პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყველაზე კონსულტანტები, ყველაზე მრევლები

ჟურნალისტმა ნინია მაჭარაშვილმა, ბათუმიდან სტივენ კინგისათვის შესაშური ამბავი გვამცნო: წიგნის მაღაზიათა ქსელ, „ლამპარის” კონსულტანტებმა, მწერალ ზაზა ბურჭულაძის „ხსნადი კაფკას” მაღაზიაში არსებული ყველა ეგზემპლარი საკუთარი ჰონორარით შეიძინეს და ცეცხლს მისცეს. ამასთანავე უკადრისობენ მიშელ უელბეკისა და პაულო კოელიოს ნაწარმოებების გაყიდვას, რამეთუ უხამსობაა. ის დროა, მილოშ ფორმანმა ბებერი უკანალი წამოწიოს და 1996 წლის ფილმის გაგრძელება გადაიღოს: „მრევლი მიშელ უელბეკის წინააღმდეგ”.

„ელემენტარული ნაწილაკების” მმუსვრელი კონსულტანტები რომ გულმკვდარი ჯვაროსნები არიან, ამაზე მაღაზიათა ქსელის მფლობელიც ყაბულს ყოფილა: მამა ბასილის მრევლს ვასაქმებ მხოლოდო. კაცი ოდენ ექსპერტებს ეძებს და შევეშვათ, თავის საქმეა.
აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი აიათოლა ჰომეინისა. იმ ჰომეინის, რომელმაც სალმან რუშდის სიკვდილი ბრძანა და მსუყე გასამრჯელოც დააწესა მის თავზე, როცა 1988 წელს „სატანური სტროფები” გამოიცა. რუშდიზე და ყველა დანარჩენზე, ვინც წიგნის დაბეჭდვაში მონაწილეობა მიიღო. საქართველოში იოზიფ გებელსის აჩრდილიც შემოეხეტა. იმ გებელსის, 1933 წელს ბერლინში წიგნებით კოცონი რომ ააგიზგიზა. წიგნებით, რომლებიც ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიაზე აუგის მთქმელი იყო. ჩვენსას ირანული აჩრდილიც დაიარება. ის აჩრდილი გაბრიელ გარსია მარკესის „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” 2007 წელს ჯერ შეცვლილი სათაურით რომ ჩაუშვა, მერე კი დახლებიდან ააორთქლა.
ერთი კია – ირანშიცა და გერმანიაშიც წიგნებისა და ავტორების ბედი ძლიერთა ამა ქვეყნისათა გადაწყვიტეს. საქართველოს წიგნის ზოგიერთ მაღაზიაში კი, იქ სადაც წესით სინათლე ყველაზე თვალისმომჭრელი უნდა იყოს, სინამდვილეში ჯოჯოხეთურად ბნელა. უჩინო მოქალაქეები, რომლებიც მთელ დღეს წიგნების გარემოცვაში ატარებენ და პოტენციურად ლიტერატურა ძლიერ უნდა უყვარდეთ, ღმერთის სახელით წვავენ მათ. ღმერთის, რომელსაც მეც და ისინიც ვემორჩილებით და რომელსაც წიგნების დაწვა ჩვენთვის არცერთ სწავლებასა და ქარაგმაში არ დაუვალებია – მან თავისუფლება გვიბოძა და თუკი ჩვენ ამ თავისუფლებას ვზღუდავთ, გამოდის, რომ საკუთარი გონებიდან ღმერთსაც ვაძევებთ. ნელ-ნელა. კრძალვითა და ცახცახით.
ერთიცაა – ჩვენი თვითმარქვია ჯვაროსნები, აითოლა ჰომეინისა და იოზიფ გებელსისგან განსხვავებით მხდალები და უფრო ეგოისტები არიან. ბურჭულაძის წიგნების დაწვით მკითხველის „გზა შეცდომილზე” დადგომისგან დახსნას კი არ ცდილობენ, არამედ თავიანთ წილ სასუფეველზე ჩაფიქრებულან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეროტიკანარევი ლიტერატურის სხვისთვის გაზიარება, მათ სულებს სამოთხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ აძევებს. სიმხდალე იმაშიცაა, რომ უსახელო ჯვაროსნები ეროტიული სტრიქონების გამო ებრძვიან ზაზა ბურჭულაძეს, მაგრამ ხმას ვერ იღებენ მიხეილ ჯავახიშვილზე. ან იქნებ ჯაყოსა და მარგოს ურმული ეპიზოდი არ წაუკითხავთ? ებრძვიან გადამთიელ მიშელ უელბეკს, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიანზე ხმა ვერ დასცდებათ. თუ იქნებ არც ვარდისახარის ბლაგვ და ვნებიან მკლავებზე წაუკითხავთ? იმედია წაუკითხავთ, მაგრამ აი რაში უნდა იყოს საქმე – მათ ავტორიტეტების დაგმობის ისევე ეშინიათ, როგორც ვამპირებს დღის სინათლის ან ვერცხლის ტყვიის. ბურჭულაძის აკრძალვა კი დილა-საღამოს შეუძლიათ.

კიდევ ერთია – მგონია, რომ ლიტერატურა მწერლისთვისაცა და მკითხველისთვისაც კომპლექსებისგან თავის დახსნის წამალია. ამიტომაც, თითოეული ტექსტი, გინდაც მტკნარი ტყუილი იყოს, მაინც რეალობაა – თუნდაც ერთი ადამიანის რეალობა. უსახელო ჯვაროსნები და მათი თანამესუფრეები კი ცდილობენ ხელოვნურად და უნიჭოდ შენიღბონ რეალობა, სპილოს მაგიდის ტილო გადააფარონ. ისინი ჰგვანან იმ ცოლებს, რომლებიც ქმრების ღალატს იმ პირობით ეგუებიან, თუ ეს მათთვის შეუცნობელი იქნება. მათ იციან, რომ საქართველოში მისიონერული პოზის გარდა სხვაც არსებობს, მაგრამ სწამთ, რომ სხეულების სხვაგვარი შეერთება მხოლოდ გარყვნილ ერთეულთა ცხოვრების წესია.
უჩინო ჯვაროსნები ნელ-ნელა გაზრდიან კადრებს. წიგნის მაღაზიებში გაჩნდებიან მათი კლონები. მითუფრო, რომ იციან სად ეძიონ ნედლი მასალა. შეუტევენ ნაბოკოვს, მარკესს. მერე იქნებ ბოკაჩოსაც გადასწვდნენ. ისინი იბრძოლებენ ღმერთის სახელით, თუმცა მათ ქმედებებს უფლის მოძღვრებასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ისინი გახდებიან ცრუ მქადაგებელთა დოგმების კმაყოფილი ყმები და მათი ბორკილები კიდევ უფრო შედუღაბდება. ისეთ ყმას კი, ვისაც გათავისუფლების სურვილი არ სტანჯავს, ლიტერატურასთან არაფერი ესაქმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი