პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ოთარ იოსელიანი, ჯილდო და სიტყვები, გამბედაობის ზღვარს მიღმა

ჩემი „საზაფხულო არდადეგები”, რომელთა შესახებაც წინა პოსტში გიყვებოდით, 7 აგვისტოს დაიწყო. ამავე დღეს შვეიცარიაში, ქალაქ ლოკარნოში, გაიხსნა ყოველწლიური კინოფესტივალი – რიგით 66-ე, რომელიც 10 დღე გაგრძელდა.

ლოკარნოს კინოფესტივალი, დღიდან დაარსებისა, ახალი ტენდენციებისა და კინოხელოვანების აღმოჩენას ისახავს მიზნად, ამიტომ მისი პროგრამა სხვა კინოფესტივალებთან შედარებით მრავალფეროვანი და ეკლექტურია. სწორედ ლოკარნოში „აღმოაჩინეს” კლოდ შაბროლი, სტენლი კუბრიკი, მილოშ ფორმანი, ბელა ტარი, ალექსანდრ სოკუროვი, ჯიმ ჯარმუში, ფათიჰ აკინი და ბევრი სხვა, შემდგომ აღიარებული რეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ ლოკარნოს კინოფესტივალი ერთ-ერთი უძველესია კანის, ვენეციის, ბერლინისა და კარლოვი-ვარის კინოფესტივალებთან ერთად და კინემატოგრაფის იმ კონცეფციასა და ხედვას იზიარებს, რომელიც ახლოსაა ჩემს გემოვნებასთან, გამოგიტყდებით, წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ჩემეულ სიაში პირველი ადგილი არ უკავია. თანაც თბილისიდან წამოსვლამ და, ამის კვალობაზე, ინფორმაციის წყაროებისგან მოწყვეტამ ლოკარნოს წლევანდელი ფესტივალისთვის თვალყურის დევნების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

კინოფესტივალზე ორი რამის გამო ვამახვილებ ყურადღებას:

1. მისი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განყოფილება, „Open Doors”, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული. სომეხ და აზერბაიჯანელ კინოხელოვანებთან ერთად გაიმართა თანამედროვე ქართველი რეჟისორების: ზაზა რუსაძის, რუსუდან ჭყონიას, ლევან ზაქარეიშვილის, ნანა ჯორჯაძის, გელა ბაბლუანის, ნანა ჯანელიძის – ფილმების ჩვენება. ასეთი კონცენტრაციითა და ხარისხით ქართული კინოს დემონსტრირება ნამდვილად იშვიათი და სასარგებლო ამბავია.

2. ამავე მიზეზით ყურადღების ცენტრში მოექცა უკვე მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი. გაიმართა მისი ფილმების რეტროსპექტივა, რომელზეც ოთხი ნამუშევარი – „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი”, „ყაჩაღები, თავი VII”, „შანტრაპა” – აჩვენეს, ფესტივალის მთავარ მოვლენად კი იქცა ოთარ იოსელიანისთვის სპეციალური პრიზის გადაცემა კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უფრო სწორად, სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ჯილდოს მიღების შემდეგ.

ყოველ ჩვენგანს არაერთხელ მოუსმენია ასეთი სიტყვა, რომელშიც დაჯილდოებულები, წესისამებრ, მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ წარმატებაში წვლილი შეიტანა. ოთარ იოსელიანის სიტყვა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, ისევე როგორც მისი შემოქმედება. თუმცა რამდენადაც ბევრი თქმულა იოსელიანის – რეჟისორის შესახებ, იმდენადვე მწირია ინფორმაცია მის პიროვნებაზე, პირად შეხედულებებზე, ცხოვრებაზე. არ მახსენდება შემთხვევა, გარდა 2008 წლის აგვისტოსი, როდესაც მას კომენტარი გაეკეთებინოს, ესა თუ ის მოვლენა შეეფასებინოს. აგვისტოს ომის დროსაც მისი შეფასება რამდენიმე ფრაზით შემოიფარგლა.

ამიტომ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის სამადლობელმა სიტყვამ, ამგვარი ცერემონიალებისთვის უჩვეულოდ გრძელმა, გულახდილმა და პირდაპირმა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ოთარ იოსელიანმა, რომელიც მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოეს, მსოფლიო კინო მოულოდნელად მწვავედ გააკრიტიკა. კრიტიკა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებსაც, როგორიც კანისა და ვენეციის ფესტივალებია. რეჟისორმა მრავალრიცხოვან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ვენეციის კინოფესტივალის დამფუძნებლის ვინაობა (ეს კინოფესტივალი ბენიტო მუსოლინის, დუჩეს, დაარსებულია) და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის სწორედ დამაარსებლის იდეებსა და მსოფლმხედველობას გამოხატავდა. ასეთი განცხადება (გავითვალისწინოთ, რომ ლოკარნო მდებარეობს შვეიცარიის იტალიურენოვან ნაწილში და მისი მოსახლეობის უმეტესობა „იტალიელია”, ნომინაციებისა და ჯილდოების დასახელება იტალიურად ენაზეა, მოკლედ, კინოფესტივალს მკვეთრად გამოხატული „იტალიური” ელფერი დაჰკრავს, იტალიელთათვის კი მე-20 საუკუნის ყველაზე მტკივნეული მოგონება სწორად დუჩეს მოღვაწეობაა) პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა ნებისმიერი სხვა რანგის კინოხელოვანისთვის, მაგრამ არა ოთარ იოსელიანისთვის. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ პრესაში ბევრ აღშფოთებულ წერილს წავიკითხავდი, სადაც ოთარ იოსელიანის მომავალი, სულ ცოტა, ეჭვქვეშ იქნებოდა დაყენებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოხმაურებათა უმეტესობა შესაძლო მინიმუმით შემოიფარგლა, ქართველი რეჟისორის აშკარა კრიტიკა კი საერთოდ არ შემხვედრია.

ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ოთარ იოსელიანის პიროვნებაზე და მის ადგილზე მსოფლიო კულტურაში (რადგან იგი უდავოდ მსოფლიო კულტურის ნაწილია). მივხვდი, რომ, შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად საკმაოდ მწირი კომუნიკაციისა მედიასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვა ინსტრუმენტებთან, ოთარ იოსელიანი იმხელა ფიგურაა, რომ, ერთი მხრივ, აქვს უფლება, გამოთქვას აზრი, რომელიც სცდება გამბედაობის ზღვარს, მეორე მხრივ კი მისი სიტყვები შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდეს აუდიტორიისთვის, რომ დიდია ალბათობა, კრიტიკის ნაცვლად, რაც უნდა ხმამაღალი და პირდაპირი იყოს იგი, თავად კრიტიკის ობიექტში შეიტანოს ეჭვი. ეს ადასტურებს, რომ ოთარ იოსელიანი უკვე აღარ არის უბრალოდ კარგი, ნიჭიერი, თუნდაც სახელგანთქმული რეჟისორი – მას განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო კულტურაში.

გამიხარდა ასეთი დასკვნის გამოტანა, გამიხარდა იმ ბავშვური აღტაცებით, როდესაც ხვდები, რომ ის ავტორიტეტები – მწერლები, რეჟისორები თუ მხატვრები, რომლებსაც ენდობი და შეიყვარებ, მართლა ღირსეული ადამიანები აღმოჩნდებიან. გილოცავთ, ბატონო ოთარ, მიღებული ჯილდო ზუსტი გამოხატულებაა იმისა, რასაც თქვენ დღეს წარმოადგენთ.

 

 

“ლოკარნოს კინოფესტივალი ნამდვილი კინემატოგრაფის შეფასების კრიტერიუმია. კინემატოგრაფი ავად არის, სულს ღაფავს.  ავად არის იმ დაავადებით რომელიც, 20-30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩენილი სისტემით არის გამოწვეული, ამ სისტემის კლიშეები ვირუსივით მოედო მას.

ლოკარნოს ფესტივალი უიშვიათესია, რომელმაც გაუძლო ამ ყველაფერს. მე ქათინაურს არ გეუბნებით და არც რევერანსებს ვაკეთებთ თქვენს წინაშე. ვენეციის კინოფესტივალი, და ეს თქვენც კარგად იცით, დაფუძნებულია “დუჩეს” (ბენიტო მუსოლინი) მიერ და  სამწუხაროდ,  დღესდღეობით ის მიუბრუნდა”დუჩეს” სისტემას. 

კანის კინოფესტივალმა, მიუხედავად ისეთი დიდი ადამიანის როგორიც ჟილ ჟაკობია თავდაუზოგავი შრომისა, საბოლოოდ დაუთმო ადგილი კომერციულ ფილმებს.

ეს კატასტროფაა. და ეს ყველა კინოფესტივალს ეხება.

არის აქა-იქ პატარა, მცირე კინოფესტივალები, რომლებიც საინტერესოა, თუმცა დიდ ფესტივალებს შორის, ლოკარნოს კინოფესტივალი ერთადერთია, რომელიც აფასებს ნამდვილ კინოხელოვნებას, გააზრებულ, ნამუშევარ ფილმებს, მათ მეტაფიზიკას. დამიჯერეთ, ეს ასეა.

მე ამას გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ასე უნდა გააგრძელოთ, რადგანაც იმის საშიშროება, რომ მახეში გაებათ და წამოეგოთ კომერციული კინოს სატყუარას, ძალიან დიდია. 

ლოკარნოს ფესტივალი რჩება კინოხელოვნების, იმ ფილმების ერთგული სადაც ჩანს შრომა და აზროვნება. დიდი მადლობა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი