ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შეცდომის დაშვების შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

 

ვფიქრობ, ყველას, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, დამეთანხმება, რომ არცთუ ისე იშვიათად შეიძლება შევხვდეთ შეცდომის დაშვების პანიკური შიშით შეპყრობილ მოზარდს, რომლისთვისაც სწორედ ეს შიში ხდება სერიოზული პრობლემა სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევ გზაზე. ის ასევე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზეც.

მშობლები ხშირად ღიად და გულწრფელად გამოხატავენ  გულისტკივილს იმის გამო, რომ მათი შვილი ძლიერ განიცდის სასწავლო წარუმატებლობას, შეცდომის დაშვების შემდეგ წყვეტს აქტიურობას, იმის შიშით, რომ მისი პასუხი არასწორი აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დაბალ ქულას მიიღებს შეცდომით შესრულებული დავალების გამო, შფოთავს და ტირის კიდეც.

ზოგიერთი ბავშვი, განსაკუთრებით პატარები, დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება სააზროვნო პროცესების ერთგვარი შეფერხება გამოიწვიოს. ასეთ დროს ისინი ერთი შეცდომის დაშვების შემდეგაც კი თითქოს წყვეტენ აზროვნებას, დამახსოვრებას და მიცემულ დავალებებს  სულ უფრო და უფრო ცუდად ასრულებენ. საკონტროლო სამუშაო ამ ტიპის ბავშვისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. ის წინასწარ იწყებს ნერვიულობას, მაშინაც კი, თუ სერიოზულად იმუშავა და კარგად არის მომზადებული. შეიძლება ასტკივდეს თავი, მუცელი, დაეწყოს ხელის ოფლიანობა, დაეჭიმოს ხელის კუნთები, იმდენად, რომ გაუჭირდეს არა მხოლოდ ზეპირი, არამედ წერილობითი დავალების შესრულება. ყოველივე აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ყურადღებაზე და ის ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც მისთვის საკმაოდ უჩვეულოა და სხვა სიტუაციებში არასოდეს დაუშვებდა. ხშირად პედაგოგისთვისაც გულდასაწყვეტია, რომ ნერვიულობა, მღელვარება და შეცდომების დაშვების შიში ხდება იმის მიზეზი, რომ ასეთი ბავშვი საკონტროლო სამუშაოებში ბევრად უფრო დაბალ შეფასებებს იღებს, ვიდრე იმსახურებს.

ხანდახან სასწავლო პროცესში შეცდომების დაშვების შიში ბავშვს მისთვის ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც გადააქვს, მაგ. უარს ამბობს, იყოს გუნდის კაპიტანი სხვადასხვა სახის (როგორც სპორტული, ასევე ინტელექტუალური) შეჯიბრებების დროს, ან გამოვიდეს სცენაზე, რადგანაც ეშინია, რომ წარმატებული არ იქნება და თავს შეირცხვენს. ხშირად უარს ამბობს ლიდერობაზე, თუმცა რეალურად ამისთვის შეიძლება ყველა მონაცემი ჰქონდეს და თავადაც სურდეს ეს.

რატომ ხდება ასე, რატომ უჩნდება ბავშვს შეცდომის დაშვების პანიკური შიში? ეს ის შეკითხვაა, რომელიც ბევრ აღმზრდელს აწუხებს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ასეთი ბავშვები იზრდებიან ოჯახებში, სადაც მშობლები დიდ დროს და ყურადღებას უთმობენ პატარას, სადაც ბავშვი მშობლების ცხოვრების ძირითადი აზრია. ხშირად თავად ეს მშობლები საკმაოდ განათლებული და სოციალურად წარმატებული  არიან. ასეთ ოჯახში  ბავშვს ძალიან უყვარს თავისი მშობლები, ამაყობს მათით და სურს, ჰგავდეს მათ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ის თავის მშობლებს უკვე წარმატებულებს ხედავს. ის გზა, რომელიც მათ გაიარეს;  დაბრკოლებები, რომლებიც გადალახეს წარმატების მისაღწევად, შეიძლება ბავშვისთვის საერთოდ უცხო იყოს, ან თუ ნაცნობია, არ იყოს დატვირთული ემოციურად.  ასეთ ოჯახებში ბავშვები საკუთარ თავს დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ, წარმატებულ მშობლებს ადარებენ და ეს შედარება მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს. ასეთი შედარებისას  საკუთარი თავი არასაკმარისად წარმატებულად ეჩვენებათ და დაშვებული ყოველი შეცდომა, მათი აზრით, ამას ამტკიცებს. თითოეული შეცდომა მათ საკუთარ არასრულფასოვნებაზე აწყებინებს ფიქრს, თვლიან, რომ ასეთი შესანიშნავი მშობლების სიყვარულის ღირსი არ არიან, არ იმსახურებენ, რომ ასეთი კარგი მშობლები ჰყავდეთ.

პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო მჭიდრო ემოციური კავშირია ბავშვსა და მშობელს შორის, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ისინი ერთად, მით უფრო მეტად ეშინია მოზარდს მისი განაწყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაშვებული სულ პატარა შეცდომაც კი მისთვის უზარმაზარ ტრაგედიად იქცევა. და, თუ ამასთან ერთად, შინაგანად ბავშვი ემოციური და მგრნობიარეა, შეცდომებით გამოწვეული განცდები მას ძალიან შეუშლის ხელს წარმატებების მიღწევასა და თვითრეალიზებაში.

შეცდომების დაშვების შიში სოციალურ შიშებს მიეკუთვნება, რადგანაც მისი ძირითადი აზრია, ბავშვის მისწრაფება ყველანაირად შეესაბამებოდეს ქცევის სოციალურ ნორმებსა და მოთხოვნებს. შეცდომის დაშვების შიშით შეპყრობილი ბავშვები, როგორც წესი, ცდილობენ სკოლაში დადგენილი და მიღებული ქცევის ყველა ნორმის დაცვას. ისინი ყოველთვის უსმენენ მასწავლებელს, გაკვეთილის პროცესში არ საუბრობენ „მეზობელთან“, არ გადართავენ ყურადღებას სხვა მიმართულებით, არიან მაქსიმალურად მობილიზებული გაკვეთილისათვის. ამ ყველაფრის გამო ისინი გაკვეთილზე დამატებით დაძაბულობას განიცდიან. როგორც წესი, პედაგოგი მათთან ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ბავშვისთვის ძალიან მძიმეა მუდმივად იდეალური მოსწავლის როლის თამაში და წესების დარღვევის გარეშე ცხოვრება.

 

რეკომენდაციები  ბავშვის დასახმარებლად დაშვებული შეცდომების მიმართ შიშის დაძლევაში:

 

  • უპირველეს ყოვლისა, არასოდეს ვეჩხუბოთ და დავსაჯოთ ბავშვი დაშვებული შეცდომების გამო. ის საკმარისად ეჩხუბება და სჯის საკუთარ თავს;
  • შევქმნათ სიტუაციები, რომელშიც ჩვენ სრულყოფილების განსახიერება არ ვიქნებით და დემონსტრირება გავუკეთოთ ამას ბავშვთან. რამდენადაც მოზარდი უყურებს მშობელს, როგორც ეტალონს, რომელსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს; დაინახავს რა მის შეცდომებს, „უფლებას მისცემს“ საკუთარ თავს, რომ ხანდახან თავადაც დაუშვას შეცდომა;
  • ვისწავლოთ ბავშვის შეცდომებზე სწორად რეაგირება. მოვერიდოთ მის დასამშვიდებლად ისეთი ფრაზის გამოყენებას, როგორიცაა: „არაფერია, ნუ ღელავ“. ბავშვმა შეიძლება ჩვენი ეს სიტყვები ასე გაიგოს – „თუ არაფერია და მე ვღელავ, ე.ი. რაღაც სერიოზული პრობლემა მაქვს“. ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო გაუძლიერებს მას მღელვარებას. ეფექტიანი იქნება პოზიტიური ლექსიკის გამოყენება უარყოფითი ნაწილაკის – „არა“ – გამორიცხვით. მაგ. „ყველაფერი ნორმალურადაა“; „მშვიდად იყავი“; „მომავალ ჯერზე სწორად გააკეთებ“ და ა.შ.
  • თუ ბავშვი ძლიერ განიცდის დაშვებულ შეცდომას, შევაქოთ რაიმე სხვა კარგად შესრულებული დავალების გამო: „შეგეშალა, სამაგიეროდ, ძალიან ლამაზი ნაწერი გაქვს“; „შეგეშალა, სამაგიეროდ ჩანს, თუ როგორ ცდილობდი და მონდომებით მუშაობდი“;
  • კარგი იქნება ვასწავლოთ ბავშვს შეცდომების მიზეზების მოძიება, მაგ. „შეცდომა იმიტომ დაუშვი, რომ აგერია მარჯვენა და მარცხენა, თავად დაფიქრდი“;
  • აუცილებლად უნდა ვეცადოთ, ავამაღლოთ ბავშვის თვალში შეცდომის ღირებულება და როლი სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად;
  • შევუცვალოთ მოზარდს დამოკიდებულება შეცდომის მიმართ, დავეხმაროთ იმის გაგებაში, რომ შეცდომა ახალ გამოცდილებას სძენს ადამიანს, აღძრავს მას იმისკენ, რომ რაღაც შეცვალოს საკუთარ თავში; ამისთვის კარგი იქნება შევახსენოთ ბავშვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს“; „წარმატება გვახარებს, შეცდომები კი გვასწავლის“; „ჭკვიანი არ მიისწრაფვის, გაექცეს შეცდომებს, პირიქით – ცდილობს, გამოასწოროს ისინი“ და ა.შ.
  • ვასწავლოთ ბავშვს, გააანალიზოს შეცდომა და დაფიქრდეს, რა გამოცდილება მიიღო ამ შეცდომის დაშვებით;
  • ნუ მოვთხოვთ ბავშვს, იყოს იდეალური და სრულყოფილების განსახიერება. ამით ჩვენ კიდევ უფრო გავუძლიერებთ მას შეცდომის დაშვების შიშს;
  • მოვერიდოთ ბავშვის შეცდომებზე ზედმეტად ემოციურ რეაგირებას, წყენის გამოხატვას არასწორად შესრულებული დავალების გამო. ასეთ შემთხვევაში ემოციურად მგრძნობიარე ბავშვს მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია შეიძლება შეეცვალოს წარუმატებლობის თავიდან აცილების მოტივაციით, წარუმატებლობისაგან გაქცევის მოტივაციით. ამიტომ, გაკვეთილზე ის დაიწყებს ფიქრს არა იმაზე, როგორ შეასრულოს დავალება სწორად, არამედ იმაზე, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვას. ბუნებრივია, ასეთ დროს მოქმედების ტემპი დაქვეითდება, ბავშვს გაუჭირდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, შეცდომები კი დიდი ალბათობით აუცილებლად დაფიქსირდება. ხომ კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი, რაზეც უფრო მეტს ფიქრობს, სწორედ ის ხდება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები უფრო ეფექტიანად სწავლობენ, როცა შეცდომებს უშვებენ. განსაკუთრებით, თუ ისინი გააცნობიერებენ და გააანალიზებენ დაშვებულ შეცდომებს. თუ ბავშვს ეშინია შეცდომის, ეს აისახება არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაზე, არამედ მის ცნობისმოყვარეობასა და შემეცნებით ინტერესებზეც. ის ყოველთვის თავს აარიდებს ყველაფერ რთულს და საინტერესოს, იმის შიშით, რომ თავს ვერ გაართმევს მათ. ამიტომ, აუცილებელია გავაგებინოთ ბავშვს, რომ შეცდომის დაშვება საშინელება არაა, პირიქით – ძალიან საინტერესო და სასარგებლოცაა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი