პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„მისასალმებელი“ აქტივობები დისტანციურად

ახალი სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში განახლდა. როგორც ჩანს, ისევ ჰიბრიდული ფორმატით მოგვიწევს მუშაობა. ონლაინ სწავლების გარკვეული გამოცდილება ქართულმა სკოლამ უკვე შეიძინა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი გამოწვევებისთვის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მასწავლებელი და მოსწავლე მზადაა. არ უნდა დაგვავიწყდეს მაღალმთიანი რეგიონები და, ზოგადად, სოფლის სკოლები, სადაც არათუ ინტერნეტი, ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებებიც (გზა, ტრანსპორტი და ა.შ.) კი მოსაწესრიგებელია. სკოლა ხომ მხოლოდ ცოდნის გადაცემისთვის შექმნილი სივრცე არაა?! ე.წ. დაშორებული სწავლებისას ფსიქოსოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაც ფერხდება. აქედან გამომდინარე, ყველა მასწავლებლის თავსატეხად ქცეულა კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ზემოაღნიშნული უნარების შეძლებისდაგვარად განვითარებაში?! გთავაზობთ რამდენიმე იდეას/აქტივობას, რომელიც ონლაინ-სივრცის საკომუნიკაციო ელემენტებით გამდიდრებას უკავშირდება:

შესვენებები ონლაინ – კლასის დამრიგებელს შეუძლია შესვენებებზე მოსწავლეთა შეხვედრების ორგანიზება. ხუთწუთიან შეხვედრებს დისტანციურ ფორმატში ვერ გადავიტანთ, ამიტომ „დიდი შესვენების“ იდეას შემოგთავაზებთ. პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შექმნას ციფრული ოთახი ონლაინ პლატფორმაზე (Teams, Zoom, Google Meet…) და მოიწვიოს მოსწავლეები. უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, შესვენებას კლასის დამრიგებელიც ესწრებოდეს, ამიტომ შეხვედრის დრო მისაღები უნდა იყოს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამრიგებლისთვისაც. საკომუნიკაციო სივრცე შეიძლება დაეთმოს კლასისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობას, შთაბეჭდილებების გაზიარებას, მუსიკის მოსმენას, თამაშებს, რომლებსაც არ სჭირდება ერთ სივრცეში ყოფნა ან რაიმე დამხმარე რესურსი და ა.შ.

სტუმარმასპინძლობანა – სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არასასურველია ხალხმრავალ ადგილებში სიარული, სტუმრად წასვლა ან მეგობრების მოწვევა. დისტანციურ გაკვეთილებზე კი ძალაუნებურად ვხდებით სტუმრებიც და მასპინძლებიც – ვიხედებით ერთმანეთის ოთახებში, ვეცნობით (შემთხვევით) ოჯახის წევრებს, ვხედავთ ერთმანეთს სხვანაირ, შინაურულ გარემოში. მაშინ რა გვიშლის ხელს, ეს მოვლენა საინტერესო აქტივობად ვაქციოთ?! შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო სივრცე და „ვეწვიოთ“ ერთ-ერთ თანაკლასელს. ის, ვინც სტუმრის როლს მოირგებს, წინასწარ უნდა მოემზადოს – მიალაგოს მისი ოთახი/სახლი, მოელაპარაკოს ოჯახის წევრებს, რომლებსაც სტუმრობის დროს გავიცნობთ. მასპინძელს შეუძლია საოჯახო ელექტრონული ალბომიდან შეარჩიოს სურათები და დაათვალიერებინოს სტუმრებს, ასევე მოუყვეს რამდენიმე სახალისო ამბავი ოჯახური თავგადასავლებიდან. შინაური ცხოველების/ფრინველების გაცნობაც არ დაგავიწყდეთ! როგორც წესი, მათი ოჯახში მოყვანის ისტორია ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. სტუმრებს კი, სასურველია, თუ წინასწარ ექნებათ მომზადებული კითხვები, რომლებსაც მეგობარს ან მისი ოჯახის წევრებს დაუსვამენ. აქტივობის მსვლელობისას სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მოეთხოვებათ დიალოგის წესების მიხედვით წარმართვა, რიგითობის პრინციპის და ეტიკეტის ნორმების დაცვა.

ჯგუფური მუშაობა დისტანციურად – ე.წ. დაშორებული სწავლების პერიოდში ყველაზე მეტად კეთებით (პროექტული) სწავლების და ჯგუფური მუშაობის პროფილი იჩრდილება. არადა, აღნიშნული მიმართულება ურთიერთსწავლების, მიზნობრივი კომუნიკაციის, ცოდნის კონსტრუირების და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. ონლაინ სივრცეში შესაძლებელია ჯგუფებისთვის სამუშაო ოთახების შექმნა, თუმცა წინასწარ უნდა განვსაზღვროთ მოსალოდნელი ტექნიკური ხარვეზები (ინტერნეტი, კომპიუტერი) და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელთა გამოც, შესაძლოა შეფერხდეს ჯგუფის სამუშაო პროცესი. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ მოსწავლეთა მოტივირებაზე (დავალების თემა უნდა იყოს საინტერესო, აქტუალური და ა.შ.), მივაწოდოთ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი (დამხმარე რესურსები). ასევე გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი (შეხვედრის თარიღი, დრო, ხანგრძლივობა). ჯგუფებს დასჭირდებათ ე.წ. მეთვალყურეები, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო უთანხმოება და, საჭიროებისამებრ, დავეხმაროთ მათ მუშაობის პროცესში. 4-5 ჯგუფად დაყოფილ კლასის შეხვედრებს ერთი საგნის მასწავლებელი ფიზიკურად ვერ გასწვდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაგვჭირდეს თანამშრომლობით დაინტერესებული მშობლების, კოლეგების ან უფროსკლასელი მოსწავლეების დახმარება.

თანატოლების გარდა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო წლის პირველი გაკვეთილის და საკომუნიკაციო შეხვედრების ისე დაგეგმვა, რომ მოსწავლეებს ვირტუალური ფანჯრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება შეეცვალოთ, მინიმუმ, კიდევ ერთხელ შემოხედვის სურვილი გაუჩნდეთ. ამგვარ შეხვედრებზე ყოველთვის ვამზადებ ე.წ. მისასალმებელ აქტივობებს, რომელთა მიზანსა და შინაარსს, ბუნებრივია, კონკრეტულ კლასს ვარგებ. აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს:

ჩვენი სკოლის ფაზლი – ეს აქტივობა შეგიძლიათ ჩაატაროთ I-II კლასებში. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს სკოლაში არსებული კაბინეტების (საკლასო ოთახი, სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი და სხვ.) ფოტოებს და მათ რამდენიმე ნაწილად ჭრის. მოსწავლეები აკვირდებიან ფაზლის თითოეულ დეტალს. მათ ფოტოს გამთლიანებამდე უნდა ამოიცნონ სასკოლო სივრცეები, შემდეგ კი იმსჯელონ ამ ოთახების დანიშნულებაზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ მინიშნებები, რათა ახალბედა მოსწავლეებს გამოცნობა გაუადვილდეთ. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი თითოეული კაბინეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის ბავშვებს.

კითხვების დროა – ეს აქტივობა გაცნობითი ხასიათისაა და მას უცნობ კლასთან პირველი შეხვედრისას ვიყენებ. სახელების ჩხირების დახმარებით ვაწყვილებ მოსწავლეებს და ვაძლევ გარკვეულ დროს, რათა მოიფიქრონ  და დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ წარმართონ „ინტერვიუ მასწავლებელთან“. სასურველია, წინასწარ განვსაზღვროთ აქტივობის დრო და შეკითხვების რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს შეკითხვების ფორმულირებასა და დიალოგის წარმართვაში.

მეგობრობის დღიური – ეს აქტივობა ასევე დაგეხმარებათ მოსწავლეების უკეთ გაცნობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია მესამე კლასიდან. მასწავლებელს შეუძლია შეადგინოს ნამდვილი დღიურის ელექტრონული ვარიანტი, რომელსაც, თითოეულ მოსწავლეს გაუგზავნის და შეავსებინებს (შეგვიძლია გამოვიყენოთ Google Forms). მოსწავლეთა დაინტერესების შემთხვევაში, ერთი შეხვედრა დღიურის წაკითხვას დაეთმობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთგაზიარებისა და ერთმანეთის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

ვითამაშოთ სიტყვებით – ეს აქტივობა I-II კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. იგი გამოდგება, როგორც შემაჯამებელ (I კლასი), ასევე მისასალმებელ (II კლასი) აქტივობად. ვიქტორინის ფორმატში ვაწყობ რამდენიმე თამაშს, რომელიც კითხვის საწყისი უნარების გააქტიურებას უწყობს ხელს, ესენია: სიტყვების ან საგნების (ფოტომასალა) დახარისხება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით; არეული ასო-ბგერების/სიტყვების სიტყვად/წინადადებად გამთლიანება; მარჯვნიდან მარცხნივ (არაბული) სიტყვების ამოკითხვა; მარცვლებგადანაცვლებული სიტყვების ამოცნობა; ყირამალა სიტყვების წაკითხვა, სიტყვის თანხმოვნებით ამოცნობა და სხვ.

გამოიცანით ხმები – მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს სხვადასხვა საგნების, ცოცხალი არსებების, ბუნების ხმების ჩანაწერები, შემდეგ კი მოსწავლეებს რიგრიგობით სთხოვოს მათი გამოცნობა. აღნიშნული აქტივობა შეგვიძლია წარვმართოთ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ვფიქრობ, ახალი სასწავლო წლის პირველ შეხვედრას „ზაფხულის ხმების“ შეგროვებასთან დაკავშირებული თამაში ძალიან მოუხდება.

კომპლიმენტი – ალბათ დამეთანხმებით, რომ ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს აქტივობა სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება და მისი ჩატარება ნებისმიერ საფეხურზე შეგიძლიათ. გამოიყენეთ სახელების ჩხირები, დააწყვილეთ მოსწავლეები, შემდეგ კი სთხოვეთ, უთხრან ერთმანეთს მინიმუმ ერთი კომპლიმენტი, ანუ დაასახელონ მეწყვილის დადებითი თვისება, რომელიც მას რეალურად აქვს და თავიანთი მოსაზრება გაამყარონ შესაბამისი არგუმენტებით.

ასოციაციობანა – ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი თამაში სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: მოსწავლეებს სთხოვეთ, ჩაიფიქრონ ადგილი, სადაც არდადეგების დროს იმოგზაურეს და აუხსნან მეწყვილეს ერთი სიტყვით (საჭიროების შემთხვევაში, თითო-თითო სიტყვა მიაშველონ). მოთამაშე უნდა შეეცადოს ჩაფიქრებული ადგილის რაც შეიძლება ნაკლები მინიშნებით ამოცნობას.

 

ჩაალაგეთ ზურგჩანთა – ამ მისასალმებელი აქტივობის დახმარებით, მოსწავლეები შეძლებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული ემოციების გადმოცემას. შეუძლიათ გვაჩვენონ თავიანთი ზურგჩანთები, რომლითაც არდადეგების დროს იმოგზაურეს. დაგვისახელონ ნივთები, რომლებიც თან წაიღეს და განგვიმარტონ მათი დანიშნულება. ასევე ვისაუბრებთ ე.წ. ზედმეტი ნივთების პრობლემაზე, რაც ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს. ამ თემასთან დაკავშირებით მახსენდება ნინო სურმავას შესანიშნავი მოთხრობა „როგორ ემზადებოდა ბიძია იონა გასამგზავრებლად“, რომლის წაკითხვაც, ვფიქრობ, ჩვენს დისტანციურ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

იმედს ვიტოვებ, რომ მოსწავლე-მასწავლებლები ახალი სასწავლო წლის დიდ ნაწილს სკოლის კედლებში გავატარებთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სიტუაციაში შეგვიძლია გამოსავლის მოძებნა, მთავარია, ერთმანეთთან მისალმების სურვილი არ გაგვინელდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი