ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვი და ოჯახური კონფლიქტები

 

ვფიქრობ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტებს ნებისმიერ ოჯახში აქვს ადგილი და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. აზრი იმის შესახებ, რომ ბედნიერ ოჯახში უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არა აქვს – მცდარია. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან თავისი ინტერესებით, შეხედულებებით, ინდივიდუალური თავისებურებებით, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, შეიძლება ითქვას – გარდაუვალია. უფრო მეტიც, კამათის სწორად წარმართვის საშუალებით ადამიანები ხშირად არკვევენ გაუგებრობებს ურთიერთობებში და ოჯახურ პრობლემებსაც კი წყვეტენ. თუ ურთიერთობების გარკვევა არ მოიცავს ერთმანეთზე „თავდასხმებს“, შეურაცხყოფას, ადამიანის ღირსების შემლახავი სიტყვების და ფრაზების გამოყენებას საუბრის დროს და ორი მოკონფლიქტე მხარიდან ერთი მაინც მოახერხებს კონფლიქტური სიტუაციის ეფექტიან მართვას, სრულიად შესაძლებელი იქნება პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ასევე შიდაოჯახური დამოკიდებულებების სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირებამ შეიძლება საშიში სახე მიიღოს და  ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს.

სამწუხაროდ, ოჯახის შიგნით გართულებულ და უმართავ კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მშვიდობიანი გარემო სახლში, ოჯახში ბავშვებისთვის ბედნიერების სინონიმია. ამის საპირისპიროდ, ოჯახური ჩხუბი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა. სულ პატარა ბავშვებიც კი  გრძნობენ, ხვდებიან „საფრთხის მოახლოებას“, როცა ოჯახში ვითარება იძაბება და მტკივნეულად რეაგირებენ ასეთ ცვლილებებზე. ბავშვის ქცევა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტების დროს ბევრად არის დამოკიდებული მის ასაკზე, ტემპერამენტზე, თვითშეფასებაზე, სტრესგამძლეობაზე, აქტიურობასა და კომუნიკაბელურობაზე.

ოჯახურ კონფლიქტებში ბავშვთა ქცევის ძირითადი მოდელები:

  • სკოლამდელი პერიოდის ბავშვები, მშობლებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ცდილობენ „დაიმალონ“, რომ არ გაიგონ ყვირილის ხმა – გარბიან სხვა ოთახში, კეტავენ კარს, ხუჭავენ თვალებს, ყურებზე ხელებს იფარებენ, ცდილობენ გაექცნენ არასასიამოვნო სცენებს მათთვის უმარტივესი გზით – „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“;
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები არ წყვეტენ მგრძნობიარე რეაგირებას მშობლების ურთიერთობების ცვლილებებზე, მაგრამ ამჯერად ისინი კი არ გარბიან, არამედ იწყებენ „ჩარევას“ კონფლიქტში და ხშირად მღელვარებით, აკანკალებული ხმით ეკითხებიან უფროსებს: „ჩემ გამო ჩხუბობთ“? იმის გამო, რომ ვერ იგებენ რატომ არ შეუძლიათ უფროსებს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბავშვები ავტომატურად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ოჯახურ უსიამოვნებებში;
  • ბავშვების გარკვეული ნაწილი გაუცნობიერებლად ან საკმაოდ გააზრებულად ცდილობს მშობლების „შერიგებას“ და მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას. ყველა ის გრძნობა და ემოცია, რომელსაც ეს ბავშვები განიცდიან, ადრე თუ გვიან, მათ ავადმყოფობაში პოვებს ასახვას. თავისთავად ეს ავადმყოფობა პირობითად „სასურველიც“ კი ხდება, რადგან ის კონფლიქტში მყოფი უფროსების ყურადღებას სხვა მიმართულებით გადართავს და ავიწყებს მათ შორის არსებულ დაძაბულობას. ძალიან ხშირად ასეთ ბავშვებს უვითარდებათ სერიოზული დაავადებები – ბრონქიალური ასთმა, ეგზემა; ასევე ხშირია ნევროლოგიური სახის დარღვევები: მოუსვენარი ძილი და სირთულეები ჩაძინებისას, ღამის კოშმარები, ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევები უფიქსირდება, გავაანალიზოთ ოჯახში არსებული სიტუაცია. შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული მიზეზები ოჯახურ კონფლიქტებში და ხშირ ჩხუბში ვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ბავშვის გარშემო მშვიდი გარემოს შექმნა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
  • ზოგიერთი ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის დროს უფრო „სუსტი“ და „დაჩაგრული“ მშობლის მხარეს იკავებს. ასეთი ბავშვი ცდილობს დაიცვას „დაჩაგრული“ მშობელი ოჯახურ კონფლიქტებში და ამას მის მხარეზე გადასვლით და მეორე მშობლის სრული ბლოკირებით ცდილობს. თუ ოჯახი ხშირად იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში და ასეთი ქცევა ტიპურია ამ ოჯახში მყოფი ბავშვისთვის, მომავალში ეს გახდება მისთვის მუდმივი წარუმატებლობის მიზეზი პირად ცხოვრებაში;
  • მშობლებს შორის ურთიერთობის გამწვავების დროს ზოგიერთი ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, იკავებს ნეიტრალურ პოზიციას, ცდილობს არ მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ კონფლიქტებში. ის შეიძლება შინაგანად ძალიან განიცდიდეს საკუთარ უუნარობას „კონფლიქტების მოგვარებაში“, მაგრამ გარეგნულად არ გამოამჟღავნოს ემოციები, დაშორდეს ახლობელ ადამიანებს, დისტანცია დაიკავოს ოჯახთან, ჩაიკეტოს საკუთარ თავში, განმარტოვდეს და არავინ ჩაახედოს საკუთარ შინაგან სამყაროში. ასეთ მოზარდს ძალიან გაუჭირდება ადაპტირება თანატოლთა ნებისმიერ ჯგუფთან, შემდეგ კი უფრო ფართო საზოგადოებაში ექნება ანალოგიური პრობლემა. მომავალში მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება დეპრესია, ემოციური არამდგრადობა, შფოთიანობა, შიდაპიროვნული კონფლიქტები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიშები, დაქვეითებული თვითშეფასება. გარდატეხის ასაკში ასეთი ბავშვები ხდებიან უემოციო და ჩაკეტილები. ისინი ხშირად სიმშვიდეს პოულობენ იმაში, რაც აკრძალულია – სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმლის მიღება, ნარკოტიკების გაკეთება, სახლიდან წასვლა და ა.შ.

ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვზე ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდებს, ის კონფლიქტები, რომლებიც ოჯახში მისი თანდასწრებით მიმდინარეობს, რომელთა მოწმეც თავად ხდება. მაგრამ, ფარული, გადაუწყვეტელი კონფლიქტების არსებობა ასევე აყენებს ზიანს ბავშვის ფსიქიკას. ფარული დაძაბულობა, რომელსაც გარეგნული კამათის და ჩხუბის სახე არა აქვს, მოჩვენებითი თავაზიანობა, როდესაც მშობლები ღიად ბრალს არ სდებენ, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახში მეფობს გაუცხოება, მტრობა და სიცივე ურთიერთობებში, ბევრად უფრო გამანადგურებელია ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე ღია სკანდალები. ასეთ „ცივ ომს“ შეუძლია თანდათან გაანადგუროს ბავშვის ფსიქიკა, წარმოშვას ახალ-ახალი პრობლემები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოჯახური კონფლიქტების მოგვარება მათ ქრონიკულ მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე და, თუ კონფლიქტი წარმოიშვა, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ოჯახის წევრებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე მისი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

     რეკომენდაციები ბავშვებზე ოჯახური კონფლიქტების ნეგატიური ზეგავლენის შესასუსტებლად:

  • გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ გრძნობებით ოჯახის შენარჩუნება ადვილი არ არის. აუცილებელია მეუღლეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და კომპრომისზე დროულად წასვლა;
  • მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გამიჯვნა და ოჯახის წევრების შეთანხმება თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად;
  • მოვერიდოთ პირველობისთვის ბრძოლას. იქ, სადაც ლიდერობისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს, სკანდალები გარდაუვალია. სხვადასხვა საკითხის, პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტა ურთიერთობებში გართულებების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება;
  • პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებს, ფასეულობებს, პოზიციებს, ნუ შეგვაშინებს მეორე ადამიანის, თუნდაც ჩვენი აზრისგან სრულიად განსხვავებული აზრის აღიარება. გავითვალისწინოთ, რომ აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას;
  • ჩხუბი, კამათი, რომელიც იწყება ბავშვების თანდასწრებით, უნდა დასრულდეს დადებითად, რათა პატარებმა დაინახონ, რომ მშობლები შერიგდნენ და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ბავშვს მუდმივად უნდა შევუნარჩუნოთ დაცულობის შეგრძნება;
  • აუცილებელია, რომ უფროსებს შორის ურთიერთობების გარკვევა ბავშვის თანდასწრებით არ მიმდინარეობდეს, მაგრამ, თუ ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის და უსიამოვნო საუბრების უნებლიე მოწმე გახდება, შევეცადოთ მეტად გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, ქცევა,  ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყველაფერს პირდაპირ და სიტყვასიტყვით აღიქვამენ. ისინი იმახსოვრებენ, რომ დედამ მამას უწოდა „უგრძნობი“, „უხეში“. ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მშობლისა და ბავშვის დამოკიდებულებაზე, გააღვიძოს მასში „დაჩაგრულის დაცვის“ და „დამნაშავის წინააღმდეგ აჯანყების“ სურვილი მაშინაც კი, თუ ეს „დამნაშავე“ მისთვის საყვარელი ადამიანია.

     მართალია ბედნიერ ოჯახებშიც კი დგება რთული მომენტები, როდესაც დაგროვილი ემოციები ჩხუბში პოვებს გამოსავალს, მაგრამ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ გახდეს მტანჯველი განცდების და ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი ბავშვებში, უფროსებმა მეტი ყურადღება უნდა გამოვავლინოთ იმის მიმართ, თუ რას გრძნობენ ბავშვები, როცა მათი მშობლები უყვირიან ერთმანეთს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელი არც მხოლოდ დედაა და არც მხოლოდ მამა. მისთვის ორივე ძვირფასი და საყვარელია. მშობელი ბავშვისთვის ორი ადამიანის ერთიანობაა  და, როდესაც ერთიანობა ირღვევა ერთმანეთთან ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობით, ბავშვისთვის ეს გამანადგურებელია. მშობლებს შორის კონფლიქტებს ის სამყაროს ნამდვილ განადგურებად და აღსასრულად აღიქვამს.

ბავშვებისთვის მოჩხუბარი მშობლების ურთიერთობა ხშირად გაუგებარია – ხმამაღალი ტონით საუბარი, ერთმანეთზე თავდასხმები ბრალდებებით, ერთმანეთის უპატივცემულობა, გამოხატვის ფორმებზე დაუფიქრებლობა. ხშირად ბავშვებს არ ესმით რა ხდება და თუ არავინ აუხსნის მათ სიტუაციას, უთქმელობა და გაურკვევლობა გადაიზრდება შინაგან შიშში. ბავშვები დაიწყებენ ფიქრს ყველაზე უარეს სცენარზე – მშობლები გაშორდებიან, დედა ან მამა დატოვებს ოჯახს, წავა სახლიდან, მათ კი მოუწევთ არჩევა ვისთან იცხოვრონ. ასეთ სიტუაციაში ბავშვები ოჯახში უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ თავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავამშვიდოთ ისინი, გასაგები ენით და მარტივი სიტყვებით ავუხსნათ, თუ რა მოხდა ჩვენ შორის, რატომ ვიჩხუბეთ. ამასთან, გამოვხატოთ ჩვენი წუხილი იმის გამო, რომ ისინი ამის მოწმე გახდნენ. ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და პატიება ვთხოვოთ ბავშვს მომხდარის გამო, განსაკუთრებით საჭიროა ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ყვირილის და ჩხუბის მოწმე გახდა.

გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ძალიან ბევრი, როგორც ქცევითი, ისე სასწავლო პრობლემა ოჯახში მშობლებს შორის მოუგვარებელ და დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება სურვილის შემთხვევაში. და, თუ ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები ამას ახერხებენ, თავადაც გაუადვილდება მომავალში პრობლემებისათვის თავის გართმევა, რაც, თავის მხრივ, ბავშვთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ სირთულეს აგვაცილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი