ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გვითხრას შვილმა, როცა დახმარება სჭირდება

ამ წერილს შეიძლებოდა რქმეოდა „როგორ ვათქმევინოთ შვილს, რომ დახმარება სჭირდება“, მაგრამ არ ჰქვია, რადგან სათაურშივე დავუშვებდით შეცდომას, რომელიც ერთხელ მაინც ყველა მშობელს მოსვლია: ვაიძულებდით მოზარდს იმაზე ლაპარაკს, რაზეც ძალიან უჭირს. არადა საჭიროა, რადგან ხდება ხოლმე, რომ მოზარდებს უმნიშვნელო პრობლემა აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ ვერავის უზიარებენ ან არასწორ ადამიანებს ელაპარაკებიან, ეს პრობლემები მოწყვეტილი ზვავივით მოგვიყოლებს ხოლმე ყველას – ბავშვებსაც და მშობლებსაც.

გარდატეხის ასაკს თავისი სირთულეები ახლავს, რომელთა გაუთვალისწინებლობაც არ ივარგებს, თუ სწორი კომუნიკაცია გვინდა, ამიტომ მნიშვნელოვანია სფეროს სანდო წარმომადგენლების, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტების რეკომენდაციების გათვალისწინება.

რჩევები კი დაახლოებით ასეთია:

უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ საუბარს. ხართ თუ არა მზად ნებისმიერი პასუხის სწორად მისაღებად და ხომ არ ჩაკეტავთ მოზარდს თქვენი შეუსაბამო რეაქციით. ამისთვის საჭიროა, დაივიწყოთ მშობლის როლი და მიუდგეთ შვილს როგორც ძალიან ახლობელ, კარგ მეგობარს, რომელსაც დახმარება სჭირდება და არა შეფასება ან კიცხვა.

ამისთვის უპასუხეთ რამდენიმე კითხვას:

. რატომ უნდა დაველაპარაკო ახლა?

. რა ფორმით ჯობია კომუნიკაცია?

. სავარაუდოდ, რა პრობლემაზე შეიძლება მესაუბროს შვილი?

. მაქვს თუ არა მოსაყოლი ჩემ პრობლემაზე, რომელიც მის ასაკში გადავლახე?

. ვარ თუ არა გულწრფელი მოსმენისას?

კარგი იქნება, თუ კომუნიკაციის დაწყებამდე კარგად გაიაზრებთ ფორმას, რომელიც თქვენს შვილთან გაამართლებს. როგორი ტიპაჟია? ხომ არ ჯობია, პირისპირ დაისვათ? იქნებ სადმე ბუნებაში გასეირნება ჯობდეს? სმს-ის მიწერა ჯობია თუ დარეკვა და საუბარი? იქნებ სულაც ხელნაწერი ან ელექტრონული წერილი ჯობდეს გასაკვირვებლად?

რა ფორმაც უნდა აარჩიოთ, კარგად გაიაზრეთ სათქმელი, მეტიც – თქმაშიც წაივარჯიშეთ, რადგან ერთი არასწორი სიტყვა და შესაძლოა, თქვენი შვილი საბოლოოდ ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ბავშვმა უნდა იგრძნოს, ირწმუნოს, რომ თქვენთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის და რომც მოიძებნოს ასეთი რამ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ურყევი, მტკიცე და უსაყვედურო, რაც ასეთ დროს უმთავრესია.

ამისთვის შესაძლოა რამდენიმეთვიანი სამზადისიც კი დაგჭირდეთ. სანამ მთავარ სათქმელზე გადახვიდოდეთ, გამონახეთ დრო და ურთიერთობა დაალაგეთ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ამ პატარა ცვლილებამ პრობლემა უთქმელად გადაჭრას.

შეხედეთ შვილს როგორც ახალი რეალობის, ახალი გამოწვევის წინაშე მდგომ მცირე გამოცდილების მქონე პატარა ადამიანს, შეხედეთ როგორც საკუთარ თავს ამ ასაკში და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედეთ, მაგრამ გაბედეთ, რადგან ეს აუცილებელია.

როდესაც დროს შეარჩევთ და გეცოდინებათ, რაზე უნდა ელაპარაკოთ, მოზომილად და ფრთხილად გაარკვიეთ, რამ შეუცვალა ხასიათი, რამდენი ხანია, ეს აწუხებს და სჭირდება თუ არა დახმარება ან რჩევა. ხომ არ ურჩევნია, მოუყვეს თავის ამბავს ვინმე მესამეს, პროფესიონალს, ან ხომ არ აჯობებდა, უბრალოდ გესაუბრათ ამაზე ყოველგვარი განხილვის გარეშე, რადგან ხშირად მხოლოდ თქმაც კი დიდი შვებაა.

მაგრამ როგორ მოიქცეს მშობელი, თუ შვილი უარობს პრობლემის არსებობას და უფრო მეტად იკეტება? იქნებ მის საუკეთესო მეგობარს დაელაპარაკოს, გამოჰკითხოს, რა ხდება მისი შვილის თავს?

არ გირჩევთ. ამ გამოკითხვამ შესაძლოა შვილის ყურამდე მიაღწიოს, ეჭვი გაუჩინოს, რომ „სიმართლის გაგება“ უფრო გინდათ, ვიდრე მისი დახმარება და ყველაფერი წყალში ჩაიყაროს. რაკი ნაბიჯი გადადგმულია, დაელოდეთ, როდის გადმოდგამს ის საპასუხო ნაბიჯს, თქვენ კი სამმაგი დრო დაუთმეთ მასთან პირისპირ კომუნიკაციას. სთხოვეთ დახმარებაც, როცა რაღაც გაწუხებთ. გაუზიარეთ საკუთარი საიდუმლო. ასეთ დროს ადამიანებს შორის ერთგვარი ენერგეტიკული გაცვლა-გამოცვლა ხდება. საიდუმლოს განდობა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მსმენელსაც განაწყობს, თავისი გითხრათ.

ნუ მოუყვებით მის ნაამბობს მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრებს, სანამ ამას თავად არ მოისურვებს, რადგან ერთია, როდესაც თქვენ გენდობიან და მეორეა, როდესაც ამ ნდობას სხვას გადააბარებთ.

დააკვირდით, როდის ეცვლება განწყობა თქვენს შვილს, რას უკავშირდება ეს მომენტი – სწავლას? გადაღლას? იქნებ ოჯახს, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს?

ჩაიწერეთ ყველა ემოცია, რაც დაგეუფლათ, საკუთარი ფიქრები და ამბები და სცადეთ ნამდვილი, პროფესიონალი ფსიქოლოგივით მიაგნოთ პრობლემას, რომელიც თქვენს შვილს ასე აწუხებს.

დასახეთ სამოქმედო გეგმა და, რაც მთავარია, ლექსიკონში გაამრავლეთ საალერსო სიტყვები, რომლებიც იქნებ დიდი ხანია აღარც კი გითქვამთ. მოსინჯეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

თუ ამანაც არ გაამართლა, მიმართეთ ფსიქოლოგს და სცადეთ, მასთან ერთად მოიფიქროთ, როგორ გააღოთ შვილის გულის დაგმანული კარი.

შესაძლოა, ამით ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი