პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წინააღმდეგობის მოძრაობა „თეთრი ვარდი“

ბევრი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ზღაპარში შეიძლება, წარმოუდგენლად დიდი ბოროტება
რამდენიმე მამაცმა ადამიანმა დაამარცხოს, თუმცა ხანდახან ლეგენდები სარწმუნო და უტყუარ
ფაქტებს ეფუძნება. ევროპის უახლეს ისტორიაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა უმაგალითო თავდადებითა
და პრინციპულობით გამორჩეულმა სტუდენტურმა ჯგუფმა. მინდა, ამ საიდუმლო ორგანიზაციის
შესახებ მოვუთხრო ჩვენს მკითხველს და გამოვთქვა იმედი, რომ მასაც დაუბრუნდება დაუჯერებელი
ამბების რწმენა.

1942 წლამდე მიუნხენის უნივერსიტეტის რამდენიმე გამოუცდელი,
სრულიად ახალგაზრდა სტუდენტი განსაკუთრებული მწუხარებით ადევნებდა თვალს „ბებერ კონტინენტზე”
განვითარებულ სისხლიან მოვლენებს. და-ძმა ჰანს და სოფიე შოლებისათვის ყველაზე მიუღებელი
ებრაელ თანამოქალაქეთა მასობრივი დევნა და ფიზიკური განადგურება იყო. ქრისტიან პრობსტს
ოპოზიციონერ აქტივისტთა მკვლელობების უწყვეტი სერია და გერმანიის რასისტული პოლიტიკა
უკარგავდა უმოქმედო, მშვიდი საუნივერსიტეტო ცხოვრების სურვილს. ვარშავის საკონცენტრაციო
ბანაკის ხილვით შეძრწუნებული ალექსანდრ შმორელი და ვილი გრაფი კი თავიანთ ქვეყანაში
დაუყოვნებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობას ხედავდნენ. ხუთივეს
ერთი საფიქრალი აერთიანებდა – ახალგაზრდებს დანაშაულად მიაჩნდათ ნაციონალ-სოციალისტების
მიერ დაშინებული და შევიწროებული გერმანელი ხალხის უპირობო, დამამცირებელი დუმილი.
მათ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა წამოიწყეს და მას „თეთრი ვარდი” (
Weisse Rose) უწოდეს – სახელი, რომელიც მეცნიერებს ბოლომდე დღესაც
ვერ აუხსნიათ.

თავდაპირველად ბავარიელმა სტუდენტებმა ყურადღება ადგილობრივ
აკადემიურ საზოგადოებაზე გაამახვილეს. 1942 წლის ზაფხულის თვეებში მოძრაობა „თეთრი
ვარდის” წევრებმა პროფესორ კურტ ჰუბერის დახმარებით მთელ ქალაქში ასობით ანონიმური
წერილი დააგზავნეს. ახალგაზრდები ინტელექტუალურ წრეებს ყოველდღიური სისხლისღვრის შეჩერებასა
და ნაციზმის წინააღმდეგ მოქმედებაში დახმარებას თხოვდნენ. აქტივისტთა პირველი ნაბიჯი
წარუმატებელი აღმოჩნდა და უპასუხოდ დასრულდა. პირად უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე
ორიენტირებულმა, უიმედოდ გულხელდაკრეფილმა და დამფრთხალმა ადამიანებმა უცნობ პირთა
წამოწყება აბსურდულ პროვოკაციად მიიჩნიეს და განზე გადომა ამჯობინეს.

უიღბლობამ მეგობრები ვერ შეაჩერა. ამჯერად მათ საპროტესტო
განცხადებების სტიქიურად მიმოფანტვის სტრატეგია აირჩიეს. მატერიალური მდგომარეობის
მკვეთრი გაუარესებისა და სიცოცხლის რისკის ფასად აქტივისტებმა დაამზადეს ცხრა ათასამდე
ანტიმილიტარისტული, ანტიიმპერიალისტური და ანტინაცისტური პროკლამაცია, რომლებიც სამხრეთ
გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში საიდუმლოდ გაავრცელეს. „მესამე რაიხის” მკვიდრმა
მოსახლეობამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოისმინა განსხვავებული და სენსაციური
აზრი. „თეთრი ვარდის” მიერ დაბეჭდილ ფურცლებზე ეწერა: „ჰიტლერი ომს ვეღარ მოიგებს,
მას მხოლოდ სისხლისღვრის გახანგრძლივება შეუძლია… ნუ მალავთ საკუთარ სიმხდალეს გონიერების
მანტიის ქვეშ, ნაციონალ-სოციალისტთა დამარცხება გერმანიის უპირველესი საზრუნავი უნდა
გახდეს!”

რამდენიმე უშიშარი ადამიანის გაბედულმა მოქმედებამ საზოგადოებაში
გამოძახილი მალევე პოვა. 1943 წლის იანვარში მიუნხენის უნივერსიტეტის 470 წლის იუბილეზე
სასწავლებელში სტუმრად მისულ ბაიერნის ნაცისტ პრემიერ-მინისტრს სტუდენტებმა პროტესტით
უმასპინძლეს. მოულოდნელი წინააღმდეგობით წამიერად დაბნეულ გესტაპოს პარალელურად ახალი
თავსატეხი გამოუჩნდა – დილით ქალაქის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს უნივერსიტეტის გალავანსა
და სხვა შენობებზე „თეთრი ვარდის” მხარდამჭერთა მიერ გაკეთებული წარწერები დახვდათ.
ყველა კედელზე, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, მეამბოხეები ერთი კვირის განმავლობაში
ყოველღამე ზეთის საღებავებით წერდნენ: „ძირს ჰიტლერი”, „თავისუფლება”.

ბუნებრივია, სასტიკ რეჟიმს არ გასჭირვებია ხუთი სტუდენტის
დაკავება. პირველი შოკის გადალახვის შემდეგ საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური
ოპერაცია დაგეგმეს. გესტაპოელებმა მოწინააღმდეგეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი
უნივერსიტეტის ყველაზე ხალხმრავალ დარბაზში, მაღალი თაღიდან ასობით ახალ პროკლამაციას
ყრიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცისტებმა სტუდენტური ჯგუფის ყველა წევრი მოდერნიზებულ
გილიოტინაზე გაისტუმრეს. თუმცა ამბავი აქ არ დამთავრებულა. „თეთრი ვარდის” გმირული
თავგადასავალი მილიონობით ადამიანმა შეიტყო, იმპერიის ყველა კუთხეში გააქტიურდნენ არალეგალური
ორგანიზაციები, რომლებიც უკანასკნელ წუთამდე ებრძოდნენ რეჟიმს და მხარს უჭერდნენ ანტიფაშისტურ
კოალიციას.

დღეს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის
წინ, ქვაფენილზე, მეტალის ფირფიტებისგან დამზადებული პატარა მონუმენტია, რომელსაც „თეთრი
ვარდის” პროკლამაციების ფორმა აქვს. ძეგლი არაჰუმანური რეჟიმის წინააღმდეგ უიარაღო
ბრძოლისა და უშიშარი სამოქალაქო წინააღმდეგობის სიმბოლო გახლავთ. მონუმენტი ყველა გამვლელს
შეახსენებს: უდიდესი ბოროტებაც კი ოდესმე მარცხდება, ხოლო მისი განადგურება გაბედული
ადამიანების პატარა ნაბიჯებით იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი