ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ოპუსი სილაბუსის შესახებ

სილაბუსი ქართული სიტყვაა და ნიშნავს: „არ მიაფუჩეჩო, მაინც გაიშიფრები!”

დიახ, დიახ, სწორედაც.

თქვენ შესაძლოა მძიმე და სქელყდიანი უცხო სიტყვათა ლექსიკონი გადამიშალოთ და ამ სიტყვის სულ სხვა წარმოშობასა და ძირებზე მესაუბროთ, მაგრამ ჩემს პირად ლექსიკონში ასეა და მომკალით.

ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა გელათის აკადემიის თანამედროვე ლიტერატურის კურსის შედგენისას ღრმად ამოიხრა და თქვა: „სილაბუსი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად”, – და დააყოლა: „სჯობს, სილაბუსსა უჩვენნე საქმენი საგმირონია”.

აბა, მე რაღა ვთქვა, ვზივარ და გულდასმით ვანაწილებ ტექსტებსა თუ სავარჯიშოებს ცხრილებსა და უჯრებში, ვთვლი და ვთვლი, ვჭრი და ვკერავ.

იმისთვის, რომ სილაბუსი საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, სახელმძღვანელოს მასალის გარდა, უცხო ტექსტებს, უცხო ისტორიებს, მუსიკას, კინოს, მხატვრობას უხვად ვამატებ.

ვფიქრობ, როგორ გავხადო გაკვეთილები უფრო საინტერესო და მხიარული, მით უმეტეს, ამ სილაბუსს მეხუთე კლასისთვის ვადგენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ინტერაქტიული და შემოქმედებითი უნდა იყო – ამ ასაკის ბავშვები ზრდილობის გამო არ მოგისმენენ.

მე და ჩემმა კოლეგებმასალომემ და ნინომ, გადავწყვიტეთ, თემატური კვირეულები ჩავატაროთ, სადაც საპროგრამო მასალასთან ერთად მხატვრულ თუ არამხატვრულ, .. კლასგარეშე ლიტერატურას შევიტანთ.

პირველი კვირა გაცნობისა გვექნება – ტექსტები ლიტერატურიდან, სადაც წიგნის პერსონაჟები ერთმანეთს ეცნობიან, გრამატიკული მასალიდან – სიტყვა და ჟესტი, მიმართვა, შორისდებულის სწორად გამოყენება, მერე თანდათან ერთმანეთს და ერთმანეთის ცხოვრებას გავეცნობით, ოჯახზე სასაუბროდ ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ” ან როალდ დალის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” გამოგვადგება, მეგობრებზე საუბრისას „სანლორენცოელ ბიჭებს”, „ბიულერბიუელ ბავშვებს” ან ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსს” მოვიხმობთ, საკუთარ თავზე ლაპარაკს კი რა უნდა, ყოველგვარი ლიტერატურული პარალელების გარეშეც შეიძლება.

ამ კლასის წიგნში რეზო ინანიშვილის შესანიშნავი მოთხრობაა – „ეთერი” , პატარა გოგონაზე, რომელიც დიდ და საინტერესო მანძილს გადის სკოლაში მისასვლელად.

ამ მოთხრობას „განათლების უფლების” თემაში გავაერთიანებ, ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლსაც გავაცნობ განათლების უფლების შესახებ, მალალაზეც მოვყვები, ამ გმირ გოგოზე, ინდოეთში, ხიდის ქვეშ გახსნილ სკოლაზე და კიდევ იმაზე, რამდენმა ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში. 

სკოლის თემას მხატვრული ნაწარმოებებიდან ამონარიდი ეპიზოდებით განვაგრძობ – აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი” (აკაკი სკოლაში), ჰარი პოტერი (ჰოგვორტსის სკოლა), საშინელი ლოვუდის პანსიონი „ჯეინ ეარიდან”, უფლისწულის სკოლა მეფე მათიუშიდან, ცოტას ტომ სოიერის ცელქობის ამბავსაც გავიხსენებთ.

მომდევნო კვირის თემა იქნება „ადამიანები, რომლებმაც ბავშვთა განათლების უფლებისათვის იღვაწეს”. დავიწყებთ იაკობ გოგებაშვილით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით, გავაგრძელებთ ეკატერინე გაბაშვილითა და ბარბარე ჯორჯაძით, ცოტა ილია ჭავჭავაძესა და ილია წინამძღვრიშვილსაც დავუმატებთ – საინტერესო, დრამატული, მხიარული და არაორდინარული ამბები მათი ცხოვრებიდან ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებს. დაბადებისა და გარდაცვალების წლების დაზეპირებას ასე ჯობია – პირად წერილებსაც წავიკითხავთ, შევიყვარებთ და დავუახლოვდებით. თემას იანუშ კორჩაკით დავამთავრებ – ამ შესანიშნავი პედაგოგის ცხოვრება და ყველაზე სევდიანი, მაგრამ ჰუმანური სიკვდილი ჩემს მოსწავლეებს თანასწორობის, სხვისი დარდის გაზიარების, სხვათა დახმარების მაგალითს მისცემს.

ამის შემდეგ სხვა, არანაკლებ საინტერესო თემატური კვირეულის დრო მოდის, სახელმძღვანელოში – იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა”. საკმაოდ დიდი მოთხრობაა, ბევრი დროის დათმობაც მოგვიწევს. კვირის თემაა „მშობლიური ენა”. მაშ ასე, რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატია იმის შესახებ, რომ უკვე მუცლადყოფნის პერიოდში განარჩევს ნაყოფი მშობლიურ ენას, რამდენიმე საინტერესო ლინგვისტური თეზა, რადიარდ კიპლინგის „მაუგლი”, დიახ, დიახ – ენობრივი გარემოს მიღმა განვითარებული ბიჭის ისტორია და იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას” პერსონაჟი, ქეთო – მშობლიურ ენობრივ გარემოს მოშორებული, და დაბრუნების რთულზე რთული პროცესი…

რასაკვირველია, გრამატიკულ ნაწილსაც არ ვივიწყებ, მაგალითად, ბარბარე ჯორჯაძეზე საუბრისას ვახსენებ მის რომელიმე რეცეპტს და ვხსნი რიცხვით სახელს, სიტყვის აგებულების შესწავლისას თვითონ ვქმნით სიტყვებს – ასე უფრო ადვილად ავხსნი სტრუქტურას, ხოლო ზმნის პირის ასახსნელად, არც მეტი, არც ნაკლები – თვით შექსპირი და მისი შესანიშნავი მთარგმნელი, ტრაგიკული ბედის მქონე ივანე მაჩაბელი დამეხმარებიან.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ.

კიდევ ერთხელ გადავხედე ჩვენს სილაბუსს და არ დაგიმალავთ, მომეწონა.

საინტერესო სასწავლო წელს ველოდები და თქვენც იმასვე გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი