პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემპიონები

მას შემდეგ, რაც პეპიმ ცხენი ხელში ბუმბულივით აიტაცა, დავრწმუნდი, რომ ყველაზე მაგარ გოგოებს იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ კუნთმაგარ ჩემპიონს. ჩემპიონობა, ალბათ, რთული საქმეა: იქით საკუთარი, რელიეფური ტორსი გამძიმებს, აქეთ– მძიმე– მძიმე სავარჯიშო ინსტრუმენტები, მწვრთნელი ხომ საერთოდ ტვირთად გაწევს და გაიძულებს, სულ ფორმაში იყო და  სულ ისეთი გამომეტყველება გქონდეს, ჩემპიონს რომ შეეფერება. მე ჩემპიონების მეშინია: მგონია, რომ კანში კი არა, შესაფუთ, ტკაცუნა ქაღალდებში არიან გახვეულები და ოდესმე იქიდან ამოსვლას თუ გადაწყვეტენ, ვინმე უნდა დაიხმარონ ბუშტუკების ნემსით ჩასაფუშავად. პეპი გულჩვილი, კეთილი, სამართლიანი და ბატი– ბუტივით კუნთების არმქონე ჩემპიონია, მე მისი არ მეშინია. ლარსონის “მილენიუმის” ტრილოგიაც პეპის ხათრით წავიკითხე: ამბობდნენ, პეპი გაიზარდა, პირსინგები და ტატუ გაიკეთა და საკუთარ თავში ჩაიკეტაო. კალე ბლუმკვისტი კი ცნობილი ჟურნალისტი გამხდარა და ცუდი ხალხის დევნა, ამჯერად, ბეჭდური პრესის მეშვეობით გაუგრძელებია. საერთოდაც, ლარსონის ტრილოგია ერთი დიდი ჩემპიონატია: ყველა ფურცელზე ჩემპიონები დარბიან,– ჩემპიონები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ჩემპიონები ასოციალურობაში და ჩემპიონები ნაძირლობაში.

“გოგონა დრაკონის ტატუთი”, “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”, “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია” მხოლოდ კრიმინალური საკითხავის მოყვარულთათვის არ არის განკუთვნილი. გარდა საინტერესო, ჩამთრევი სიუჟეტისა, უამრავი პარალელური ისტორიისა თუ აურაცხელი პერსონაჟისა, აქ ისეთი მნიშვნელოვანი, 21– ე საუკუნეში ჯერ კიდევ ვერდაძლეული პრობლემები არის ძალიან, ძალიან მძაფრად გაშუქებული, სასურველი იქნებოდა, აუდიტორია სხვადასხვა ნიშნით შეგვერჩია (გაშუქებული– მეთქი, ვამბობ, რადგან ლარსონის ჟურნალისტური თხრობა იმდენად ზუსტია, როგორც ჩემი თანამშრომელი, ორი წელია, არცერთი წუთით რომ დაუგვიანებია). პირსინგები და ტატუ, ჩვენთან, დღემდე ამორალურობას უკავშირდება. ამორალურები ვართ, რადგან, ჩვენ, ქალები სხეულს ვიხატავთ: ნუთუ, მაკიაჟი საკმარისი არ არის. ამორალურები ვართ, რადგან ჭიპს ან წარბს ვიხვრეტთ: რაღაც საეჭვო მიდრეკილებები გვაქვს გაურკვეველი ჯურის ნახვრეტებისადმი (ამ სიტყვას, სწორედაც, რომ განგებ ვიყენებ,– ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებულ, ხიხია საქციელის გამომხატველ უხეშ სიმბოლოს). ამორალურები ვართ, რადგან საკუთარი ცხოვრება საკუთარი ცხოვრებაა და არა მეზობელი მანანასი, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობს და ჩვენი ცხოვრება მხრებზე ისე მძიმედ აწევს, რომ მის ზიდვაში ყველა მეზობელს, ხანდახან კი, გვერდითა კორპუსელებსაც დაიხმარებს ხოლმე. ასეა. ჩვენ კი ვამბობთ: “ვერ მოგართვით”. ვამბობთ ხმამაღლა და ტატუს მასშტაბებს ვზრდით. პირსინგზეც ვიფიქრებთ, იქნებ, ჭიპზე გვეცადა. მკითხველი აუდიტორია კი, ყოველშემთხვევაში სასურველი მაინც, მოზარდებისა და მსოფლიოს ყველა მამაკაცისგან შედგება. კარგი იქნებოდა, ჩემს ერთ–ერთ ლექტორსაც წაეკითხა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ლექციაზე კურსელ გოგონას პირსინგების მოხსნა მოსთხოვა. კარგი იქნებოდა, წაგეკითხა შენ, რომელიც ფიქრობ, რომ განსხვავებული ვიზუალი სამარცხვინო და იმდენად ბინძურია, შავად შეღებილ თვალებს უნიტაზის წყალს მიაშველებდი. და შენ, ჩვეულებრივი ქალი რომ ხარ, არა– პეპივით ძლიერი და ვერც, მაინცდამაინც, ლიზბეთივით იყენებ ტასერს, შენ, რომელიც დუმხარ, გრცხვენია და გეშინია, შენ, რომელიც ოდესღაც იყავი ძალადობის მსხვერპლი. 

ხომ ხშირად გიფიქრიათ: “როგორი არასაჭირო ვარ. ყველა საჭიროა ჩემ გარდა. იმ  წამალივით ვარ, რომელსაც დანიშნულება არ მოჰყვა. მე შემიძლია, ვიყო არასაჭირო და ეს ტრაგედიაა. მომეცით ბევრი ალკოჰოლი, აი, ალკოჰოლიც კი ჩემზე საჭიროა. აი, ეს მანძილები, აი, ეს გზები, ბებოს ძაფებივით დახლართულები– ჩურჩხელების ასასხმელად ნელ– ნელა რომ ასწორებს, აი, ეს გზები, რომლებიც იმისთვის არსებობენ, საჭირო ადამიანები ერთმანეთთან მიიყვანონ. რა სევდიანია ჩემი ასეთი არსებობა, ხვალიდან, იქნებ, კატა მეყიდა საჭიროების მიზნით”. ხომ ხშირად გიფიქრიათ ასეთ სევდიან ამბებზე, ხომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა საკუთარი თავის გარდა, ისეთი ვინმეც კი არ გყავთ, ყავა მოუდუღო. ასეთ ამბებზეცაა ეს წიგნი. ისეთ საძაგელ სიცარიელესა და მარტოობაზე, თითქოს ვაზისუბნის ლეგენდარულ ხევში ცხოვრობ, გარშემო კი მანიაკებიც არ დაძრწიან.
სანამ მტარვალი ზაფხული მიიწურება, მტარვალი, რომელიც გაიძულებს, საბანი შენ გემოზე ვერ შემოიკეცო, მტარვალი, რომელიც კოღოებს გისევს და მათთან ბრძოლის სტრატეგიებს გულდასმით გამუშავებინებს, ლარსონის ტრილოგიას ჩაუსხედით. ზამთრისთვის უკეთესი წიგნები ვიცი, აი, ისეთები, მხოლოდ პლედში გახვეულებმა რომ უნდა იკითხოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი