პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ისინი საუკეთესოს იმსახურებენ

რაც დრო გადის, მით მეტად ვაფასებ ჩემს მასწავლებლებს. ამის მიზეზი მხოლოდ საინტერესო და მხიარული სასკოლო გარემოს მონატრება არ უნდა იყოს. წლების შემდეგ ზუსტად ვხვდები, რას ემსახურებოდა მათი თითოეული ნაბიჯი, თითოეული მოწოდება. დღეს უკეთ ვაცნობიერებ, რომ ჩემი ღირებულებების, პრინციპების მნიშვნელოვანი ნაწილი პედაგოგთა ხელშეწყობით აღმოვაჩინე. თორმეტივე კლასში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ პროფესიონალებთან მქონდა ურთიერთობა. ყველას საჯაროდ გახსენება ურთულესი ამოცანაა, ამიტომ მინდა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნამდვილი გურუს შესახებ მოგითხროთ, დანარჩენებზე კი მომავალში აუცილებლად მომიწევს დაწერა.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს უკანასკნელ დამრიგებელზე მოგითხრობთ, რომელიც შვიდი წელი დაგვდევდა მთასა თუ ბარში, ქალაქსა თუ მის შემოგარენში და ანტირუსული ისტერიის ფონზე ცდილობდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიტერატურა საფუძვლიანად ესწავლებინა ჩვენთვის. მეტისმეტად უინტერესო მაშინდელი სახელმძღვანელოების ნაცვლად, იგი ფარულად იყენებდა ძველ ალმანახებს. არაერთი ტრიმესტრ-სემესტრის განმავლობაში უამრავი წიგნი წავიკითხეთ და განვიხილეთ, თუმცა ერთ პატარა, თითქოსდა ნაკლებად სერიოზულ მოთხრობაზე მასწავლებელმა ყველაზე მეტი დრო დახარჯა. ეს ნაწარმოები ანტონ ჩეხოვის „Палата № 6″ გახლდათ. დამრიგებლის განსაკუთრებულმა მონდომებამ შედეგიც გამოიღო. დარწმუნებული ვარ, სწორედ მაშინ, მეცხრე კლასში, მზრუნველი ადამიანის მინიშნებით მივედი მარტივ დასკვნამდე – თავისუფლება მხოლოდ ოთხ კედელს შუა მომწყვდევით არ იკარგება, მისი გაუფასურება ღირსების შელახვით, პასუხისმგებლობის შეუგნებლობითა და უსამართლო საზოგადოებრივი ურთიერთობებით იწყება.

საქართველოს სკოლებში ცალკე ფენომენს წარმოადგენენ ქართულის მასწავლებლები. ხშირად – უმიზეზოდ, ხანდახან – სამართლიანად მრავალ მათგანს ანტისაბჭოთა ნაციონალიზმის მოძველებული პრინციპებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. ჩვენ კი ძალიან დიდხანს გვასწავლიდა ადამიანი, რომელსაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ პიროვნებად და ნამდვილი, წესიერი მოქალაქის საუკეთესო მაგალითად მივიჩნევ. მისი მთავარი პრინციპი ნებისმიერი საკითხის ყველა, თუნდაც ტაბუდადებული პერსპექტივიდან შეფასება გახლდათ. შედეგად საზოგადოებისთვის, პირადად ჩვენთვის დამახასიათებელი თითქმის არც ერთი ნაკლი უყურადღებოდ არ დაგვრჩენია. მათზე გამუდმებით ვფიქრობდით და ვწერდით კიდეც, სირთულეთა მოგვარების გზებს კი ყოველთვის მერხზე გადაშლილ წიგნებში ვეძებდით და ვპოულობდით. არაერთხელ მიხელმძღვანელია ვაჟა-ფშაველას პოემების განსჯის დასრულებისას ნათქვამი მისი ფრაზით: „ადამიანი – ეს მთავარი, უპირველესი ფასეულობაა. ბრბოს საზოგადოებად გარდაქმნას ამ აზრის გაცნობიერება უყრის საფუძველს”.

პროფესიის გააზრებულად არჩევაში კი ორმა ძლიერმა, გაბედულმა და ნაკითხმა ქალმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი. ერთი მათგანი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას მასწავლიდა, თან ყოველთვის განსაკუთრებული, ორიგინალური მხიარულებით უძღვებოდა გაკვეთილებს. მაგალითად, სერიოზული არგუმენტების ჩამოყალიბებამდე არ ერიდებოდა სტალინის „უკანონო საქონლად” (левый товар), ხოლო რუსუდან დედოფლის „მსუბუქ ხელმწიფედ” მოხსენიებას. ახლაც ვიყენებ შედარებითი პოლიტიკური ანალიზის ელემენტარულ მეთოდს, რომელიც მის მიერ დაფაზე დახაზული ცარიელი დიაგრამების შევსებისას ავითვისე. მაშინაც ლიბერალიზმსა და სოციალიზმს ვადარებდი ერთმანეთს. ისტორიის მასწავლებლის ძალისხმევით მომიხდა სახელმძღვანელოებში გაკვრით მოხსენიებული ბრიტანელი მეფის თავისკვეთის, საფრანგეთის რევოლუციის, „ჩარტისტული მოძრაობისა” თუ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების შედეგებზე თემებისა და მოხსენებების მომზადება, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან სასაცილო მეჩვენება. სამაგიეროდ, არასდროს დამჭირვებია უმნიშვნელო თარიღების დაზუთხვა.

წარმოიდგინეთ სკოლის ბნელ სარდაფში სახელდახელოდ მოწყობილი საკლასო ოთახი, დაფასთან ჩამოკიდებული, ათასფერად აჭრელებული ფიზიკური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური რუკები და მასწავლებლის ირგვლივ – მოსწავლეთა მჭიდრო რკალი. რამდენიმე მხარედ დაყოფილი მოსწავლეები სამხრეთ იტალიის ჩამორჩენილობაზე, შვეიცარიის სახელმწიფო მოწყობაზე, ანტვერპენის პორტსა და საქართველოს კვების მრეწველობის პოტენციალზე უსასრულოდ დავობენ. ეს ჩემი გეოგრაფიის გაკვეთილია, სადაც პედაგოგი (ის მეორე, რომელიც პროფესიის არჩევაში დამეხმარა) შანსს არ უშვებდა ხელიდან, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი ფაქტორების შედარებაში დაგვხმარებოდა. მაშინდელი ჩვენი ანალიზი არც ერთხელ არ დასრულებულა მხოლოდ კაპიტალისა და ინვესტორის სასარგებლოდ. 

ჩემს გურუებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. უპირველეს ყოვლისა, ისინი არასდროს გვთავაზობდნენ დოგმებს – ყველა შესაძლებლობის წარმოდგენას, განსხვავებული მიდგომების შედარებას სჯერდებოდნენ. ხშირად არ ემორჩილებოდნენ მათთვის მიუღებელ სასკოლო რუტინას და დაუღალავად ეძებდნენ სწავლების ახალ, უფრო თავისუფალ მიმართულებებს. რაც მთავარია, ისინი კლასს მორჩილებ მასად არ აღიქვამდნენ და ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებელ ადამიანებად ვგრძნობდით თავს.

ამ ოთხი პედაგოგიდან სამი უკვე წავიდა სკოლიდან. მათ გზას დაადგა იმ მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი, რომელთა შესახებაც მომავალში მოყოლას დაგპირდით. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ, მაგრამ დღემდე დაუფასებლად, ფინანსური თუ სხვა ტიპის ხელშეწყობის გარეშე, არაეფექტური სისტემური ზეწოლით მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში. გაბრაზებულს, მინდოდა შემეხსენებინა, რომ პოლიციის განყოფილებებზე მნიშვნელოვანი სკოლებია, სპეცრაზმელებზე მეტად მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერა, თორემ განათლების დარგში მხოლოდ რამდენიმე გაჭირვებული გმირი და ბევრი უცნაური ადამიანი მოიყრის თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი