ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სექტემბრის რიტუალი

რა დრო იყო: აგვისტოს ბოლოს წავიდოდნენ დედაჩვენები რომელიმე მტვრიან ბაზარში, დაბრუნდებოდნენ დაღლილები, დაჭმუჭნილები, იწუწუნებდნენ სასკოლო წლის დასაწყისის სირთულეებზე: ხალხმრავლობაზე, სასექტემბრო „ცეცხლის ფასებზე”, ჩვენთვის ვერნაყიდ ლამაზ ქვედაკაბაზე, რომელსაც ჰქონდა სამიოდე პლისეთი მეტი და ღირდა, ალბათ, სამიოდე ლარით მეტი. ჩვენ მოუთმენლად ამოვყრიდით ჭრაჭუნა პარკებიდან ახალთახალ ტანსაცმელს. შევაფასებდით, ძირითადად, დადებითად. არ გვანაღვლებდა ცუდი ხარისხი. ახლა გავხდით პრეტენზიულები: ყოველ ნაკერს ისე გულმოდგინედ ვამოწმებთ, თითქოს კაბა კი არა, საპატარძლო იყოს, ჩვენ კი – ცალწარბაწეული სადედამთილოები.


ჩვენი სკოლები, ცარიელები, სამი თვის მშივრები გველოდნენ. უბუყბუყებდათ ცარიელი დერეფნები და სასკოლო ოთახები. ნაღვლიანი ფანჯრებით გადმოჰყურებდნენ გზებს, რომლებითაც ოდესმე დავუბრუნდებოდით. მშივრები, მშივრები. მოაჯირებს, კიბეებსაც ნეკნებივით დაუთვლიდით. გამხდრები, გამხდრები. სექტემბრის პირველ ორშაბათს კედლებაკაწკაწებულები ელოდნენ.


ჩვენც მიგვქონდა ჩვენი პატარა სხეულები, ჩვენი ამბები, საზაფხულო, არასკოლური. პირველი დღე ამბებისა იყო. ამბები იყვნენ, ძირითად, სოფლურები, მუხლებგადაყვლეფილები, შავი თუთით დაწინწკლულები, ჩიტის ბუდეების ინტერიერის ინტერესით იხოცებოდნენ და ხანდახან ველოსიპედიდან ჩამოვარდნის სიმწარესაც მთელ კლასს ამცნობდნენ. მასწავლებლები ხშირად წაკითხული წიგნების რაოდენობით ინტერესდებოდნენ. ჩვენი მონაგარი ხან „ერთი თარო” იყო, ხან – უფრო მეტი. ეს სასაცილო „ერთი თარო” სერიოზულად განიხილებოდა. რა დრო იყო – ნეთბუქები თვალით არ გვენახა და სასკოლო სახელმძღვანელოებსაც, აბა, მაშინ უფასოდ ვინ დაგვირიგებდა, ასე რომ, მომდევნო ორი კვირა მაინც უწიგნობისა იყო.


უსწავლელი გაკვეთილები უწიგნობას ბრალდებოდა. მასწავლებლები გულზე სკდებოდნენ. ჩვენს მშობლებს გულები უსკდებოდათ და საფულეები – არა. მძაფრად მახსოვს ჩემი ყველა ახალი სახელმძღვანელო: ზომა, წონა, დიზაინი, სუნი. ისტორიის უზარმაზარი წიგნები ლიდერობდნენ: მოდელებივით ლამაზები, ტანადები, მაღლები, ჩემი ყველა ჩანთიდან კიდეებამოყრილები.


ასეთი იყო სექტემბერი. მოშვებული, ზაფხულგადმოყოლილი. ასეთი მახსოვს: მაშინ ჯერ კიდევ, ტრადიციულად, ვზეიმობდით. ულექსოდ სასწავლო წლის დასაწყისი ვერ ჩაივლიდა. გაზეპირებულ სტროფებს ისე სწრაფად ჩამოვარაკრაკებდით, დამსწრეებს ერთი სიტყვაც არ ესმოდათ. რომელ ბავშვს უყვარს „ლექსის თქმის” მტანჯველი რიტუალი. მშობლები კი რატომღაც მუდამ გრძელ-გრძელ ლექსებზე გიჟდებოდნენ და მოთმინებით გვაზეპირებინებდნენ. ჩვენი სიბეჯითის დასტური თუ იყო. ალბათ, მშობლისაც.


სკოლა კი, კმაყოფილი, ფანჯრებს ფართოდ გაახელდა, ფარდებს გადასწევდა და მერხებს ააჭრიალებდა. სექტემბრის ბოლო კვირას უკვე ვფიქრობდით, რომ უკეთესი იქნებოდა, მუდმივი ზაფხულითა და თავგადასავლებით სავსე ჯადოსნურ ქვეყანაში გვეცხოვრა. მაშინ არც ერთს არ მოგვივიდოდა აზრად, რომ მრავალი წლის შემდეგ რომელიმე ჩვენგანი ნოსტალგიურ წერილს დაწერდა ძველ, წვრილმან ამბებზე. თუმცა რას გაუგებ უფროსებს – მათ ხომ შეუძლიათ, ყველაზე მოსაწყენები და სენტიმენტალურები იყვნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი