სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზვარაკი

ზვარაკი ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა დედამიწაზე სულ სამი-ოთხი კაცი დააბიჯებდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჟამთაცვლამ სამყაროში ღმერთებიც გაამრავლა, მათი მიმდევრებიც, ადათ-წესებიც და ზვარაკად შეწირვის ფორმებიც.

მიუხედავად არაერთი აკრძალვისა, რელიგიათა გაჰუმანურებისა თუ ცივილიზაციით განაზებული სამყაროს მკაცრი კანონებისა, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთი ზვარაკი შეწირულა „სულის სახსარად” თუ სტომაქის ამოსაყორად…

როგორ წარმოგიდგენიათ ზვარაკი? თოკგამობმულ, რქებზე თეთრხილაბანდშემოხვეულ, სანთლით შუბლგადატრუსულ, მორჩილად თავდახრილ პირუტყვად? არა, ჩემო კეთილებო. მოლეკულებიც შეიძლება იქცნენ ზვარაკად. ყოფილხართ ოდესმე ქიმიურ ქარხანაში? შორიდანვე დაინახავთ საამქროებიდან მოშორებით აღმართულ მაღალ, ცილინდრულ ნედლეულის საცავებს, რომლებიც მოლოდინით ისევე გაყუჩებულან, როგორც დასაკლავად გამზადებული პირუტყვი.

დიახ, ნედლეულის მოლეკულები ის ზვარაკია, რომელსაც ყოველდღიურად ასეულობით და, შესაძლოა, ათასეულობით ტონას ვწირავთ ჩვენს ამბიციებს. ნავთობი დედამიწის წიაღიდან გადმონთხეული ჩვენი წინაპარი სამყაროს ორგანული ნაწილაკებია. იმ მოლეკულების გროვაა, რომლებიც ერთ დროს ცოცხალ ორგანიზმებში მიმოიქცეოდნენ, მერე კი, დედამიწის ღრმა ტალანებში შეყუჟულებმა, საუკუნოვან ძილს მისცეს თავი. ვინ იცის, რამდენი მშვენიერება, სილამაზე, განცდა და ცრემლი დაიმარხა მათთან ერთად. იქნებ ამიტომაც არის ნავთობი ასეთი დიდი ენერგიის მატარებელი – 54 ავტოგასამართი აპარატიდან დროის ერთეულში იმდენივე ენერგია „იღვრება”, რამდენსაც უზარმაზარი ენგურჰესი გამოიმუშავებს!

რატომ ვწირავთ ზვარაკად ნავთობის მოლეკულებს? იმისთვის, რომ ჩვენ გარშემო იყოს სითბო და სინათლე, რომ არ შესცივდეთ ჩვენს შვილებს, რომ სწრაფად გავლიოთ გზა იმ ადგილამდე, სადაც გველიან, რომ გადავცუროთ ან გადავევლოთ ზღვებსა და ოკეანებს, რომ „ამოვიდეთ იმ ტალახიდან, რომელსაც სახელად დედამიწა ჰქვია”, ზემოდან დავხედოთ და კიდევ ერთხელ დავინახოთ, რა პატარაა იგი… 

სამწუხაროდ, ნავთობის მოლეკულების ფარაში გაზაფხულობით დოლი არ იცის, ამიტომ ისინიც უფრო და უფრო ცოტავდებიან… 

ზეთოვან მცენარეებს დიდი ხანია ცხიმის მისაღებად ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ მიერ მოხმარებულ ზეთსა და ქონზე არანაკლებს ზვარაკად ვწირავთ საპნის ქარხნებს.

დიდი ძალისხმევა და ენერგია სჭირდება ძვირფასი მეტალების დედამიწის წიაღში მიკვლევას, მოპოვებას, გადამუშავებასა და ფუფუნების საგნების დამზადებას, რომლებითაც შემდეგ ვიკეკლუცებთ და თავს მოვიწონებთ, მაგრამ არცთუ ცოტა ისევ ქიმიურ ქარხანაში აღმოჩნდება ხოლმე გადასამუშავებლად – კატალიზატორების და მრავალი სხვა, ქიმიური თვალსაზრისით საინტერესო რეაქტივის დასამზადებლად.

უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

…ზოგჯერ ადამიანებიც ხდებიან ზვარაკები. გაიხსენეთ ქართული ფილმი „დიდი მწვანე ველი”, გიორგისა და სოსანას განშორების ეპიზოდი. სოსანა მარტო რჩება დიდ მწვანე ველზე, გიორგი კი მიდის, მიდის თავდახრილი და თავისთვის ამბობს: „შეწირულები, მთელი მაგათი გვარი შეწირულები იყვნენ, მამამისიც შეწირული იყო, თვითონაც შეწირულია, საქმისათვის შეწირული…”

სწორედ ასეთი საქმეს შეწირული მასწავლებლების დამსახურებაა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე რომ გაიელვებენ ხოლმე ახალგაზრდები. მასწავლებელი კი მოლეკულა არ არის, თავის შეწირვა აიძულო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი