ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ფიქრობთ, გული და გონება – ორი გზაა?

თქვენ, ჩემსავით, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა და გიფიქრიათ: რატომ ვაჯიბრებთ ერთმანეთს გულს და გონებას? ან სად გადის ზღვარი „გულით ნათქვამსა“ და „გონებით ნათქვამს“ შორის. ამ მეტაფორების შემთხვევაში, სოციუმი, განათლება, ოჯახი – გვაჩეჩებს ისევ მორიგ სტერეოტიპს და გვეუბნება: „გონებით ლაპარაკი“ ნიშნავს პრაგმატულობას, ლოგიკას, გამოცდილებას, ხოლო „გულით ლაპარაკი“ – გრძნობებთან დაკავშირებულია. ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება ვართ განხილვაში – გული თუ გონება? რომელს დავუჯეროთ? რომლის გზა უფრო სწორია?

ხშირად მიფიქრია და მიკვლევია – როცა ვლაპარაკობ, როგორ ამოვიცნო, რომელი მოდის გულიდან და რომელი გონებიდან? ვერ მიპოვია მათ შორის ზღვარი. მერე იმაზე მიფიქრია, რატომ ვერ ვპოულობ ზღვარს იქ, სადაც სხვა ადამიანებს დაწესებული აქვთ წესები, რომ რაღაც ეკუთვნის – გულს და რაღაც – გონებას. გულთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები და იდიომები მეც ხშირად გამომიყენებია და ახლაც ვიყენებ: გულის გახსნა, გულის აცრუება, გულის გატეხვა და ასე შემდეგ; „გონების გახსნაც“ არსებობს, მაგრამ არ არსებობს „გონების გატეხვა“…

გულსა და გონებას შორის შეჯიბრი იმთავითვე ყალბი და გამოგონილი მგონია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ან ერთის პარამეტრებში ცხოვრობენ და აღიქვამენ სამყაროს სურათს, ან – მეორის… ადამიანთა ეს ორი ტიპი ერთმანეთს არასდროს არ აღიარებს; ასეთ ადამიანებს უყვართ, ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება. ისინი პინის ერთ მხარეს არიან და ყოველთვის სურთ, გადაწონონ. გაყოფა, ბრძოლა, გამარჯვება – ეს ის პარადიგმაა, რომელშიც გულის და გონების ადამიანები ცხოვრობენ.

სინამდვილეში არსებობს აზრი/იდეა და ამ აზრით გაჩენილი ემოციები, შეგრძნებები, გრძნობები. მეცვლება აზრი და იცვლება შეგრძნებები. მაგალითად, ეს ადამიანი რა მშვენიერია, – ვფიქრობ და გული მეშლება; მაგრამ ამ ადამიანზე შემეცვალა აზრი და ვამბობ: ღმერთო, ეს ადამიანი რა საშინელება ყოფილა და „გული მეკეტება“, შესაბამისად, განვიცდი სხვადასხვა ემოციას, როცა ვფიქრობ: მშვენიერია ან საშინელია. ანუ ჩემი აზრი იწვევს ემოციებს, იმ ემოციებს, რომლებსაც „გულს ვაბრალებ“.

„გულით ნათქვამი“ და „გონებით ნათქვამი“ – ეს ორი მეტაფორა ისე დაიჯერა კაცობრიობამ, რომ ათასგვარი ფრაზეოლოგიზმი შექმნა, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში მყარ დისკზე ჩაწერილები, წარმართავენ ჩვენ მიერ სამყაროს ხედვას;

რატომ უნდა გავყოთ გული გონებისგან? რატომ უნდა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ერთი ნაწილით, როდესაც ორივე ნაწილს ვფლობთ? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებს უყვართ ყველაფრის დაყოფა, დაპირისპირება, ბრძოლა და გამარჯვება იმ ომში, რომელიც არ არსებობს.  აი, როგორ ხსნის და აფასებს ვახუშტი კოტეტიშვილი  ამ ორ ნაწილს:

გონებამ მხოლოდ ის იცის,

რაც ქვეყნად გაუგონია,

გონება ავწონ-დავწონე,

გული ვერ ამიწონია.

აშკარად გულის უპირატესობისკენ უთითებს პოეტი, როგორც პოეტთა უმრავლესობა; მაგრამ გაიხსენებთ ალბათ, რამდენჯერ გადაგვჩეხა ცალკე გულის გზამ და ცალკე – გონების გზამ. ასე რომ, პრიმიტიულ კითხვაზე – გულს ვუსმინოთ თუ გონებას? – როგორია თქვენი პასუხი?

ჩვეულებრივი ცნობიერების ადმიანი ხან ერთს უსმენს და ხან – მეორეს, მერე იწყებს წვალებას: ცოტა გულს უსმინოს და ცოტა – გონებას და ვერც ამაში პოულობს გამოსავალს.

ეს კი რეი ბრედბერის რჩევაა:

„თუ ჩვენ გონების ხმას მოვუსმენთ, ვერასდროს შევიყვარებთ. არასდროს გვეყოლება მეგობრები. ვერ შევძლებთ ბიზნესის დაწყებას, რადგან ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, „ის მე ტკივილს მომაყენებს“, „უკვე მიყვარდა ორჯერ და წარუმატებლად…“ ეს ყველაფერი სისულელეა! ნუ გამოტოვებთ ცხოვრებას! ყოველ ჯერზე გადახტით კლდიდან და სანამ ქვემოთ ეშვებით, გამოშალეთ ფრთები!“.

როგორც ხედავთ, ბრედბერიც გონებაში სოციალურ კლიშეებს გულისხმობს.

ახალი ევოლუციური ცნობიერება ადამიანს განიხილავს, როგორც მთლიანს და ჰარმონიულს, რომელიც არ ჰყოფს აღქმას – გულად და გონებად;

გულისა და გონების მეტაფორა რეალურად შეესაბამება ადამიანის თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების აღქმის პარამეტრებს. მარცხენა ნახევარსფერო – ეს არის მეცნიერების, ლოგიკის, არგუმენტების, ენის, ხაზოვანი დროის, მათემატიკის და ასე შემდეგ, მხარე და მარჯვენა – შემოქმედებითი – ხატვა, მუსიკა, წერა, უდროობა, მეტაფორები…

თუ დავაზუსტებთ, მექანიზმი ასეთია: აზრის მიღების ეს ორი პარამეტრი, აზრის/იდეის/ინფორმაციის „თარგმნის“ ორი განსხვავებული ფორმატია. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ვაღიაროთ ერთ-ერთი ფორმატის უპირატესობა მეორეზე. თუ მაინც ამას მოვინდომებთ, მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობის პირობებში ჩვენ „მივიღებთ“ ბიორობოტს, რომელსაც ჩატვირთული აქვს პროგრამები და შესაბამისად მოქმედებს, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს დომინანტობა – ეს არის დაკარგული ადამიანი, რომელიც ვერ ადაპტირდება რეალობასთან, რადგან დაკარგული აქვს ხაზოვანი დროის შეგრძნება, ლოგიკა და ასე შემდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნიმუშად მომყავს ხოლმე ჰერმან ჰესეს ტექსტი: „ნარცისი და გოლდმუნდი“. სადაც ნარცისი – თავისი მკაცრი წესრიგით წარმოადგენს მარცხენა ნახევარსფეროს არსებას, ხოლო  გოლდმუნდი – თავისი შემოქმედებით დაკარგული ადამიანია. სიკვდილის წინ მათ დიალოგს თუ გაიხსენებთ, დარწმუნდებით, რომ ორივეს ცხოვრება ნაკლოვანია.

„თუ ნარცისი მოაზროვნე და ანალიტიკოსი იყო, გოლდმუნდი მეოცნებე და ბავშვური სულის პატრონი ჩანდა…“  ნარცისს წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა, სურათხატებით და შეგრძნებებით ვერ აღიქვამდა სამყაროს, ხოლო გოლდმუნდისთვის აბსტრაქტული ცნებებით აზროვნება და სამყაროს აღქმა სიცარიელე და დიდი გაუგებრობა იყო. გოლდმუნდი გაოცებული ეკითხებოდა ნარცისს: „… განა ცნებები და აბსტრაქციები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებ, წარმოდგენები და სურათები არ არის? ნუთუ ის სიტყვები გვიყვარს და გვინდა სააზროვნოდ, რომლებითაც მართლაც ვერაფერს წარმოიდგენ? ან კი შეიძლება ისე აზროვნება, რომ ვერაფერი წარმოიდგინო? – კარგია, ამას რომ მეკითხები! – უპასუხა ნარცისმა. თუმცა, ცხადია, შეიძლება, წარმოდგენების გარეშეც იაზროვნო. აზროვნებას წარმოსახვებთან სულ მცირედი კავშირიც არა აქვს. ის სრულიქმნება არა სურათებით, არამედ ცნებებითა და ფორმულებით…… შენთვის სამყარო სახეებით წამოდგება, ჩემთვის – ცნებებით…. – მე მეშინია,- თქვა გოლდმუნდმა, – რომ ვერასდროს შევძლებ, შენს სააზროვნო სამყაროში, სადაც წარმოდგენების გარეშე აზროვნებენ, ცნებათა აზრს ჩავწვდე… სიტყვა „სივრცე“ ჩემთვის არაფერია და ფიქრადაც არ მიღირს, ვიდრე ნამდვილ სივრცეს არ წარმოვიდგენ….“[1]

ახალი ევოლუციური ცნობიერების ადამიანი ჰარმონიული, მთლიანი და განუყოფელია. მისი აღქმა ერთიანია. არცერთ მხარეს არ არის, მას საერთოდ არა აქვს მხარე. სხეული, გული, გონება – აზრის მიმღები ერთიანი სტრუქტურაა, სრულიად განსხვავებული ნერონული ქსელით, რომელშიც ვერ გამოარჩევ – რომელი მოდის გულიდან, ინტუიციიდან და რომელი – გონებიდან.

ვაჟა-ფშაველას მინდიას გაგახსენებთ:

,– ახლებო, სისხლი გიფუისთ,

სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას,

თავს აჭრეინებთ ცულითა,

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცურის რჯულითა!

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,

გული–დ გონება ძმანია.

მართალი არი ალუდა,

თავს არ დამექცნენ ცანია!“

 

უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ რუსთაველთან:

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან“.

 

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: არა გული, არა გონება, არამედ მათი სინქრონულობა და სინერგია. და როგორია თქვენი პასუხი და რატომ?

 

P.S. ძვირფასო მასწავლებლებო, მხატვრულ ტექსტებზე მუშაობისას შეგიძლიათ მოსწავლეებში გამოიწვიოთ რეფლექსია ამ თემაზე და გავაცნობიერებინოთ ახალგაზრდებს სტერეოტიპები.

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=18183

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი