ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჭინთვა და პრანჭიობა

დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ უხერხულ ამბავზე ხმის ამოღება, მაგრამ ზედიზედ იმდენი რამ მიეწყო ერთმანეთს, რომ გაჩუმება არ გამოდიოდა. 

რას ვგულისხმობ?

რას და – ასე მგონია, ამ ბოლო დროს მეტისმეტად ხშირად გვიწევს თავზე ნაცრის წაყრა. თითქოს ის არ გვყოფნიდეს, რაც მართლა გადაგვხდა და ჩავიდინეთ, ბოლომდე უნდა დავისაჯოთ, უნდა ვიტვირთოთ ყველაფერი – მომხდარიც და გამოგონილიც, რეალურიც და თითიდან გამოწოვილიც. 

თქვენც შეგიმჩნევიათ ალბათ: როგორც კი რაიმე უბედურება დატრიალდება, სოციალურ ქსელში მყისვე იმატებს აღშფოთების, ჭკუის დარიგებისა და დამუნათების გამომხატველი სტატუსები:
– ბავშვების მკვლელი ქვეყანა!
– მოძალადე მღვდლების სამშობლო!
– ადგილი, სადაც წიგნებს წვავენ!
ერთი სული გვაქვს, ყელში ვწვდეთ ამ ისედაც გალეულ, პოლიტიკური ბრძოლებითა და თამაშებით გათანგულ ქვეყანას და გინებასა და დამცირებაში ამოვხადოთ ის დარჩენილი სიწმინდეც. მერე კი, მწარე-მწარე გამოსვლებით გადაღლილებმა, ფეხი დავკრათ და გადავიკარგოთ ნანატრი დასავლეთისკენ, სადაც სულის სალბუნი და ნაოცნებარი დემოკრატია გვეგულება.

ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიშში” ერთი საინტერესო პერსონაჟია – ანდრო, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაასწრო დასავლეთში, ჩეხი გოგო შეირთო და იქ დაფუძნდა. ორი ქალიშვილი ჰყავს, ქართულად ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ იციან, რომ ქართველები არიან. ანდრო ხანდახან ჩამოდის მშობლების სანახავად და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, მეგობრებთან ერთად რესტორანში მყოფი, ოფიციანტზე გაბრაზებული, მოიქოქება და მოიქოქება: „რა არის, რა უბედურებაა, ამ ქვეყანაში რით ვერ უნდა ისწავლონ ჭკუა. აეროპორტიდანვე იგრძნო, რა ქაქშიც შემოდგა ფეხი. მებაჟეები რას გვანან. მოდავება მოუნდომეს… დაუძრო თუ არა პასპორტი! დიახაც, დაუძრო. ჩეხეთის მოქალაქეა, ის კი არ არის. ეგრევე მოაკეტინა. ანდა, აფთიაქები აიღე. რას ჰგავს აქაური აფთიაქები. სულაც რომ კვდებოდეს, იმ ჯიხურში წამალს არ შეიძენს. ჰაერი! ნუთუ შეიძლება ამ მოწამლული ჰაერის სუნთქვა.
თბილისთან შედარებით პრაღაში ათჯერ-ოცჯერ მეტი მანქანა დადის, მაგრამ ასეთი მოწამლული ჰაერი არ არის. იქ ნორმალურ ბენზინს ყიდიან, გენაცვალე, და იმიტომ. არა. არა. დროზე გაასწრო აქაურობას. ან ქალაქი რას ჰგავს. ან ხალხი რას დაემსგავსა. საკუთარ სადარბაზოსთან დაყრილ ნაგავს მაინც რატომ არ გაიტანენ. ამას რაღა უნდა, ესეც დიდი საქმეა? იქ, პრაღაში, საპნით რეცხავენ ქუჩებს, აქ კი…”

და ბოლოს ვახო, ანდროს ბავშვობის მეგობარი, ვეღარ მოითმენს: 
„– რას მოეთრეოდი!.. – ამბობს ვახო, – შენ მშობლების სანახავად კი არ ჩამოხვედი, იმისთვის ჩამოხვედი, რომ შენისთანებმა გისმინონ და ნწუ, ნწუ, ნწუ გიკეთონ ტუჩებით, როცა ამ ქვეყანას ლანძღავ”.

ხდება ხოლმე – გაბრაზებულ გულზე შეიძლება გულიანად შემოგელანძღოს ვინმე, მაგრამ პირადს როგორმე მოევლება, მთავარია, ის არ ვათრიოთ ტალახში, რაც პირადზე მაღლა დგას, რადგან ქვეყანა კი არ არის ბავშვების მკვლელი, არამედ ზნეობრივად მოშლილი და კორუმპირებული სისტემა; არც მოძალადე მღვდლების სამშობლოა საქართველო მხოლოდ – წამებული მოძღვრებიც მოიძებნებიან ახლო წარსულში; არც მარტო იმ ადგილის მკვიდრნი ვართ, სადაც წიგნებს წვავენ, და ისეც ნუ გავაზვიადებთ, თითქოს აიათოლა ჰომეინისა და იოზეფ გებელსის აჩრდილები დაგვეჩვივნენ ამ ბოლო დროს – ერთეული შემთხვების გამო ყველაფერს ნუ დავიბრალებთ!

მთლიან სურათს ერთეულები ქმნიანო, შეიძლება შემომედავოთ. დავაზუსტებდი: ერთეულებსაც გააჩნია! წიგნის ინკვიზიტორი ვერასოდეს იქნება სამაგალითო და, ასე მგონია, ვერ უბიძგებს, თავს ვერავის მოახვევს თავის უკეთურ სურვილებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: ნაკვერჩხალს სულს ნუ შევუბერავთ გამუდმებით, თორემ ერთხელაც მართლა დაინთება ცეცხლი!

საზოგადო ჭირზე საუბარი არაფრისმომცემ „ჭინთვად და პრანჭიობად” (როგორი მძაფრი და თან რა ზუსტია მიხეილ ჯავახიშვილი!) რომ არ იქცეს, ეს ჭირი – ცოდვები, ზოგჯერ – გაუმართლებელი შეცდომები – ჩვენს ქვეყანას არ უნდა შევაწმინდოთ. კონკრეტული დამნაშავის დასახელებისა და გამოაშკარავების შნო და გამბედაობა უნდა გვქონდეს. და იმ მატყუარა ბიჭსაც ნუ დავემსგავსებით, მგელი, მგელიო, რომ გაიძახოდა და როცა მართლა მოვიდა, არ დაუჯერეს.

„მგელი” კარგა ხნის მოსულია, ოღონდ სულ სხვა მხრიდან, სულ სხვა რამეზე – თავისი მაგარი მუხლი ჩვენი თავმოყვარეობისთვის მოუბჯენია და ელოდება, როდის გავტყდებით.

დამონებული, დაბეჩავებული და გამუდმებით მონანიე ერი კი ისეთივე ამაზრზენია… უფრო სწორად, ყველაფერზე უფრო ამაზრზენი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი