ ავიხედე. მზე თავის ზენიტში იყო. ჩემ წინ მდებარე შენობის მეშვიდე სართულზე კი ბავშვი იწვა, ალბათ ტიროდა და მე ივლისის ალმურში ვიდექი ასე, ჩრდილდაკარგული. წარმოდგენა არ მქონდა საით წავსულიყავი. შირში გამგზავრება მჭირდებოდა, დიდებულ განდალფთან სტუმრობა, ან ბრძენი დამბლდორის რჩევის მოსმენა. კაპიტანი ჯეკ ბეღურას სურვილების კომპასი და ალადინის ხალიჩა. პირდაპირ Holly Dolly-ის კლიპში პორტირება და უსასრულო წარმოსახვა, რომ მეპოვა შესაფერისი ფორმა მადლობის გამოსახატად იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში პაწაწინა ვარკვლავგოგო გაჩნდა.

და ისევ მოლეკულურმა გენეტიკამ მიშველა, სამურზაყანოს თხილის ნაკვეთებითა და სიმინდის ყანებით დაფარულ მიწაზე ფიქრმა, სადაც ზუსტად ვიცი, როგორ აუჩქარებლად შემობრუნდებოდა ბაბუაჩემი ჩემკენ და მშვიდად მეტყოდა: „ზღაპარი უნდა მოუყვე“.

ჰო, ამიტომ ოდესმე ზღაპრის შეთხზვას შევეცდები. იქნებ მისი იმ წინაპრის წამოწყებული ამბავი დავასრულო ოდესმე, ვის სახელსაც ცნობილ მეზღაპრეთა სიაში ვერასდროს იპოვის. მანამდე კი, ვიდრე ჩემს ვარკვლავგოგოს ისე მშვიდად სძინავს თავის ლოგინში, როგორც მხოლოდ ზღაპრის გმირებს შეუძლიათ, პირობას დავდებ, რომ როცა დრო მოვა, კითხვას ვასწავლი, მერე კი მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ამ ზღაპრის შესათხზავად.

ბაბუაჩემის უკვდავი წარმოსახვა მფარავდეს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი