შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი მუჭა მზესუმზირისთვის

კაკალივით სემიჩკაა” – მითხრა ლუსიკამ, 30 თეთრი გამომართვა და სამი ნათალი ჭიქა ცხელცხელი მზესუმზირა გაცრეცილი ჯინსის ჯიბეში ჩამიყარა. ნახევარიც მუჭით მიამატა. ციმბირულად ციოდა. მზე ისე ანათებდა, თითქოს ვინმე ჯანიანს ქეჩოში ხელი წაევლოს და უფრო მაღლა მიეჭედებინოს. მერე კი ცაზე ფერადი მინა აეკრას. ნესტიანი ქარი სახეზე ძილის ნარჩენებს მიყინავდა და გათოშილ ფეხებს ჯიბეში მოჩხრიალე ცხელი მზესუმზირა მითბობდა. მე გავრბოდი. გავრბოდი მთელი ძალით და უკანმოუხედავად, რათა მიმეღწია იმ მიწამდე, სადაც სამ ჭიქანახევარ ბედნიერებაში არავინ შემეცილებოდა.

 შემცილებელი კი – იცოცხლე, ვაზისუბანში ბევრი იყო.

 ისე მოხდა, რომ განგებამ დედამიწის სამ საუკეთესო მემზესუმზირეს, მაშინ რომ უფროსებმა „სემიჩკის პაბლოესკობარები” შეარქვეს, ჩვენი უბნის მე-11 კორპუსში მოუყარა თავი. სამი მაგნატი – სამივე ერთსა და იმავე კორპუსში. ისინი სერჯიო ლეონეს ფილმის გმირებივით იყვნენ – ქერა, ტუკო და ანგელოზისთვალება. გნებავთ ისტორიული ტიტანები – კეისარი, პომპეუსი და კრასუსი. სინამდვილეში კი მოხუცი დედაბრები გახლდნენ და  დიდ ხელოვნებას მოკლებული სახელები ჰქონდათ – ლუსიკა, ვართუშა და სედა.

ლუსიკა იყო მცივანა. იშვიათად მძიმე პალტოს, ჭრელაჭრულა თავსახვევისა და შალის ჟაკეტის გარეშე გამოჩენილიყო, რომლის ჯიბეშიც მოჭმუჭნული ცხვირსახოცი გუნდასავით გამოეკრა. სახლშიც ასე დადიოდა. სახეზე სქელ-სქელი ნაოჭები სატკაცუნო პარკივით ელაგა. ლუსიკა 18:00 საათზე გამოდიოდა და დახლს მისი სადარბაზოს წინ, იმ ხესთან შლიდა, რომელიც ბანანის მსგავს, ჭიის ნაწლავისოდენა ნაყოფს ისხამდა.

 

ვართუშა ღილაკივით ქალი გახლდათ. თითქოს შენელებულ კადრში მოხვედრილიყო, მაგრამ მე თუ ვართუშა ღიმილის გარეშე მენახოს, ულვაში მომპარსეთ. კეთილი და ძალაგამოცლილი. ვართუშა 18:30 – ზე ქოქავდა ბიზნესს და საკუთარი ფანჯრის ქვეშ ჯდებოდა – იქ, სადაც ყველა გაივლის, ვისაც საღამოხანს ოღრო-ჩოღრო ნაასფალტარზე ფეხის გაშლა მოსდომებია.

 

სედა? სედა იყო ტანმომცრო, ხმელ-ხმელი, კაკლის საბერტყი ჯოხივით ქალი. თავსახვევს რაფაელ ნადალივით იკრავდა და გეგონებოდათ ეს-ესაა ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამარხი გახსნაო – წუთისოფელს ძვლისა და კანის ამარა დაეტოვებინა, ხორცი – წლებს წაეღო. სედა ზარმაცობდა და სამზესუმზირე ალაგს მაშინღა შლიდა, პატარა ისარი რო შვიდს მიატანდა, დიდი კი თორმეტს. მაინც ეყიდებოდა. სედას მზესუმზირა ისეთივე იდეალური იყო, როგორიც უოლტერ უატის მეტანფიტამინი. საშუალო სისქმის მარცვლები, შიდა კედელზე გულმიბჯენილი, კუპრივით შავი გარეკანი, წამი-წამზე გამოთვლილი მოხალვის პრონომეტრაჟი და თეთრ მიტკალზე გადმოყრილი, ცხელცხელი მზესუმზრირა, რომელიც შავგვრემანი ლამაზმანივით გემრილ სურნელს აფრქვევდა. რამდენჯერმე მოხალვის პროცესს ჩემი თვალით ვუყურე. სანამ საღამო შემოდგებოდა, ტრიუმვერატს აღებ-მიცემობა სახლებში ჰქონდა გამართული. სედას სახლამდე მისასვლელი გზა მეტად იდუმალი და გამაჭაღარავებლად საშიში იყო, მაგრამ ერთ ჩასვლაზე თმაში თითო ჭაღარის გამორევა იმ გემოდ ღირდა. ვაზიანი ხეივანი უნდა შეგევლო, სადარბაზოში შესულიყავი. ლიფტთან ახვიდოდი თუ არა, სიარული პირქვე გაგეგრძელებინა. მერე მარცხნივ შეგეტეხა და უკუნში აღმოჩენილიყავი – იქ, სადაც არწივის მზერაც ვერას გახდებოდა და სედას კარისთვის სურნელით უნდა მიგეგნო. მერე კი, სანამ ავი სულები მოგეწეოდნენ, ბედის ანაბარა,  შიშის კანკალით დალოდებოდი სედას კარის გამოღებას. ზუსტად ისევე როგორც ლუკ ბესონის ფილმშია, როცა ნატალი პორტმანის გმირი იცდის, სანამ ჟან რენო კარს გახსნის და გარი ოლდმენის კაციჭამია მკვლელებისგან დაიხსნის.

 

ქერას, ტუკოს და ანგელოზისთვალებას დახლები ერთმანეთს უყურებდა. არჩევანის გაკეთება რთული იყო. ერთი მაინც შეგიმჩნევდა ღალატს და ეწყინებოდა. თუ მაინცდამაინც, თავი უნდა გაგეგიჟებინა და ისეთი გზებით გევლო, თითქოს შოუშენკის ციხიდან გაქცევა განგეზრახოს. ასეც მოვქცეულვარ.

 

ახლა, როცა არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, ხშირად გადმოვდგები ხოლმე აივანზე და იმ ადგილებს დავყურებ, სადაც ისინი ისხდნენ. სანამ სიგარეტი საკუთარ თავს ამოჭამს, ვცდილობ ვიფიქრო ისევე, როგორც ვართუშა, ლუსიკა და სედა ფიქრობდნენ. სამი მოხუცი, რომლებიც გზის დასასრულს გრძნობდნენ მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა კი მოჭრილი ჰქონდათ. სამივეს პირამიდების ბედი ერგო – უძრავად დგომა და სხვათა მოძრავი ცხოვრების ყურება. არადა, გგონიათ არ მოსდომებით ამდგარიყვნენ და ერთმანეთისგან მზესუმზირა ეყიდათ? მერე წასულიყვნენ, უბადრუკი გზა ჩენოჩოებით მოეფინათ და ამბები მოეყოლათ. ამბები, რომლებიც არავისთვის უთქვამთ და ალბათ, საფლავში წაიღეს.

 

გასაკვირია, მაგრამ სამივეს ცხოვრება ისე არ დამთავრებულა, როგორც ჩვეულებრივ, მოხუცი მემზესუმზირეების სიცოცხლე წყდება ხოლმე. სედა მოკლეს. მოკლეს სასტიკად. მკვლელმა სადარბაზოს ბნელეთი გაიარა, სახლში შეიჭრა და დანა გამოუსვა ყელში. ვაზისუბანში ხმა დაირხა ხალიჩის ქვეშ 800 დოლარი ჰქონდა შენახული და ამისთვის შეუცვივდნენო. ალბათ სიმართლეა. მგონი სწორედ ამიტომ იყო, მის დასაფლავებას რომ ბევრი ადამიანი დაესწრო – რაც უფრო ხმაურიანია სიკვდილი, მით მეტი ჭირისუფალი გამოჩნდება ხოლმე. აი, ლუსიკას და ვართუშას კუბოები ისე ჩაატარეს, ასფალტზე ყვავილიც არ დაუტოვებიათ.

ახლა პაკეტებში მოთავსებულ მზესუმზირას მივირთმევ ხოლმე. ზოგი გემრიელია, მაგრამ ერთი გაკრატუნება კმარა იმის მისახვედრად, რომ გემოს მოხუცის ხელი, ძველისძველი თუჯის ტაფა და თეთრი მიტკალი აკლია. მსუქანი მარცვალი შემხვდება? – ლუსიკასას წააგავს; თეთრ ნაოჭიანი? – ვართუშა უნდა იყოს; გულიანად დაპრესილი და ცხიმიანი? – სედასია.

 

არა, ისინი არ იყვნენ სერჯიო ლეონეს პერსონაჟები, მაგრამ კარგიც, ცუდიც და ბოროტებაც პატარ-პატარა დოზებით იყო მათში.

 

გუშინ ბავშვობისდროინდელ ტანსაცმელს ვათვალიერებდი და ქურთუკის ჯიბეში, ნაკერებს შორის, ქსოვილში ღრმად ჩაჭედილი მზესუმზირის ჩენჩო აღმოვაჩინე. საოცარია არა? – ხანდახან მზესუმზირის ერთი ჩენჩო სამი ადამიანის მოგონებას იტევს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი