პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დარდისა და დაღლილობისას საკითხავი

– შენზე მითხრეს, ნაკითხი ბიჭიაო, – ღიმილით მიყურებდა და მომეჩვენა, რომ დამცინოდა კიდეც, – მე დიდი ხანია ვეღარ ვკითხულობ, მომწყინდა!

ეს ბოლო სიტყვა ისეთნაირად წარმოთქვა, რომ ერთი პირობა ვიფიქრე, კიდევ ერთი კუდაბზიკა და უწიგნურობით თავმომწონე ტიპი გავიცანი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი.

დრო ბევრი გვქონდა – საერთო ნაცნობის დაკრძალვაზე ვიყავით და, როგორც სოფლებში სჩვევიათ, მიცვალებულის გამოსვენებას აჭიანურებდნენ. გულმა ვეღარ მომითმინა, მომინდა გამეგო, რატომ მოსწყინდა წიგნის კითხვა, ამიტომ ვკითხე, ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს:

– მერე ახლა რას შვრები?

– ვკითხულობ, – ჩემსავით, მასაც არ გამოუხედავს, ხმადაბლა, ტუჩების ცმაცუნით მიპასუხა, – ვკითხულობ… ოღონდ სულ სხვა რამეს!

არც ეს პასუხი იყო მოულოდნელი: ჩემი მეგობრებისგან ხშირად მომისმენია მოთქმა და წუწუნი, რომ მაგარი წიგნების ნაცვლად კანცელარიაში შემოსულ განცხადებებსა და ვიწროპროფესიული ლიტერატურის კორექტურას კითხულობდნენ. ერთმა კი, ჩემი თაობის მწერალმა, როცა ვკითხე, რას აკეთებ, ახალი რა არის-მეთქი, რა უნდა ვქნა, რომანების ნაცვლად ზედნადებებს ვწერო. 

– ეგეთს რას კითხულობ, „მესაფლავეს” და მარკესის ბოლოსიტყვას რომ ჯობია! მახსოვს, შენი საძმაკაცო ჭკუას კარგავდა ამეებზე, – მეგონა წავკბინე, მათი წრის გემოვნებაზე კარგი აზრისა არ ვიყავი. 

– ეპიტაფიებს ვკითხულობ, ძმაო, – უცებ მითხრა, შემომხედა და უწინდებურად გამიღიმა, – მაგრად მამშვიდებს! 
რაო? ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! „ეგეც პოზაა, – გამეფიქრა, – ტერენტი გრანელობა კარგად იყიდება, ნამდვილი პოეტის ბედისწერა მხოლოდ ლოთობასა და საფლავ-საფლავ წოწიალში რომ წარმოუდგენიათ. არადა, რაც ერთისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს, მისი მიმბაძველების ხელში ფარსად და უკიდურეს სიყალბედ იქცევა. შიმშილობაც ასე არ იყო? თავიდან ჰქონდა თავგანწირვისა და შეურიგებლობის პათოსი, მერე და მერე, ყოველ წამს განმეორებული, ამაზრზენი გახდა”. 

– ბევრი ეპიტაფიაა ჩვენს სასაფლაოებზე?

– ისე რა. რაც არის, იმათშიც ერთი-ორი გამოერევა ხოშიანი, დანარჩენი ბოდვაა და უნიჭობა. მაგაშიც ბედი უნდა გქონდეს.

გამეცინა. ხალხმა ჩვენკენ გამოიხედა. კუშტი და დამწუხრებული სახით შეგვათვალიერეს, უკმაყოფილოდ გაიქნიეს თავი.

– ამათ რომ უყურებ, დიდი გაიძვერები არიან, – გადმოიხარა ჩემკენ, მკლავში ხელი ჩამავლო, – აქ ვითომ მჭმუნვარე სიფათი უჭირავთ, სინამდვილეში ერთი სული აქვთ, ქინძმარში ჩაწყობილი თევზი და ნიგვზიანი მხალეული გასინჯონ. 

ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამცინებოდა, ძველ ამბავს მივუბრუნდი:

– და ისე, როგორ ფიქრობ, იშოვება რამე სასაფლაოებზე… შემოქმედებითად საინტერესო? – სულელური შეკითხვა იყო, მაგრამ საზოგადო წნეხის ქვეშ ვიყავი, ათასი თვალი მიყურებდა და ღიმილიანი არ უნდა დავმახსოვრებოდი ამ საზოგადოებას. 

– ნუ, ახლა, სფუნ რივერი არ არის, მაგრამ გაჭირვებისას წავა! მით უმეტეს, დარდისა და დაღლილობის დროს. 

– შენ ბანკში მუშაობ, ხო?

– კი, და დედა არა მყავს ამ საშინელი გრაფიკისგან. რვაზე რომ გავალ, ხან ისე გვიანობამდე შევრჩები, რომ ჭამაც მავიწყდება. ყოველ დილით ვამბობ, შევეშვები ან, ბოლო-ბოლო, ამდენს აღარ ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ კარიერული წინსვლა ისეთი მაცდურია, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ერთ დღეს გაჩერდები და მოგაჯდებიან. მერე ვის დასჭირდები? ვინმეს გაახსენდები საერთოდ? 

– არა, როგორ არა…

– კი, მე პირადად მგონია, რომ ჩემს მეგობარ მიცვალებულებს მოვენატრები ყოველთვის. ცოცხლებს – არა, ცოცხლებს საღი, ჯანმრთელი და შეძლებული უნდიხარ, მკვდრები უპრეტენზიოები არიან, არც ჩაცმულობას გიწუნებენ, არც იმისთვის მოგთხოვენ პასუხს, პირი გაპარსული გაქვს თუ არა. თან ბევრი ძვირფასი და ახლობელი ხალხი მარხია, მაგათზე უკეთესს ვის დაველაპარაკები.

ამჯერად არ იღიმებოდა, ჰალსტუხს ისწორებდა, საათს დასცქეროდა და გულში ფიქრობდა ალბათ, რა გახდა ასეთი, ვინ ჩათესა ჩვენს ხასიათში, რომ ყველაფერში მეტისმეტი ვიცითო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი