პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელსაც გლობუსი შემოეხარჯა

კარგად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავით, – ალბათ მეექვსეში ან მეშვიდეში, – ახალი ისტორიის მასწავლებელი დაგვინიშნეს. ახალგაზრდა იყო, პირველ პედაგოგიურ გამოცდილებას იღებდა, ლამაზად იცვამდა და უნდოდა, მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა მოსწავლეებთან, ჩვენ კი, ძველ და საყვარელ მასწავლებელს შეჩვეულები, ამრეზით ვუყურებდით და ვაჩვენებდით, რომ ამაოდ ცდილობდა. მამა აღფრთოვანებული იყო, გაკვეთილების მომზადებისას ჩემს ხელში იმ წიგნებს რომ ხედავდა, რომლებსაც ისტორიის ახალი მასწავლებელი დამატებით საკითხავად გვისახელებდა. იტყოდა ხოლმე, კარგი გოგო ჩანს ეს თქვენი მასწავლებელი, ეტყობა, უყვარს თავისი საგანიო. მე კი არაფრის გაგონება არ მინდოდა.

ერთხელაც, გაზაფხულზე, გვითხრა, იმ დღეს, როცა ჩემი გაკვეთილი ბოლო გექნებათ, კლასში ჯდომის მაგივრად პიკნიკზე წავიდეთო. გაგვიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიეთ. მცდელობამ შედეგი გამოიღო – სუფთა ჰაერზე, მწვანე ბალახზე წრედ ვისხედით, ისეთ ამბებს ვყვებოდით, გაკვეთილის ფორმატი რომ არ ითვალისწინებდა და მივხვდით – მას, ახალგაზრდას და მონდომებულს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებოდა, უკეთესი გაკვეთილების ჩასატარებლად, მოტივაციის შესანარჩუნებლად, უბრალოდ, კარგ მასწავლებლად ყოფნისთვის.

სკოლას იშვიათად ვიხსენებ, მაგრამ როცა მახსენდება, სინდისი მქენჯნის – როგორ ვუბღვერდით ჩვენ, ოცდარამდენიღაცა ბავშვი, მას, ერთს.

სკოლას იშვიათად ვიხსენებ, თორემ იმასაც აუცილებლად გავიხსენებდი, როგორ იყვარებდნენ მოსწავლე გოგონები მამრობითი სქესის ახალგაზრდა მასწავლებლებს, იმასაც, როგორ არაფრად მიაჩნდათ ამ გოგონებს მათზე შეყვარებული თანაკლასელები და იმასაც, რა დაუნდობლები არიან ბიჭები, როცა სიყვარულის ობიექტი მათ არაფრად აგდებს.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი. საფესტივალო პროგრამაში ჩართული ოთხმოცივე ფილმის ნახვა, ცხადია, ვერ მოვახერხე. მათგან, რაც ვნახე, ზოგი კარგი აღმოჩნდა, ზოგი – ძალიან კარგი, ზოგი – ჩვეულებრივი და ერთი – ისეთი, რომელმაც ჩემი ახალგაზრდა მასწავლებელი, მასწავლებლებზე შეყვარებული გოგონები და იმედგაცრუებული ბიჭები, მოკლედ, სასკოლო ვნებათა ღელვა გამახსენა.
ამ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რუსი რეჟისორის, ალექსანდრ ველედინსკის მიერ 2013 წელს გადაღებული ფილმზე. „გეოგრაფს გლობუსი შემოეხარჯა” ჰქვია და პროვინციაში მცხოვრებ დაბნეულ ბიოლოგზეა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და მეათეკლასელებთან ბრძოლის ქარცეცხლში ჩაებმება, რის ვაი-ვაგლახით მოახერხებს მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და მათთან ერთად დაუვიწყარ, ფათერაკებით აღსავსე ლაშქრობაში გაემგზავრება, სადაც მოსწავლეები რამდენიმე დღეში იმაზე მეტ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ, ვიდრე მთელი წლის სასწავლო პროგრამა მისცემდათ – პროგრამა, რომლისაც თვითონ მასწავლებელსაც ბევრი არაფერი ესმის; ყოველი გაკვეთილის წინ ის საკლასო ოთახში იკეტება იმ მასალის წასაკითხად, რომელიც მოსწავლეებს უნდა აუხსნას.

გეოგრაფიის მასწავლებლისთვის, რომელსაც, საზოგადოდ, უჭირს სისტემასა და წესრიგთან შეგუება, სასწავლო პროგრამა ერთადერთი სირთულე არ არის. მას პრობლემები აქვს ოჯახში, მისი უმოქმედობით, დაუდევრობითა და სიდუხჭირით შეწუხებულ ცოლს ქმრის უახლოესი მეგობარი შეუყვარდება; მეგობრებს მისი არ ესმით; იმ ქალების მიმართ, რომლებთანაც ფლირტი აქვს, ინტერესს მალევე კარგავს; მარტო ზრდის მცირეწლოვან გოგონას და ცდილობს, ალკოჰოლთან ზედმეტად მეგობრული ურთიერთობისგან თავი დაიხსნას. თავის დახსნას ცდილობს საკუთარი მოსწავლისგანაც, რომელიც მასზე მთელი არსებითაა შეყვარებული და ერთადერთია, ვინც მას მთელი ფილმის განმავლობაში თანაუგრძნობს.

გეოგრაფიის მასწავლებელი ერთი იმათგანია, ვისაც მაინცდამაინც არ უმართლებს, მაგრამ მაინც ახერხებს ინდივიდუალიზმის, შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებას და გარშემო მყოფების ცხოვრებაში კვალის დატოვებას. სწორედ ამ მიზნით მიჰყავს მას რამდენიმე მოსწავლე ფათერაკებით სავსე ლაშქრობაში, ველურ ბუნებასთან, გაგიჟებულ მდინარესა და უამინდობასთან საბრძოლველად – მან იცის, რომ ასეთ გარემოში ადამიანები ყველაზე უკეთ აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეს, უკეთ შეიცნობენ სამყაროსაც და საკუთარ თავსაც და იმაზე იწყებენ ფიქრს, რისთვისაც ურბანული გარემო დროს თითქმის არ გიტოვებს.

იქ, უღრან ტყეში, ბიჭები ხვდებიან, რომ ფათერაკებთან საბრძოლველად თვითონაც მზად არიან, თავგადასავლები მათაც იზიდავთ, „მასწავლებელი” მხოლოდ სოციალური სტატუსია, თორემ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით; გოგონები ხვდებიან, რომ მათაც შეუძლიათ სირთულეების გადალახვა და ზოგჯერ ამ სირთულეებისთვის თვალებში ჩახედვა უფრო საინტერესოა, ვიდრე ლამაზი კაბების მოხდენა და გარშემო მყოფთა ყურადღების მიქცევა.
ფილმი არა მხოლოდ შინაარსობრივად, მხატვრულადაც საინტერესოა. კარგად მუშაობს კამერა, არ იკარგება დინამიკა, გადასაღები მოედნები ერთმანეთზე შთამბეჭდავია… ნამუშევარმა უკვე მიიპყრო თანამედროვე კინოკრიტიკოსების ყურადღება და ოდესის საერთაშორისო და სოჭის რუსული ფილმების ფესტივალებზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. თუმცა ჩემთვის პრიზებზე მნიშვნელოვანი ის ემოციებია, რომლებსაც ესა თუ ის ფილმი გიტოვებს.
კინოთეატრიდან გამოსული დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რომ მასწავლებლობას დიდი გამბედაობა სჭირდება, მტკიცე ნებისყოფა და ადამიანებისა და გარემოს მოსმენის უნარი. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ამ თვისებებმა კი ხელმოცარული გეოგრაფიის მასწავლებელიც შეიძლება იმ კაცად აქციოს, რომელიც ცხოვრების სწორ ხედვას გასწავლის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი